მგლები 5
უკანასკნელი ქურდი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N26-48(622)
გუსმანი საზეიმო განწყობაზე იყო – რამდენიმე ახლო მეგობართან და თანამშრომელთან ერთად მისჯდომოდა სუფრას და გულიანად ილხენდა. კაცუბას დანახვისას, ვისკით სავსე ჭიქა მაგიდაზე დაუშვა და შინაურულად დაუძახა:
– მოდი... მოდი, სერგეი, მხოლოდ შენ აკლდი ამ სუფრას, თავი ბოლომდე ბედნიერად რომ მეგრძნო!..
კაცუბა აუჩქარებლად მიუჯდა მაგიდას. გუსმანმა თავად შეუვსო ჭიქა ვისკით, ახლოს მიუწია და უთხრა;
– მიდი... დალიე, სერგეი... დღეს შეგვიძლია, თავს ამის ნება მივცეთ!
პასუხად კაცუბამ ჭიქა გვერდზე გასწია და სახეზე შეხედა მასპინძელს.
– რა მოხდა, სერგეი? სერიოზული გამომეტყველება მიიღო გუსმანმა.
– ხვალ გესტუმრები, როცა შედარებით ფხიზელი იქნები... მაპატიეთ... – სტუმრებს მოუბოდიშა კაცუბამ, ადგა და ოთახიდან გავიდა. ის უკვე კიბეზე ეშვებოდა, როდესაც უკნიდან გუსმანის ძახილი ჩაესმა.
– სერგეი!..
კაცუბა შემობრუნდა. გუსმანი კიბეზე დაეშვა და უთხრა:
– წამოდი, ჩემს კაბინეტში ვილაპარაკოთ...
– აბა, დაწვრილებით მომიყევი, რამ გაგიფუჭა ასე ხასიათი, – განაგრძო გუსმანმა, როგორც კი კაცუბა მის სამუშაო მაგიდას მიუჯდა.
– შენ რამ გაგახალისა ასე?
– არ იცი?! – გაუკვირდა გუსმანს, – მორჩა, სერგეი... ფინიში! „ნორდსტრიმის“ აქციები ევროპაში წავიდა. ბოლო გადაწყვეტილების მიღებისას „გაზპრომის“ თემა საერთოდ არ განხილულა და, იცი, ყველაზე აქტიურად ვინ დაგვიჭირა მხარი?
– ვინ? – ჰკითხა კაცუბამ.
– ტიხონოვმა. უნდა გენახა „გაზპრომის“ ლობისტების სახეები. რამდენიმეს კინაღამ იქვე გლიჯა ინფარქტმა. მთელ იმედებს ტიხონოვზე ამყარებდნენ, მან კი ჩემი პოზიცია დაიჭირა. ეს ისეთი შოკი აღმოჩნდა მათთვის, რომ „გაზპრომის“ ხსენება ვეღარც კი გაბედეს!.. ახლა შენ თვითონ თქვი: მაქვს თუ არა საკუთარი თავისთვის ამ მოვლენის მილოცვის მიზეზი?!
– შენ, შეიძლება გაქვს, მე კი – არა! – უკმაყოფილოდ უპასუხა კაცუბამ.
– რატომ?.. დავიჯერო, არ გახარებს ჩემი და შენი მთავრობის წარმატება?
– მახარებს, მაგრამ...
– რადგან დაიწყე, ბოლომდე თქვი სათქმელი!
– მე არ მსურს შენი წარმატების საზღაურის გადახდა!
– რას გულისხმობ?! – ჰკითხა გუსმანმა.
– გეგეშიძეს!
– გეგეშიძეს რამე პრეტენზიები აქვს შენთან?
– დღეს – არა, მაგრამ, ხვალ ნამდვილად ექნება! – უპასუხა კაცუბამ.
– ბოლოს და ბოლოს, ამიხსნი თუ არა, რა ხდება?! – გაღიზიანდა გუსმანი.
– მე ვიყავი შუამავალი შენსა და გეგეშიძეს შორის. შენ პირობა მიეცი, რომ მას არავინ შეეხებოდა. რა ვადაზე ვრცელდებოდა შენი პირობა, მხოლოდ „ნორდსტრიმის“ საქმის დამთავრებამდე?! – ჰკითხა კაცუბამ.
– არა.
– მაშ, რატომ მიკავშირდება მოსკოვი და რატომ იწყებს გამოკითხვას მის შესახებ?
– ეს ახალი ამბავი არ არის. როგორც მახსოვს, გეგეშიძით მუდამ ინტერესდებოდნენ ხან თბილისი და ხან – მოსკოვი! – შენიშნა გუსმანმა.
– მაგრამ ახლა სრულიად სხვა ვითარება შეიქმნა – მოსკოვი გეგეშიძეს მალიშევის მკვლელობაში ადანაშაულებს! – თქვა კაცუბამ.
– მალიშევი მოკლეს?! – თვალები გაუფართოვდა გუსმანს.
