როგორ გახდა სოფელ ჭორვილაში, შეჭირვებაში გაზრდილი – ნუგზარ-ვალერიანო გამგებელი მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი და რა აკავშირებს მას ბიძინა ივანიშვილთან
ცნობილია, რომ დიდ ქალაქს განსაკუთრებულად უყვარს ნიჭიერი პროვინციელები... ამის ერთ-ერთი მაგალითია მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერალი – ნუგზარ-ვალერიანო გამგებელი... ის სოფელ ჭორვილაში გაიზარდა, დღეს კი ესპანეთში ცხოვრობს. ნუგზარ-ვალერიანო გამგებელი ინტერვიუზე სიამოვნებით დაგვთანხმდა – თავის ბავშვობასა და იმაზე, თუ რა პირობებში აშენებდა თავის კარიერას (რომლის ისტორიაც უცხოელ კოლეგებს ცრემლებს ჰგვრის), გულახდილად გვესაუბრა...
ნუგზარ-ვალერიანო გამგებელი: თბილისის საოპერო სცენაზე უმძიმეს წლებში ვმოღვაწეობდი. ჩემი მართლაცდა ბედნიერი საშემსრულებლო წლები კულტურისა და ისტორიის ამ უდიდეს ტაძარში, წამყვანი სოლისტის რანგში გავატარე, რაც უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ჩემთვის. ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც უინტერესო არ იქნებოდა გაეგო, რომ ჩემი დიდ სცენებზე გამოჩენა იმ სოციალურ ძვრებსა და გადატრიალებებს დაემთხვა, რაც თითქმის 24 წლის განმავლობაში იყო და ჩვენს ბგერას მუდმივ დაბრკოლებას უქმნიდა, არამდგრად მდგომარეობაში ამყოფებდა. საქართველოში ბოლოს 2005 წლის იანვარ-თებერვალში ვიყავი, „აიდას” პრემიერაზე. სამწუხაროდ, შეუძლოდ გახლდით და ვერ ვიმღერე სათანადო დონეზე. ჩემი ბრალია, რომ ვერ გავთვალე ჩემი შესაძლებლობები ავადმყოფობის პირობებში. თუმცა, მთავარია ჯანმრთელობა და დანარჩენს, ყველაფერს ეშველება.
– საინტერესო სახელი გაქვთ – ნუგზარ-ვალერიანო...
– რაც შეეხება ჩემს მიერ არჩეულ არტისტულ სახელს, რომელიც ფსევდონიმად მიაჩნიათ, ჩემი მეორე ნამდვილი სახელია მამის მხრიდან... ვფიქრობ, ჩემს მშობლებს გარკვევით არ ჰქონიათ გადაწყვეტილი, რომ ჩემი დაბადების შემდეგ შეჩერებულიყვნენ. ჩვენი წესის მიხედვით, უმცროს შვილს ეკუთვნის მამის სახელი. ამიტომაც, ჩემს შვილს მამის სახელი დავარქვი. ასე რომ, ტრადიციას არ ვღალატობ და არტისტული სახელიც მამაჩემის დავირქვი წოდებით ბრუნვაში – კარგად ჟღერს და სახელიც ფრიად ცნობილი და გავრცელებულია ევროპაში.
– დავბრუნდეთ სათავეებთან... რა ასაკში დაიწყეთ სიმღერა?
