როგორ აწყობდა „ლინკოლნ ცენტრში“, „ბერკლიში“ და სხვა ცნობილ დარბაზებში აფეთქებებს „ბასიანი“ და რატომ დაფრინავდნენ მათი „ჩაკრულოს“ მოსმენით ადამიანები კოსმოსში
საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი „ბასიანი“, რომელიც 2000 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩამოყალიბდა, სულ ახლახან‚ ერთთვიანი გასტროლით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. „ბასიანმა“ ამერიკის ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, ამერიკელი მსმენელი თავიდან ბოლომდე აღაფრთოვანა და მათზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ალბათ‚ ამაში გასაკვირიც არაფერია, რადგან „ბასიანის“ ბიჭების შესრულებულმა ქართულმა ხალხურმა სიმღერებმა, საგალობლებმა არ შეიძლება‚ ვინმე გულგრილი დატოვოს.
ზურა წკრიალაშვილი: უკვე მეთორმეტე წელია‚ რაც ვარსებობთ და ვეწევით აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ხალხური სიმღერის, გალობის ჟანრში და აღვადგენთ ძველ სიმღერებს, როგორც ჩანაწერებიდან, ასევე ექსპედიციების საშუალებით. სვანეთში არიან ფილფანები და როცა ჩავდივართ, იქ ვიწერთ რაღაცეებს. სამეგრელოში არის პოლიკარპე ხუბულავა, რაჭაში – როსტომ გოგოლაძე. ამ ადამიანებს პირდაპირ ძველი თაობიდან, ზეპირი გადმოცემით აქვთ ცოდნა მიღებული. დაახლოებით 2 წლის წინ სვანეთში ვიყავით სიმპოზიუმზე, უცხოელებიც გვახლდნენ. იცით‚ როგორი ცნობილია სვანური ზარი, რომელიც მიცვალებულთან დაკავშირებულ ყოფაში სრულდება?! იმ სოფელში‚ სადაც ვიყავით, მოხუცი კაცი იყო გარდაცვლილი, სხვადასხვა სოფლიდან ჩამოვიდნენ ზარის შემსრულებლები. ჩვენ ბევრიც რომ გვევლო და გვებრძოლა, ამდენ ზარს ერთად ვერ მოვისმენდით და ჩავწერდით. 5-6 და უფრო მეტი ზარი ჩავიწერეთ. უშგულური ზარიც მოვისმინეთ, რომელიც ორგუნდოვანია, უნიკალური შემთხვევაა.
– ბოლო პერიოდში ხშირად დადიხართ უცხოეთში გასტროლებით, სულ ახლახან კი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდით...
– გვიწევს, რადგან‚ ასე თუ ისე‚ უკვე გაგვიცნეს ევროპაში. საფრანგეთში რომ ჩავდივართ‚ საკონცერტო დარბაზები ხალხით არის გადავსებული, რადგან უკვე გვიცნობენ. ცოტა ხნის წინ ჩამოვედით ამერიკიდან, სადაც ერთი თვით ვიმყოფებოდით. სხვადასხვა შტატში გვქონდა კონცერტები: კალიფორნიიდან დაწყებული – ფლორიდით დამთავრებული. ხალხი ძალიან თბილად შეგვხვდა, რადგან იქაური მსმენელისთვის, მაყურებლისთვის ქართული მუსიკა უცხოა, მაგრამ საინტერესო. ზოგმა იცის‚ რისთვის მოდის, ზოგმა არც იცის, უბრალოდ, საკონცერტო დარბაზების აბონემენტი აქვთ და მოდიან. მერე ხვდებიან სად მოვიდნენ – რომ ჩვენი მუსიკა სრულიად განსხვავებული, ყურისთვის უცხო ჰარმონიაა, თან‚ ასეთ დონეზეა აყვანილი. ხვდებიან: სულ სხვა რაღაც ნახეს და კიდევ უფრო მეტად მოსწონთ. არ მალავდნენ ემოციებს როგორც კონცერტზე, ასევე პირად ურთიერთობებში. მათთვის კონცერტზე ტაშის დაკვრა და ფეხების ბაკუნი ხომ ძალიან მიღებულია. თუ ძალიან მოსწონთ – ფეხზე დგებიან, ფეხებს აბაკუნებენ. არ გვიშვებდნენ სცენიდან, ორჯერ გვიწევდა უკან დაბრუნება.
– თქვენი რეპერტუარიც განსაკუთრებულია.
