მგლები 5
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N26-47(621)
ამასობაში ეზოში ხმაური მიწყდა. წამის შემდეგ კი კარი გაიღო და რომას თანამზრახველებმა სასტუმრო ოთახში კლიმის სამი მცველი შემოიყვანეს, რომლებსაც ხელები კეფაზე ჰქონდათ შემოწყობილი. ოთახში შემოსვლისთანავე თავდამსხმელებმა იატაკზე დაწოლა უბრძანეს და პისტოლეტმომარჯვებულები დაადგნენ თავზე.
– გამყიდე, ნაბიჭვარო?! – კლიმმა გააფთრებული სახით გახედა მერკულოვს.
– მე გაფრთხილებდი, ნუ მითრევ ამ საქმეში-მეთქი!.. შენ კი არ შეისმინე და უფრო ღრმად შეტოპე!.. რისთვის დაბრიდე მალიშევი? ვერ ხვდებოდი, რომ ამას არავინ შეგარჩენდა?
ამ დროს სასადილო ოთახის მხრიდან სუსტი ხმაური გაისმა. თავდამსხმელები უმალ დაიძაბნენ.
– ვინაა იქ? – ჰკითხა კლიმს რომამ.
– შინამოსამსახურე ქალი იქნება, – მის მაგივრად უპასუხა მერკულოვმა.
რომამ ერთ-ერთ თავდამსხმელს ხელით ანიშნა – მიხედეო. მან პისტოლეტი შემართა და ფრთხილი ნაბიჯით დაიძრა სასადილო ოთახის მიმართულებით.
– არ გინდათ... – წამოიძახა კლიმმა, – ის უბრალო ქალია და საერთოდ არ იცის, რა ხდება აქ!
მაგრამ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. რომას თანამზრახველი კარს მიღმა მიიმალა. იმავე წამს გაისმა მოგუდული გასროლა, რასაც ქალის შეკივლება და იატაკზე სხეულის დაცემის ხმა მოჰყვა. შემდეგ კი თავდამსხმელი სასტუმრო ოთახში დაბრუნდა და რომას ანიშნა: ყველაფერი რიგზეაო.
– ასე როგორ გაგვწირე, ნაბოზარო?! – კლიმმა ბრაზით გააღრჭიალა კბილები. მისთვის უკვე სრულიად ნათელი იყო, რომ მერკულოვი და მისი თანამზრახველები ცოცხალს არავის დატოვებდნენ.
– საქმეზე გადავიდეთ, – მშვიდად თქვა მერკულოვმა, – სად დამარხე მალიშევი?
– იმედი გაქვს, რომ მალიშევის მძორი მოგაპოვებინებს ინდულგენციას?! – ცივად მიუგო კლიმმა.
– არა... ინდულგენციისთვის შენი გახვრეტილი შუბლიც მეყოფა... მალიშევის მძორს კი ისე, უსასყიდლოდ მივართმევ მის ჭირისუფალს!
– გული მწყდება, დროულად რომ არ მოგიღე ბოლო! – მიახალა კლიმმა, – დროზე უნდა ჩამეწვინე ორმოში!
– შენ, შეიძლება, მართლაც არ იცოდე – შენ ხომ ხელს არ გაისვრიდი... აი, თქვენ კი... – მერკულოვი იატაკზე გაწოლილ მცველებს მიუბრუნდა, – სად დამარხეთ მალიშევი?
– ტყეში, – უპასუხა ერთ-ერთმა მცველმა.
– შორსაა?
– არც ისე... აქედან ხუთასიოდე მეტრი იქნება, – უპასუხა მცველმა.
– გვაჩვენებ იმ ადგილს?
– გაჩვენებთ, – უპასუხა მცველმა.
მისი პასუხის მიღების შემდეგ მერკულოვი ოთახის შორეული კუთხისკენ წავიდა და ტიხონოვს მობილური ტელეფონით დაურეკა. ის მოუთმენლად ელოდა მის ზარს და პირველივე ზუმერის შემდეგ უპასუხა.
– ჰო... მე ვარ... როგორაა საქმე?
– ყველაფერი გაირკვა... აქვე, ტყეშია დამარხული, – უპასუხა მერკულოვმა.
– კლიმი?
– ჯერჯერობით, ვსაუბრობთ...
– დროზე მოამთავრეთ... მალიშევის სამარხი კამერაზე გადაიღე და მონიშნე. შენ აღარ მოგიწევს მანდ ჩასვლა. ისე მონიშნე, რომ ადვილად მიაგნონ, – უბრძანა ტიხონოვმა.
– გასაგებია, – უპასუხა მერკულოვმა. მერე მობილური გათიშა და ყოფილ შეფს მიუბრუნდა: – მორჩა, კლიმ, ყველაფერი დამთავრდა!
– შენი დედაც! – შეაგინა კლიმმა.
