მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N28(550)-48(622)
ნახევარი საათის შემდეგ ანა დაბრუნდა და სუფრასთან მიმიწვია. ვახშამი ლოგინით გაგრძელდა და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ჩემს კაგებეშნიკურ კარიერაში, როდესაც ქალი ჩემი ნებით ჩავიწვინე ლოგინში, რაც, რა თქმა უნდა, აუცილებლობით იყო განპირობებული.
– შენ ანჟეიზე ბევრად მაგარი ყოფილხარ, – მითხრა ანამ, – მე კი მასზე ძლიერი მამაკაცი არ მეგულებოდა ამქვეყნად.
– ღმერთმა აცხონოს. მაინც, რა დაემართა ანჟეი კუკულსკის? – ვკითხე ანას. აშკარა იყო, რომ კუკულსკი ნამდვილად მკვდარი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანა ლოგინში არ ჩამიწვებოდა. თუმცა, ყველაფერი აუცილებლად უნდა გადამემოწმებინა.
– მართლა ბრმა ტყვიამ მოკლა, თანაც, ჩვენიანის მიერ ნასროლმა. იმ კრეტინმა პისტოლეტის ჯერი ჰაერში გაისროლა სიხარულისგან და ფოლადის ძელისგან ასხლეტილმა ერთმა ტყვიამ თვითონ მას გაასხმევინა ტვინი, მეორემ კი ანჟეის გაუხვრიტა გული, – მიპასუხა ანამ.
– რას ამბობ, რა საოცრებაა, ასეთი რამ პირველად მესმის, – გულწრფელად გამიკვირდა მე, ანამ კი მითხრა:
– მართალი ხარ. რაღას ვიზამდით, ორივე ტრუპი ჩუმად დავმარხეთ და გადავწყვიტეთ, ეს ამბავი არ გაგვებაზრებინა. ანჟეის სახელი შიშის ზარს სცემდა არა მხოლოდ კონკურენტ ბანდებს, არამედ, „ძაღლებსაც“.
– ვისი იდეა იყო ეს?
– ჩემი, – ამაყად მომიგო ანამ, – ისე მოეწონათ ეს ჩვენიანებს, რომ ბევრი არ უფიქრიათ, მაშინვე შემომთავაზეს ანჟეის ადგილი და მეც უყოყმანოდ დავეთანხმე.
ანას ეტყობოდა, რომ ამბიციური, ვნებიანი და გონიერი ქალი იყო, ამიტომ, მისი გადმობირება არ უნდა გამჭირვებოდა და ვუთხარი:
– შენთან ერთი ძალიან სერიოზული და სარფიანი წინადადება მაქვს, თუმცა, ჯობია, რომ სუფთა ჰაერზე ვისაუბროთ.
– რატომ, მოსმენის გეშინია?
– ვინ იცის, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
– კარგი, გავიდეთ.
მე და ანამ ჩავიცვით და ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი ადგილ-მამულის ეზოში ჩავედით, რომელიც ძველი გრაფის ციხესიმაგრე აღმოჩნდა და ანას ჰქონია ნაყიდი.
– რა მშვენიერი ჰაერია.
– ეს არცაა გასაკვირი, ჩვენ ხომ ზღვის დონიდან ორი ათას მეტრზე ვიმყოფებით, – მითხრა ანამ, – აბა, გისმენ, რისი თქმა გინდა?
– რასაც ახლა გეტყვი, კარგად გაიაზრე და არ იჩქარო. გრძნობებსა და ემოციებს ნუ აჰყვები და ყველაფერი ცივი გონებით განსაჯე.
– ზუსტად ასე ვიზამ. თქვი სათქმელი.
– ანჟეი კუკულსკიზე ყველაფერი იცოდი?
– რაც საქმესა და ჩვენს პირად ურთიერთობებს შეეხებოდა – კი.
– სხვა არაფერი?
– კონკრეტულად?
– აი, თუნდაც მისი ურთიერთობა სპეცსამსახურებთან.
– რომელთან და რა ურთიერთობები?
– ის „კაგებეს“ დავალებებს ასრულებდა, ქილერი იყო და კანტორის დავალებით ადამიანებს ხოცავდა. ბოლოს კი კონტროლიდან გამოვიდა, ორგანიზებული დაჯგუფება შექმნა და შავ ბიზნესს მიჰყო ხელი.
– ეს ჩემთვის სიახლეა, ნამდვილად არაფერი ვიცოდი. შენ საიდან იცი ეს ყველაფერი და მე რატომ მეუბნები?
– მე აქ ანჟეის მოსაკლავად გამომგზავნეს, რადგან, არ ვიცოდით, რომ ის ცოცხალი არ იყო.
– „კაგებემ“ გამოგგზავნა?
– ჰო.
– გასაგებია, მაგრამ, ჩემგან რა გინდა?
– ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.
– მეც ადამიანები უნდა ვხოცო?
