ვინ შესთავაზა სოფო ქორიძეს ვალენტინოსთან და არმანისთან სტაჟირების გავლა და რატომ წაშალა კახა ქორიძემ მასზე გადაღებული ფილმი თავისი ხელით
ვერაზე, მაყაშვილის ქუჩაზე, წითელი აგურით ნაშენებ ძველ და ლამაზ შენობაში, ერთი ცნობილი და დიდი თბილისური ოჯახი ცხოვრობს – ბატონ კახა ქორიძის ოჯახს ვგულისხმობ. როდესაც მათთან მივდიოდი, გეგმაში მქონდა, კინომსახიობთა თეატრის მხატვრებს ნინო და სოფო ქორიძეებს გავსაუბრებოდი, თუმცა, ადგილზე მისულს გეგმები შემეცვალა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მკითხველი ამით არ დაზარალდება, პირიქით.
ნინო: ამჟამად მე ვეღარ ვახერხებ თეატრში მუშაობას, სოფო ახლაც თავგამოდებით მუშაობს მარტო. რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ მუშაობა და რამდენიმე სპექტაკლი გავაკეთეთ ერთად.
სოფო: ნინო იყო სცენოგრაფი, მე – კოსტიუმების მხატვარი.
ნინო: თავიდან მამასთან ერთად დავიწყეთ მუშაობა ნუგზარ ბაგრატიონის სპექტაკლზე „ნუ მიგვატოვებ მზეო”. სოფო მუშაობდა კოსტიუმებზე, მე – დეკორაციაზე...
ბატონი კახა: ...ნუგზარ ბაგრატიონის არა! მისი სამეფო უმაღლესობის!
ნინო: მართალია; მისი სამეფო უმაღლესობა ჩემი ნათლიაა.
სოფო: სამეფო კარის მხატვრები ვართ.
ნინო: მოკლედ, ეს იყო ჩვენი პირველი ნაბიჯი ამ სფეროში.
– ბატონო კახა, თქვენზე მითხრეს გოგონებმა, ძალიან მკაცრი მამა იყოო...
ბატონი კახა: მეგონა, გიჟდებოდნენ ჩემზე. მივლინებაში ისე არ მივდიოდი, რომელიმე მათგანი თან არ წამეყვანა. რა ვიცი, ერთმანეთს კი ეჩხუბებოდნენ – დღეს ჩემი რიგიაო. აბა, რა გითხრათ...
სოფო: ვგიჟდებოდით, მაგრამ, მკაცრიც ხომ იყავი?
ბატონი კახა: რადგან ასეთი გახსოვარ, მაშასადამე, მკაცრი ვყოფილვარ.
ნინო: მამასთან ბავშვობიდან ვმეგობრობ. ალბათ, იმიტომ, რომ პირველი შვილი ვარ და ვეხმარებოდი დანარჩენი შვილების გაზრდაში.
ბატონი კახა: პირველად რომ მივიყვანე ნინო თეატრში რეპეტიციაზე, ბატონმა მიშა თუმანიშვილმა აიყვანა ხელში, მოეფერა და ჰკითხა: ვინ უნდა გამოხვიდეო? ნინომ – მსახიობიო, უპასუხა. ბატონმა მიშამ ცივად დასვა და მითხრა, ბავშვი თეატრალურში არ შეიყვანოო! ისეთი ლამაზია, უეჭველად უნიჭოს შეარქმევენ და დააკომპლექსებენო. საქართველოში ლამაზიც რომ იყო და ნიჭიერიც ერთდროულად, ჩვენი საზოგადოება ვერ აიტანსო.
– ნინო, საბოლოოდ რა პროფესია აირჩიე?
ნინო: მხატვრობა, მაგრამ, მსახიობობა ჩემი ჰობი იყო. ახლა კი არ ვიცი, მგონი, პირიქითაა – პროფესია ჰობი ხდება და ჰობი – პროფესია.
სოფო: მეც სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, ტანსაცმლის მოდელირების ფაკულტეტი, მაგრამ, მამაჩემი მთავარი მხატვარი იყო თეატრის დაარსებიდან მაესტროს გარდაცვალებამდე და, შეიძლება ითქვას, გავიზარდე ამ თეატრში. რა ასაკიდან დავდიოდი ვერ ვიტყვი, ალბათ, რაც თავი მახსოვს. მეც და ნინოც ბავშვობიდან ვხატავთ. თეატრის მხატვრობაზე ნამდვილად არ მიოცნებია. მიმაჩნდა, რომ რთული იყო. სხვათა შორის, ასეცაა. რაც ნინომ ბავშვი გააჩინა, ვეღარ იცლის თავის შემოქმედებისთვის.