გინებას სროლა მოჰყვა. კლიმმა ფრინველის ფრთებივით აიქნია ხელები და კვნესით გადავარდა სკამიდან. მერკულოვმა სწრაფად შემოუარა მაგიდას და იატაკზე მოკრუნჩხულ სხეულს კიდევ სამი ტყვია დაახალა. კლიმმა კიდევ რამდენჯერმე გაიქნია ფეხი და უძრავად გაშეშდა. ეს რომას მცველებისთვის თავისებური ნიშანი იყო: როგორც კი კლიმმა მოძრაობა შეწყვიტა, მათაც დაუშვეს სასხლეტები და იატაკზე გაწოლილ მცველებს კეფაში დაახალეს ტყვიები. ცოცხალი მხოლოდ ის მცველი დატოვეს, რომელიც მალიშევის სამარხის ჩვენებას დაჰპირდა.
მერკულოვი მცველს მიუახლოვდა, გვერდში უხეშად წაჰკრა ფეხი და უბრძანა, ადექიო!
მცველი ისე დაეზაფრა მის თვალწინ მომხდარ მკვლელობას, რომ კიდურებს ვეღარ იმორჩილებდა. მან წამოწევა სცადა, მაგრამ, მუხლები მოეკეცა და უღონოდ ჩაემხო იატაკზე.
– ადექი, ნაბიჭვარო!.. – მერკულოვი კისერში სწვდა, მცველი ძალით წამოაყენა ფეხზე და კარისკენ უბიძგა.
მალიშევი ტყეში გამავალი ბილიკიდან ასიოდე მეტრში, ორ მოზრდილ ცაცხვს შორის აღმოჩნდა დამარხული. კლიმის მცველებს განსაკუთრებით არ შეუწუხებიათ თავი შესაფერისი ადგილის მოსაძებნად. პირველივე შემხვედრი ორმო გააღრმავეს, სხეული შიგ ჩაუშვეს და მიწა მიაყარეს, შემდეგ კი ნათხარი მიწა ახლომახლო შეგროვილი ხმელი ტოტებითა და ფოთლებით დაფარეს.
– აქაა... – მცველი შეჩერდა და ხელით მიანიშნა ფოთლების გროვაზე.
– დარწმუნებული ხარ? – გახედა მერკულოვმა.
– რა თქმა უნდა... მე თვითონ დავმარხე, – ჩავარდნილი ხმით უპასუხა მცველმა.
მერკულოვი გროვას მიუახლოვდა და ფეხით გაქექა ფოთლები. ქვემოდან ნათხარი მიწა გამოჩნდა. მერკულოვი სწრაფად შემობრუნდა, პისტოლეტი შემართა და მცველი მიზანში ამოიღო.
– არა!.. – განწირული ხმით შესძახა მან.
მერკულოვმა უმალ დაუშვა სასხლეტი. მცველი მოიკუნტა, ორი ნაბიჯი გადადგა და მალიშევის სამარხის გვერდით პირქვე დაემხო. მერკულოვმა გულგრილად შეხედა სხეულის ქვეშ სწრაფად დამდგარ სისხლის გუბეს, შემდეგ პისტოლეტი იქვე მიაგდო, მინიატურული კამერა მოიმარჯვა და სამარხი და მიმდებარე ტერიტორია საგულდაგულოდ გადაიღო.
– წავედით... – გადაღების დასასრულს რომას გადაულაპარაკა მერკულოვმა, – აქ აღარაფერი გვესაქმება.
– ეს ასე დავტოვოთ? – მცველის ცხედარზე მიანიშნა მან.
– შემკვეთმა სამარხზე ნიშნის დატოვება მოითხოვა. ამაზე უკეთესი რა ნიშანი უნდა დავტოვო? – ჩაილაპარაკა მერკულოვმა და კლიმის სახლისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა.
მერკულოვს დიდი სისწრაფით მიჰყავდა მანქანა და თან გონებაში მომავლის განსაზღვრას ცდილობდა:
„საქმე გაკეთებულია. ტიხონოვმა ის მიიღო, რაც ყველაზე ძალიან სურდა – კლიმის სამუდამო მდუმარება. ამიერიდან ის ვეღარავის ეტყოდა ვისი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა და რაც ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო, კონკრეტულად ვინ ახორციელებდა კიევში მოწყობილ თავდასხმებს. კლიმის სიკვდილს გუსმანიც კმაყოფილებით შეხვდება, – ფიქრობდა ის, – მან ხომ ხელის გაუსვრელად მოიშორა თავიდან დაუძინებელი მტერი!.. გეგეშიძე!.. ჯობდა, საერთოდ არ დამერეკა მისთვის. არიფივით მოვიქეცი. პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ მისი ხელით ვცადე კლიმის თავიდან მოშორება. მეორედ კი იმიტომ, რომ, იმ პირობის შეხსენება გადავწყვიტე, რომელიც მას არ მოუცია... თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავი, რომ მისნაირი ტიპი ჩემთან საქმეს არ დაიჭერდა. ამდენი წვალების შემდეგ, ყველაზე ჭუჭყიანი საქმის გაკეთება მაინც მე მომიწია. ჯანდაბას, რაც იყო, იყო. მთავარია, რომ ყველაფერი დამთავრდა. ტიხონოვი გეგეშიძესავით მიუკარებელი ადამიანი არ არის, ის მაინც დამიფასებს ამ წვალებას“...