– და არა მხოლოდ ის. მასთან ერთად დაიღუპნენ მერკულოვი, დაცვის წევრები და, მგონი, ერთი ქალიც!
– რა სისულელეა! გეგეშიძე არასოდეს წავიდოდა ასეთ საქმეზე! – თქვა გუსმანმა.
– ვიცი!
– თუ იცი, რატომ ნერვიულობ?! – გაუკვირდა გუსმანს.
– ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა აღარ აქვს, ჩვენ რა აზრის ვართ გეგეშიძეზე. მთავარი ისაა, რას ფიქრობს და რა მოთხოვნები აქვს მოსკოვს! მოსკოვში კი ამბობენ, რომ მალიშევი გეგეშიძემ გაისტუმრა იმქვეყნად!
– კიევს გეგეშიძის შესახებ რაიმე სახის ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია. ასე რომ ყოფილიყო, მე აუცილებლად შემატყობინებდნენ.
– მართალი ხარ, ოფიციალური მოთხოვნა არ მოსულა, მაგრამ, ეს მხოლოდ ჯერჯერობით. დარწმუნებული იყავი, რომ უახლოეს მომავალში ოფიციალურ მოთხოვნასაც მივიღებთ და უფრო უარესიც მოხდება. მოსკოვს სპეციალური წარმომადგენლის გამოგზავნაც აქვს გადაწყვეტილი, რომელიც ამ საკითხზე საგანგებო შეხვედრებს გამართავს შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებსა და პროკურატურაში!... ეს სახუმარო საქმე არ არის, სტეფანე. შენ ვერ შეძლებ ამ საქმის მიჩუმათებას და, ვის მიადგება ამის შემდეგ გეგეშიძე?! – რა თქმა უნდა მე!.. მე მომთხოვს პასუხს, რადგან, მე ვარ ის კაცი, რომელმაც შენთან შეხვედრაზე დაითანხმა!
– კარგი, დამშვიდდი... – შემრიგებლურად წამოიწყო გუსმანმა.
– ეს საკითხი სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს, სტეფანე, არ ღირს მოსკოვის ლოდინი. მათ წარმომადგენელს ხელცარიელი ვერ დავხვდები!
– შენ როგორ წარმოგიდგენია ამ საკითხის მოგვარება? – ჰკითხა გუსმანმა.
– არ ვიცი. რომ ვიცოდე, შენთან არ მოვიდოდი და ზეიმსაც არ ჩაგიშლიდი, მე თვითონ მოვაგვარებდი ყველაფერს! – უპასუხა კაცუბამ.
– სად არის ახლა გეგეშიძე?
– აზრზე არ ვარ. მხოლოდ ის ვიცი, რომ უკრაინაში არ არის.
– გაარკვიე და დამიკავშირდი. დღეიდან მე ზუსტად უნდა ვიცოდე მისი ყოველი ნაბიჯი... შეძლებ ამას?
– შევძლებ, – მცირე ფიქრის შემდეგ უპასუხა კაცუბამ.
– ძალიან კარგი... ახლა კი მაპატიე, სტუმრებთან უნდა დავბრუნდე, თორემ, უჩემოდ მოიწყენენ, – თქვა გუსმანმა და წასასვლელად ადგა.
* * *
მშვიდი ყოფა მხოლოდ სამ დღეს გაგრძელდა, მეოთხე დღეს კი ლუკას ხარკოვიდან ვასილიჩი დაუკავშირდა. ლუკამ მობილური ტელეფონის ეკრანს დახედა, მერე კი ადგა და სალაპარაკოდ ეზოში გავიდა. ეკამ უმალ მოიწყინა. იგრძნო, რომ ეს სწორედ ის ზარი იყო, რომელსაც ლუკა ელოდა.
– შენი ანგარიში სწორი აღმოჩნდა, ლუკა, – საუბარი წამოიწყო ვასილიჩმა, – ვირთხებმა ერთმანეთი დაჭამეს.
– ყველამ?
– ჰო... ჯერ კიეველი ბოსი მოაშთეს – ეს მისმა თანაშემწემ გააკეთა, შემდეგ თავად თანაშემწეც გაისტუმრეს „თადარიგში“. ეს ვინ გააკეთა, არ ვიცი, მაგრამ, გასაგებია, რომ ისევ მათი წრის კაცი იქნებოდა. თუმცა, უსიამოვნების გარეშე მაინც არ დამთავრებულა ეს ყველაფერი, – განაგრძო ვასილიჩმა.
– რა მოხდა? – ჰკითხა ლუკამ.
– გადაამლაშეს იმ იდიოტებმა. ისეთ კაცს შეეხნენ, რომელზეც შეხება საჭირო არ იყო.
– ვის?
– პატარას... (მალიშევი – „მალიშ“ რუსულად – „პატარა“).
– მოკლეს?
– ჰო, – დაუდასტურა ვასილიჩმა.