– რა ხნისაა ამჟამად ბავშვი?
ნინო: ნატალია, ტაშკა, ერთი წლის გახდა.
– ვიცი, რომ ნათამაშები გაქვთ როლები ფილმებში: „დემეტრე თავდადებული”, „ბესამე”, „ანგელოზის გადაფრენა”, „სამი სახლი”, ტელესერიალში „გოგონა გარეუბნიდან.” და, ბოლოს, ფილმში – „მარილივით თეთრი”.
– ჩემი აზრით, ამ ბოლო ფილმში ყველაზე დიდი როლი მქონდა.
სოფო: იცით, რა დიდი გამოხმაურება მოჰყვა უცხოეთში, განა მხოლოდ ფილმს, არამედ, ნინოსაც?! არ ეგონათ, რომ არამსახიობი თამაშობდა ნინოს სახით.
– ნინო, როგორც შევიტყვე, ერთ-ერთი ფრანგი რეჟისორი დაინტერესებულა თქვენით ამ ფილმის ნახვის შემდეგ.
ნინო: დიახ, დაინტერესდა ჩემით და, არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. კოდბუსის კინოფესტივალზე ვიყავი ნომინირებული, როგორც საუკეთესო ქალი მსახიობი. ამ ფესტივალზე იყო ცნობილი გერმანელი კინოკრიტიკოსი კნუტ ესტელმანი, რომელმაც თავის რადიოგადაცემაში ილაპარაკა ჩემზე და, როგორც ვარსკვლავი, ასე დამახასიათა. დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარიო და კიდევ ბევრი კარგი თქვა. მიმიწვიეს ფესტივალზე, მაგრამ ნატალიაზე ვიყავი ორსულად და დღე-დღეზე უნდა მემშობიარა. თბილისში, კინოფესტივალზე, ასევე ცნობილმა კინოპროდიუსერმა ჯიმ სტარკმა, რომელიც იყო ჯიმ ჯარმუშის პროდიუსერი და ნამუშევარი აქვს ფილმზე „დედმენი”, მაღალი შეფასება მისცა ჩემს ნამუშევარს.
– სოფო, თქვენ რას მიამბობთ?
სოფო: რა გითხრათ, სულ ვხატავ და ვხატავ. ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ ძალიან მიყვარს. სკოლიდან ამერიკაში (ფლორიდაში, ფორტ მაიერსში) წავედი და იქ დავამთავრე ნატიფი ხელოვნების სკოლა-აკადემია. შემდეგ იქ კონკურსზე პირველი ადგილი ავიღე, მოვიგე გრანტი, გამეგრძელებინა სწავლა 5 წლით მაიამიში, ფორტ ლადადეილის ხელოვნების ინსტიტუტში, მაგრამ, არ დავრჩი. ეს იყო 1997 წელს.
– მაშინ ძალიან ძნელი იყო იქ მოხვედრა, თქვენ როგორ მოახერხეთ?
– მერიამ კონკურსი ჩაატარა და გავიმარჯვეთ 28 ბავშვმა. გაგვგზავნეს ამერიკაში და გადაგვანაწილეს სხვადასხვა შტატში. მე ფლორიდაში მოვხვდი. ბავშვებს ძალიან გაგვიჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება.
– რამ გაგაძლებინათ?
– ვითომ, გავძელი? ორჯერ გამოვიცვალე ოჯახი. მესამეჯერ გამიმართლა და კარგ ოჯახში მოვხვდი, ამ პერიოდში გავიცანი ლუმარიც.
– ლუმარი ვინ არის?
– ესპანელი დიზაინერი, რომელსაც ნიუ-იორკში, მე-5 ავენიუზე აქვს თავისი მაღაზია, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ის წარმატებულია. მან მიმიწვია დამწყებ დიზაინერად.
– როგორ გაიცანით?
– გავიცანი კოლექციის ჩვენებაზე. საინტერესო რა მითხრა, იცით? მე ვერ ვხატავ, შენ – ხატავ. შენ ბავშვი ხარ, ძალიან მაგარი იდეებით, ჯერ არც წარმოგიდგენია, ეს იდეები როგორ შეგიძლია პრაქტიკაში მოიყვანო, მე კი ამას შეგაძლებინებო. პირველად რომ მითხრა, გამიკვირდა. მაგრამ, მე ჯერ სრულწლოვანი არ ვიყავი და მუშაობის უფლება არ მქონდა. ამის შემდეგ ძალიან მალე დამირეკა და მითხრა: სასწრაფოდ გადმოფრინდი, რეი ჩარლზს უნდა ჩააცვა კონცერტისთვისო. თბილისში დავრეკე: მიშველეთ, წამიყვანეთ-მეთქი. ხომ არის, რომ რაღაცაზე ოცნებობ და უცებ რეალობა და ოცნება ერთიანდება?! ამისგან ცუდად ვიგრძენი თავი, ვტიროდი.