– არა. თქვენი საძმო კაგებეს კონტროლქვეშ იმუშავებთ და თქვენებიდან ეს მხოლოდ შენ გეცოდინება. როცა დაგჭირდებათ, „კაგებეს“ საფარსაც გამოიყენებთ. ოღონდ, თავში არ უნდა აგივარდეთ, თორემ, ჩვენც ვერ გიშველით. გაწყობს?
– ერთი კითხვა მაქვს.
– გისმენ.
– აქ მარტო მოხვედი თუ გარედან გაზღვევენ?
– მარტო ვარ.
– ჰოდა, უფრო სარფიანი არ იქნება, რომ მოგკლათ? მაშინ, ვერც ანჟეის ამბავს გაიგებს ვინმე და არც ჩვენ მოგვიწევს „კაგებეს“ დაკრულზე ცეკვა. მით უმეტეს, რომ აქ შენ თვალახვეული მოგიყვანეს და პოტენციურ მდევარს თავგზა აურიეს ოსტატური მანევრებით. ხოლო, თუკი არავინ გაზღვევდა, ესე იგი, არც მდევარი იქნებოდა და საშიშიც არაფერი გვქონია. რას იტყვი, როგორი იდეაა შენი გაქრობა? – ანამ „ბერეტა“ მომიშვირა, თან გამწარებული მიღიმოდა.
– იმას ვიტყვი, რომ ძალიან ცუდი იდეაა და ეს დიდი შეცდომა იქნებოდა შენი მხრიდან. თანაც, ჩემი მოკვლა საკმაოდ ძნელია, – მივუგე ანას და ორიოდ წამში მისი „ბერეტა“ ჩემს ხელში აღმოჩნდა, – მე რომ რამე დამემართოს, „კაგებე“ მიწის ქვეშ და კოსმოსშიც კი გიპოვით და იმდენ ხანს გამყოფებთ ცოცხალ-მკვდრებად, რომ სიკვდილს მოინდომებთ, მაგრამ, ვერ მოახერხებთ.
– შენ ისე შავად დამიხატე „კაგებეს“ შურისძიების სურათი, რომ ტანში გამაცივა. თანაც, მომწონხარ და შენი განადგურების სურვილი ნამდვილად არ მაქვს. გეხუმრე. პისტოლეტი კი ტყუილად წამართვი, სროლას ნამდვილად არ ვაპირებდი, – მითხრა ანამ, – მაწყობს შენი წინადადება, „კაგებეს“ საფარქვეშ უფრო მშვიდად ვიქნებით.
ანას „ბერეტა“ დავუბრუნე და ვუთხარი:
– ხვალინდელი საქმე კარგად გვაქვს მომზადებული და ძარცვა უნაკლოდ ჩაივლის. უბრალოდ, შენები გააფრთხილე, რომ შემთხვევით ვინმე არ მოკლან, მით უმეტეს, რომ ასეთი პრეცედენტი გაქვთ უკვე და ანჟეი კუკულსკი სწორედ ამას ემსხვერპლა.
– ყველაფერი რიგზე იქნება, დარდი ნუ გაქვს. ახლა კი დავისვენოთ. ძილი ნებისა, – მითხრა ანამ და წავიდა.
„ძარცვამ“ კარგად ჩაიარა და ანას ბანდის წევრებს ეჭვიც არ შეჰპარვიათ ჩემში. ჩვენმა უწყებამ კი ანჟეი კუკულსკის ცხედრის ექსჰუმაცია მოახდინა ჩუმად და, რომ დარწმუნდნენ, ნამდვილად ის იყო, გვამი კვლავ მიწაში ჩაფლეს.
ანასთან და მის ბანდასთან ურთიერთობა „კაგებეს“ მშვენივრად აეწყო და შუაგულ ევროპაში ჩვენ კარგად ორგანიზებული და კონსპირირებული, ძლიერი კრიმინალური დაჯგუფება გვყავდა, რომელიც ბევრ რამეში ძალიან გვეხმარებოდა. მათ გადაჰქონდათ იარაღი და საბრძოლო მასალები, როდესაც ეს „კაგებეს“ სჭირდებოდა. სამაგიეროდ კი ჩვენი უწყება მათ ყოველმხრივ მფარველობდა და, როგორც ფინანსურად, ასევე ინფორმაციულად უზრუნველყოფდა ამ დაჯგუფებას. ამგვარად, ანა კარგად მოერგო „კაგებესთან“ თანამშრომელი ადამიანის როლს და საკმაოდ დიდი ნიჭი და მოქნილობა გამოიჩინა. ამ საქმიანობით მან უზარმაზარი ქონება დააგროვა, ის დღესაც ცოცხალია და საკმაოდ სარფიან ბიზნესსაქმიანობას ახორციელებს ევროპაში, თანაც, სრულიად ლეგალურად. მან „შავი“ ფულის „გათეთრება“ მოახერხა და დღესდღეობით რესპექტაბელური, საქმიანი, კარგი რეპუტაციის მქონე ლედია... ალბათ, ამ ყველაფრის ლეგალიზება ამ ქალმა იმავე „კაგებეს“ დახმარებით განახორციელა და, სავარაუდოდ, მას მეწილეებიც ეყოლება. ის ადამიანები, ის ყოფილი „კაგებეშნიკები“, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბიზნესმენები გახდნენ და გაურკვეველ ვითარებაში ზღაპრულად გამდიდრდნენ...
