რა შეცდომის გამო ელოდა ჯვარცმა სამეგრელოს რეგიონის მთელ მოსახლეობას
1952 წელს დაპატიმრებები გაგრძელდა. კოტე ბზიავა ყველაზე ბოლოს აიყვანეს. ჯერ კიდევ, როცა რუხაძე არ იყო გაძევებული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტიდან, მან ბზიავას სთხოვა, დაეთვალიერებინა საზღვარი. ამ მიზნით, მას რამდენიმე კაცი გააყოლეს. ბზიავა თავისი ხალხით საზღვართან დააკავეს. მან საბუთები წარუდგინა დაცვას, მაგრამ არ მოუსმინეს. სურათი გადაუღეს და მასალები რუხაძეს მიუტანეს. რუხაძემ მგელაძეს ბზიავას დაპატიმრების სანქცია სთხოვა, მაგრამ ცივი უარი მიიღო. მგელაძე თანდათან ხვდებოდა რუხაძის „საქმიანობას“, მაგრამ უკვე გვიან იყო. რუხაძე იმდენად იყო გათამამებული, რომ ამ საკითხზე შეედავა კიდეც მგელაძეს, შემდეგ კაბინეტიდან გაბრაზებული გამოვიდა და ტელეფონით დაელაპარაკა სტალინს. სტალინმა მაშინვე დაურეკა მგელაძეს და უთხრა: „რატომ არ აძლევ ბზიავას დაჭერის ნებას. ის ადრეც იყო დასაჭერი“. მგელაძე მიხვდა, რომ რუხაძემ სტალინთან დააბეზღა.
რუხაძე წელში ამაყად გაიმართა, გაიფოფრა. მგელაძესთან თამაში მოგებული ჰქონდა. გადის დრო, მიდის დაკითხვები. ძიება მიჰყავთ, როგორც ცნობილია, აკრძალული მეთოდებით. დგება დაკითხვის ოქმები, იკინძება ტომები. მაგალითად, ბარამიაზე შედგენილი იყო 29 ტომი, კოკაიაზე – 32, მირცხულავაზე – 27 და ასე შემდეგ.
გრიგოლ კოკაიამ ყველაზე საინტერესო როლი ითამაშა იმ დრამაში, რომელიც მაშინ იდგმებოდა საქართველოს უშიშროების სამინისტროში. მან ჩვენების მიცემა იმ მომენტიდან შეწყვიტა, როგორც კი გაიგო, რომ ჩარკვიანი მოხსნეს და მის ადგილზე მგელაძე გადაიყვანეს.
რუხაძემ კოკაია მოაყვანინა თავის კაბინეტში და უთხრა: „შე „ჟულიკო“, რატომ არ იძლევი ჩვენებას? გინდა, ძალით აგალაპარაკოთ? შენ იცი, სადა ხარ? დედას გიტირებ, აქედან ცოცხალი ვერ გახვალ“.
– ვნახოთ, ვის ეტირება დედა. მგელაძე მე ძირფესვიანად მიცნობს. მან დღეს იცის, რომ ჩვენ არავითარი ჯგუფი არ გვქონია და არც სახელმწიფო მოღალატეები ვართ. მან იცის, რომ მე ქვეყნისა და პარტიის ერთგული ვარ. იგი ჩემს დაუკითხავად არც ერთ რაიკომის მდივანს არ ნიშნავდა. ყველა დიდ საქმეზე მე მეთათბირებოდა ქუთაისის საოლქო კომიტეტის მდივნად მუშაობის დროს. მან მაშინვე ეჭვი შეიტანა ყველაფერში, რასაც შენ სჩადიოდი. ახლა ყველამ ვიცით, რომ ეს უსაზიზღრესი ბრალდებები შენი ხელმძღვანელობითაა შეთითხნილი. ისიც ვიცით, ვინ გყავს ამ სისაძაგლეში ჩართული და რა არხებით მიდის ეს შავბნელი მონაჩმახი სტალინთან. მგელაძე ქუთაისშივე მეუბნებოდა: „გრიშა, ცოტაც მოიცადე, რუხაძეს დედა ეტირება. მტარვალო, ახლოსაა ანგარიშების გასწორების დრო“.
