კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაცვალა სტალინმა ნაცისტ ადოლფ ჰიტლერში კომუნისტი ერნსტ ტელმანი

პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დამთავრების შემდეგ ძირეულად შეიცვალა მსოფლიო პოლიტიკური რუკა და დასაბამი მიეცა ახალ საერთაშორისო ურთიერთობებს. გამოჩენილ პოლიტიკოსთა ძველმა თაობამ – ლოიდ ჯორჯმა, ჟორჟ კლემანსომ, ვუდრო ვილსონმა და სხვებმა, ადგილი დაუთმეს ახალ ლიდერებს – ადოლფ ჰიტლერს, ბენიტო მუსოლინის, უინსტონ ჩერჩილს, ფრანკლინ რუზველტსა და იოსებ სტალინს. ახალი საერთაშორისო ურთიერთობები ამ სახელმწიფო მოღვაწეთა შორის დაუნდობელ, ფარულ და აშკარა დაპირისპირებასაც გულისხმობდა. ახალი მსოფლიოს, მთელი კაცობრიობის ბედი ამ ადამიანებზე იყო დამოკიდებული. დიდი პოლიტიკის ახალი ეტაპის პირველი სცენები პარიზის კონფერენციაზე (1919) გათამაშდა. ამ კონფერენციამ პირველი მსოფლიო ომის შედეგები შეაჯამა. ამავე ეტაპის უკანასკნელი სცენები კი, პოტსდამის კონფერენციაზე (1945) გაიმართა და ამ კონფერენციამ მეორე მსოფლიო ომის შედეგები შეაჯამა. ამ დიდი ეპოქის სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი იოსებ სტალინი იყო, დანარჩენებმა ამ მისიის შესრულება ვერ შეძლეს, თუმცა, ისინი უაღრესად განათლებული, განსაკუთრებული გონიერებით დაჯილდოვებული დიდი პოლიტიკოსები იყვნენ. მაშ, ვინ იყო იოსებ სტალინი? ამის განსაზღვრებისთვის დავიმოწმებთ ახალ აღთქმას: „რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ  – რჩეულნი” (მათე, 22,14). სტალინი რომ ჩინებულთა შორის რჩეული იყო, ამას ყოველგვარი შეფარვის გარეშე აღიარებდა ინგლისის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, აშკარა აღიარებისაგან თავს იკავებდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, ხოლო, რაც შეეხება ადოლფ ჰიტლერს, იგი იძულებული გახდა, ნაცისტური გერმანიის კრახამდე ცოტა ხნით ადრე, 1945 წლის აპრილში, ეღიარებინა: მე რომ ისეთივე პოლიტიკა გამეტარებინა, როგორსაც სტალინი ატარებდა ომის წინ, გერმანია ამ ომში არ დამარცხდებოდაო. როგორც დიდი რეჟისორისთვის არის სპექტაკლის დასაწყისშივე ცნობილი მისი ფინალური სცენა, ასევე იყო ცნობილი სტალინისთვის საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის ფინალი. 1945 წლის 8-9 მაისს, ღამით, სტალინს გერმანიიდან დაურეკეს და მოახსენეს, რომ გერმანიის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს უსიტყვო კაპიტულაციის აქტს. დიდმა რეჟისორმა ყურმილი აუღელვებლად დადო და ორად-ორი სიტყვა წარმოთქვა: „დაიგრალსია სვოლოჩ”. ამით ნათელი გახდა, რომ სტალინი ამ დღეს როგორც გადაუდებელსა და აუცილებელს, როგორც კანონზომიერს, ისე ელოდა. 