საბჭოთა კავშირი, სულ რაღაც, ერთი წლის დაშლილი იყო და შჩუკინიც ახალი გასული იყო პენსიაზე, როდესაც მან მოსკოვში ჩასვლა და მასთან შეხვედრა მთხოვა. მოსკოვიდან ახალდაბრუნებული ვიყავი, სადაც ერთი კონტრაქტი შევასრულე და ორი დღის მერე კვლავ იქ გავემგზავრე. ვიქტორ იაკოვლევიჩს გორკის პარკში შევხვდი და, ტრადიციული მისალმების შემდეგ, შჩუკინმა მკითხა:
– არ დაგეზარა იმ ქალაქში დაბრუნება, სადაც ორი დღის წინ იყავი და საკმაოდ სახიფათო საქმე გააკეთე?
შჩუკინის სიტყვებიდან ნათელი გახდა, რომ ის კარგად იყო ინფორმირებული და იცოდა, თუ რას ვსაქმიანობდი. თუმცა, ამას მე სრულიადაც არ შევუშფოთებივარ, რადგან, დარწმუნებული ვიყავი მასში და ღიმილით მივუგე:
– ხიფათი ჩემი პროფესიაა, ვიქტორ იაკოვლევიჩ და, რა თქმა უნდა, ჯობდა, მოსკოვში მგზავრობა გადამედო, მაგრამ, თქვენ უარს ვერ გაკადრებდით. ამიტომ, აქ ვარ და დიდი ყურადღებით გისმენთ.
– ჩვენ არა მარტო უახლოესი მეგობრები ვართ, არამედ, თანამოაზრეებიც და, იმედია, აზრი არ შეგცვლია.
– რა თქმა უნდა, არა და არც არასოდეს შემეცვლება.
– ძალიან კარგი, ასეც ვიცოდი, – მითხრა შჩუკინმა და მკითხა – ჩვენი ბოლო საუბრის შინაარსი გახსოვს?
– მშვენივრად მახსოვს. ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლასა და ამ დანაშაულში გორბაჩოვის როლზე ვსაუბრობდით.
– ახლა იმავეს ფიქრობ?
– მთავარი დამნაშავე გორბაჩოვია და, მას რომ „კაგებეს“ კეთილსინდისიერებით ბოროტად არ ესარგებლა, ჩვენ დღესაც საბჭოთა კავშირში ვიცხოვრებდით.
– გორბაჩოვს ჩვენმა არაკეთილსინდისიერმა კოლეგებმა შეუწყვეს ხელი უზარმაზარი ქვეყნის დაშლაში.
– დიახ, აბა, მე რას ვამბობ? – დავეთანხმე შჩუკინს, მან კი მითხრა:
– არა, მე სულ სხვა რამეს ვგულისხმობ.
– რას?
– იმას, ჩემო კოკი, რომ, „კაგებეს“ რამდენიმე ათეულმა მაღალჩინოსანმა, რომლებსაც ეგრეთ წოდებულ „პარტიულ ოქროსა“ და ფულად ანაბრებზე მიუწვდებოდათ ხელი, გორბაჩოვს ჯერ ქვეყანა დააშლევინეს, შემდეგ კი ეს უზარმაზარი ფინანსური რესურსები ანონიმურად ჩაიგდეს ხელში და უკვე ოლიგარქებად მოგვევლინენ, კვალი კი წაშალეს, თუმცა ამის გაკეთება სრულად მაინც ვერ შეძლეს.
– თქვენი ვერსიით, ამ ადამიანებმა, უბრალოდ, დაიტაცეს სახელმწიფო ფინანსები?
– ამ ადამიანებმა გორბაჩოვს სახელმწიფოს დაშლაში იმიტომ შეუწყვეს ხელი, რომ უზომოდ გამდიდრებულიყვნენ და, ეს ვერსია კი არა, სინამდვილეა. ამის უტყუარი ინფორმაციები მაქვს და აქ იმიტომ ჩამოგიყვანე, რომ კვალიფიციური დახმარება გაგვიწიო, თუკი ამას ისურვებ.
– მზად ვარ, დაგეხმაროთ. მითხარით, რა უნდა გავაკეთო?