უსიამოვნო ღრჭიალმა მერკულოვი ფიქრს მოსწყვიტა. გვერდით დიდი სისწრაფით ჩავლილი მანქანა მისი „მერსედესის” ფრთას გაეხახუნა, მართვა დაკარგა, მოსრიალდა და გზაზე გვერდულად გაჩერდა. მურკულოვმა უმალ დაამუხრუჭა, რომ წინ შეჩერებულ მანქანას არ დასჯახებოდა. მისი „მერსედესი” მანქანიდან დაახლოებით ორი მეტრის დაშორებით იდგა.
– ტვინს დავანთხევინებ მაგ ნაბიჭვარს! – ბრაზით წამოიძახა მერკულოვმა, ძირს გადავიდა და მანქანისკენ გაეშურა.
იმავ წამს მანქანიდან ორი მამაკაცი გადმოვიდა. მათ დანახვაზე მერკულოვი დაბნეული შედგა – ერთ-ერთი მათგანი ტიხონოვის მცველი, ვალერი იყო. მეორეს ვინაობა არ იცოდა, მაგრამ, ისიც ტიხონოვის მცველთა შორის ჰყავდა ნანახი.
– ესროლეთ! დაგვხოცავენ!.. – მთელი ხმით იყვირა მერკულოვმა და სირბილით გავარდა უკან, მაგრამ, თავის მანქანამდე მისვლა ვეღარ მოასწრო – მის ზურგს უკან ორი ავტომატი აკაკანდა და პირველივე ჯერმა მერკულოვი მოცელა. ამის შემდეგ ტიხონოვის მცველები „მერსედესზე” გადაერთნენ – მათ გულმოდგინედ დაცხრილეს მანქანა, შემდეგ ავტომატებზე მჭიდები შეცვალეს და წინ გაცვივდნენ. ვალერი მიწაზე პირქვე ჩამხობილ მერკულოვს წამოადგა თავს, ფეხით ზურგზე გადააბრუნა და სახეში ჩააცქერდა – ის უკვე მომკვდარიყო. ასევე დაღუპულები იყვნენ რომა და მისი თანამზრახველები, რომლებმაც იარაღის მომარჯვებაც კი ვერ მოასწრეს. თავის დაზღვევის მიზნით, ვალერიმ კიდევ ერთი ჯერი გადაატარა მერკულოვის სხეულს და ავტომატი „მერსედესის” წინა სავარძელზე დააგდო. მეორე მცველმა ავტომატს ასაფეთქებელი მოწყობილობა მიაყოლა. შემდეგ ორივენი მანქანაში ჩასხდნენ და იქაურობას დიდი სისწრაფით გაეცალნენ. თხუთმეტი-ოცი წამის შემდეგ აფეთქების გრიალმა მიდამო შეაზანზარა. „მერსედესი” რამდენიმე მეტრზე აფრინდა, ჰაერშივე ამოტრიალდა და კვამლსა და ცეცხლში გახვეული დაეხეთქა გზის პირას.
* * *
„დანუსია”– ასე ერქვა ნატოს მიერ აღწერილ კაფეს, რომელიც აგარაკის სიახლოვეს მდებარეობდა. სწორედ იქ მიიწვია საღამოს გასატარებლად ლუკამ ეკა. ქალი მაშინვე დააეჭვა ლუკას არჩევანმა.
– მითხარი, გულწრფელად მითხარი, რატომ აირჩიე მაინცდამაინც ეს კაფე? – თვალებში ჩააცქერდა ეკა.
– არ გინდა, ეკა, – გაეღიმა ლუკას, – ნამდვილად მაქვს იმდენი გამოცდილება, რომ შენს მზერას გავუძლო.
– მაშინ, უბრალოდ, გულწრფელად მიპასუხე, – მზერა აარიდა ეკამ.
– ნატომ მიამბო იმ კაფეს შესახებ. მითხრა, რომ იქ მშვიდი გარემოა.
– მეტი არაფერი? – ჩაეძია ეკა.
– კიდევ მითხრა, რომ საღამო ჩაგეშალათ და, ისიც მითხრა – რატომაც!.. ეს გაინტერესებდა?
– ჰო... – ჩაილაპარაკა ეკამ და ლოყაზე მოეფერა.
მეტრდოტელი დარბაზის შესასვლელში შეეგება ლუკასა და ეკას და ჰკითხა, რომელ მაგიდას აირჩევთო?
– რაც შეიძლება შორს რომ ვიყოთ მუსიკოსისგან, – უპასუხა ლუკამ.
– ჩვენთან ისედაც არასდროს იმართება ხმაურიანი საღამოები, დღეს კი ბლუზის საღამოა. ასე რომ, შეგიძლიათ მშვიდად აირჩიოთ ნებისმიერი მაგიდა, თუნდაც უშუალოდ სცენის გვერდით, – უპასუხა მეტრდოტელმა.
– მე ავირჩევ, – ჩაერია ეკა და ლუკას სცენის საპირისპირო მხარეს, დარბაზის კუთხისკენ მიანიშნა, – იქ დავსხდეთ.
