რატომ მოუწია რეიჩელ ფერელს მარიკო ებრალიძის დამშვიდება და როგორ შედგა მისი და დი დის იმპროვიზებული მუსიკალური დუეტი
ის ყოველთვის მხიარული, ენერგიული, ხალისიანი და რაც მთავარია‚ ძალიან კარგი მომღერალია. მისი ნამღერის მოსმენისას, ყოველთვის საოცარი ემოცია მოდის. როგორც მარიკო ებრალიძე ამბობს, მის ცხოვრებაში ბევრი რამ მოულოდნელად ხდება, განსაკუთრებით – ჯაზ- ფესტივალზე, როდესაც ის მისთვის საყვარელ მომღერლებთან ერთად სცენაზე პატარა დუეტებსაც იმპროვიზებულად ასრულებს.
მარიკო ებრალიძე: ჯაზ-ფესტივალი იყო, თესეუ-არტი, მთელი დღესასწაულები და საკმაოდ დატვირთული პერიოდი მქონდა. გარდა ამისა‚ უკვე დავიწყეთ საახალწლო სამზადისი, პატარ-პატარა კონცერტებია, დახურული, ღია ივენთები, პრეზენტაციები და მოკლედ‚ საქმე მაქვს. ახლახან მქონდა ძალიან ლამაზი საღამო, რომელიც 20-30-იანი წლების რეტრო-სტილს მიეძღვნა თავისი დრეს-კოდით, სასწაული აუდიტორია მყავდა. საღამოს ბოლოს გამოვაცხადე: მე დიდი ხანია‚ ასე კარგად არ მიმღერია-მეთქი. საერთოდ‚ ჩემი ხასიათი, სიმღერა იმ აუდიტორიაზეა დამოკიდებული, რომელიც მსმენელად მყავს. ჯერჯერობით კიდევ ვარ მათზე დამოკიდებული. ეს კიდევ სულ სხვა პროფესიონალიზმია – ჯერ ისინი მიმორჩილებენ. მე რომ დავიმორჩილო‚ იქამდე კიდევ ბევრი მიკლია. ჯერჯერობით მათ ხასიათზე, აპლოდისმენტებზე, თვალებზე ვარ დამოკიდებული და მათგან დიდი ემოციები რომ მოდის, მეც უფრო მოტივირებული ვარ. განწყობაც 100-პროცენტიანი მაქვს, მთლიანად ვდებ ჩემს მუხტს. ალბათ‚ მივაღწევ და დადგება დრო, როცა მე დავიმორჩილებ აუდიტორიას.
– ვფიქრობ, რომ შენ ამას კარგად ახერხებ.
– „მარჯანოვში“ ერთი საღამო ძალიან ცუდად მახსოვს. სახლში მოვედი და ვგრძნობ, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, არადა მშვენიერი საღამო იყო, კარგი კონცერტი, მე კი ცრემლებამდე ვიყავი მისული. ვერ ვხვდებოდი‚ რა მჭირდა. მერე მივხვდი, რომ ბოლომდე ვერ დავდე ემოცია, არ დავიხარჯე, მარტო‚ ჩემთვის ვიყავი და მაყურებელთან ბოლომდე არ გავედი კონტაქტზე – ამან გამოიწვია ჩემი ხასიათის დაკოჭლება, ცუდ ხასიათზე ყოფნა. ამიტომ, აუცილებლად უნდა გაახილო თვალები და ღია აურით ეკონტაქტო აუდიტორიას. სხვათა შორის‚ სანამ სცენას მივეჩვეოდი, სულ ვამბობდი: ოღონდ არავინ დამანახვოთ პარტერში, ჩააბნელეთ, ფარდა ჩამოაფარეთ და ასე ვიმღერებ-მეთქი. საშინელი „მანდრაჟი“ მქონდა, სცენაზე ნერვიულობისგან ხარ წყლით სავსე ბოთლი გამყოლია და ხან ცხვირსახოცი, ხან ვიღაცის ქურთუკით გავსულვარ – თვალებს ვხუჭავდი და ისე ვმღეროდი, საკუთარი დედის დანახვაც არ მინდოდა. გამოცდილებამ ყველაფერი შეცვალა, ახლა‚ პირიქით‚ აუდიტორიისა და მათი მუხტის მოთხოვნილება გაძლიერებულად მაქვს.
– „ვარსკვლავების აკადემიაში“ დადექი პირველად დიდი აუდიტორიის წინაშე?