– ჯერ საქმის კურსში შეგიყვან და მერე მოვიფიქროთ, როგორ ვიმოქმედოთ. ვფიქრობ, კიდევ მრავალი ასეთი საქმე გამოჩნდება, – მითხრა შჩუკინმა და მართალი აღმოჩნდა, რადგან, გამქრალ, ეგრეთ წოდებულ „პარტიის ოქროს“ კვალს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა დროს დავადექი და არაერთ ხიფათში გავყავი თავი, მაგრამ, მაშინ ამის შესახებ აბსოლუტურად არაფერი ვიცოდი და შჩუკინს მივუგე:
– გამოჩნდება და გამოჩნდეს, მე ყველაფერში გვერდით დაგიდგებით. მთავარია, ამის ძალა შემწევდეს. ახლა კი ბრძანეთ, ამხანაგო გენერალო, გისმენთ!
შჩუკინმა აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა და მითხრა:
– ერთი კვირის წინ მოსკოვში სამი ადამიანი დაიღუპა – სამივე ფანჯრიდან გადმოხტა და ფილაქანზე დაეხეთქა. თითოეულმა მათგანმა თავის სახლში დატოვა ბარათი, რომლებშიც ერთნაირი შინაარსის ტექსტი ეწერა: „არაფერში ვარ დამნაშავე. მთელი ცხოვრება პატიოსნად ვმუშაობდი და ერთგულად ვემსახურებოდი პარტიას“. სამივე გარდაცვლილი ცენტრალური კომიტეტის ფინანსური განყოფილების პასუხისმგებელი მუშაკი იყო და კომპარტიის მილიონებს განაგებდა. მილიციამ სამივე შემთხვევაზე ჩაატარა მოკვლევა და ისინი თვითმკვლელობებად შერაცხა, საქმეები კი დახურა და არქივში გაამწესა. ჩვენ საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ სამივე პარტიული ფინანსისტი დახოცეს და მათი სიკვდილით დიდი დანაშაულის კვალი დაფარეს, რომელიც თვითონ, ანუ, მკვლელობების შემკვეთებმა ჩაიდინეს, – ვიქტორ იაკოვლევიჩმა პაუზა გააკეთა და მკითხა – ხომ არ დაიღალე?
– მე მგონი, კი. როგორც ეტყობა, ვიღაცეებმა პარტიის ფული წაიღეს, ეს ხალხი კი იმიტომ დახოცეს, რომ ყველაფერი მათ მიეწეროს.
– ზუსტად ასეა. იცი, ვისზე გვაქვს ეჭვი?
– არა.
– ვისზე და, „კაგებეს“ ყოფილ მაღალჩინოსნებზე – მაღალი რანგის ოფიცრებისა და გენერლების ჯგუფზე.
– დარწმუნებული ხართ, ამხანაგო გენერალო?
– ამაში რომ დავრწმუნდეთ, სწორედ ამიტომ ჩამოგიყვანე აქ.
ძალიან საინტერესო დეტალი იყო ის, რომ შჩუკინი მრავალი ადამიანის სახელით ლაპარაკობდა და ამბობდა არა – „მე“, არამედ – „ჩვენ“... თუმცა, ვიქტორ იაკოვლევიჩს არც ერთი სახელი არ უხსენებია და არც მე მიკითხავს ამის შესახებ.
– რამე ხელჩასაჭიდი თუ გაქვთ? – ვკითხე შჩუკინს, მან კი მიპასუხა:
– პირველი გარდაცვლილი ვიქტორ ზახაროვი იყო, ის მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა და, ცხადია, გარდაიცვალა. ზახაროვი 56 წლის იყო და ცეკას ფინანსურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მის ხელში გადიოდა კომპარტიის მთელი ქონება – უძრავ-მოძრავი, ფინანსები, ძვირფასი ქვები და ძვირფასი ლითონები. მისი ხელმოწერის გარეშე ბანკიდან თვით უმაღლესი პარტიული ჩინოვნიკიც კი, კაპიკს ვერ გამოიტანდა. ვიქტორ ზახაროვს კარგად იცნობდნენ ცენტრალურ ბანკში და ხშირად ის პირადად ესწრებოდა დიდი თანხისა თუ ძვირფასი ქვების ან ოქროს გამოტანის პროცედურებს, რომელიც, სხვადასხვა საჭიროებისამებრ, უცხოეთში იგზავნებოდა. ერთი სიტყვით, ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და დაღუპვამდე სამი საათით ადრე მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რის შემდეგაც, ძალიან აღელვებული ზახაროვი აქეთ-იქით დადიოდა, ხოლო, ცოლის შეკითხვაზე – რა დაგემართაო, – უთქვამს: ნაძირალა დამღიანმა გამანერვიულაო. ცოლს მეუღლე დაუმშვიდებია და ქალიშვილთან წასულა მოსანახულებლად, ერთ საათში კი ვიქტორ ზახაროვი დაიღუპა, ანუ, მაშინ, როცა ის ბინაში მარტო დარჩა. რა მოხდა იქ დიასახლისის წასვლის მერე, ღმერთმა უწყის.
– საინტერესოა, – ვუთხარი შჩუკინს და ვკითხე, – ხელჩასაჭიდში ალბათ დამღიანს გულისხმობთ.