ოჯახის წევრები მენატრებოდა. დაიანმა, ვისთანაც ვცხოვრობდი, მამაჩემს დაურეკა – დები, ნინო და ანა გამოგზავნეთ საშობაოდ ერთი თვით, იქნებ ამან უშველოსო. ნინო და ანა ჩამოვიდნენ, ძალიან ბედნიერი ვიყავი. საერთოდ, რამდენადაც თამამი ვჩანვარ, იმდენად მორცხვი ვარ. გადამწყვეტ მომენტებში, როდესაც რაღაც გრანდიოზული ხდება ჩემს ცხოვრებაში, ვიმალები.
– ამ შემთხვევაშიც ასე მოიქეცით?
– ამ დავიდარაბის დროს დარეკა ტელეფონმა და გაგვაფრთხილეს: ჩვენ ყველაფერი გავიგეთ და, როგორც კი სოფო ამ სამუშაოს შეასრულებს, მაშინვე მის დეპორტაციას მოვახდენთო. როგორც იქნა, ამოვისუნთქე...
– და, იმდენი იტირეთ, სანამ თავი არ დაითარსეთ.
ნინო: ასე გამოდის.
სოფო: ამის შემდეგ, ამერიკაში ჩატარებულ კონკურსებსა და გამოფენებში აღებული მაქვს პირველი, მეორე და მესამე ადგილები. ბოლოს პირველი ადგილი ავიღე ერთ-ერთ ძალიან პრესტიჟულ კონკურსში, პრიზი იყო სახელმწიფოს ხარჯით აკადემიაში სწავლა, სადაც ლექციებს უშუალოდ ჯან ფრანკო ფერე, კელვინ კლაინი და ჯანი ვერსაჩე კითხულობდნენ. თუმცა, რომ გავიგე, რომ ხუთი წელი დაიანის გარეშე უნდა მეცხოვრა მაიამიში, უარი ვუთხარი და თბილისში დავბრუნდი დაიანთან ერთად. დაიანიც ერთი თვით დარჩა ჩვენთან.
– ბატონო კახა, მგონი, დროულია გკითხოთ, მოგწონთ სოფოს არჩევანი?
ბატონი კახა: რომ ვკითხე, უნდოდა თუ არა დარჩენა, მიპასუხა, არ მომწონს ამერიკა და ამერიკელები, მხოლოდ დაიანზე ვგიჟდებიო. მივეცით თავისუფალი არჩევნის საშუალება, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ, რომ აქ ჩამოსულიყო და აქ ესწავლა. შევცდით! როდესაც სოფო ჩამოვიდა, მაშინ არც გათბობა იყო სამხატვრო აკადემიაში, არც სწავლა. ამის შემდეგ თბილისში კიდევ გაიმარჯვა ერთ-ერთ კონკურსში, რის შედეგადაც იტალიაში წავიდა სამი თვით. იქაც ჰქონდა შანსი, გაეგრძელებინა სწავლა, მაგრამ, არ დარჩა. ეტყობა, ჩვენ ვერ გველევა.
სოფო: არის ასეთი კოეფიას აკადემია, სადაც „ალტა მოდისთვის” ხელით კერავენ სამოსს. დავამთავრე, სერტიფიკატი ავიღე და შემომთავაზეს, თუ დარჩები, ესპანეთის მოედანზე კოლექციის ჩვენებაზე ვალენტინოსთან და არმანთან გაგატარებ სტაჟირებასო.
– ახლა, არ მითხრათ, იქიდანაც წამოვედიო.
– წამოვედი. ამის შემდეგ ზაიცევმა მიმიწვია თავისთან. რაღაც, ვერ ვრჩები ვერსად. ჩემებთან მიყვარს, ძალიან მიჯაჭვული ვარ ამ სახლს.
– სწორედ ეს მინდოდა მეკითხა – ძალიან საინტერესო სახლი გაქვთ. შემოსვლისთანავე გავიფიქრე, რომ საინტერესო ისტორია უნდა ჰქონდეს. ასეა?