კაფეს ინტერიერი შუა საუკუნეების სტილში იყო გადაწყვეტილი. მაგრამ, არსად ჩანდა იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ტლანქი, მასიური ავეჯი. პირიქით, ავეჯის ყოველი დეტალი საგულდაგულოდ იყო მოჩუქურთმებული. ჩუქურთმებში შუა საუკუნეების გრძელ კაბებში გამოწყობილი უჩვეულო ვარცხნილობიანი ქალები და აბჯარში ჩამსხდარი რაინდები ჭარბობდა. ასევე, მრავლად იყო ფარშევანგების გამოსახულებები. დარბაზის ბოლოში კი, კედელზე, ასევე მოჩუქურთმებულ ჩარჩოში ჩასმული ტილო ეკიდა. ტილოზე გამოსახული იყო ახალგაზრდა, ძალიან მიმზიდველი ქალი, რომლის წინაც ცალ მუხლზე დაჩოქილი რაინდი იდგა.
– უჩვეულო ორნამენტებია, – დარბაზის შეთვალიერების შემდეგ ეკას მიუბრუნდა ლუკა, – რა კავშირი აქვს ერთმანეთთან შუა საუკუნეების პოლონეთსა და ფარშევანგებს?
– ეს ყველაფერი კაფეს დასახელებას უკავშირდება, – უპასუხა მან.
– დანუსია... რას ნიშნავს ეს დასახელება?.. ქალის სახელია?
– უფრო სიყვარულის სევდიანი ლეგენდაა, – უპასუხა ეკამ.
– შეგიძლია, მიამბო?
– დანუსია პოლონეთის მეფის, იურან ძლიერის პირველი რაინდის – ზბიშკო ბოგდანეცელის საცოლე იყო. ისინი არიან იმ ტილოზე გამოსახულები, – საპირისპირო კედელზე მიანიშნა ეკამ, – გადმოცემის მიხედვით, ის თხუთმეტი წლისა დაინიშნა თავის რჩეულზე. ნიშნობიდან უკან მიმავალს, მის ამალას ტევტონი რაინდები დაესხნენ თავს. ტევტონებმა ამალა ამოხოცეს, დანუსია კი დაატყვევეს და მის სანაცვლოდ გამოსასყიდი მოითხოვეს.
– ნაცნობი სიტუაციაა... – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ლუკამ, – ამ ცხოვრებაში მხოლოდ თარიღები იცვლება. ვითარება კი მუდამ ერთი და იგივე!
– ალბათ... მაგრამ, ამ შემთხვევაში ტევტონებს გამოსასყიდად ოქრო არ მოუთხოვიათ, რადგან ისინი პოლონელებზე ბევრად მდიდრები იყვნენ. გამოსასყიდად მისი მამა მოითხოვეს, რომელიც სახელგანთქმული მეომარი და ტევტონების დაუძინებელი მტერი იყო. მამამისი არც კი დაფიქრებულა და ერთადერთი ქალიშვილის ტყვეობიდან გამოსახსნელად თავად ეახლა ტევტონებს მათ მთავარ ციხეში, მარიენბურგში. ის საშინლად აწამეს: მოაჭრეს მარჯვენა ხელი და დასთხარეს თვალები. მაგრამ, მისი თავდადება ამაო აღმოჩნდა – გოგონამ ვერ გადაიტანა ტყვეობა და გარდაიცვალა. შურისძიების სურვილით შეპყრობილმა მისმა საქმრომ ფიცი დადო, რომ გოგონას საფლავზე ფარშევანგის ბუმბულის ას კონას მიიტანდა...
– ფარშევანგის ბუმბულის ას კონას?! – გაუკვირდა ლუკას, – რა შუაშია ფარშევანგის ბუმბული?
– იმ პერიოდის ტევტონი რაინდები საბრძოლო მუზარადებზე ფარშევანგის ბუმბულს ატარებდნენ. ასი კონა ას მოკლულ ტევტონ რაინდს ნიშნავდა.
– და, იმ რაინდმა პირობა აღასრულა?
– აღასრულა, – უპასუხა ეკამ, – სწორედ იმ ისტორიას უკავშირდება ეს ორნამენტები.
– მართლაც სევდიანი ისტორიაა, – ჩაილაპარაკა ლუკამ და ჭიქები შამპანურით შეავსო, – მოდი, აღარ გვინდა სევდიანი ამბები, ჩვენ ხომ აქ დასასვენებლად მოვედით.
– კეთილი... არ გვინდა, – ეკამ შამპანური მოსვა და შემდეგ თქვა, – რაღაც მინდა, გკითხო.
– მკითხე.
– რამდენ ხანს დარჩები კრაკოვში?
– არ ვიცი... მინდა გიპასუხო, მაგრამ, მართლა არ ვიცი. მე რაღაცას ველოდები და როცა ის რაღაც მოხდება, უკრაინაში დავბრუნდები.
– ამ საღამოს რომ მოხდეს? – ჰკითხა ეკამ.
– არა... რაც არ უნდა მოხდეს, ამ საღამოს ერთად გავატარებთ. მეორე ვახშამს არ ჩაგიშლი.
