კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

უმეკაშვილი

გვარის ფუძემდებელს სახელად უმეკა რქმევია. სამართლებრივ ძეგლებში მოიხსენიებიან „უმეკაშვილი – უმეკაანთ – უმეკათ“; „უმეკა, მირტაშენს მცხოვრები, მამულით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს“ (1537-1538 წლები).

„უმეკაშვილი, რუისში მცხოვრები, დავით მეფემ ის შესწირა ოქონას საყდარს“ (1382 წელი).

„უმეკაშვილის შარასთან მდებარეობდა გივი სააკაძის მიერ ლიპარ თუმანიშვილისთვის მიყიდული მიწა“ (1963 წელი).

„უმეკაშვილი ნასყიდა, მოწმე და შუამდეგი ბახუტა ელიოზისძის მიერ სახლთუხუცეს რევაზ მაღალაშვილისთვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა (1689 წელი), ბატატი მახალაშვილის მიერ სვეტიცხოვლის სახლთუხუცეს რევაზ მაღალაძისთვის მიცემულ ბაგის ნასყიდობის წიგნისა“ (1690 წელი).

უმეკაშვილი-უმიკაშვილი ქართული გვარ-სახელია. წინაპარს უმეკა რქმევია, გვარს, სულ ცოტა, შვიდი-რვა საუკუნის ისტორია აქვს და ბევრი გამოჩენილი პიროვნებაც ჰყავდა.

საქართველოში 400 უმეკაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 221, გორში – 118, თბილისში – 26.  არიან სხვაგანაც.

ლუქუნიძე 

გვარის ფუძე, სავარაუდოდ, არის საკუთარი სახელი ლუკა, ლუკიანე, რაც ლათინურად „მანათობელს“, „ბრწყინვალეს“ ნიშნავს. მომდინარეობს სიტყვისგან „ლუქსი“ – „სინათლე“. მასვე უკავშირდება ფრანგულის გზით გავრცელებული სიტყვა „ლუქსი“, რომელიც აღნიშნავს სასტუმროს საუკეთესო ნომერს. ასევე, სავარაუდოდ, ამ გვარის თავდაპირველი ძირი იყო ლუხუმი, ლუხუმა. 

 1700 წელს მოხსენიებულია „პაპუნა სადუნიშვილი-ლუქუნის ძეს ეწერათ სამასპინძლო“. 

 საქართველოში 125 ლუქუნიძე ცხოვრობს: ქარელში – 91, ბორჯომში – 7, თბილისში – 2. არიან სხვაგანაც. 

სუსუნიაშვილი 

გვარის ფუძეა მამაკაცის მეტსახელი. კერძოდ, გვხვდება მამაკაცის მეტსახელები: სუსუნა, სუსნია, სუსუნიკა. ასევე, გვხვდება ამ მეტსახელებისგან ნაწარმოები გვარი – სუსუნიკაშვილი. 

ამ გვართან დაკავშირებით ალექსანდრე ღლონტი წერს, რომ მეტსახელიდან სუსუნიკა გაჩნდა და მომდინარეობს გვარი სუსუნიშვილიო. 

საქართველოში 75 სუსუნიაშვილი ცხოვრობს: კასპში – 52, თბილისში – 14, ოზურგეთში – 2. არიან სხვაგანაც.

თულიანი 

თულიანი ეპონიმური ქართული გვარ-სახელია. თული მოიხსენიება ქართლის ცხოვრების მეორე ტომში; თულა გვხვდება ფშავში, თიანეთში. 

საკუთარი სახელიდან თულა ნაწარმოებია გვარი თულაისძე, რომელიც მოიხსენიება 1287-1288 წლებში. 

ვახტანგ თულაისძე ყოფილა მეთემე აზნაური, ზარდახნისუხუცესი; თულასძე//თულაძე; თულაძე დემეტრე – ჭლაგონის აზნაურიშვილი; თულაშვილი – ბეჟან თულაშვილი 1630-1642 წლებში აზნაურიშვილი, მეღვინეთუხუცესი; ოსიყმე თულაშვილი – აზნაურიშვილი (მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების მიჯნა). 

 საქართველოში 62 თულიანი ცხოვრობს: თელავში – 40, თბილისში – 11, გურჯაანში – 4.  არიან სხვაგანაც.

მწყერაძე 

აზნაურ მწყერაძეთა გვარის შესახებ ისტორიულ წყაროში ასეთი ცნობა გვხვდება: „აზნაურ მწყერაძეთა წინაპარნი არიან იმერეთიდან მოსულნი, რომელნიც ესახლენ ლოსიათ ხევს, მწყერის ციხედ ადგილსა წოდებულსა და ადგილისა გამო გაუგვარდათ მწყერაძეობა. არიან ესენიცა აზნაურნი და ცნობილნი ლუარსაბ მეფისა დროსა და მოხსენიებულ ტრაქტატსა შინა“ (იოანე ბატონიშვილი, „შემოკლებითი აღწერა“). 

მწყერაძე მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანებში. 

საქართველოში 79 მწყერაძე ცხოვრობს: თელავში – 26, თბილისში – 24, გორში – 9. არიან სხვაგანაც. 

იონათამიშვილი 

იონათამიშვილი მცირერიცხოვანი ქართული გვარია. 

აზნაური იონათამიშვილები არიან როგორც ციციშვილების, ისე ბარათაშვილთა შთამომავლობისანი. 