– ჰო. შენ რა, მას იცნობ? – გაოცება ვერ დამალა ვიქტორ იაკოვლევიჩმა.
– არა. მის შესახებ პირველად მესმის. უბრალოდ, ასე იკვეთება თქვენი მონათხრობიდან. ვინაა დამღიანი?
– ვინ არის და სამვარსკვლავიანი კაგებეს გენერალი ვალენტინ ნოსიკი, იგივე დამღიანი. მარცხენა ყვრიმალზე მას ობობის დამღა აქვს ამოშანთული. სამოციანი წლების მიწურულს ამერიკელებმა ტყვედ ჩაიგდეს ვიეტნამში, აწამეს და ობობა ამოუდამღეს ყვრიმალზე. მან გაქცევა მოახერხა. შემდეგ მოსკოვში დააბრუნეს, ცენტრალურ აპარატში გაამწესეს და, რომ იტყვიან, თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა. საბჭოთა კავშირის დაშლამდე გენერალი ნოსიკი ცენტრალური კომიტეტის ფინანსების კურატორი იყო და ვიქტორ ზახაროვთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი სიტყვით, მათ ფინანსური საქმეები აერთიანებდათ და, ცეკას მითითებით „კაგებეს“ მიერ შესრულებული სპეცდავალებების ფინანსებს სწორედ ვიქტორ ზახაროვი უზრუნველყოფდა. ხვდები, რას ვგულისხმობ?
სპეცდავალებებს ჩვენი უწყება ახორციელებდა, ნამდვილად ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა შჩუკინი და ვუპასუხე:
– ნამდვილად ვერ ვხვდები, ვიქტორ იაკოვლევიჩ. სპეცდავალებებს ხომ ჩვენ ვასრულებდით? ნამდვილად არაფერი მსმენია ცეკას სპეცდავალებებზე, რომლებსაც ნოსიკი თუ მისი ხალხი ასრულებდა. ან, რა დავალებები იყო ეს?
– მართალი ხარ, ეს იყო ზეკონსპირაციული ორგანო და მისი მოვალეობა იყო სხვადასხვა, ეგრეთ წოდებული, ჩვენი მოძმე ქვეყნებისა თუ პარტიების წარმომადგენელთა ფინანსური უზრუნველყოფა. აი, მაგალითად, ვინმე აფრიკელი ან ლათინოამერიკელი ვითომ პოლიტიკოსისთვის ფულის მიცემა, რომლის მიზანიც იყო პროსაბჭოური პროპაგანდა და არსებული ანტისაბჭოური რეჟიმისთვის ძირის გამოთხრა. სინამდვილეში კი, ასიდან ოთხმოცდაცხრამეტი ასეთი დაფინანსებული თაღლითი და მუქთახორა იყო, რომლებიც ჩვენ მიერ მიცემულ დიდძალ თანხებს პირადი კეთილდღეობისა და მრუშობისთვის იყენებდნენ.
– ანუ, საბჭოთა მთავრობას ატყუებდნენ?
– ასეც შეიძლება ითქვას. მაგრამ, სინამდვილეში, ეს იყო ურთიერთშეთანხმება და ეგრეთ წოდებული „ატკატის“ კლასიკური ნიმუში.
– ატკატის?
– ჰო, ატკატის და, ნუ გაგიკვირდება. განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, უცხოეთში, ვითომდა კაპიტალისტების ტახტის შესარყევ ღონისძიებებზე, ასი მილიარდი დოლარი გავიდა. გესმის? ასი მილიარდი დოლარი. ეს თანხები ქაღალდზე იდეოლოგიური კუთხით გაპრავდა და ვერავინ შემოედავებოდა მათ გამცემს. სინამდვილეში კი, მიმღებებმა ამ ფულის ლომის წილი, სავარაუდოდ, ფულის გამცემს დაუბრუნეს, ანუ, განახორციელეს „ატკატი“.
– ეს ხომ პირდაპირი ღალატია?!
– რა თქმა უნდა! აბა, მე რას ვამბობ? როგორც „გამოუთხარეს“ კაპიტალისტებს ძირი, კარგად ვნახეთ და ამხელა სახელმწიფო თავზე დაგვენგრა. ქვეყანა გაიძარცვა, გამათხოვრდა და როდესაც მავანნი ამ ყველაფრის ძიებას შეუდგნენ, ეს იდუმალი თვითმკვლელობები მოხდა. საქმე კი ისაა, რომ, ამ ამბებამდე ორი კვირით ადრე რუსეთის ახალმა მთავრობამ დაცარიელებული სახელმწიფო ხაზინის საქმის შესწავლა დაიწყო და ტრილიონი დოლარის ძიება დაიწყო, რომელიც საბჭოეთის დაშლისთანავე უკვალოდ გაქრა. გამოძიება მალევე შეწყდა და მასზე მეტი არავის არაფერი უთქვამს – ისეთი პირი უჩანს, რომ ჩაფარცხეს. ჩემი აზრით, ეს სამი ეგრეთ წოდებული თვითმკვლელობა იყო საბოლოო ხუფი და სწორედ ამ ხუფის ახდა უნდა ვცადოთ.