– ლუკა... – გაუბედავად განაგრძო ეკამ, – მე თითქმის არაფერი ვიცი ნატოს დედაზე. შენ არასდროს არაფერი გითქვამს მასზე, მე კი ნატოს ვერ გავუბედე რაიმეს კითხვა. საიდან მოვიდა ის ქალი შენს ცხოვრებაში? თქვენ ისეთი განსხვავებულები ხართ...
– ხომ შევთანხმდით, რომ სევდიან ისტორიებზე არ ვილაპარაკებდით? – თქვა ლუკამ.
– მაპატიე, – ხელზე მოეფერა ეკა.
ლუკამ შამპანური მოსვა და შემდეგ ჩაილაპარაკა:
– ვანდა ჩემი „პაძელნიკი” იყო...
– ანუ, თანამზრახველი?! – გაუკვირდა ეკას.
– ჰო... თანამზრახველი, – დაუდასტურა ლუკამ.
– ხუმრობ... მაგას ვერასოდეს დავიჯერებ.
– ასე იყო. ვანდა სამი წელი ციხეშიც იჯდა. ის განსაკუთრებული სფეროს წარმომადგენელი იყო – „მწერალი”, ანუ ყალბი დოკუმენტების შემქმნელი. იმ პერიოდში მე და ჩემს ახლობლებს ასეთი დოკუმენტები გვჭირდებოდა, მაგრამ, ჩემი ახლობლები რუსები იყვნენ. ვანდა კი ახლოს არ იკარებდა მათ, რადგან, ის სამი წელიც რუსებთან ურთიერთობის გამო გაატარა ციხეში. ასე რომ, იძულებული გავხდი, მე მოვლაპარაკებოდი.
– მხოლოდ მოლაპარაკებოდი? – არაორაზროვნად ჰკითხა ეკამ.
– ნატოს დაბადებას გულისხმობ?.. მე არასდროს შევხვედრივარ ვანდასნაირ ადამიანს. ის არაბუნებრივად პრაგმატულია. მის ცხოვრებაში ადგილი არ აქვს ემოციებს, გრძნობებს. ყველა გადაწყვეტილებას საქმის საჭიროებიდან გამომდინარე, ცივი გონებით იღებს. ჩვენი ურთიერთობაც პრაგმატული გადაწყვეტილების შედეგი იყო. იმ პერიოდში ერთ საქმეს შევეჭიდეთ. რთული და სარისკო საქმე იყო. ვანდას სხვა მამაკაცთან ურთიერთობისთვის დრო არ ყოფნიდა, ამიტომაც, ერთმანეთს შეუფარდა საჭირო და სასურველი და არჩევანი ჩემზე შეაჩერა.
– ძალიან მარტივად მიხსნი.
– შეიძლება, მაგრამ, შენ ვანდას არ იცნობ.... შემდეგ მოხდა ის, რაც საერთოდ ასეთ შემთხვევებში ხდება – ვანდა დაორსულდა. იგივე პრაგმატული გადაწყვეტილებით, ნაყოფის მოშორება გადაწყვიტა. მე ამაზე ფიქრიც კი ავუკრძალე. მის დასაყოლიებლად ძაღლის მოკვლაც კი დამჭირდა...
– ძაღლის მოკვლა?! – გაოცებით შეხედა ეკამ, – რა შუაშია ძაღლი?
– ვანდას სუფთა სისხლის გერმანული ნაგაზი ჰყავდა. როდესაც მე და ვანდა შევკამათდით, ნაგაზმა შემომიტია... – ამ სიტყვებთან ერთად ლუკამ ქურთუკის სახელო ზემოთ აიწია და მაჯაზე დამჩნეული ნაიარევი აჩვენა, – მისი კბილების კვალს დღემდე ვატარებ. არ მინდოდა ამის გაკეთება, ერთგული ცხოველი იყო, პატრონს იცავდა, მაგრამ, ისიც ვიცოდი, რომ აღარ მომეშვებოდა. ამიტომ, იძულებული გავხდი, მომეკლა... შემდეგ კი ვანდას დავემუქრე, რომ, თუ ნაყოფს მოიშორებდა, მასაც მოვკლავდი. ამან გაჭრა. უფრო კი, მგონია, რომ ვანდამ ისევ პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო – საქმის ჩაშლასა და ფულის დაკარგვას ბავშვის გაჩენა ამჯობინა. ასე მოევლინა ქვეყანას ჩემი გოგონა. მაგრამ, ვანდამ მაინც ვერ დაივიწყა წყენა და ძალიან მალე გადამიხადა სამაგიერო.
– ბავშვის მიტოვებით? – ჰკითხა ეკამ.
– არა მხოლოდ მაგით... ის საქმე გავაკეთეთ და საერთო ჯამში ორმოცდაათი ათასი დოლარი უნდა მიგვეღო. საქმეში ხუთნი ვიყავით. მოკლედ რომ ვთქვა, თითოს ათი ათასი უნდა შეხვედროდა. ფულის ასაღებად მე და ვანდა მივედით. მან საქმის წარმატებით დამთავრების აღსანიშნავად შამპანური შემომთავაზა. მეც დავგოიმდი და ერთი ჭიქა შამპანური დავლიე. მან კი კლოფელინი შემომაპარა...