– საკმაოდ რთული რეპერტუარი შევიმუშავეთ. ამისთვის ხელშემწყობი პირობებიც გვაქვს, რადგან გვყავს ისეთი შემსრულებლები და მომღერლები, რომელთაც შეუძლიათ, შეასრულონ როგორც ქართლ-კახური‚ ასევე გურული სიმღერაც უმაღლეს დონეზე. ორი საუკეთესო „კრიმანჭული“ გვყავს. ფოლკლორის ყველა ნიმუში ჩემთვის, როგორც მომღერლისა და ამ საქმის მცოდნისთვის‚ ძალიან კარგია. მაგრამ, მსმენელისთვის, უცხო ყურისთვის ვარჩევთ გამორჩეულ სიმღერებს, რომლებიც შედევრულ დონეზეა გაკეთებული: „ჩელა“, „ხასანბეგურა“, „ჩაკრულო“ – ამათ გარეშე კონცერტი წარმოუდგენელია, ამათ გარეშე ხალხური სიმღერის სათანადო სიმაღლეს ვერ აჩვენებ. ასევე, ვარჩევთ ისეთ საგალობლებს, რომლებიც უფრო მაღალგანვითარებულია, ანუ ვცდილობთ, კონცერტში, რომელიც საათზე ცოტა მეტხანს გრძელდება‚ მთელი საქართველო ჩავატიოთ. ძალიან მოსწონთ საგალობლები, „ჩელა“ და „ხასანბეგურა“... „ჩაკრულოსთან“ ერთად ხომ ემოციებისგან კოსმოსში მიქრიან. ანუ, თავიდან ცოტა წყნარად ვიწყებთ და ბოლოს უკვე აფეთქება ხდება. „ბისზე“ ბოლო დროს ქალაქურ სიმღერას ვმღერით დები იშხნელების რეპერტუარიდან. ძალიან ლამაზი და ნაზია, ნებისმიერ ყურს სიამოვნებს.
– ამერიკის ძალიან ცნობილ მუსიკალურ ცენტრებში ჩაატარეთ კონცერტები.
– ყველაზე მნიშვნელოვანს ვახსენებ – ეს არის „ლინკოლნ ცენტრი“, სადაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვიმღერეთ და ამის შემდეგ დაიგეგმა ეს ტური. ასეთ ადგილებში მოდის ნამდვილი მსმენელი, ნამდვილი მუსიკოსები, რომლებმაც ყველაფერი იციან და შესაბამისად‚ ცოტათი ჩასაფრებულებიც არიან. ისინი ფულს იხდიან ბილეთში, თან ასეთ ადგილებში არცთუ ისე იაფი ღირს. ამიტომ, არაფერს გაპატიებენ. ჩვენც უკან დასახევი გზა არ გვაქვს, თან‚ ასეთ დროს მხოლოდ საკუთარ თავს კი არ წარმოვადგენთ, არამედ ჩვენს ქვეყანას. კალიფორნიაში, „ბერკლიში“ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტი გვქონდა. წინასწარ გაგვაფრთხილეს, რომ ეს „ლინკოლნ ცენტრზე“ არანაკლებიაო. თუმცა, ჩვენ ყველა კონცერტს ერთნაირი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ზოგადად ძალიან კმაყოფილები ვართ და არა მხოლოდ ჩვენ, მსმენელიც და უკვე საუბარია იმაზე, რომ კიდევ ჩავიდეთ სხვადასხვა შტატში. ბევრი ითხოვს: მხოლოდ ჩვენთან ჩამოდით ამდენი ხნითო.
– როგორც გავიგე, ლიზა ფიშერი აღფრთოვანებულა თქვენი ნამღერით და „ბასიანის“ ყველა ბიჭზე დაქორწინების სურვილიც კი გამოუთქვამს.
– იყო ასეთი მომენტიც. როდესაც ლიზა ფიშერმა სტინგთან ერთად გამართა კონცერტი, მას ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი შეხვდა. ისაუბრეს და ჩვენი დისკიც გადასცა. როდესაც ამერიკაში ჩავედით‚ გვითხრეს, რომ ამ ადამიანს თურმე ძალიან უნდოდა ჩვენი მოსმენა. მაგრამ, საღამოს კონცერტზე ვერ ახერხებდა დასწრებას, სამაგიეროდ‚ „ლინკოლ ცენტრში“ რეპეტიციაზე მოვიდა. მისთვის შევასრულეთ რამდენიმე სიმღერა. აღფრთოვანებული იყო, გაღიმებული გვიყურებდა, ვერ ფარავდა ემოციებს. საერთოდ‚ ამერიკელები ღიად გამოხატავენ ემოციებს, ყველას გვეხუტებოდა, ძალიან ბედნიერი იყო. განსაკუთრებულად, ხაზი ანსამბლის გუნდურობას გაუსვა – როგორი შეკრულია ერთი ადამიანივითო. როგორი მრავალფეროვანი რეპერტუარი და მელოდიები გაქვთო. მაღალი დონის მუსიკოსია და სწორად შეაფასა ყველაფერი. „ლინკოლნ ცენტრში“ მთელი დირექტორატი გვესწრებოდა, შემდეგ მათთან ინტერვიუებიც კი ჩავწერეთ, სადაც ღიად გამოხატავდნენ თავიანთ ემოციებს. როგორც წესი‚ ასეთი ხალხი ინტერვიუებზე არ თანხმდებიან, მაგრამ ჩვენ დაგვთანხმდნენ და ტელევიზიაც მიგვაყვანინეს.
– ამერიკული პრესა, „ნიუ-იორკ თაიმსი“ და სხვა ცნობილი გაზეთები საოცარი ემოციებით წერენ თქვენი კონცერტების შესახებ.
– ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ ასეთი რამ დაიწერა: როდესაც კონცერტზე მიდიხარ, იცი‚ რას მოუსმენ, როგორი ემოცია უნდა გამოხატო. მაგრამ‚ როცა „ბასიანის“კონცერტზე მივედით, იქ ემოციის შეკავება შეუძლებელი იყო. გვინდოდა, არასდროს დამთავრებულიყო კონცერტი – გაგრძელებულიყო და გაგრძელებულიყო.