– ტრილიონი დოლარი?! ჰმ, ეს ხომ წარმოუდგენელი თანხაა.
– ასეა და ამ თანხის მეათედი, ანუ, ეგრეთ წოდებული ძირგამომთხრელობისთვის გადახდილი თანხა მაინც რომ მოეხმარათ ქვეყნის ინტერესებისთვის, საბჭოეთი დღესაც ამაყად იდგებოდა.
– ჰმ... ტრილიონი დოლარი! – ვიმეორებდი მე, – ამხელა ქონების მოპარვა არ გინდა?
– შენ ეგა თქვი! სწორედაც რომ მოპარვა. მაშინ ასე არ ხდებოდა, თანხებს ღილაკის ერთი დაჭერით არ რიცხავდნენ, როგორც ახლა. ყველაფერი ნატურალურად გადაჰქონდათ, ტრანსპორტირება ხდებოდა და ამდენი ფული, ძვირფასი თვლები და ოქრო სულ ჩემოდნებით გაზიდეს. მაგრამ, ვინ და სად – ჯერჯერობით უცნობია. ამიტომ, ჩვენ ეს ხელჩასაჭიდი უნდა გამოვიყენოთ და ვალენტინ ნოსიკის მეშვეობით სხვებზე გავიდეთ. შენ ამ საქმეში უმთავრესი და ურთულესი როლი გეკისრება – გამოძიება უნდა წარმართო საიდუმლოდ, გააზრებულად და სწრაფად. ახლა კი მოქმედების გეგმა შევიმუშაოთ.
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ვალენტინ ნოსიკი უნდა დავკითხოთ და, განსაკუთრებული ზომების გამოყენებით, თუკი ასეთი რამ საჭირო გახდა, ყველაფერი დავაფქვევინოთ. შემდეგ კი მივყვეთ კვალს და დანარჩენიც გამოჩნდება.
– სამწუხაროდ, სხვა საშუალებები არ გაგვაჩნია. მაგრამ, „კაგებეს“ სამვარსკვლავიანი გენერლის მოტაცება და მისი გაქრობა არც ისე იოლი საქმეა. აქ დიდი სიფრთხილე და ოსტატობაა საჭირო და შენ სწორედ ამიტომ მოგმართე, – მითხრა შჩუკინმა, მუხლებზე მოზრდილი კონვერტი დამიდო და, სანამ წავიდოდა, დაამატა, – აქ ცნობებია ნოსიკის შესახებ. რაც გჭირდება, ყველაფერს იპოვი. როგორც კი გაეცნობი, გაანადგურე. აბა, შენ იცი. როდესაც პირველ ეტაპს შეასრულებ, შენთვის ცნობილი არხით მაცნობებ შეხვედრის დროსა და ადგილს. აბა, წავედი, ნახვამდის.
– ნახვამდის, – მივუგე გენერალს და, თვალს რომ მიეფარა, მეც კონსპირაციული ბინისკენ გავემართე.
გენერალ ვიქტორ იაკოვლევიჩ შჩუკინის მიერ გადმოცემულ კონვერტში გენერალ-პოლკოვნიკ ვალენტინ ნოსიკის სურათები, მისი ბინისა და აგარაკის მისამართები და გადაადგილების მარშრუტები იყო.
60 წელს მიტანებული ნოსიკი, ჭაღარის მიუხედავად, ბრწყინვალე ფორმაში იყო. ის არც სვამდა, არც ეწეოდა, ვარჯიშობდა, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა და, ფაქტობრივად, სისუსტეები არ გააჩნდა. მისი ერთადერთი სისუსტე იყო მისი 30 წლის საყვარელი – ლუბა, ვისთანაც ის დღეგამოშვებით მიდიოდა ბინაზე, მასთან სამი-ოთხი საათი რჩებოდა და ისევ სახლში ბრუნდებოდა.