– ეს მართლაც ნამეტანია. ასეთი რამ ჩვენც არ გვაწყობდა, ამას ყველაფრის არევ-დარევა შეუძლია, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ლუკამ.
– უკვე აურ-დაურია, – დაუდასტურა ვასილიჩმა.
– რა მიმართულებით?
– კიევიდან ჩვენი კაცი დაგვიკავშირდა. მისი თქმით, ჩრდილოელები ცდილობენ, შენ აგკიდონ ეს საქმეები, – უპასუხა ვასილიჩმა.
– ისინი დიდი ხანია, ამას ცდილობენ, – შენიშნა ლუკამ.
– ჰო... მაგრამ, ამჯერად საქმე „პატარას” ეხება, ის კი ძალიან დიდ ვარსკვლავებს ატარებდა სამხრეებზე! – მიანიშნა ვასილიჩმა.
– კიევი რა აზრისაა?
– ღელავენ... ცდილობენ, არ შეიმჩნიონ, მაგრამ, ვატყობ, რომ ღელავენ. კიეველი ბოსისა და მისი თანაშემწის საქმეებს არავინ მიაქცევდა ყურადღებას. პირიქით, მათი „თადარიგში“ გასვლა ბევრს მოეწონა, მაგრამ, „პატარას” ასე იოლად არ დაივიწყებენ. ეს კი ყველაფერს ცვლის. ერთ საქმეს თუ მისცეს მსვლელობა, სხვებიც ავტომატურად მას მიჰყვება.
– ჩვენი კიეველი მეგობარი რა აზრისაა ყოველივე ამაზე? – ჰკითხა ლუკამ.
– სასწრაფოდ უნდა შენთან შეხვედრა.
– უნდა, რომ ჩამოვიდე?
– ჰო, – დაუდასტურა ვასილიჩმა, – ასე მითხრა: სალაპარაკო მაქვს, მაგრამ, მხოლოდ პირადად ლუკას დაველაპარაკებიო.
– არც მიგანიშნა?
– არა... ხომ გითხარი ღელავს...
– კარგი, ჩამოვალ, – მცირე პაუზის შემდეგ უპასუხა ლუკამ. მერე მობილური გათიშა, კიბის საფეხურზე ჩამოჯდა და ფიქრს მიეცა.
მალიშევი მოკლეს. ჩანს, კლიმს მოთმინებამ უმტყუნა. ვერ გაუძლო შანტაჟს. გუსმანი უფრო დიდ საშიშროებად მიიჩნია, ვიდრე მალიშევი. მაგრამ, ის ვერ გათვალა, რომ ამის შემდეგ მასაც არ აცოცხლებდნენ. მოკლა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მოსკოვმა ნაღდად იცის, ვინც გაისვარა ხელი მალიშევის სისხლში, მაგრამ, მკვდარ კლიმს რაღას მოჰკითხავდნენ. ამავე დროს, კარგი შესაძლებლობა ეძლევათ ჩემთვის ანგარიშის გასასწორებლად, თანაც – სხვისი ხელით. თან, ისიც გათვლილი აქვთ, რომ ადვოკატს არ ამოვიყენებ გვერდით და პროკურატურაში არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ მალიშევის მკვლელობასთან არაფერი მაკავშირებს. არადა, როგორ მურტლად ეწყობა საქმე!.. ერთი ბიძგი უნდა და ყველაფერი ფერდობიდან მოწყვეტილ ზვავს დაემსგავსება: მალიშევის მკვლელობაზე აღძრული საქმე დანარჩენ საქმეებს გამოაცოცხლებს. რუსებიცა და უკრაინელებიც ერთიანად მოინდომებენ ჩემი საქმეებისგან გათავისუფლებას და ყველაფერს მე მომაწერენ – იმას, რაც გამიკეთებია და იმასაც, რასთანაც არაფერი მაკავშირებს. ჯერ მე მომიღებენ ბოლოს. მერე კი ჩემს ხალხსა და „ვერშინას” მისდგებიან. ასე იქნება და ამას ვეღარაფერი შეაჩერებს!.. ასეთ ვითარებაში მართლა სარისკოა უკრაინაში დაბრუნება. კაცუბა არაფერს გამიჩალიჩებს, მაგრამ, შეიძლება, ვიმემ გამოიყენოს ჩვენი ურთიერთობა. არჩასვლაც არ არის გამოსავალი – ავტომატურად ვიქცევი ძებნილად. ჩვენ კი ძალიან დიდი საზღაური გავიღეთ უკრაინაში დასარჩენად!.. მერამდენედ? მერამდენედ იწყება ყველაფერი თავიდან?.. ხომ უნდა ჰქონდეს ამას დასასრული?!
– ლუკა... – ჩაესმა მოულოდნელად.
ლუკამ უკან მიიხედა. ფიქრში ჩაძირულმა ვერც კი შენიშნა ეკა, რომელიც სახლიდან გამოსულიყო და მის სიახლოვეს იდგა.
