რომელი ფერის ტანსაცმელი უსვამს ხაზს თქვენს ინტელექტუალობას, სითამამესა და სექსუალურობას
პლანეტების კოსმობიოლოგიური ვიბრაციები უშუალო ზემოქმედებას ახდენს ადამიანებზე, კერძოდ კი მათ ფსიქიკაზე, ემოციების ცვალებადობაზე, რაც, საბოლოოდ, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში შესაბამისი საქციელით ვლინდება. ყოველ პლანეტას თავისი ფერი აქვს, ამიტომ, ყოველი ფერი შესაბამისი პლანეტისთვის დამახასიათებელი ენერგოინფორმაციული ველის მატარებელია.
ყვითელი – მზის ფერია. ამ ფერის ჩაცმულობაში შეტანა ითხოვს თქვენგან ყურადღების ცენტრში მოქცევას; თქვენი ინტელექტისა და გონებამახვილობის გამორჩევას; ენერგიის, სითბოს, კეთილშობილების გამოვლენას. თუ ეს ფერი გადამეტებულია, ესე იგი, თქვენში თვითგამოვლინების გადამეტებული სურვილებია განვითარებული.
თეთრი ფერი უკავშირდება მთვარეს, რომელიც წარმოადგენს სისპეტაკის, მგრძნობიარობის, სისუფთავის სიმბოლოს. ამავე ფერით აღინიშნება ადამიანის დამოუკიდებლობა და განცალკევება, ამიტომ, ამ ფერით ლიდერული თვისებების გამოვლენას საზოგადოება არაადეკვატურად აღიქვამს. თუ არ გაქვთ სხვისი პრობლემების მოსმენისა ან საკუთარი თავის სხვებისთვის გახსნის სურვილი, მაშინ ეს ფერი სავსებით მისაღებია.
წითელი – პლანეტა მარსის ფერია, რომელიც აძლიერებს აგრესიულობას, შემტევ ხასიათს, ლიდერულ თვისებებს, სექსუალურობას, აქტიურად, ენერგიულად მოქმედების უნარს. მეტად იზიდავს საპირისპირო სქესის პარტნიორებს; ხართ გამორჩეული მასისგან; თქვენგან ელოდებიან მებრძოლ სულისკვეთებას. თუ აღარ მოგწონთ ამ ფერის ტანსაცმელი, ესე იგი, ემოციურად გადაღლილი ხართ და სიმშვიდე და დასვენება გჭირდებათ.
მწვანე ფერი შეიცავს სიყვარულის პლანეტა ვენერას ენერგიებს. ეს არის სულიერი ჰარმონიის, წონასწორობის, სტაბილურობის, პრაქტიკულობის, დიპლომატიურობის ფერი. კარგია საქმიანი და ყველა სხვა სახის მოლაპარაკებებისა და კონტრაქტებისათვის. გაითვალისწინეთ, რომ ამ ფერით ემოციათა სიუხვეს თავად ვერ მიაღწევთ, შეიძლება, თქვენით სხვები უფრო დატკბნენ. თუ თქვენ ძირითადად მწვანე ფერს იცვამთ, ეს, შესაძლებელია, იყოს შემცირებული თვითშეფასების ნიშანი. ნუ თრგუნავთ თქვენს გრძნობებსა და სურვილებს.
ნარინჯისფერი – პლანეტა მერკურის ფერია. ამახვილებს ინიციატივას, თავისუფლებას, გონებამახვილობას, ენთუზიაზმს, ოპტიმიზმს, კომუნიკაბელურობას. კარგია გართობისთვის, სწავლისთვის, სპორტული თამაშებისა და ახალი ნაცნობობისთვის. ის გათავისუფლებთ ზედმეტი კომპლექსებისა და შიშებისგან, ხელს უწყობს ძალების აღდგენას.
ლურჯი – პლანეტა იუპიტერის ფერია. ხელს უწყობს პიროვნულ და სოციალურ განვითარებას. ის უხდება სერიოზულ, ძალაუფლებით დაჯილდოებულ, მოწესრიგებულ ადამიანებს. ავითარებს დისციპლინას, საქმიან შესაძლებლობებს. ამიტომ, ამ ფერით პაემანზე წასვლა არ არის რეკომენდებული, ის უფრო საქმიანი ურთიერთობებისთვისაა კარგი. ლურჯი ვერცხლისფერთან ერთად ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამსუბუქებს სტრესს.
იისფერი – პლანეტა ურანის ენერგიის მატარებელია. ფილოსოფოსებისა და პოეტების, ასტროლოგებისა და ასტრონომების, მკვლევრების ფერია. ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას, საკუთარ თავში ჩაღრმავებას, კოსმიურ კანონებში ჩახედვას, სიახლეებს, პრობლემების ორიგინალურად გადაწყვეტას, არასტანდარტულ მოქმედებას. თუ აღარ მოგწონთ იისფერი, ესე იგი, თქვენში ძლიერდება შიში პირადი დამოუკიდებლობის დაკარგვისა.
ცისფერი – პლანეტა ნეპტუნის ფერია. აადვილებს ცხოვრებისეულ დინებაში ცურვას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მოღვაწეობას, ფანტაზიას, კოლექტიურ შემოქმედებას, ილუზიას. კარგია ხელოვანი ადამიანებისთვის. თუ თქვენს ჩაცმულობაში ეს ფერი ძირითადია, ესე იგი, თქვენ ვერ იტანთ მარტოობას.
ნაცრისფერი – პლანეტა სატურნისა და შინაგანი ბარიერის ფერია. კარგია, თუ გინდათ სერიოზული და საქმიანი ადამიანის იმიჯის შექმნა; ამ ფერს არ უყვარს ჭკუამხიარული და ინტრიგანი ადამიანები. ნაცრისფერ სამოსში სანდო პარტნიორის შთაბეჭდილებას ტოვებთ. ის ხელს შეგიწყობთ, დაამყაროთ იდეალური ურთიერთობები, როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში.
შავი – პლანეტა პლუტონის ფერია, რითაც ადამიანები ხაზს უსვამენ საკუთარ ინდივიდუალურობას, განსაკუთრებულობასა და სხვებისგან განსხვავებას. ამ ფერით თქვენ თავს იცავთ, ის ხელს უწყობს მასისგან განცალკევების პროცესს, ამიტომ, კარგია საზოგადოებაში გამოსვლის დროს, დღესასწაულებისთვის. შავი ფერი აძლიერებს თქვენს იდუმალებასა და მაგიურობას. მართალია, კომუნიკაბელურ ადამიანს გაუჭირდება ამ ფერთან „ურთიერთობა“, მაგრამ, მნიშვნელოვან საქმეში ან საპასუხისმგებლო პერიოდში ის ხელს შეუწყობს თქვენი შინაგანი პრობლემების დამალვას. სიყვარული შავისადმი ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ძალიან აფასებს წესრიგს როგორც საქმეებში, ასევე ურთიერთობებში.