– 3 წლიდან... ჩემს სოფელში ჭორვილაში, რომელიც საჩხერის რაიონს მიეკუთვნება, ვალერიან ალექსანდრეს ძე გამგებლის ოჯახს იცნობდნენ როგორც ამღერებულ მრავალშვილიან ოჯახს. მამა ქართული ლიტერატურის პედაგოგი, მუშა-პოეტი და ქართული ფოლკლორის მოტრფიალე, გუნდის მომღერალი გახლდათ. დედაჩემი – ვარვარა სარდიონის ასული მჭედლიშვილი-გამგებელი, უფროსი ძმა ალექსანდრე, დები – ნელი, მერი, დარეჯანი და თინათინი თითქმის ყველანი მღეროდნენ. მუსიკალური განათლება აქვთ მერის და თინათინს საგუნდო სადირიჟორო სპეციალობით. ასე რომ, ჩემი გადაწყვეტილება გავმხდარიყავი პროფესიონალური საოპერო მომღერალი, იმთავითვე სულაც არ ყოფილა საფუძველს მოკლებული. გარდა ამისა, მაქვს თანმიმდევრული საფუძვლიანი განათლება... სიმღერის სიყვარული გამიღვივა და უზარმაზარი გავლენა მოახდინა ბავშვობაში ჩემზე იტალიელი რობერტინო ლორეტის სიმღერამ. საათობით ვუსმენდი პატეფონზე მის ფირებს. ამიტომაც, როცა ვმღეროდი, სოფელში რობერტინოსაც მეძახდნენ. ჩემით ვისწავლე ფანდურზე, გიტარასა და სალამურზე დაკვრა 7 წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემმა თავის მრავალშვილიან ოჯახში, მე, მის უმცროს შვილს პიანინო მიყიდა. ეს იმ დროს, როცა სახლი თავზე გვენგრეოდა. უფრო აუცილებელი იყო ახალი სახლის მშენებლობა, რომელიც 6 შვილისთვის უაღრესად საჭირო გახლდათ... სწორედ ამ დროს მამამ მიყიდა ინსტრუმენტი და ჭორვილაში ხალხს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა მამაჩემის ეს გადაწყვეტილება. მხოლოდ ერთმა, მამაზეციერმა იცოდა იმ გეგმის შესახებ, რაც შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ნათლად გამოიკვეთა. პიანინოს ისტორიის შესახებ აქაც, ჩემს მეგობრებს ხშირად ვუამბობ და წარმოიდგინეთ, ცრემლის, აღელვების გარეშე ვერ ისმენენ ნაამბობს. აქვე მინდა, გითხრათ მამაჩემის წინათგრძნობებზე, მან ბავშვობაში ლექსი დამიწერა, რომელშიც ჩემს საოპერო სცენაზე გამობრწყინებას შენატრის. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მამაჩემმა ჭიათურის კულტურის სახლში მიმიყვანა, რომ ჩემს თანასოფლელ კომპოზიტორს, მამია ხატელიშვილს მოვესმინე და ერჩია ჩემთვის თბილისში რა განხრით გამეგრძელებინა სწავლა პირველ სამუსიკო სასწავლებელში. ისე ვღელავდი, ხელები მიკანკალებდა და ვერ შევძელი ნაწარმოების სრულფასოვნად დაკვრა. შემდეგ მამია ხატელიშვილი თვითონ დაჯდა როიალთან და მთხოვა, მემღერა. მირჩია, სწორედ სიმღერის გზით მევლო. მანვე დამიწერა წერილი ირაკლი გეჯაძესთან, რომ მოვესმინე. იმ დროს ის პირველი სასწავლებლის დირექტორი იყო. მიმიღეს სასწავლებელში მაღალი შეფასებით და ვოკალში ბატონ ნოდარ ჯაფარიძის კლასში გამამწესეს... ერთი წლის შემდეგ გამომიძახეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. იქ ორი წლის განმავლობაში ანსამბლ „მშენებლის” სოლისტი ვიყავი.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემდეგ დავუბრუნდი არაყიშვილის სახელობის პირველ სამუსიკო სასწავლებელს, სადაც ჩემდა საბედნიეროდ, დამხვდა ახალგაზრდა პედაგოგი და მომღერალი, ბატონი გოჩა ბეჟუაშვილი. მან საკონსულტაციოდ ბატონ ნოდარ ანდღულაძესთან წარმადგინა, რომელსაც შემდგომ კონსერვატორიაში სწავლის თუ თეატრში მოღვაწეობის დროს გვერდიდან არ მოვცილებივარ. ყოველთვის მითქვამს, ვამბობ და ვიტყვი იმ დიდ დამსახურებაზე, რაც ბატონ ნოდარს ამ წლების განმავლობაში ჩემთან მიმართებაში