– ამ ზარს ელოდი? – ჰკითხა ეკამ და მის გვერდით ჩამოჯდა.
– ჰო, მაგრამ, ის ვერ მოვისმინე, რისი მოსმენაც მსურდა, – უპასუხა ლუკამ.
– რამე ცუდი ხომ არ მოხდა?
– არა, არაფერი... უბრალოდ, იმაზე ადრე მომიწევს გამგზავრება, ვიდრე ვვარაუდობდი.
– ესე იგი, უკრაინაში დაბრუნდები? – მოიწყინა ეკამ.
– ჰო, უნდა დავბრუნდე. ბიჭებს უჩემოდ გაუჭირდებათ.
– შენ ყოველთვის გამირბოდი. რამდენჯერ გამექეცი თბილისიდან. მაინც მოგძებნე ხარკოვში... მერე მე გაგექეცი და შენ მომძებნე, აქ ჩამომიყვანე და ახლა აქედან გამირბიხარ, მაგრამ, დღეს ყველაფერი სხვანაირად არის... – ამ სიტყვებთან ერთად ეკამ ხელზე მოჰკიდა ხელი და მუცელზე დაიდო, – მე ვიცი, რომ შენ ყოველთვის განიცდიდი იმ ტკივილს, რომელიც ჩემთვის მოგიყენებია, მაგრამ, ახლა ნუღარ იფიქრებ ჩემზე, მასზე იფიქრე!
ლუკა ფრთხილად მოეფერა ეკას, შემდეგ ხელი გაითავისუფლა, მხარზე მოეხვია, მკერდზე მიიკრა და უთხრა:
– ბავშვობაში ყოველთვის მიკვირდა იმ ხალხის, რომლებიც იმას აკეთებდნენ, რაც არ სურდათ. არ მესმოდა, რა აიძულებდათ საკუთარი სურვილის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაედგათ. მაგრამ, სწორედ ასე მოვხვდი ციხეში, გავაკეთე ის, რაც არ მსურდა და მას შემდეგ ასე ვცხოვრობ – ვაკეთებ იმას, რაც არ მინდა!.. ერთხელ ბერომ მითხრა: დადგება შენს ცხოვრებაში დღე, როდესაც საკუთარი სურვილის წინააღმდეგ მოგიწევს წასვლაო! გამეცინა – ძალიან დიდი ხანია, რაც ასე ვცხოვრობ-მეთქი! არა, შენ ვერ გამიგე, მე გეუბნები იმ დღეზე, როდესაც ნათლად იგრძნობ, რომ ყველაფერი შენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული: იტყვი „ჰოს“ და ყველაფერს დაკარგავ!... იტყვი „არას“ და – ყველაფერს მიიღებო!..
– და, რა გირჩია მაშინ ბერომ? – ჰკითხა ეკამ.
– როდესაც ამას იგრძნობ, ყველაფერს მიაფურთხე. თქვი „არა“ და მიიღე ის, რასაც იმსახურებო!
– ახლა რას გრძნობ?
– ახლა ვგრძნობ, რომ სწორედ ის დღე დადგა, – ჩაილაპარაკა ლუკამ.
– და, მაინც მიემგზავრები! – ამოიოხრა ეკამ.
– მივემგზავრები... მივემგზავრები იმიტომ, რომ იქ მეგულებიან ჩემი მეგობრები, რომლებიც ჩემ გამო დაუფიქრებლად ამბობენ „ჰოს“!.. ვიდრე ისინი ასე იქცევიან, მე სხვა არჩევანი არ მაქვს... მაპატიე, ეკა!..
– მე მესმის შენი. ამ სამი საოცარი დღისთვისაც მადლობელი ვარ. შენ არასდროს დაგითმია ჩემთვის ამდენი დრო. ხვალ შენ გაემგზავრები და მე ისევ ვიოცნებებ იმ დღეზე, როდესაც შენ უკან დაბრუნებულს გნახავ... მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ, ამის შესრულება არ იქნება ძნელი, – თქვა ეკამ.
– რას? – ჰკითხა ლუკამ.
– დამპირდი, რომ მუდამ გემახსოვრებით და, ძალიან, ძალიან ფრთხილად იქნები. ნუ დამიტოვებ ჯოჯოხეთურ მოგონებად იმ დღეს, როდესაც მე აქედან გაგიშვი!... – თქვა ეკამ და უფრო ძლიერად მიეკრა მკერდზე.
***
გვიანი ღამე იდგა, როდესაც ლუკა გუსმანის აგარაკზე მივიდა. შეხვედრის დრო მასპინძლის შერჩეული იყო. სტეფანეს არ სურდა, რომ ვინმეს მასთან მისული კანონიერი ქურდი დაენახა.