ბატონი კახა: ასეა. ეს სახლი ააშენა მეფის რუსეთის გენერალმა ტერ გუკასოვმა 1916 წელს. მომდევნო წელს თვითონ გარდაიცვალა. შვილები არ დარჩენია. მეუღლე გერმანელი ჰყავდა, მან გაყიდა ეს სახლი და წავიდა. გასაბჭოების პერიოდში სახელმწიფომ აქ თითო ოთახში თითო „ნარკომის“ ოჯახი (ყოფილი სახალხო კომისრები) შემოასახლა. პირველ სართულზე ერთი ოთახი ბერიას მდივანს ეკავა. იმხანად, თურმე, ამ სახლს „ნარკომების სახლს“ ეძახდნენ. იმ პერიოდში მეორე სართულზე ერთ ოთახში წელიწად-ნახევრის განმავლობაში გრიგოლ რობაქიძე ცხოვრობდა. ახლა იქ ნინოს საძინებელია. გრიგოლ რობაქიძეს, თავის ანდერძში უთქვამს, ამ ოთახში ქართველმა ქალმა სანთელი დამინთოსო. ჩემი მეუღლე უნთებდა სანთელს.
30-იან წლებში, მოგეხსენებათ, რეპრესიების გამო, ბევრი ბინა დაცარიელდა და „ნარკომებიც“ იმ ბინებში გადაბარგებულან, ეს სახლი მელიორაციის კომიტეტისთვის გადაუციათ, მათ კი თავიანთ თანამშრომლებზე გაუნაწილებიათ – თითო ოჯახი თითო ოთახში. ჩვენ ადრე ჯანაშიას ქუჩაზე ვცხოვრობდით, სამოთახიან ბინაში ხუთი ბავშვით (მეექვსე – ელენე – აქ გაჩნდა). ბინის მიღების აღრიცხვაზე ვიყავი ჩემს სამსახურებში. ორი სამსახურიდან ორი ხუთოთახიანი ბინა მომცეს, მაგრამ, ორივე ჩავაბარე ქალაქის საბჭოს. სანაცვლოდ ვითხოვდი ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე, საგეგმო კომიტეტის მშენებარე სახლში მოეცათ ბინა, ვინაიდან, ვერის გარდა სხვაგან ბავშვებს ვერ გავზრდიდი, რადგან მთელი ნათესაობა მე და ჩემს მეუღლეს ვერაზე გვყავდა – მშობლები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები და მათი დახმარებით იოლი იყო ბავშვების გაზრდა. მთავრობა შეგვპირდა, მოეცა ხსენებულ სახლში ბინა. რემონტი დასასრულს უახლოვდებოდა და ჩვენს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. სწორედ იმ დროს მოხდა თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის გატაცების მცდელობა. ამ დროისათვის ტელევიზია ჩემზე ფილმს იღებდა და ტელევიზიის ხელმძღვანელობამ მისი იმ დროს გაშვება მოინდომა, როდესაც თვითმფრინავის გამტაცებელთა სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. ეს რომ შევიტყვე, მივედი, ვიჩხუბე და, რომ არაფერი გამივიდა, ავდექი და სამონტაჟოში შევედი გადამღებ ჯგუფთან ერთად და წავშალე ეს ფილმი. ფილმი არ გავიდა და ის ბინაც დავკარგეთ. ბოდიში მოვუხადე დედაჩემს და ჩემს მეუღლეს, ვუთხარი, რომ სხვაგვარად არ შემეძლო და შევპირდი, რომ უკეთეს ბინაში გადავიყვანდი. ბევრი ვიწვალე, ჭაღარაც მაშინ შემომერია. ორი წლის თავზე ისევ მთავრობის მხარდაჭერით შემოგვთავაზეს ეს ძველი სახლი. აქ, ამ კომუნალურ სახლში ცხოვრობდა ექვსი ოჯახი, რომლებიც ბინის აღრიცხვაზე იდგნენ და ერთმანეთში გაუთავებელი დავა ჰქონდათ. ერთ ოჯახს ჩემი სამოთახიანი ბინა გადაეცა. ორი ბინაც მქონდა ქალაქის საბჭოში ჩაბარებული და დანარჩენი სამი მეზობელი იმ ფართით დააკმაყოფილეს. თითოეულის ოჯახში მომიწია ახალსახლობაზე თამადობა. დარჩა ორი მეზობელი, რომელთან ერთადაც ვიცხოვრეთ დიდხანს. ბოლოს ერთ-ერთმა ანდერძით დამიტოვა თავისი ბინა, მეორისგან კი ორი ოთახი ჩემმა შვილმა, გიორგიმ, ჩემს დაბადების დღეზე შეიძინა და მაჩუქა. ამჟამად, როგორც ხედავთ, მარტო ჩვენი ოჯახი ვცხოვრობთ. დასანანია, რომ ჩემი მეუღლე ამას ვერ მოესწრო. ასეთია ჩვენი სახლის ისტორია, რომელიც გარედან მტერს უვსებს თვალს, შიგნიდან კი – მოყვარეს. როგორ გავარემონტებთ, არ ვიცით.