– კლოფელინი?.. რა არის კლოფელინი?
– სამედიცინო პრეპარატია. რამდენიმე წვეთის დალევა მომენტალურად თიშავს ადამიანს.
– და ვანდამ გაგთიშა? – გაუკვირდა ეკას.
– გამთიშა... მერე ფული აიღო, მესამე სართულიდან თოკით დაეშვა და გაიპარა.
– ხუმრობ... თქვი, რომ მაშაყირებ!.. ქალი ამას როგორ მოიმოქმედებდა?!
– არა... სიმართლეს გეუბნები. ასე გადაგვაგდო ადამის ნეკნმა ხუთი პრისტუპნიკი. მაგრამ, მაინც მოვძებნეთ. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე დავეწიეთ. ჩემი პაძელნიკები ისე გაცეცხლებულები იყვნენ, რომ მოკვლაც კი დაუპირეს, მაგრამ, მე არ მივეცი ამის საშუალება. დღესაც მახსოვს ვანდას თვალები, როდესაც ფული წავართვით – სიცოცხლისგან დაცლილი, დაშრეტილი... ის ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იმ ფულს. იმედი ჰქონდა, რომ რუსეთს სამუდამოდ დააღწევდა თავს და გერმანიაში ახალ ცხოვრებას დაიწყებდა, მაგრამ, იმ ფულის გარეშე მისი ოცნება ოცნებად დარჩებოდა. იმ წუთებში მისთვის ფულის დაკარგვა ყველაფრის დაკარგვის ტოლფასი იყო!
– როგორ მოიქეცი შენ? – ჰკითხა ეკამ.
– როგორც უნდა მოვქცეულიყავი. ჩემი პაძელნიკების ფულს არასდროს შევეხებოდი, ის მათ ეკუთვნოდათ, მაგრამ, იმ საქმეში ვანდაც მონაწილეობდა და მასაც ეკუთვნოდა წილი. ვანდას წილს ჩემი წილიც დავამატე და გერმანიაში ოცი ათასი დოლარით გავისტუმრე. ისე კი, სულ ტყუილად ღელავდა მაშინ ვანდა – ის მაინც მიაღწევდა თავისას. უბრალოდ, ის ორმოცდაათი ათასი მიზნის მიღწევას გაუმარტივებდა.
– მერე მიაღწია თავისას?
– ვერა, – თავი გაიქნია ლუკამ.
– ვერა?!
– ჰო... ის ძალიან გვიან მიხვდა ამას. იმ მიზნის დევნაში მან ნატო დაკარგა. მას მართლაც გულწრფელად სურდა შვილთან ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ, ნატომ ვერ შეძლო ეს!
– შენ?
– ეკა, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემთვის ვანდა ყოველთვის ნატოს დედად დარჩება, სხვა ურთიერთობაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ის მაშინ დასრულდა, როდესაც ვანდამ უარი თქვა შვილზე!
– მესმის... – ეკამ პაუზა გააკეთა და შემდეგ დაამატა, – სადღეგრძელო თქვი, როდემდე ვისხდეთ ასე?
ლუკამ ჭიქა შეატრიალა ხელში, წამით ჩაფიქრდა და შემდეგ თქვა:
– არასდროს ვყოფილვარ დიდი თამადა. მოდი, მომავალს გაუმარჯოს, ეკა!..
– შენ როგორ წარმოგიდგენია ჩვენი მომავალი?
– წარმოუდგენლად!... – გაიცინა ლუკამ, – მინდა, ისეთი იყოს, როგორის წარმოდგენაც ახლა შეუძლებელია!
– საინტერესოა... – გაუღიმა ეკამ, – შემდეგ კი მოულოდნელად სთხოვა – მაცეკვე, რა, კარგი მელოდიაა.
– გთხოვ... ბოლოს თორმეტი წლის წინ ვიცეკვე. ჯობია, მოვუსმინოთ...
– მაშინ, მე მომისმინე, – შუბლი შეიკრა ეკამ, – იცი, როდის და ვისთან ვიცეკვე ბოლოს?
– წარმოდგენა არ მაქვს.
– შენთან, ჩვენი კლასის გამოსაშვებ საღამოზე!.. ეს ოცდახუთი წლის წინ იყო!.. მაშ ვინ უნდა დათმოს?!
– მე... – ამოიოხრა ლუკამ და ასადგომად წამოიწია.
***
ოპერატიული სამსახურის უფროსი კარში შედგა, მხედრულად მიესალმა გენერალს და ჰკითხა:
– შეიძლება, ივან მიხაილოვიჩ?
– მოდი, მოდი, – გენერალმა მაგიდასთან მიიხმო ხელქვეითი.
სამსახურის უფროსმა კაბინეტი გადაკვეთა, მაგიდას მიუჯდა და წინ საქაღალდე დაიდო.
– რა მომიტანე? – გენერალმა საქაღალდეს მიაპყრო მზერა, რომლის მარჯვენა კუთხეშიც მოჩანდა შტამპი – „სრულიად საიდუმლოდ”.