კონვერტის შიგთავსს რომ გავეცანი და ყველაფერი კარგად დავიმახსოვრე, ქაღალდები დავწვი და ტუალეტში ჩავრეცხე, შემდეგ მოქმედების გეგმა შევადგინე და სამვარსკვლავიანი გენერლის მოსახელთებლად ხელსაყრელი დროისა და ადგილის გამოთვლას შევუდექი. ასეთი ადგილი ლუბას სახლი იყო, სადაც ნოსიკის ახალგაზრდა საყვარელი მარტო ცხოვრობდა. დრო კი მათი პაემნის პერიოდი იყო. გენერალ-პოლკოვნიკი ყოველთვის ოთხი პირადი მცველის თანხლებით გადაადგილდებოდა და ლუბას ბინა ნოსიკის მოსატაცებლად იდეალური ადგილი იყო. მით უმეტეს, რომ, სანამ პირადი მცველები მას ლუბას სახლის წინ ელოდებოდნენ, გენერლის გატაცება საძინებლის ფანჯრიდან იყო შესაძლებელი. ბინა პირველ სართულზე მდებარეობდა და საძინებელს პატარა ტყე-პარკი ესაზღვრებოდა. მართალია, საძინებლის ფანჯარას ფოლადის გისოსები ჰქონდა, მაგრამ, ეს დიდი პრობლემა არ იყო და როდესაც ყველაფერი მზად მქონდა, შევინიღბე, ფურგონიანი „მოსკვიჩი“ ტყე-პარკში დავაყენე და ნოსიკის მოსვლამდე ერთი საათით ადრე ლუბას ვესტუმრე. ქალის ბინაში მოტყუებით, გაზის კანტორის თანამშრომლის სახელით შევაღწიე. კარი რომ მივხურე, ქალი საძინებელში ძალით შევიყვანე და ვუთხარი:
– ნუ გეშინიათ, მე არც მძარცველი ვარ და არც სექსუალური მანიაკი. მე მთავრობის დავალებით ვმოქმედებ. გთხოვთ, სწორად გამიგოთ და დამეხმაროთ.
– რაში უნდა დაგეხმაროთ?
– რაში და, ვალენტინ პავლოვიჩის გადარჩენაში.
– ვინ ვალენტინ პავლოვიჩის გადარჩენაში? – ვერ მიხვდა ქალი.
– გენერალ-პოლკოვნიკ ვალენტინ ნოსიკის გადარჩენაში, – გავუმეორე ქალს.
– აა, ვალიუშას გულისხმობთ? – რატომღაც გამხიარულდა ქალი და მკითხა – კი მაგრამ, ვალიუშას გადასარჩენი რა სჭირს, ვინმე მოკვლას უპირებს?
– ეგ ჯერ ზუსტად არ ვიცით, მგონი, მოტაცებას. თქვენთან სწორედ იმიტომ მოვედი, რომ მას ამის შესახებ შევატყობინო და მისი გადარჩენის გეგმა შევიმუშავოთ.
– სისულელეა, – გადაიკისკისა ქალმა, მას ოთხი ისეთი ვეშაპივით ბიჭი დაჰყვება, რომ, არა მგონია, ვინმეს მოატაცებინონ ვალიუშა.
– აი, სწორედ ამაშია საქმე და აქ იმიტომ მოვედი, რომ ვალენტინ პავლოვიჩს მისი პირადი მცველების გარეშე ველაპარაკო. გვაქვს ინფორმაცია, რომ გენერლის გატაცებას მისი ერთ-ერთი მცველი გეგმავს და სწორედ ისაა გასაშიფრი.
– მერედა, ამას ამდენი ცერემონია რად უნდა? ოთხივე აიყვანეთ, კარგად მოსცხეთ და გაიგებთ, ვინ არის მოღალატე, – მირჩია ქალმა, მე კი მივუგე:
– ამის გაკეთება არამც და არამც არ შეიძლება. მას, ალბათ, დამზღვევი მეთვალყურე ეყოლება და, რომ დავიჭიროთ, გავიშიფრებით, მთელი ოპერაცია ჩაგვეშლება და მთავარი ჯაშუშები ხელიდან დაგვისხლტებიან. ამიტომ, ჯობია, პირდაპირ აქ ველაპარაკო და თქვენი დახმარება მჭირდება.
– რა დახმარება გჭირდებათ? მიდით და ელაპარაკეთ, მე მას პირს ხომ არ ამოვუკერავ ან ყურებს ხომ არ დავუხშობ?
– ახლავე გეტყვით: ვალენტინ პავლოვიჩი რომ მოვა, მისი პირადი მცველები არ უნდა შემოუშვათ.
– ისინი არც შემოდიან აქ.
– ჰო, მაგრამ, რა იცით, რა ხდება! თუკი რომელიმე მათგანმა აქ შემოღწევა დააპირა, თქვენ ამაში ხელი უნდა შეუშალოთ, გასაგებია?
– გასაგებია, – მითხრა ლუბამ და მკითხა: – ყავას ან ჩაის ხომ არ დალევთ?
– არა, გმადლობთ, – ვუპასუხე და ამ დროს კარზე ზარი დარეკეს.
– ვინ არის? გენერლის მოსვლის დრო ხომ ჯერ არ დამდგარა.
– ნუ ღელავთ, ეს, ალბათ, ნიურკა იქნება, ჩემი მეზობელი. ის ყავაზე მკითხაობს და ჩემთან ხშირად მოდის ხოლმე. წავალ, გავისტუმრებ, – მომიგო ლუბამ და კარისკენ გაემართა. მე, ყოველი შემთხვევისთვის, უკან გავყევი, თან მაყუჩიანი პისტოლეტი გადავტენე, საჭიროების შემთხვევაში რომ მესარგებლა. აბა, რა ვიცოდი, ლუბა სიმართლეს მეუბნებოდა თუ მატყუებდა?!
