სტიქიის მომრჯულებელი
ჩინეთში, ქალაქ ლეშანის სიახლოვეს, იქ, სადაც სამი მდინარე ერთვის ერთმანეთს. ქვისგან გამოკვეთილი ბუდა მაიტრეის უზარმაზარი ფიგურა „ზის“. ადგილობრივი მცხოვრებლები მას „მილუს“ ეძახიან და მიაჩნიათ, რომ ის მათ სტიქიისგან იცავს. 1868 წლამდე, სანამ ქვეყანას ამერიკის თავისუფლების ქანდაკება მოევლინებოდა, ბუდას 71-მეტრიანი ფიგურა პლანეტის ყველაზე მაღალ სკულპტურად იყო მიჩნეული.
ლეგენდის მიხედვით, ბევრი ასწლეულის წინ, სამი მდინარის შეერთების ადგილი სტიქიური კატასტროფების ეპიცენტრი იყო – საშინელი სტიქია ანადგურებდა მოსახლეობას. ერთხელაც, იქაურ ბერს, ჰაი ტენს, ბუდა გამოეცხადა, რომელმაც უთხრა, რომ მოარჯულებდა სტიქიას, თუკი ხალხი ფულს შეაგროვებდა და ბუდას ქანდაკებას დადგამდა ზუსტად მდინარეების შეერთების ადგილას. ადამიანები უხალისოდ იმეტებდნენ თავიანთ მწირ თანხებს და, ბოლოს, 713 წლისთვის, საჭირო თანხა შეგროვდა... ლეგენდა, ასევე, მოგვითხრობს, რომ შეგროვილი თანხის ხელში ჩაგდება იქაურ მმართველს მოუნდა, მაგრამ, ბერმა უთხრა, უწინ თვალებს დავითხრი, ვიდრე ბუდას ფულს მოგცემო. ხარბმა მმართველმა მისი სიტყვები არაფრად ჩააგდო. მაშინ ბერმა დანა აიღო და თვალები დაითხარა. მან ვერ ნახა ბუდას ქანდაკება. ბუდას ხელები მუხლებზე აქვს დაწყობილი. მისი თავი 15 მეტრი სიგრძისაა. ის კლდის პირს უსწორდება. თითოეული თითის სიგრძე 1,6 მეტრია...
ლეგენდის შესაძლოა, არ გჯეროდეს, მაგრამ, ფაქტია, რომ სტიქიამ უკან დაიხია და საუკუნეების განმავლობაში იქ ადამიანები აღარ შეუწუხებია. ბუდას გრანდიოზული ქანდაკება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.
ტყვიის „საიდუმლო“
იორდანიაში ერთ-ერთ გამოქვაბულში განსაცვიფრებელი ბიბლიოთეკა აღმოაჩინეს. 70 ცალი ტყვიისა და ბრინჯაოს „წიგნი“ – „ხელნაწერი ფურცლები“, რომლებიც ერთმანეთთან მავთულის „ძაფებით“ იყო დაკავშირებული.
რამდენიმე „წიგნში“ მოცემულია ჩანაწერები, რომლებიც ჩვენი ერის პირველი ათასწლეულის ამბებს ეხება. ბიბლიოთეკა კერძო პირმა აღმოაჩინა და არაფრით არ უნდოდა არქეოლოგებისთვის მისი გადაცემა. გადაწყვეტილი ჰქონდა, რაც შეიძლება ძვირად გაეყიდა. „წიგნები“ კონტრაბანდული ფორმით გერმანიაში გადაიტანეს. იორდანია ყველა საშუალებით ცდილობს მის უკან დაბრუნებას. მთელი ბიბლიოთეკა არამეულ, ძველებრაულ და ძველბერძნულ ენაზეა დაწერილი. ასევეა, ჩანაწერები იეროგლიფებით. ამ წიგნების ყველაზე დიდი „ღირსება“ არის ის, რომ მათში მოთხრობილია ქრისტეს ცხოვრების უკანასკნელი დღეების შესახებ. ტექსტებში სურათიც კია მოცემული ღვთის შვილისა და იმ ორი ავაზაკის გამოსახულებით, რომლებიც იესოსთან ერთად აწამეს.
თუ მეცნიერები ამ „წიგნების“ ორიგინალობას დაადასტურებენ, მაშინ ეს როგორც ქრისტეს რეალურად არსებობის დოკუმენტი, გაცილებით მეტ მნიშვნელობას შეიძენს, ვიდრე ბიბლია, რომელიც იესოს ჯვარცმიდან მხოლოდ 400 წლის შემდეგ დაიწერა.