მიუძღვის. ჩვენი ურთიერთობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პედაგოგის და მოწაფის ურთიერთობით. გაცნობის დღიდან უდიდესი მეგობრობა და სიყვარული გვაქვს ერთმანეთის მიმართ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, წინასწარ მივულოცო 85 წლის საიუბილეო თარიღი, რომელიც 13 დეკემბერს შეუსრულდება. მისი საიუბილეო საღამო კონსერვატორიის დიდ დარბაზში აღინიშნება. ბოლოს კი, არ შემიძლია, ასევე უდიდესი მადლიერების გრძნობით არ მოვიხსენიო უდიდესი მსოფლიო ვარსკვლავი, ესპანელი ტენორი, ალფრედო კრაუსი. იგი 4 წლის განმავლობაში უანგაროდ მიტარებდა გაკვეთილებს და აღფრთოვანებას ვერ მალავდა – მთელი დატვირთვით მუშაობდა და თავის უნიკალურ ტექნიკას მასწავლიდა.
– იქნებ უფრო ვრცლად გაიხსენოთ თქვენი თბილისის საოპერო თეატრში მოღვაწეობა...
– ქართული მუსიკალური საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩემი დებიუტი თბილისის საოპერო თეატრში შედგა 1989 წლის 14 იანვარს, ვერდის „ბალ-მასკარადში”... იმ დროის საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ამ სპექტაკლის ტრიუმფალური მიმდინარეობა. 7 წლის განმავლობაში, სანამ თეატრში წამყვანი სოლისტი ვიყავი, შემცვლელი არ მყოლია... სპექტაკლი მიმდინარეობდა ჯანსუღ კახიძის დირიჟორობით და მიხეილ თუმანიშვილის რეჟისორობით. შემდეგ ამ სპექტაკლს მოჰყვა ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა”, „რიგოლეტო”, პუჩინის „ტოსკა”, „ჩიო-ჩიოსანი”... ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი”, ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე” და ასე შემდეგ... ასე რომ, სანამ ესპანეთში დავმკვიდრდებოდი, მქონდა უზარმაზარი რეპერტუარი უკვე ნამღერი და შესწავლილი. თბილისის საოპერო დასთან ერთად საგასტროლოდ ვიმყოფებოდი გერმანიაში, ასევე – იტალიაში.
– რატომ აირჩიეთ საცხოვრებლად და სამოღვაწეოდ ესპანეთი?
– ამას ვრცელი ისტორია აქვს. ვიდრე წასვლას და იქ დამკვიდრებას გადავწყვეტდი, ამას წინ უძღოდა 7 წლის განმავლობაში საერთაშორისო კონკურსები: „ფრანჩისკო ვინიასის”, „ხულიან გაიარეს”, „ფრანსისკო ალონსოს”, „ვინჩენცო ბელინის” სახელობისა და სხვა... ამ კონკურსებში გრანპრი და პირველი პრემიები მაქვს მიღებული. ბოლოს გავიმარჯვე ტენორების საერთაშორისო სახელობის „ტროიან გროზავესკუს” სახელობის კონკურსში რუმინეთში... ესპანეთი კი ყოველთვის მომწონდა. მისი მოსახლეობა და თავად ქვეყანაც ზედმიწევნით დადებით ემოციებს იწვევდა ჩემში. ჩამოსვლის პირველსავე დღეებში მიმიწვიეს მადრიდის თეატრში, სადაც 25 სპექტაკლში ვიმღერე. მათ შორის ბილბაოს არიაგას თეატრში 3 სპექტაკლი... ყველა ამ სპექტაკლებმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა, რის შემდეგაც მიწვეული ვიყავი კატალონიაში, კერძოდ – საბადელაში ბიზეს „კარმენის” სამღერლად, რომელიც ამ თეატრთან ერთად კატალონიის 6 ქალაქში გაიმართა. ბარსელონაში დღემდე იხსენებენ და სალაპარაკოდ აქვს ეს სპექტაკლები მუსიკალურ საზოგადოებას... შემდეგ იყო პუჩინის „ტოსკა”, ბარსელონაში ბეთჰოვენის „ფიდელიო” ლავრენს ფოსტერთან. ბარსელონის სიმფონიურ ორკესტრთან საკონცერტო შესრულებით ქალაქ ლერიდაში ჩემი სახელობის ასოციაცია მიწვეულ იქნა თეატრის იუბილეზე მასკანის „სოფლის პატიოსნებაში”. დირიჟორად მიწვეული იყო ზაზა აზმაიფარაშვილი. უნდა მოგახსენოთ, რომ უდიდესი წარმატებით ჩაიარა სპექტაკლებმა.