კოკაია იმდენად იყო ნაწამები და დასუსტებული, რომ აჩრდილს ჰგავდა, მაგრამ ღონე მოიკრიბა და ზემოთქმული საბრალდებო დასკვნასავით მიახალა რუხაძეს. უნდა ითქვას, რომ რუხაძე გატყდა, გამოიძახა მცველი და ბრძანა – კოკაია საკანში ჩაეყვანათ. თვითონ კი დაჯდა და ცხელ გულზე მგელაძეზე საჩივარი დაწერა. საჩივარი სტალინს გაუგზავნა. მისი შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო: საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი აკ. მგელაძე ხელს უშლიდა მას მუშაობაში; დიდი ინტერესით არ ეკიდებოდა მეგრელ დამნაშავეთა დაპატიმრებას, ბევრ შემთხვევაში იცავდა კიდეც მათ, არ აძლევდა სანქციებს. მაგალითად მოჰყავდა, რომ სანქცია არ გაიცა ბზიავაზე და უშუალოდ სტალინის შეწუხება გახდა საჭირო მის დასაპატიმრებლად. საჩივარში რუხაძე მიუთითებდა, რომ მგელაძე დედით მეგრელი იყო, გვარად სალია. თან, 1937 წელს დაპატიმრებული იყო და შემდეგ ბერიამ გაათავისუფლა. მგელაძე კოკაიას ძმაკაცია და ვერაფრით შეურიგდა მის დაპატიმრებასო. იქვე აღნიშნავდა, რომ თითქოს მას გააჩნდა საკმაოდ სარწმუნო საბუთები იმის შესახებ, რომ მგელაძე თანაუგრძნობდა მეგრელებს და ამდენად დამნაშავეა. გარდა ამისა, აფხაზეთში მუშაობისას ის ეწეოდა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობასო და სხვა.
სტალინი გაეცნო ამ საჩივარს. გასაკვირია, რომ ეს გენიოსი კაცი მაინც ვერ მიხვდა, თუ ვინ იყო რუხაძე და როგორ შეიყვანა მან მთელი ქვეყანა შეცდომაში. ამ შეცდომის გამო კი სამეგრელოს რეგიონის მთელ მოსახლეობას ჯვარცმა ელოდა. ვინ იცის, რას ფიქრობდა სტალინი ამ წუთებში. ერთი კი ცხადია, მან ამავე საჩივარზე წააწერა: „ამხ. აკ. მგელაძეს, ჩემი აზრით, თვით რუხაძეა პროვოკატორი, იმოქმედეთ კანონის მთელი სიმკაცრით“. აღნიშნული საჩივარი სტალინის რეზოლუციით უკანვე მიიღო მგელაძემ. ეს მოხდა 1952 წლის მაისში. მგელაძემ მაშინვე მოიწვია კომიტეტის ბიუროს სხდომა. ბიუროს წევრებს გააცნო საქმის ვითარება და რუხაძე პროვოკატორად, ცილისმწამებლად გამოაცხადა. სტალინის მითითებით მან იქვე ააგლიჯა სამხრეები, დააპატიმრა და საკანში ჩააგდო. სწორედ ამაზე ამბობს ხალხური სიბრძნე: „რაც მოგივა, დავითაო, ყველა შენი თავითაო“.
...მიდის ძიება. საკანში იტანჯებიან უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც თავიანთი განათლებისა და უნარის შესაბამისად იყვნენ დაწინაურებულნი. ახლა კი ქართულ-ნაციონალისტური ჯგუფის მსხვერპლნი გამხდარან. რუხაძის დაპატიმრების შემდეგ სულ სხვა სიომ დაჰბერა. ახლა ბევრმა გააცნობიერა, რაშიც იყო საქმე. მაგრამ, ვის შეეძლო ამის შესახებ სტალინი საქმის კურსში ჩაეყენებინა? ვინც პირდაპირ თუ არაპირდაპირ იყო ჩარეული ამ საზიზღარ საქმეში, აწუხებდათ ისიც, რომ ბერია ჯერ კიდევ იჯდა თავის ადგილას.
„მეგრელთა საქმის“ არქიტექტორთა ნამოქმედარში ბერია იმთავითვე ხედავდა, თუ ვის გარშემო და რა მიზნით იხლართებოდა ინტრიგის ეს ქსელი. მან ისიც კარგად იცოდა, თუ რას ნიშნავდა „მეგრელთა საქმისთვის“ ასეთი ფართო მასშტაბის მიცემა და საკავშირო პოლიტიკის რანგში აყვანა. ის ხვდებოდა, რომ მალე ბარამია ამ ჯგუფის რიგითი წევრი გახდებოდა, ჯგუფის მეთაურად კი თვითონ მას მონათლავდნენ. ამას ყველაფერს ხვდებოდა არა მარტო ბერია, არამედ უბრალო ხალხიც. იქნებ ეს გახდა მიზეზი იმის, რომ გავრცელდა ხმა ბერიას მიერ სტალინის თავიდან მოშორების თაობაზე.
ბევრ პუბლიკაციაში შეხვდებით „მტკიცებას“, თითქოს სტალინის სიკვდილში ბერიას ხელი ერიოს. ცხადია, ყველა ავტორი ამ თემაზე თავის შეხედულებას გამოთქვამს, მსჯელობს და აკეთებს ლოგიკურ დასკვნას, მაგრამ არც ერთ მათგანს ამ საკითხზე ბოლომდე ეჭვმიუტანელი, სანდო, უტყუარი საბუთი არ გააჩნია. ამდენად, ყველა სუბიექტური აზრია.
ამ საკითხზე ინტერესმოკლებული არ არის ბერიას ვაჟის, სერგოს აზრი: „მე შემიძლია აღვადგინო მეხსიერებაში ის ოჯახური ატმოსფერო, როცა იოსებ ბესარიონის ძე გარდაიცვალა. დედამ ჩემი თანდასწრებით განუცხადა მამას: „ლავრენტი, რამდენიც არ უნდა დაიმშვიდო თავი, შენი დრო გათავდა. შენ გიტანდნენ სტალინის წყალობით. ახლა კი მორჩა. სანამ გვიან არაა, დაწერე განცხადება გადადგომის შესახებ, მოიგონე ავადმყოფობა, ან სხვა რამ მოიფიქრე“.
მამას არ ჩვეოდა თვითდამშვიდება. მას კარგად ესმოდა, თუ რა შეიძლება, მოჰყოლოდა იმ დროისთვის არსებულ ძალთა დაჯგუფებას. მეუღლის რჩევას მან უპასუხა: „ნინო, მე თუ დავწერ განცხადებას გადადგომის შესახებ, განა ეს შეცვლის მდგომარეობას? ისინი თუ მოინდომებენ, სულერთია, განახორციელებენ თავიანთ მზაკვრულ ჩანაფიქრს“.
გამოდის, რომ სტალინის სიკვდილი ბერიას დაღუპვის წინა დღედ მიაჩნდა მთელ ოჯახს. ამის შემდეგ ძნელია, ვირწმუნოთ მავანთა მტკიცება, თითქოს სტალინის სიკვდილი ბერიას ხელით განხორციელდა.
ყველა აზრი სტალინის სიკვდილში ბერიას მონაწილეობის შესახებ, სუბიექტურია. ამდენად, არც ერთი მათგანი არ შეიძლება ჭეშმარიტად ჩავთვალოთ.
უფრო სარწმუნოა, რომ სტალინი გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით, მძიმე ფორმის დამბლისგან. ასეთია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ჩვენ მას უნდა ვერწმუნოთ.