გუსმანმა სამუშაო კაბინეტში მიიღო სტუმარი და დაელოდა, ვიდრე ის მაგიდას მიუჯდებოდა, მერე კი უჯრიდან საქაღალდე ამოიღო, ლუკას მისცა და უთხრა, ამ დოკუმენტებს გადახედეო.
– კაცუბას არ დაველოდოთ? – ჰკითხა ლუკამ.
– კაცუბა არ მოვა, მის გარეშე მოგვიწევს საუბარი, – უპასუხა გუსმანმა.
– რატომ? – გაუკვირდა ლუკას, – აქ მოსვლა მან მთხოვა და თვითონ არ მოვიდა?
– ზუსტად არ ვიცი, რა შეიცვალა. რაღაც სასწრაფო დავალება მიუღია მთავრობისგან და კიევიდან გასვლა არ შეუძლია. არაფერია, მის გარეშეც გავარკვევთ ყველაფერს.
ლუკამ უხმოდ დაუქნია თავი და საქაღალლდე გახსნა, რომელშიც რუსეთის პროკურატურის ოფიციალური მიმართვა აღმოჩნდა. მიმართვას ერთვოდა ძიების მასალები, რომელიც ლუკას წინააღმდეგ ჰქონდა აღძრული რუსეთის პროკურატურას. იქ იყო საუბარი მარჩუკის, ციგანოვის, მერკულოვის, კლიმისა და მისი პირადი მცველების მკვლელობებზე. დოკუმენტებში მალიშევი ერთი სიტყვითაც კი არ იყო მოხსენიებული. დოკუმენტებს ფოტოსურათების მთელი დასტა ერთვოდა. მათზე აღბეჭდილი იყო დაღუპულთა ცხედრები.
– ამ საქაღალდეს რამე აკლია? – დოკუმენტების შესწავლის შემდეგ ჰკითხა ლუკამ გუსმანს.
– არა, ეს რუსეთიდან მიღებული მომართვის სრული ასლია, – უპასუხა მან.
– რა აზრისაა პროკურატურა ამ მომართვაზე?
– შენ თვითონ რა აზრის ხარ? – ჰკითხა გუსმანმა.
– ტრუხა ბაზარია. წესით, ასეთ მასალებს პროკურატურამ ყურადღება არ უნდა მიაქციოს, – უპასუხა ლუკამ.
– მართალი ხარ, – დაუდასტურა გუსმანმა, – პროკურატურა არ აპირებს ამ საქმის განხილვას. მე ჩარევაც კი არ დამჭირდა, თავად დამიკავშირდნენ და მასალებიც გადმომცეს, მაგრამ...
– რა – „მაგრამ“? – ჩაეძია ლუკა.
– ყოველივე ეს ნიადაგის მოსინჯვას მაგონებს. „ეფესბემ” მწარე დარტყმა მიიღო. ახლა ისინი მუნდირის ღირსების დაცვისთვის იბრძვიან. ვფიქრობ, ამ მასალების განხილვაზე უარის თქმის შემდეგ ახალ სიურპრიზს უნდა ველოდოთ.
– მალიშევის საქმეს? – ჰკითხა ლუკამ.
– არა, – თავი გააქნია გუსმანმა, – რაოდენ დაუჯერებელიც უნდა იყოს, „ეფესბე” არ აპირებს მალიშევის საქმის შენთვის აკიდებას.
– როგორ?.. – გაუკვირდა ლუკას, ასეთი კოზირი გაუშვეს ხელიდან?!
– ოფიციალურად მალიშევი ავტოკატასტროფაში დაღუპულად გამოაცხადეს. ჩემთვის სრულიად გასაგებია „ეფესბეს” პოზიცია. მისი ხელმძღვანელობა მალიშევის „უმწიკვლო“ სახელს კლიმსა და მერკულოვს ვერ დაუკავშირებდა. მაშინ იმის განმარტებაც მოუწევდა, თუ რა საერთო ჰქონდათ მათ ერთმანეთთან.
– ამ საქაღალდეში ერთი დოკუმენტიც არ დევს, რომელიც მე ამ მკვლელობებთან დამაკავშირებდა, – თქვა ლუკამ.
– მართალი ხარ, მაგრამ, რუსეთის პროკურატურას ყველა მონაცემი არ გამოუგზავნია. ამ საკითხზე მოსკოვს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან. რუსები პირობას დებენ, რომ სრულ მონაცემებს მათი სპეციალური წარმომადგენელი ჩამოიტანს, – უპასუხა გუსმანმა.
– რა მონაცემებს? – ჰკითხა ლუკამ.
– ზუსტად მეც არ ვიცი, მაგრამ, წარმოდგენას მაინც შეგიქმნი... – გუსმანმა პაუზა გააკეთა და შემდეგ ჰკითხა – შენ „ვეგასში” იყავი მისული?
– ვიყავი, – დაუდასტურა ლუკამ, – მერკულოვს ვესაუბრე.
