კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოუსვენარი მოკლული

ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა: ჟაკლინი ერთბაშად ვერც კი მიხვდა, რა დაემართა – უცებ თავის ფიზიკურ სხეულზე ზემოთ აღმოჩნდა. უჩვეულო თავისუფლების განცდაც დაეუფლა და თანავარსკვლავედებიც უჩვეულოდ ახლოს ჩანდნენ... 

ჟაკლინი საკმაოდ მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალი იყო, მდიდარი და, არცთუ სულელი. მშობლებმა დიდი მემკვიდრეობა დაუტოვეს. ავარიაში მათი დაღუპვის შემდეგ ჟაკლინი სრულიად მარტო ცხოვროდა უზარმაზარ სახლში, რომელსაც გარს ვეება, კარგად მოვლილი უზარმაზარი პარკი ეკრა. ჟაკლინი ამ სახლში დაიბადა და გაიზარდა...

... მეგობრებთან ერთად ღამის კლუბში აპირებდა წასვლას. მანქანაში ჩაჯდომისას ფეხსაცმლის ქუსლი გადაუტყდა. მეგობრებს – კეიტის, ტომსა და ბლეიკს უთხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. ხელჩანთიდან გასაღები ამოიღო და ასკინკილით გაემართა სახლისკენ. უკვე ჰოლში უცნაური განცდა დაეუფლა – მოულოდნელი მოსალოდნელობის განცდა. ყრუ ხმაური უკვე კიბესთან გაიგონა. პანიკაში არ ჩავარდნილა და არ გაქცეულა, ფეხშიშველმა აირბინა კიბე და ფეხაკრეფით გაუყვა დერეფანს. იმაში, რომ სახლში ქურდი იყო, ჟაკლინს ეჭვი არ შეჰპარვია. მისი ვარაუდით, ქურდი მისი მშობლების კაბინეტში უნდა ყოფილიყო... ქალიშვილმა ფრთხილად შეიხედა ოდნავ შეღებული კარიდან და ძლივს შეიკავა თავი, გაოცების შეძახილი არ აღმოხდენოდა: ღია სეიფთან მუგრი იდგა – ის მუგრი, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა მის მშობლებთან. ჟაკლინისთვის ეს კაცი სახლის ისეთივე განუყოფელი ნაწილი იყო, როგორც ასწლოვანი მუხები პარკში ან საკოლექციო „როლს-როისი“ – ავტოფარეხში. მუგრი სეიფიდან მის ძვირფასეულობას იღებდა და ჯიბეებში იტენიდა, მათ ადგილას კი იაფფასიან ასლებს ალაგებდა. ჟაკლინი, ალბათ, კარგა ხანს ვერ მიხვდებოდა, რომ სამკაული ნამდვილი არ იყო. ვეღარ მოითმინა და ხმადაბლა წარმოთქვა ქურდის სახელი. კაცი მაშინვე შემობრუნდა: სახე სასტიკი ჰქონდა, თვალები – ჩასისხლიანებული... ჟაკლინი გაიქცა... მუგრი კიბის თავთან წამოეწია და გამეტებით ჰკრა ხელი. მარმარილოს საფეხურები გლუვი იყო და მძიმე. ჟაკლინმა კიდეს მიარტყა საფეთქელი და... ტკივილი მართლა არ უგრძნია – ის თავისუფლების უჩვეულო განცდამ გადაფარა. მუგრი ახლოს მივიდა ქალიშვილის უსულო სხეულთან და ჩააშტერდა. როცა დარწმუნდა, რომ მკვდარი იყო, თავი კმაყოფილებით დააქნია. ახლა შეეძლო, მშვიდად დაეტოვებინა იქაურობა და გვამის პოვნის „ბედნიერება“ მოახლისთვის დაეთმო. ჟაკლინი აღშფოთდა. ნუთუ მკვლელი დაუსჯელი დარჩებოდა? ამას ვერ დაუშვებდა, მაგრამ, რა შეეძლო მოფარფატე სულს?! ჟაკლინი მიხვდა, რომ, სანამ მუგრი თავისას არ მიიღებდა, ის ვერ შეძლებდა სამუდამო სასუფეველში დამკვიდრებას და ასე იქნებოდა ორ სამყაროს შორის გაჩხერილი...