– გაგვაცანით თქვენი ოჯახი.
– მეუღლე – ირინა დოროშენკო-გამგებლისა, ჩემს გვარზეა და ასე მოიხსენიება საბუთებშიც. ის დაბადებული და გაზრდილია თბილისში. ამიტომ, ცხადია, ის უფრო მეტად ქალაქელია... პროფესიით ისიც მომღერალია, თითქმის ერთი წლის განსხვავებით დავამთავრეთ თბილისის კონსერვატორია. მინდა, გითხრათ ბრწყინვალე ხმა აქვს. ჩემი შვილი – ვალერიანო მალე 24 წლის გახდება. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, სწავლა მადრიდის უნივერსიტეტში გააგრძელა. გასულ წელს უნივერსიტეტი დიდი წარმატებით დაამთავრა და სწავლა განაგრძო ბიბლიის ინსტიტუტში, რომელსაც ერთ წელიწადში დაამთავრებს. ესეც სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამაშია... უკრავს ფორტეპიანოზე, გიტარაზე, კომპოზიტორობს და რაც მთავარია, კარგად მღერის... ასე რომ, ტრადიცია გრძელდება და ვითარდება.
– თქვენ სოფელ ჭორვილადან ბრძანდებით... ბავშვობაში თუ მეგობრობდით თქვენ და საქართველოს პრემიერ-მინისტრი – ბიძინა ივანიშვილი?
– უაღრესად მეამაყება, თითქმის მეზობლები რომ ვართ სოფელ ჭორვილაში. ცოტა მოშორებით ცხოვრობს ჩემი სახლიდან, თუმცა მამაჩემის სახლი ჭორვილაში სწორედ მისი სახლის გვერდით მდებარეობდა. ის სახლი მამას ომიდან დაბრუნებისას უკვე გაყიდული დახვდა, ის 1946 წელს დაბრუნდა სამამულო ომიდან და რადგან დააგვიანდა ჩამოსვლა, ეგონათ, დაიღუპა და სახლიც გაუყიდეს... ჩვენ ჭორვილის 8-წლიან სკოლაში ვსწავლობდით და ჩემი დაიკო – თინათინი სწორედ ბატონი ბიძინას თანამერხელი და მეგობარი იყო. ბატონი ბიძინა იმ დროიდან მოყოლებული თითქმის აღარ მინახავს. იმედი მაქვს, ოპერის თეატრი აღარ იქნება სარბიელი მარტო ცალკეული კლანებისა და საკუთარ ინტერესებზე დაგეგმილი პროგრამებისთვის. მეც, ალბათ, ნორმალური პირობები და საშუალება მექნება ჩემი ხელოვნება ჩემსავე ხალხს მოვახმარო. ის დიდი გამოცდილება და ცოდნა კი, რომელიც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა, ახალგაზრდა თაობას გავაცნო და ვასწავლო.