„აზნაურ იონათამიშვილთა წინაპართაგანნი ვინმე იყო მონათესავე ციციანთა (ციციშვილთა), იონად წოდებული და პირველივე მოსახლენი, გვერდის ძირს მოსულა კონსტანტინე მეფის დროს, 1843 წელს, ცნობილნი მეფისა როსტომისავე დროსა და გაუგვარდათ იონათამისა გამო შვილთა მათთა იონათამის შვილობა და არიან ტრაქტატსა შინაცა მოხსენიებულნი“. 

იონათამიშვილი გიორგი მოიხსენიება 1969 წელს. 

საქართველოში 42 იონათამიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 21, გორში – 12, მცხეთაში – 1. არიან სხვაგანაც.

ლომიტაშვილი 

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლომიტა. 

„ლომიტა გერგიძე იყო ფალანხოსრო ბარათაშვილის ყმა“. 

„ლომიტაშვილი ნადირა მოიხსენიება 1605 წელს ობოლაშვილის ნასყიდობის წიგნში, მიცემული რევაზ ნამუსაძისადმი“. 

საქართველოში 433 ლომიტაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 175, თბილისში – 111, გორში – 34. არიან სხვაგანაც.

ლოლიშვილი 

გვარის ფუძედ გამოყენებულია ქალის საკუთარი სახელი ლოლი, ლოლა. 

„იოვე ლოლიშვილი დიდ თონეთში მოიხსენიება 1843 წლის აღწერაში“. 

ლოლიშვილები მოიხსენიებიან სოფელ საღარაშენში. 

საქართველოში 247 ლოლიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 132, გორში – 51, რუსთავში – 24. არიან სხვაგანაც.

სიკრაშვილი-სიკიაშვილი

გვარი, სავარაუდოდ, წარმომდგარია სახელიდან – სიკი, სიკოლა, სიკო, სიკოია, სიკონია. 

1817 წლის აღწერაში მოიხსენიება ალიპა სიკრაშვილი. 

გვარი სიკრაშვილი დღეს იგივეა, რაც სიკიაშვილი. 

საქართველოში 35 სიკიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 17, თეთრი წყაროში – 17, მცხეთაში – 1.

გილაური-გილაშვილი

გილაური ქართული ეპონიმური გვარ-სახელია, რომელშიც ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი – გილა. ეს სახელი ბევრ ისტორიულ წყაროშია დაფიქსირებული. ასევე, მისგანაა წარმოშობილი გვარი გილაშვილი.

გილაშვილი და გილაური ერთი და იმავე გვარად ჩანს. გილაშვილი წინ უსწრებს გილაურს. „გილაშვილი, ერეთში მცხოვრები, სვიმონ მეფის ნებართვით, ნიკოლოზ კათალიკოსმა იგი, მამულითურთ, უბოძა ვახტანგ ბატონიშვილს, ყურისუბნის სანაცვლოდ. ეს მოხდა 1574 წელს“.

„გილაშვილი გიორგი, ერედველი, მამულითურთ კათალიკოსმა ზებედემ უწყალობა ჯვარისმტვირთველ დავით ელიოზის ძე გედევანიშვილს“ (1610 წელი).

გილაშვილები ჩანან სოფლებში – თვალი და ერედვი; იყვნენ საეკლესიო პირები და აზატი ყმები. „დავით გილაშვილი, თვალს გაღმა მცხოვრები აზატი ყმა, არსენ ნინოწმინდელის განჩინებით, მას ევალებოდა ნინოწმინდის საყდრისთვის შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება, თუ უმართალი კაცი გარდაიცვლებოდა“ (1688-1694 წლებში).

„გილაური ქიტუა იყო მოწმე უცნობი პირების მიწის ნასყიდობის წიგნისა“ (1685 წელი).

საქართველოში 215 გილაური ცხოვრობს: მცხეთაში – 160, თბილისში – 53, დუშეთში – 2.

231 გილაშვილი: საგარეჯოში – 114, თბილისში – 74, გურჯაანში – 23. არიან სხვაგანაც.

სოფრომაძე

სოფრომაძეები იმერლები არიან. მოიხსენიებიან სოფლებში: რუფოთი, ძევრი, ზარათი, კვალითი, ნერგეეთი, პერევისა, საირმე, ჩხარი, ძიროვანი, ხრეითი.

ზარათში და კვალითში სოფრომაძეები იყვნენ საბატონო გლეხები. 

სახელი სოფრომი წინაპრებს ნასესხები აქვთ ბერძნებისგან: „სოფრომ“ – იგივეა, რაც „საღად მოაზროვნე“, „კეთილგონიერი“.

„ვაჟიბედაი სოფრომაძე მეფემ შესწირა გელათის ულუხან (ლორთქიფანიძის) სიმწირველისთვის. ემართა ათი თეთრი, ორი კოდი ღომი, სამი კოკა ღვინო, ერთი ზვინი თაკა...“ (1573 წელი).

სოფრომაძე ერთ-ერთ უძველეს ქართულ გვარად ითვლება. რომელიც მეცამეტე საუკუნიდან ჩანს. სოფრომაძე და სოფრომიძე ერთი და იგივე გვარია.

საქართველოში ყველაზე დაწინაურებულ 1 000 გვარში სოფრომაძეებს 321-ე ადგილი უკავია.

საქართველოში 2 479 სოფრომაძე ცხოვრობს: ტყიბულში – 654, ქუთაისში – 458, თერჯოლაში – 374. არიან სხვაგანაც.

скачать dle 11.3