– ბოლო ოპერატიული მონაცემებია მალიშევთან დაკავშირებით.
– აა... მალიშევი?! ბოლოს და ბოლოს მიაგენით მაგ ავანტიურისტს?! სად არის?.. სასწრაფოდ გამოუძახეთ, კარგად უნდა შევჯორო!
– ივან მიხაილოვიჩ, მალიშევი დაიღუპა! – დაძაბული ხმით თქვა ოპერატიული სამსახურის უფროსმა.
– რა თქვი?! – გაოგნდა გენერალი.
– პოლკოვნიკი მალიშევი დაიღუპა! – სამხედრო ყაიდაზე მოახსენა სამსახურის უფროსმა.
– როდის, როგორ?! – სწრაფად ჰკითხა გენერალმა.
– ეს უახლესი მონაცემებია, – სამსახურის უფროსმა საქაღალდეზე დააკაკუნა თითებით, – მალიშევის ცხედარი დღეს აღმოაჩინეს.
– დალაგებით მომიყევი ყველაფერი! – ბრძანა გენერალმა.
– ინფორმაცია მალიშევის დაღუპვის შესახებ ჩვენმა უკრაინულმა აგენტურამ მოგვაწოდა. მან...
– ტიხონოვმა? – შეაწყვეტინა გენერალმა.
– დიახ, – დაუდასტურა სამსახურის უფროსმა, – ასევე, მან გვაცნობა ცხედრის ადგილსამყოფლის შესახებ. სიმართლე გითხრათ, თავიდან ყოველივე ეს გაუგებრობად ჩავთვალე. მაგრამ, ტიხონოვის მიერ მითითებულ ადგილზე მაინც გავგზავნე ოპერატიული ჯგუფი.
– კონკრეტულად, სად?
– როსტოვის მახლობლად, კლიმოვის აგარაკზე...
– მაინც არ მოეშვა იმ ნაბიჭვარს! – ბრაზით ჩაილაპარაკა გენერალმა, – საგანგებოდ გავაფრთხილე, რომ კლიმს ახლოს აღარ გაჰკარებოდა!.. მალიშევი აგარაკზე აღმოაჩინეს?!
– არა, – თავი გაიქნია სამსახურის უფროსმა, – აგარაკზე თავად კლიმოვის, მისი ორი მცველისა და შინამოსამსახურე ქალის ცხედრები აღმოაჩინეს. მალიშევს აგარაკიდან დაახლოებით ხუთას მეტრში მიაკვლიეს – ის ტყეში იყო დამარხული...
– უსახელო ჯარისკაცივით!... იდიოტი! – ისევ ვერ შეიკავა თავი გენერალმა.
– იქვე აღმოაჩინეს კლიმოვის კიდევ ერთი მცველის ცხედარი. ეს შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოსურათებია, – ამ სიტყვებთან ერთად სამსახურის უფროსმა საქაღალდე გენერალს გადასცა.
მან საქაღალდე გახსნა და ფოტოების თვალიერებას შეუდგა. მათზე ქრონოლოგიურად იყო აღბეჭდილი მალიშევის საფლავის აღმოჩენის, გათხრისა და ცხედრის ამოღების პროცესი.
– მალიშევის მცველი დამარხული არ იყო? – იკითხა გენერალმა.
– არა... ის უშუალოდ სამარხის გვერდით აღმოაჩინეს.
– უცნაურია. ვის მოუვიდა აზრად ასეთი სისულელე? მცველის ცხედრის აღმოჩენის შემთხვევაში, თავისთავად მოხდებოდა შემთხვევის ადგილის დეტალური შესწავლა და, ბუნებრივია, რომ ოპერატიულ სამსახურს საფლავი არ გამოეპარებოდა!
– შესაძლოა, მკვლელებს დრო არ ეყოთ მეორე საფლავის გასათხრელად, – ივარაუდა სამსახურის უფროსმა.
– შენ გგონია, რომ ისინი მეორე საფლავის გათხრას აპირებდნენ?.. ძველად სისხლის სამართლის დამნაშავეები ასე არ იქცეოდნენ – ერთი ორმოთი კმაყოფილდებოდნენ!
სამსახურის უფროსმა დუმილით უპასუხა.
– საიდან გახდა ტიხონოვისთვის ცნობილი მალიშევის დაღუპვისა და მისი სამარხის ადგილსამყოფლის შესახებ? – განაგრძო გენერალმა.
– მისივე იფორმაციით, მოხდარის შესახებ მას კლიმოვის ერთ-ერთმა მცველმა აცნობა, რომელიც თავდამსხმელებს შემთხვევით გადაურჩა, – უპასუხა სამსახურის უფროსმა.
– სადაა ამჟამად ის პიროვნება?
– ეს ტიხონოვისთვის უცნობია. მასთან შეხვედრის შემდეგ მცველი უკვალოდ გაქრა.
– და, ვის უკავშირებს ტიხონოვი მალიშევის, კლიმოვისა და მისი ხალხის დახოცვას? – ჰკითხა გენერალმა.