– კლიმის სასტავში რუსეთის რამდენიმე მოქალაქეც იყო. მათ მალე იგრძნეს საფრთხე და დროულად გაეცალნენ აქაურობას. ბუნებრივია, „ეფესბეს” სრული ინფორმაცია აქვს მათ შესახებ. კლიმისა და მალიშევის დაღუპვის შემდეგ, „ეფესბემ” თითოეული მათგანი დაკითხა. მათ კი მისცეს ჩვენებები, რომ შენ შენს ხალხთან ერთად შეიჭერი „ვეგასში” და მერკულოვს მოკვლით დაემუქრე – ამას მინიმუმ რვა პიროვნება ადასტურებს. თანაც, ისინი ამტკიცებენ, რომ თქვენ შეიარაღებულები იყავით.
– კარგი... ვთქვათ, დავემუქრე. ეს მაინც არ ნიშნავს, რომ მე დავხოცე ისინი. მკვლელობას რამე მიზეზი მაინც სჭირდება.
– რუსული ვერსიით, შენ არ გაკმაყოფილებდა ხარკოვი და კიევში გადაბარგება გადაწყვიტე. ამას თავისთავად, მოჰყვა ადგილობრივ დაჯგუფებებთან დაპირისპირება. შენს შესაჩერებლად კლიმმა მოსკოველი ქურდები – მარჩუკი და ციგანოვი მოიხმო. შენ ისინი საქმის გარჩევისას დახოცე, შემდეგ კი მათ გზას მერკულოვი, კლიმი და მისი მცველებიც გაუყენე... – მოგწონს ასეთი ვერსია? – თქვა გუსმანმა.
– ორიგინალურია, კრიმინალური რომანის სიუჟეტად გამოდგება, – ჩაიცინა ლუკამ, – როგორ გგონია, საიდან მოდის ეს ყველაფერი?
– თავისთავად გასაგებია, რომ რუსეთიდან.
ლუკამ უკმაყოფილოდ შეხედა და შემდეგ თქვა:
– შენ გინდა დამაჯერო, რომ მერკულოვი და მისი ხალხიც რუსებმა დახოცეს?! ვინ ჭამს მაგას, სტეფანე?!
– ჩანს, კარგად არ იცნობ „ეფესბეს” მეთოდებს. მათ ჩეჩნეთში მეორე ომის წამოსაწყებად საკუთარ ქალაქებში საცხოვრებელი კორპუსებიც კი ააფეთქეს, ათობით ადამიანი გაწირეს და, წარმოიდგინე როგორ მოექცეოდნენ მერკულოვისნაირ დიშოვკას საჭიროების შემთხვევაში?! ის გადამუშავებული მასალა იყო, წიდა, რომელიც ყველას უშლიდა ხელს. კლიმმა მალიშევი მოკლა, ის კი მერკულოვის ხელით მოიშორეს თავიდან!.. როგორ უნდა მოქცეულიყო ასეთ ვითარებაში „ეფესბე”, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მალიშევი ავტოკატასტროფაში დაღუპულად უნდა გამოეცხადებინათ და საერთოდ წაეშალათ ამ საქმესთან თავისი კავშირის კვალი?! მერკულოვმა ძალიან ბევრი იცოდა. იცოდა ის, რასაც „ეფესბეს” გეგმის ჩაშლა შეეძლო. ასე რომ, ყველაფერი კანონზომიერად და ლოგიკურად აეწყო!.. შენ ასე არ გგონია?
– შეიძლება, ასეც იყო. შეიძლება – არა! – ჩაილაპარაკა ლუკამ... – და მცირე პაუზის შემდეგ ჰკითხა, – ტიხონოვზე რა აზრის ხარ?
– არა, გამორიცხულია! ტიხონოვი სერიოზულად მოტეხა მალიშევის სიკვდილმა, – გუსმანმა მუშტი შეკრა და ლაპარაკი განაგრძო: – აქ მყავს ის ნაბიჭვარი. ისეა დაშინებული, რომ ჩემთან შეთანხმების გარეშე ერთი ნაბიჯის გადადგმასაც ვერ გაბედავს!
– რა შეიძლება, შეიცვალოს რუსეთის პროკურატურის წარმომადგენლის ჩამოსვლის შემდეგ? – ჰკითხა ლუკამ.
– არაფერი... არაფერი აღარ შეიცვლება. ბუნებრივია, რომ ისინი ვერასოდეს წარმოადგენენ მტკიცებულებებს იმ საქმეების შესახებ, რომლებიც შენ არ ჩაგიდენია. ასეთ მაკულატურაზე კი ჩვენი პროკურატურა დროს არ დაკარგავს, – ამ სიტყვებთან ერთად გუსმანმა საქაღალდე სანაგვე კალათაში მოისროლა, – მე ჩვენი პირველი შეხვედრისას გითხარი, რომ სიტყვას არასდროს ვტეხ. შენ პირობა შეასრულე და „ნორდსტრიმის“ აქციები საჭირო მიმართულებით გაიგზავნა. ყველა ნაბიჭვარმა ის მიიღო, რასაც იმსახურებდა. სიმართლე გითხრა, ასეთ შედეგს მართლაც არ ველოდი. პირობის შესრულებას იმავეთი ვუპასუხებ: უკრაინის პროკურატურა შენ წინააღმდეგ რაიმე სანქციას არ გაატარებს. გარდა ამისა, „ვერშინას” გადაეცემა იმ აქციების პაკეტი, რომელზეც ადრე შევთანხმდით. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ, ახლა მე სხვა რამ მაფიქრებს...