მისი უსულო სხეული მეგობრებმა იპოვეს. ჟაკლინი თვალნათლივ ხედავდა, როგორ გულწრფელად ტიროდნენ და ვერ გამოდიოდნენ შოკიდან... ჟაკლინმა საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინა: მას შეეძლო, თითოეული მათგანის გონებაში შეღწევა და აზრების წაკითხვა. ამიტომ, სცადა, როგორმე ენიშნებინა თავისი სიკვდილის ჭეშმარიტი მიზეზი, მაგრამ, ამაოდ... „მუგრი მკვლელია! მკვლელია! მომისმინეთ, მეგობრებო! ეს უბედური შემთხვევა არ ყოფილა! ის ახლა შემოვა! ის ახლა შემოვა და იტყვის, რომ არაფერი დაუნახავს და არაფერი გაუგონია... მკვლელია, ძარცვისას წავასწარი... ხელი მკრა და კიბეზე დამაგორა... მისი მწუხარება ყალბია... ფარისეველი... მან უკვე მოასწრო მოპარული ძვირფასეულობის გადამალვა“...

ჟაკლინის ყველა მცდელობის მიუხედავად, სამივეს გონება მხოლოდ მწუხარებით, მომხდარის ვერგაცნობიერებით იყო გაჯერებული...

გამომძიებელი საკმაოდ სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი აღმოჩნდა. ჟაკლინის გვამმა ის სულის სიღრმემდე შეძრა.

– როგორი ახალგაზრდაა და ლამაზი. ეს როგორ უნდა მომხდარიყო?

– არ ვიცი.... შოკში ვარ... ავტოფარეხში ვიყავი და არაფერი გამიგია... როცა მითხრეს, მივედი და ეს სურათი დამხვდა... არ ვიცი, როგორ გადავიტან ამ უბედურებას. ჩემ თვალწინ გაიზარდა, შვილივით მყავდა... განადგურებული ვარ, შოკიდან ვერ გამოვსულვარ.

ჟაკლინი „შეფრთხიალდა“ – ახლა მას მხოლოდ ამგვარი აღშფოთება შეეძლო. „ის ტყუის! ტყუის! ტყუის! მუგრი მკვლელია... მკვლელი!“ – თითქოს მთელი ხმით ყვიროდა, მაგრამ მისი არავის ესმოდა. კეიტი ცუდად გახდა და ის მეორე ოთახში გაიყვანეს... ექიმიც ის იყო, რომელმაც ჟაკლინი ჯერ კიდევ ჩვილი აიყვანა ხელში... მისი მწუხარებაც უსაზღვრო და გულწრფელი აღმოჩნდა...

– ფაქტობრივად, მაშინვე მომკვდარა, – თქვა მან სინანულით, როგორც კი ქალიშვილის უსულო სხეული გასინჯა, – ეს როგორ უნდა მომხდარიყო? დარტყმის ძალა მეტისმეტად ძლიერი აღმოჩნდა.

– ერთი შეხედვით, უბედურ შემთხვევას ჰგავს... – გამომძიებელი დაიხარა და იატაკიდან ქუსლმოტეხილი ფეხსაცმელი აიღო...

– რა ხდება, რამემ დაგაეჭვათ?  – ჰკითხა ბლეიკმა.

– ჰო. როგორც თქვენ თქვით, ის სახლში ამ ქუსლმოტეხილი ფეხსაცმლის გამოსაცვლელად შემობრუნდა.

– დიახ, სწორედ ასე იყო, – დაუდასტურა ბლეიკმა.

– მაშინ, რა გამოდის? ზემოთ ავიდა და ფეხსაცმლის გამოუცვლელად ჩამოდიოდა კიბეზე? ლოგიკაში არ ჯდება!