კართან მართლაც ლუბას მეზობელი იდგა, რომელიც მან გაისტუმრა და უკან შემობრუნდა. ნახევარ საათში კი გენერალი მოვიდა და ლუბას ვუთხარი:
– აბა, თქვენ იცით, როგორც მოვილაპარაკეთ, ისე გავაკეთოთ.
ვალენტინ ნოსიკი ყოველგვარი პრობლემის გარეშე შემოვიდა ლუბას ბინაში, კარი რომ მიხურა, შემამჩნია, შეცბა და ლუბას შეხედა. ქალმა კი, გენერალ-პოლკოვნიკს გაუღიმა და უთხრა:
– ნუ გეშინია, ეს ამხანაგი მთავრობის დავალებას ასრულებს და აქ შენს საშველად არის მოსული.
ნოსიკი, რომ იტყვიან, ძალიან შებერტყილი ვინმე აღმოჩნდა, ლუბას სიტყვები არ დაიჯერა, კბილებში გამოცრა: „რა ჩემს საშველად“!.. – და ქამრისკენ წაიღო ხელი, სადაც პისტოლეტი ჰქონდა. მე კი მას მაყუჩიანი პისტოლეტი მივუშვირე და ვუთხარი:
– მშვიდად, გენერალო! ხმაური არ გვაწყობს. აქეთ მობრძანდით და ყველაფერს აგიხსნით.
ნოსიკი ოთახის სიღრმისკენ წამოვიდა და, რომ მომიახლოვდა, ყბაში მუშტი ვთხლიშე და გავთიშე, შემდეგ ლუბას პულვერიზატორი მივასხურე და მივაძინე. იმავე მეთოდით დავაძინე გათიშული ნოსიკიც, მერე საძინებლის ფანჯარასთან მივედი, სპეციალური, უხმო ხერხით, რომელიც ვაკუუმზე მუშაობდა, გისოსები გადავხერხე, გენერალი ზურგზე მოვიკიდე და ფანჯრიდან გადავძვერი. როდესაც ნოსიკი „მოსკვიჩის“ საბარგულში მოვათავსე, მანქანა ადგილიდან დავძარი და გენერლის პირადი მცველებით სავსე „ვოლგას“ მშვიდად ჩავუარე გვერდით...
მოტაცებული გენერალ-პოლკოვნიკი სხვა სპეციალურად მომზადებული კონსპირაციული ბინის სარდაფში მივიყვანე, გავაშიშვლე, ძელებზე მივაბი და, რომ გაეღვიძა, ზახაროვის შესახებ ვკითხე, მან კი ცინიკურად მომიგო:
– წადი, შენი დედაც... შე ნაბიჭვარო. რომ იცოდე, რა შარში გაყავი თავი, დედამიწიდან აიბარგებოდი. ახლა კი გამათავისუფლე და გამიშვი, რომ ყველაფერი დავივიწყო და გაპატიო... წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემები სულ მალე მოგვაგნებენ და ცოცხლად გაგაძრობენ ტყავს.
– ვნახოთ, ვნახოთ, – მშვიდად ვუთხარი თავდაჯერებულ გენერალ-პოლკოვნიკს და, მისი მუქარის არ იყოს, მართლაც, ცოცხლად დავუწყე ტყავის გაძრობა. ამიტომ, ის მალევე ალაპარაკდა და მომიყვა, თუ როგორ გაიტანეს ზახაროვის მოტყუების შედეგად სახელმწიფო ბანკის სარდაფებიდან 200 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები, ძვირფასი ქვები და ნაღდი ვალუტა გირვანქა სტერლინგებში, გერმანულ მარკებსა და ამერიკულ დოლარებში.
– როგორ უნდა მივაგნო ამ ყველაფერს, სადაა ისინი? – ვკითხე ნოსიკს და მარცხენა ხელზე კანი ავათალე, მან კი მითხრა:
– აღარ გააგრძელო, ხომ არაფერს გიმალავ, მომისმინე და გაიგებ.
– აბა, მიდი, გისმენ!
ნოსიკის თქმით, ფული და ძვირფასი ქვები, სულ 80 მილიონი დოლარის ღირებულების, შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკში იდო და მისი გამოტანა ვინმე ანტონ კურავლიოვს შეეძლო, ხოლო, 120 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს და პლატინის ზოდები ჯერ კიდევ მოსკოვში იყო დამალული, ერთ-ერთი კონსპირაციული ბინის სარდაფში.
როდესაც ნოსიკს ყველაფერი გამოვწურე და დავრწმუნდი, რომ გენერალ-პოლკოვნიკმა მეტი არაფერი იცოდა, მას შუბლი გავუხვრიტე და იქვე ჩავაბეტონე.
გაგრძელება შემდეგ ნომერში