– ტიხონოვის ინფორმაციით, მკვლელობა ხარკოველმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა გეგეშიძემ ჩაიდინა... საქაღალდეში ტიხონოვის მოხსენებითი ბარათი დევს და იქ დეტალურადაა აღწერილი ყველაფერი.
გენერალმა მოხსენებითი ბარათი მოძებნა, სწრაფად გადახედა და ბრაზით ჩაილაპარაკა:
– ისევ გეგეშიძე... ერთი დღე მაინც დასრულდეს ისე, რომ ეს გვარი აღარ გავიგონო!
– გარდა ამისა, ტიხონოვი იუწყება, რომ, ასევე, მოკლულია კლიმოვის კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – მერკულოვი. მასთან ერთად დაიღუპა კიდევ სამი პიროვნება, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით დაუდგენელია, – მოხსენება განაგრძო სამსახურის უფროსმა.
– ისევ გვამები!... როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ მკვლელის თარეში?! – ბრაზით ჩაილაპარაკა გენერალმა.
– როგორ განკარგულებას მომცემთ მალიშევთან დაკავშირებით? – ჰკითხა სამსახურის უფროსმა.
– სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია?
– ჯერჯერობით მხოლოდ მოკვლევა მიმდინარეობს.
გენერალი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ თქვა:
– მალიშევის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება!
– როგორ?! – დაიბნა სამსახურის უფროსი.
– არა, ამას არ დავუშვებ! – მკაცრად თქვა გენერალმა, – ეს თქვენ, ახალგაზრდებს არ გადარდებთ სამსახურის პრესტიჟი, მე კი სრულიად სხვანაირად ვუყურებ ამ საქმეს. როგორ მივცე მსვლელობა საქმეს, რომელშიც ნივთმტკიცებებად ეს ფოტოსურათები იქნება წარმოდგენილი?! – გენერალმა ბრაზით დაჰკრა ხელი საქაღალდეს, – და, როგორ მოვახსენო უწყების ხელმძღვანელობას, რომ ჩემი სამსახურის პოლკოვნიკი ტყეში დამარხული აღმოაჩინეს?.. არა, ეს არ მოხდება!..
– მაგრამ... ივან მიხაილოვიჩ, მაშ, რა ვუყოთ მალიშევის ცხედარს?! – გაოცებით ჰკითხა სამსახურის უფროსმა.
– მალიშევი ავტოკატასტროფაში დაიღუპა! – რაა ამაში დაუჯერებელი?! ფედერაციის მასშტაბით, დღის განმავლობაში ასობით ადამიანი იღუპება ავტოკატასტროფებში და ამისგან არც პოლკოვნიკები არიან დაზღვეულები. მგონი, არ გაგიჭირდება ამ ვერსიის შესაბამისად გაფორმება!
– არა... – ყოყმანით წამოიწყო სამსახურის უფროსმა, – მაგრამ, მალიშევის ამ საქმიდან გამორიცხვა გარკვეულ სირთულეებს შეგვიქმნის.
– რას გულისხმობ?
– ჩვენი უწყების წარმომადგენლის მკვლელობის საქმეს ჩვენ თვითონ გამოვიძიებდით, მალიშევის გარეშე კი დანაშაული ადგილობრივი მილიციის იურისდიქციაში მოჰყვება, – უპასუხა სამსახურის უფროსმა.
– ჰოდა, ძალიან კარგი, დაე ადგილობრივმა მილიციამ იმტვრიოს თავი!
– ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მათ ტიხონოვის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასაც ვერ მივაწვდით.
– არც არის საჭირო, – თქვა გენერალმა, – ამ საქმის „ეფესბესთან” დაკავშირება ჩვენს ინტერესებშიც არ შედის.
– გასაგებია, მაგრამ, შესაძლოა, მილიცია საერთოდ ვერ გავიდეს გეგეშიძეზე! – ივარაუდა სამსახურის უფროსმა.
– გავა... კლიმოვი, მისი მცველები და მერკულოვი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. ადგილობრივი მილიცია, პირველ ყოვლისა, კიევს მიმართავს ვითარების გასარკვევად, იქიდან კი შესაბამის პასუხს მიიღებს. ამაზე ტიხონოვი იზრუნებს.
– ესე იგი ჩვენ საერთოდ ვწყვეტთ გეგეშიძის მიმართ მუშაობას? – ჰკითხა სამსახურის უფროსმა.
– არა... მალიშევის მკვლელი თავს ვერასოდეს იგრძნობს მშვიდად, მაგრამ, ამ საკითხს მე თვითონ მივხედავ... ყველაფერი გასაგებია?
– გასაგებია, ივან მიხაილოვიჩ. შეიძლება წავიდე?
– წადი, – ნება დართო გენერალმა.
სამსახურის უფროსი ადგა, მხედრულად დაემშვიდობა და კაბინეტიდან გავიდა. მისი წასვლის შემდეგ გენერალი ტელეფონს გადასწვდა და მდივანს უბრძანა;
– კიევთან დამაკავშირე!..
გაგრძელება შემდეგ ნომერში