– რა? – ჰკითხა ლუკამ.
– „ეფესბე” არასდროს მოქმედებს ერთი გეგმით. დარწმუნებული ვარ, რომ რუსები შენ წინააღმდეგ სხვა გეგმასაც ამზადებენ. ფრთხილად უნდა იყო, ძალიან ფრთხილად. უკეთესი იქნება, თუ გარკვეული დროით უცხოეთში გაემგზავრები.
– მაინც მაძევებთ უკრაინიდან? – დამცინავად თქვა ლუკამ.
– რა შუაშია გაძევება?! – იწყინა გუსმანმა, – ეს მეგობრული რჩევაა. გაემგზავრე... მე გარკვეული დრო დამჭირდება რუსებთან ურთიერთობის გასარკვევად. მარტო მათ არ ჰყავთ თავისი ხალხი ჩვენს მთავრობაში. ვიღაც-ვიღაცეები ჩვენც გვიჭერენ მხარს. დამიჯერე, ლუკა. ამას ჩვენი საერთო საქმისთვის ვაკეთებ. ყველაფერს მოვაგვარებ, მაგრამ, შენი უკრაინაში ყოფნა ხელს შემიშლის.
– მე შემიძლია, გამოვნახო მყუდრო ალაგი და იქ დაველოდო საქმის მოგვარებას, – თქვა ლუკამ.
– აქ, უკრაინაში?
– ჰო, უკრაინაში.
– კარგი, რა... – ჩაიცინა გუსმანმა, – არ გიცნობდე მაინც. შენ საკანში ვერ დაგაოკეს და ნებაყოფლობით შეიკეტები სახლში?!
– საქმეს თუ დასჭირდა, გამოქვაბულშიც გადავბარგდები, – უპასუხა ლუკამ.
– კარგი. ხუმრობა იქით იყოს, – სერიოზული გამომეტყველებით განაგრძო გუსმანმა, – რა გადაწყვიტე?
– მოვიფიქრებ... აქციების საკითხზე ვასილიჩი დაგიკავშირდება, – თქვა ლუკამ და ადგა.
გუსმანმა ჩაფიქრებული მზერით გააცილა და, როგორც კი ის ოთახიდან გავიდა, მობილურ ტელეფონს გადასწვდა და სწრაფად აკრიფა ნომერი.
* * *
ლუკა აგარაკიდან გავიდა, სწრაფი ნაბიჯით გადაკვეთა ქუჩა და მანქანაში ჩაჯდა, რომელშიც ირაკლი ელოდა.
– წავედით? – ჰკითხა მან, როგორც კი ლუკამ კარი მოხურა.
– წავედით...
ირაკლიმ მანქანა ადგილიდან დაძრა და ჩაბნელებულ გზას გაუყვა.
– რა გებაზრა? – ჰკითხა ირაკლიმ, როდესაც აგარაკი უკან დარჩა.
– მოჯადოებულ წრეში მატარებენ. საიდანაც არ უნდა დავიწყო, ისევ და ისევ საწყის წერტილში ვბრუნდები.
– რისი თქმა გინდა? – გახედა ირაკლიმ.
– ძველი ბაზარი ასწია – უკრაინიდან უნდა წახვიდეო.
– მაგის დედაც... – შეიგინა ირაკლიმ, – ჩვენი გადაგდება უნდა?!
– არა მგონია. უბრალოდ, ყველა უფრო მშვიდად იგრძნობს თავს, თუ აქ არ ვიქნები. არავის უნდა ჩემ გამო რუსებთან ურთიერთობის გაფუჭება, – უპასუხა ლუკამ.
– რა მოხდება, თუ არ წახვედი? – ჰკითხა ირაკლიმ.
– ჩვენ არ შეგეხებით, მაგრამ, რუსებთან შენ თვითონ მოგიწევს ურთიერთობის გარკვევაო, – თქვა ლუკამ და სიგარეტს მოუკიდა.
– აქაური პროკურატურა თუ შეგვეშვა, ნებისმიერთან გავარკვევთ ურთიერთობას!
– ეგ კი მე არ მინდა, – ჩაილაპარაკა ლუკამ.
– არ გინდა?! – გაუკვირდა ირაკლის, – აბა, რა ვქნათ, გულხელდაკრეფილები ველოდოთ, როდის მოგვიყომარებენ?!