„ასეა, ასეა... ყოჩაღ, სწორ გზაზე დგახარ! – ჟაკლინმა გამომძიებელს გარშემო შემოუფრინა, – განაგრძე! ჰო, ავედი, ფეხსაცმელი უნდა გამომეცვალა და უკან გამოვბრუნებულიყავი. რატომ მივიდოდი კიბესთან ისევ ქუსლმოტეხილი ფეხსაცმლით? გემუდარები, იფიქრე... ამ მიმართულებით იფიქრე... ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა. ჩემი მკვლელი შენ გვერდითაა!“

გამომძიებელმა კიდევ ერთხელ ყურადღებით დაათვალიერა კიბეც და ქუსლმოტეხილი ფეხსაცმელიც... მერე, თითქოს ჟაკლინის ფიქრები გაიგოო, ეჭვით შეხედა მუგრის. ეს ადამიანი მის ნდობას არ იმსახურებდა, რაღაც უარყოფითი ენერგია მოდიოდა მისგან. სახლში მანამდე დარჩა, სანამ გვამი პროზექტურაში არ გადაასვენეს, მერე მანქანაში ჩაჯდა და განყოფილებაში წავიდა. ჟაკლინის სულიც მას აედევნა... კაბინეტში გამომძიებელი დიდხანს იჯდა თავის სამუშაო მაგიდასთან. წინ ფურცელი და კალამი ედო, მაგრამ, არაფრის დაწერას არ ჩქარობდა. გარდაცვლილი ქალიშვილის სახება არ შორდებოდა, პირიქით, ნელ-ნელა უფრო მკვეთრი და შემაძრწუნებელი ხდებოდა. მოუსვენრობის განცდა დაეუფლა. ჟაკლინი მის აზრებში შეღწევას ცდილობდა და გამუდმებით იმეორებდა:  „მე მომკლეს! ის მკვლელია! მე მომკლეს, მუგრი მკვლელია! იჩქარე, გემუდარები... ძალიან გთხოვ... სანამ ნაძარცვი სამკაულებით გაქცევას მოასწრებს, მეთვალყურეობა დააწესე მასზე... ფული დასჭირდება და აუცილებლად შეეცდება,  ერთი ნივთი მაინც გაყიდოს... სწორედ ამ დროს გამოიჭერ... შენ ჩემი ერთადერთი იმედი ხარ... ნუ გამწირავ ორ სამყაროს შორის სახეტიალოდ. თუ მკვლელი არ დაისჯება, მე ვერასოდეს მოვისვენებ... ვერასდროს შევძლებ, შევუერთდე ჩემს მშობლებს და ვინავარდო შორეული ცის ლაჟვარდებში“...

გამომძიებელი კი საკუთარ თავს ებრძოდა: „მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?.. მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?! მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?!“ ბოლოს ხელში კალამი აიღო... ჟაკლინი კედელს მოწყდა: „არა! არა! არ დაწერო, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო! არ დაწერო! დავიღუპები!“

გამომძიებელმა ამოიოხრა... კალამი დადო  და კაბინეტიდან გავიდა. ჟაკლინი ფარფატით გაჰყვა უკან...

ლეიტენანტმა დინინმა თავი ასწია და თანამშრომელს შეხედა:

– რა ხდება, ჯო?

– აი, ეს საქმე... იმ ლამაზი ქალიშვილის სიკვდილის ამბავი... შეიძლება, გაგეცინოთ, მაგრამ, ინტუიციით ვგრძნობ, რომ რაღაც ისე ვერ არის. უფლება მომეცით, მათ მსახურზე მეთვალყურეობა დავაწესო... რაღაც ხმა მკარნახობს, რომ უბედური შემთხვევა არ ყოფილა. ხომ გესმით ჩემი? ამას ვერ ავხსნი, მაგრამ ძლიერი ინტუიცია მაქვს და საქმეს ვერ დავხურავ... ახლავე უნდა დავბრუნდე უკან და იმ მსახურს უნდა მივხედო...

ჟაკლინმა იგრძნო, როგორ აკიაფდნენ მის თავს ზემოთ ვარსკვლავები...

скачать dle 11.3