მოვლენები კი ამ დღემდე ასე ვითარდებოდა: პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა – ინგლისმა და საფრანგეთმა, მაქსიმალურად მკაცრად დასაჯეს დამარცხებული გერმანია: წაართვეს მას სტრატეგიული ტერიტორიები, გერმანიას ჩამოერთვა სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, სამხედრო ფლოტი, აეკრძალა დიდი და ბრძოლისუნარიანი არმიის შექმნა, სამხედრო ქარხნების მშენებლობა და სხვა. გერმანიას არათუ მეორე, არამედ, მესამეხარისხოვან სახელმწიფოდ გადაქცევა ელოდა. ამ დროისთვის საბჭოთა რუსეთი (შემდგომ – საბჭოთა კავშირი) პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით იზოლირებულია დანარჩენი მსოფლიოსგან. ეს სასიკვდილო საფრთხე იყო, რადგან, ტრადიციულად, რუსეთისთვის ევროპა წარმოადგენდა წიაღისეული სიმდიდრისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის სარეალიზაციო ბაზარს. ევროპას შეეძლო, რუსეთი დაეტოვებინა ვალუტის გარეშე, ანუ, დაენგრია მისი ეკონომიკა. რუსეთი ვერ შექმნიდა სამრეწველო სიმძლავრეებს, ვერ გაწვრთნიდა და შეაიარაღებდა არმიას, – ასე ფიქრობდნენ დასავლეთის პოლიტიკური მოღვაწეები. მაგრამ, დიდ რეჟისორს სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა. სტალინმა ევროპელი პოლიტიკოსები მათ მიერვე დაშვებულ შეცდომაზე დაიჭირა და სრულიად მარტივ გათვლაზე ააგო მთელი პოლიტიკა. ინგლისიდან, საფრანგეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან ბოიკოტირებულმა საბჭოთა კავშირმა აქცენტი გერმანიაზე გააკეთა და მალე მასთან დაამყარა მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა. როგორც ხშირად, ამ შემთხვევაშიც, სტალინი ორ კურდღელს იჭერდა: ერთი მხრივ, გერმანიაში წიაღისეული სიმდიდრისა (განსაკუთრებით – ნავთობის) და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (განსაკუთრებით – ხორბლის) ექსპორტით დიდი რაოდენობით ვალუტა შემოჰქონდა ქვეყანაში, ვალუტის ნაწილს გერმანია საბჭოთა კავშირს მანქანა-იარაღებითა და სხვა ტექნიკით უნაზღაურებდა; მეორე მხრივ, სტალინმა არასასურველი ფაქტის წინაშე დააყენა ინგლისი და საფრანგეთი და, უნდოდათ თუ არ უნდოდათ, ამ ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს საბჭოთა კავშირთან სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე უნდა ეფიქრათ. სხვა შემთხვევაში, ინგლისისა და საფრანგეთის ეკონომიკა დაზარალდებოდა, ხოლო გერმანიისა წელში  გაიმართებოდა. უკვე მეოცე საუკუნის 20-იანი წლების შუა ხანებისთვის სტალინმა დასახულ მიზანს სრულად მიაღწია – საბჭოთა კავშირიდან ევროპაში დიდი რაოდენობით გადიოდა ნავთობი, მანგანუმი, ხე-ტყე, ხორბალი და სხვა. ქვეყანაში შემოსული ვალუტითა და ევროპაში ძალზე იაფად შეძენილი ტექნიკით სტალინი გამალებით წვრთნიდა და აიარაღებდა უზარმაზარ არმიას, რათა შემდეგ კრემლიდან თავისი ნება ეკარნახა ევროპის ქვეყნებისთვის. ცხადია, გამოცდილი და გონიერი ევროპელი დიპლომატები ყოველივე ამას კარგად ხედავდნენ, მაგრამ, მოჯადოებული წრიდან ვერ გამოდიოდნენ: თუ ინგლისი და საფრანგეთი სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირს შეწყვეტდა საბჭოთა კავშირთან, ამით ამ ქვეყნების ეკონომიკა ძალზე დაზარალდებოდა, საბჭოთა კავშირი კი ნედლეულს შეუფერხებლად გაასაღებდა გერმანიაში. ინგლისისა და საფრანგეთის ეკონომიკის დასუსტების ფონზე, გერმანიის ეკონომიკის აღმავლობას სასიკვდილო საფრთხედ აღიქვამდნენ ინგლისელი და ფრანგი პოლიტიკოსები. 

მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში გერმანიაში ნაცისტები (1933) მოვიდნენ, სტალინის ხელში აღმოჩნდა კიდევ ერთი ძლიერი კოზირი: ადოლფ ჰიტლერის პარტიას ოფიციალურად ასე ეწოდებოდა „გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია“. სოციალისტი ადოლფ ჰიტლერისა და კომუნისტი იოსებ სტალინის ალიანსმა დიდი შიში დათესა ევროპაში. სტალინმა კარგად უწყოდა, რომ შეშინებულის კიდევ უფრო შეშინება ადვილი საქმეა. საბჭოთა ბელადმა ძალზე ახლო და კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყარა ჰიტლერთან. ეს ურთიერთობა იმდენად ახლო იყო, რომ აღშფოთება ვერ დამალა გერმანიის კომუნისტურმა პარტიამ და მისმა ცნობილმა ლიდერმა ერნსტ ტელმანმა. გერმანელი კომუნისტების საპროტესტო გამოსვლამ შვება მოჰგვარა ინგლისისა და საფრანგეთის პოლიტიკურ ლიდერებს. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გერმანიის კომუნისტურ პარტიასთან სტალინი ურთიერთობას არ გაამწვავებდა, რაც შეარყევდა გერმანია-საბჭოთა კავშირის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. ინგლისისა და საფრანგეთის პოლიტიკური ლიდერები ამჯერადაც მწარედ მოტყუვდნენ – მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე. კემბრიჯში, ოქსფორდსა და სორბონაში მეცნიერებას დაუფლებული ევროპელი პოლიტიკოსები ჯერ კიდევ ზემოდან უყურებდნენ საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ლიდერს, რომელსაც თბილისის სასულიერო სემინარიის სრული კურსიც კი არ ჰქონდა დასრულებული. თვითკმაყოფილებით შეპყრობილ ევროპელ პოლიტიკოსებს სტალინმა ახალი სიურპრიზი შესთავაზა. მისთვის პოლიტიკა ჭადრაკის დაფა იყო. ევროპული პოლიტიკის ჭადრაკის დაფაზე ერნსტ ტელმანი პაიკს წარმოადგენდა, ხოლო ადოლფ ჰიტლერი – მეფეს, სტალინი კი მეფეს პაიკში არ გაცვლიდა. ამიტომ იყო, რომ დაუფიქრებლად გაწირა ტელმანი და გერმანიის მთელი კომუნისტური პარტია. ამის შემდეგ ჰიტლერისა და სტალინის ურთიერთობაში ნდობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდა. სოციალისტი და კომუნისტი ბელადები ყველაფერში კარგად უგებდნენ ერთმანეთს. აშკარა გახდა მათი საერთო მიზანი: ერთხელ და სამუდამოდ დაენგრიათ „ბებერი ევროპა”. სტალინი ხელსაყრელ ვითარებაში აღმოჩნდა, მაგრამ, დიდი რეჟისორი ჯერჯერობით არ ზეიმობდა გამარჯვებას – ის ინგლის-საფრანგეთის მხრიდან დაშვებულ მორიგ უხეშ შეცდომას ელოდა. მოლოდინმა არ დააყოვნა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ინგლისისა და საფრანგეთის პოლიტიკური ცხოვრების სათავეში მოვიდნენ იმ მშფოთვარე დროისთვის სრულიად შეუფერებელი პოლიტიკური მოღვაწეები: ინგლისის პრემიერ-მინისტრი ნევილი ჩემბრელენი და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ დალადიე. ამის შემდეგ შეიქმნა ისეთი ვითარება, როდესაც ევროპაში რეალურად ორი მოთამაშე დარჩა: იოსებ სტალინი და ადოლფ ჰიტლერი. ორივე მოთამაშეს თავისი სცენარი ჰქონდა, რომელთა დეტალებიც ჯერ არავინ იცოდა, მით უმეტეს, არაფერი უწყოდა ამის შესახებ ჩემბერლენმა და დალადიემ, რომლებიც უკვე განწირულნი ჩანდნენ. მიუხედავად ამისა, სტალინმა და ჰიტლერმა ისინი აიძულეს, წაგებული პარტია ბოლომდე ეთამაშათ. 

ევროპული პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე ფიგურები ჯერ კიდევ მრავლად იყო და ენდშპილის მოახლოება არ იგრძნობოდა – იოსებ სტალინი და ადოლფ ჰიტლერი მორიგ სვლებზე ფიქრობდნენ...

скачать dle 11.3