– ეს საქმის გარჩევა არ იქნება – ჩვენს სიტყვას არავინ მოისმენს, ყველაფერი სროლით, აფეთქებით გადაწყდება!.. იმისთვის არ გავარიდე ჩემები აქაურობას, რომ სხვისი ოჯახები დავაყენო დარტყმის ქვეშ. ამის გამოცდილებაც მაქვს და აღარ მინდა იგივე რომ განმეორდეს! – თქვა ლუკამ.
– ესე იგი, წასვლა გადაწყვიტე? – ჰკითხა ირაკლიმ.
– ჯერ არა. გუსმანის ყაიდის კაცის ნდობა არ შეიძლება. დრო მიჩვენებს... მაგრამ, თუ ის მართალია... – ლუკამ სიტყვა აღარ დაასრულა. სწორედ ამ დროს მისი ყურადღება სწრაფად მოახლოებულმა სამმა „ჯიპმა“ მიიპყრო. „ჯიპები“ უკნიდან წამოეწივნენ მათ „მერსედესს”, შემდეგ სწრაფად შეასრულეს უცნაური მანევრი: ერთი „ჯიპი“ უკნიდან ამოუდგა „მერსედესს”, მეორე წინ გაიჭრა. მესამე კი გვერდზე მოექცა და მათი მანქანის გზის პირას მიჩეხვა სცადა.
ლუკამ სასწრაფოდ მოიმარჯვა პისტოლეტი, დამცველი გახსნა და ირაკლის გადაულაპარაკა:
– გზიდან გადაგდების საშუალება არ მისცე! ესენი ძაღლები არ არიან!..
ირაკლიმ მაშინვე მოუმატა სიჩქარეს და „ჯიპებს“ შორის მიმართა მანქანა. ამის საპასუხოდ, წინ მიმავალმა „ჯიპმა“ მკვეთრად დაამუხრუჭა. გვერდით მიმავალმა კი „მერსედესს” ჯიქურ გაჰკრა გვერდი.
– არ გაჩერდე... მიაწექი! – იყვირა ლუკამ და გვერდით მიმავალ „ჯიპს“ რამდენიმე ტყვია დაახალა.
იმავდროულად, ირაკლიმ „ჯიპებს“ შორის გადაწყვიტა გაძრომა. „მერსედესი” ძლიერად შეირყა. გაისმა ლითონის ღრჭიალი. „ჯიპები“ აქეთ-იქით გაცვივდნენ, „მერსედესმა” კი სისწრაფეს მოუმატა და წინ გავარდა. ამ დროს უკნიდან მომავალი „ჯიპიდან“ ავტომატი აკაკანდა. ირაკლიმ ისევ მანევრი ჩაატარა, რათა ავტომატის ჯერს გარიდებოდა. ლუკა კი უკან შებრუნდა და დადევნებულ „ჯიპს“ პისტოლეტიდან გაუხსნა ცეცხლი. უკანა მინა უმალ აბლაბუდასავით დაიბზარა და იმავ წამს ორი მდევარი მანქანიდანაც დაიწყეს სროლა. „მერსედესის” სალონში ავად გაიწივლა რამდენემე ტყვიამ. ლუკა მანამ განაგრძობდა სროლას, სანამ ვაზნები არ გამოელია. მან სწრაფად მოიძია ქურთუკის ჯიბეში სათადარიგო მჭიდი და, ის იყო, პისტოლეტს მოარგო და სროლისთვის მოემზადა, რომ გვერდში ძლიერი დარტყმა იგრძნო. სხეულს მწველი ტკივილის ტალღამ დაურბინა. ჭრილობიდან გამოჟონილმა სისხლმა სწრაფად გაჟღინთა პერანგი და ქურთუკი. სისხლდენის შესაჩერებლად ლუკამ ჭრილობაზე მიიჭირა ხელი და სროლა განაგრძო. რამდენიმე გასროლის შემდეგ ავტომატის გრძელმა ჯერმა ირაკლის სავარძელი დაცხრილა. მას თავი მკერდზე ჩამოუვარდა, შემდეგ კი მძიმედ ჩაცურდა ქვემოთ. მანქანამ უმალ დაკარგა მართვა და მარცხნივ გავარდა. ლუკა სასწრაფოდ წაეტანა საჭეს, მაგრამ, უკვე გვიან იყო – მანქანა გზიდან გადავიდა, ღობე გაანგრია და მაღალი ფლატედან გადაფრინდა. მიწაზე დახეთქებისას, რამდენჯერმე გადაბრუნდა და მდინარის პირას სახურავზე ამოტრიალებული შეჩერდა. იმავ წამს ფლატეს პირას „ჯიპები“ შეჩერდნენ. მანქანებიდან რამდენიმე მამაკაცი გადმოვიდა. მათ ავტომატები შემართეს და ამოტრიალებულ „მერსედესს“ სეტყვასავით დააყარეს ტყვია.
გაგრძელება შემდეგ ნომერში