– მანამდე ვსწავლობდი, ვმღეროდი, მაგრამ მთელი საქართველო რომ გიყურებს, კვირაში ერთხელ პირდაპირი ეთერი, დიდი ყურადღება, კომფორტი – ეს ჩემთვის პირველი იყო. მაგრამ, ანი სუბელიანი, რომელიც პირველად იდგა სცენაზე‚ ყველას გვჯობნიდა. არ აინტერესებდა: კარგად ეცვა, ცუდად ეცვა, ვინ იჯდა, როგორ მღეროდა, გამოვიდოდა და მღეროდა, საქმესაც ძალიან კარგად აკეთებდა. მე კიდევ სულ წყალი მწყუროდა, ზედმეტად ვნერვიულობდი, განცდებში ვიყავი. თავისთავად, გარკვეული ღელვა ყოველთვის არის, მაგრამ ერთი მხრივ, ეს ემოცია რაღაცეებში მეხმარება, უფრო მობილიზებული გავდივარ სცენაზე. ღელვაც უნდა გაანაწილო, რომ არაფერი შეგეშალოს – თუნდაც სცენაზე ფეხის წვერის დადგმა. ახლა რომ გავდივარ სცენაზე, მაშინვე ხალხს ვეძებ. რუსთაველის თეატრში სასპექტაკლო განათება აქვთ და მაყურებელი არ ჩანს, დიდი რამპა განათებს თავზე. ერთხელ კინაღამ თავბრუ დამეხვა, ბრუცუნით წავედ-წამოვედი, მიკროფონის დასადგამს მოვეჭიდე, რადგან‚ თვალები რომ გავახილე‚ სრული სიბნელე იყო. ვმღერი და თან ვფიქრობ – რა სიბნელეა, ეს გარკვეულწილად, დისკომფორტია. სიბნელეს ელაპარაკები, რადგან არავინ ჩანს.
– ზოგადად, ძალიან ემოციური ხარ და ეს ჩვეულებრივ საუბარშიც იგრძნობა. თუ ახერხებ შენი ემოციების გაკონტროლებას?
– როგორც სცენაზე ვარ იმპროვიზატორი, ერთსა და იმავე სიმღერას ერთნაირად არ ვასრულებ, ცხოვრებაშიც ასეთი ვარ. ერთნაირი სიტუაცია რამდენჯერმე რომ გადამხდეს თავს, შეიძლება‚ ცხოვრების ერთ ეტაპზე სხვანაირად მოვიქცე, მეორეზე – სხვანაირად. შეიძლება, ერთხელ დიდი ემოცია მქონდა, მაგრამ იგივე რომ მეორედ გადამხდეს, საერთოდ არ მქონდეს ემოცია. ანუ‚ ეს დამოკიდებულია იმაზე თუ იმ დროს როგორ ვარ – ფაქტის წინაშე როგორ მდგომარეობაში წარვდგები. ხშირად‚ კრიტიკულ მომენტში როცა უნდა გავგიჟდე, ენა მივარდება. მერე ვბრაზობ: რაღაც ხომ უნდა გეთქვა, პასუხი, ხომ უნდა გაგეცა. მწარე-მწარე პასუხები რომ იციან, მე ეს არ შემიძლია.
– ჯაზ-ფესტივალზეც მინდა გკითხო, რომელიც არა მხოლოდ მუსიკოსებისა და მომღერლებისთვის, არამედ ჯაზის მოყვარულთათვის მართლაც დიდი დღესასწაულია. შენ ჯაზ-ფესტივალებზე ყოველთვის სასიამოვნო ამბებში ეხვევი ხოლმე.
– არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მათთვის, რომლებიც‚ უბრალოდ‚ მელომანები, ან გემოვნებიანი მუსიკის მოყვარულები არიან, ეს იყო ნამდვილი დღესასწაული. ამისთვის ყოველთვის, ყველგან მადლობას ვუხდი „ისთერნ პრომოუშენს“, რომელიც წელიწადში ორჯერ რამდენიმე უმაგრეს დღეს გვიწყობს. ეს ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის‚ უდიდესი ფუფუნება, საჩუქარია, რადგან შეგიძლია მოუსმინო მსოფლიო კორიფეებს, შეხვდე მათ, ხელით შეეხო. პატარა ცრურწმენები მაქვს, იმ სცენაზე, სადაც უნდა ჩატარდეს კონცერტი, ან უკვე ჩატარდა, მინდა, ავიდე და 2 წუთი დავყო იქ, რომ მუხტი ავიღო. ეს ჩემთვის დიდი ძალაა და მგონია, იქ დაგროვილი უდიდესი წნევა, ძალა, ენერგია, გამოცდილება მე გადმომეცემა. რადგან რწმენით ავდივარ, ასეც ხდება. მახსოვს‚ შარშან რეიჩელ ფერერი იყო ჩამოსული ჯემ-სეიშენზე, სცენაზე რომ ავიდა, მეც მაშინვე იქითკენ გავვარდი, სადაც ის იქნება სცენაზე, მეც იქ უნდა დავჯდე-მეთქი. უცებ მოტრიალდა და დღემდე არ ვიცი, რატომ ამომირჩია იმდენ ხალხში – შენ მოდიო. მე ვითომ ვერ ვხედავდი, მე არ მეძახის-მეთქი. ბიბი კვაჭაძემ ხელი მკრა – გადი გოგო, შენ გეძახისო, ხელით ამაგდო. ჩვენ შორის პატარა მუსიკალური დიალოგი განვითარდა. მეორე დღეს „მარჯანოვში“ მქონდა გამოსვლა და მივხვდი, სულ სხვანაირად ვმღეროდი, სხვანაირი ხმა ამომდიოდა. წარმოიდგინე, მათთან ერთი წელი, რომ დავყო, რა მომივა? სულ წუთ-ნახევარი იყო – იმღერა, მერე მეც ავყევი და ამ ყველაფერმა ამხელა ზეგავლენა მოახდინა. ისე ემოციურად ავედი სცენაზე, რეიჩელი ჯერ გაკვირვებული მიყურებდა – ეს გოგო გიჟიაო, რადგან ზედმეტად ემოციური ვიყავი. გიჟის თვალებით მიყურებდა და თან მეუბნებოდა: დაწყნარდი, დაწყნარდი, ისუნთქე, ისენთქეო – ისტერიკა დამემართა. ხელი გადამხვია, მე მხარზე ვკოცნოდი, რა სიმღერა, როგორ შეიძლებოდა, მის გვერდით ხმა ამომეღო. ბოლოს კინაღამ ქართულად ვათქმევინე – იმღერე‚ გოგოო. კი მითხრეს, კარგი იყოო, მაგრამ მე არც მახსოვს. თუმცა, რეიჩელი მეუბნებოდა: კარგია, კარგიო. რაც შეეხება დი დის, მას ყოველთვის გამოვარჩევდი ვოკალისტებისგან. ელას, ძველ პლეადას, კლასიკას აღარ გავიხსენებ. მათ შემდეგ დი დიმ და კიდევ სხვებმა შექმნეს ახალი ეპოქა – კლასიკისა და თანამედროვე მუსკის შერწყმით, რამაც ძალიან ლამაზი სინთეზი მოიტანა. ის, რომ დი დი შავკანიანია, რიტმული, მელოდიური, ძლიერი ხმა ისედაც მოჰყვება, ამაზე არაფერს ვამბობ, მაგრამ გარდა ამისა მას კიდევ სხვა ძარღვი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ 62 წლის არის, საოცარ ვოკალურ ფორმაშია. წელს, რომ ვუსმენდი, იცი‚ რა შევატყვე – დღემდე მუშაობს საკუთარ თავზე, აბსოლუტურ ფორმაშია. ისე მღერის ამ ასაკში, რომ პირიქით‚ გრძნობ როგორ დგამს ახალ-ახალ და ჩვენთვის გასაოცარ ნაბიჯებს. მასთან სიმღერა, ეს იყო სრული იმპროვიზაცია, დამთხვევა. საუნჩეკზე რომ მივედი, „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა მითხრა: შენგან ინტერვიუს ავიღებო. მკითხა: ხომ არ აპირებ დი დიდისთან სიმღერასო. გავიოცე – რას ამბობ, ხომ არ დამცინი, მოვედი‚ საუნჩეკს მაინც რომ დავესწრო და დი დისთან ფოტოს თუ გადავიღებ, მადლობას ვეტყვი ყველას, კონცერტზეც ვერ მოვდივარ-მეთქი. მოკლედ‚ ამოვიდა დი დი სცენაზე, მეც ავიპარე, ვიფიქრე‚ მოვუსმენ-მეთქი. საუნჩეკი რომ დაამთავრა, მივედი ფოტოს გადასაღებად. ამ დროს კახა კანდელაკი გამოვიდა, ჟურნალისტებიც მოგროვდნენ და დი დისთან ერთად აღმოვჩნდი კადრში. თან‚ მანამდე მოწიწებით შევხვდი, მიხვდა, რომ მისთვის უცხო არ ვიყავი, მის გამო ვიყავი მისული. ხელი ჩამკიდა. კახა ესაუბრებოდა და დი დი ხელს არ მიშვებდა, მერე კახამ უთხრა: თუ შეიძლება, ჟურნალისტებს ინტერვიუ მიეციო, კი ბატონოო და მეც მიმიწია ახლოს. მოკლედ‚ ხელი აქვს ჩაჭიდებული და თან ლაპარაკობს. მანამდე კახამ უთხრა: ჩვენი მომღერალიაო, მაგრამ თითქოს ყურადღება არ მიუქცევია. ჟურნალისტებთან საუბრისას, უცებ მომიტრიალდა და მითხრა: მიდი, წაიმღერეო. მე ახლა მქონდა უფლება მეთქვა: მრცხვენია, ახლა არა... ან სნაიპერის დახმარებით უნდა მოვეკალი ვინმეს. ასე შემთხვევით, დაუგეგმავად, კამერების წინ ვიმღერე იმპროვიზებულად დი დისთან ერთად. მე მალე მოვჭერი, თვითონ გააგრძელა, მერე მე გავუსვინგე და გაგიჟდა. ძალიან კარგი დუეტი შედგა. იმედი მაქვს, ამას შემდეგში მასშტაბური სახე მიეცემა, ყოველ შემთხვევაში‚ ძალიან მინდა.