რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „პეჟო 206”, რომელსაც დაუზიანდა გარე ყუმბარები. როგორც მითხრეს, „პეჟოზე” მიდის „რენო მოსკვიჩის” ყუმბარები, მაგრამ მას გარკვეული გადაკეთება სჭირდება. იქნებ მითხრათ, რა ტიპის გადაკეთება სჭირდება? ასევე, მაინტერესებს, ამავე ავტომობილზე წავა თუ არა სხვა ავტომობილის წყლის ავზი?
პასუხი: ეს მოსაზრება, რომ „პეჟოს”, „სიტროენისა” და „რენოს” დეტალები ერთმანეთზე მიდის, იმ მარტივი მიზეზით არის გამოწვეული, რომ ეს მანქანები ერთ კონცერნში მზადდება და მათი ნაწილები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. თუმცა, განსხვავებები, რა თქმა უნდა, არსებობს. დანამდვილებით გეტყვით, რომ „რენოს” ყუმბარების „პილნიკები” პირდაპირ შეგიძლიათ, დააყენოთ „პეჟოზე”, მაგრამ არა ყუმბარები. თქვენ კითხვაში გადაკეთება ახსენეთ, მაგრამ ეს იმდენად რთული პროცესია და იმდენ ხარჯს მოითხოვს, გირჩევნიათ, ისევ ორიგინალი ყუმბარა შეიძინოთ. უნდა გადაკეთდეს ყუმბარის ღერძი, შეიცვალოს მისი ზომები, მოკლედ, დიდი დავიდარაბაა. რაც მთავარია, შესაძლოა, ამ შემთხვევაშიც არ იმუშაოს ყუმბარამ, რადგან „პეჟო” „რენოზე” გაცილებით მძლავრი ავტომობილია და მის ყუმბარებს ბევრად უფრო მეტი დატვირთვის ატანა უწევს. ასე რომ, უმჯობესია, დაანებოთ მის გადაკეთებაზე ფიქრს თავი. რაც შეეხება ავზს, ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, რადგან მას ავტომობილის გამართულ მუშაობაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის, ამიტომ, შეგიძლიათ, თამამად შეარჩიოთ ის ავზი, რომელიც ზომებში ჩაჯდება და თქვენს ავტომობილს დაუმონტაჟოთ.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ნისან ზეტ 350”. ამ ავტომობილისთვის შევიძინე სპორტული ტიპის საჭე, მაგრამ მისი შეცვლისას აღმოჩნდა, რომ ჩემს ავტომობილს არ მიესადაგება. არადა, ყიდვისას (საჭე საფრანგეთში ვიყიდე) მითხრეს, უნივერსალურია და ყველა ტიპის ავტომობილზე მიდისო. შეცდომაში შემიყვანეს თუ რაიმეს არასწორად ვაკეთებ?
პასუხი: თქვენ არავის მოუტყუებიხართ. მართლაც არსებობს უნივერსალური ტიპის საჭე, უბრალოდ, მას დამხმარე დეტალი ესაჭიროება, ეგრეთ წოდებული გადამყვანი, რომელიც თქვენი ავტომობილის საჭის ღერძზე დამაგრდება და მასზე დგება საჭე. თქვენ სწორედ ეს გადამყვანი გჭირდებათ და კარგი იქნებოდა თუ მას იქვე, საფრანგეთშივე შეიძენდით. მაგრამ, რადგან უკვე თბილისში ხართ, ამ კონკრეტული დეტალის შეძენა მოგიწევთ, რადგან საქართველოში „ზეტ 350-ის“ გადამყვანი არ მეგულება.
კითხვა: ვარ ავტოსპორტის მოყვარული. ხშირად მესმის, რომ ჩვენი მრბოლელების მანქანებს ეგრეთ წოდებული „კულაჩკოვი” სიჩქარის კოლოფები რომ ჰქონდეთ, გაცილებით ჩქარა ივლიან და კოლოფიც იშვიათად თუ დაზიანდებაო. ხომ ვერ ამიხსნით, რას ნიშნავს „კულაჩკოვი” კოლოფი?
პასუხი: სიჩქარეთა კოლოფს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიულ სპორტში. ხოლო რაც შეეხება თავად ამ ტიპის კოლოფს, ის თავისი კონსტრუქციით, აბსოლუტურად განსხვავდება სტანდარტული კოლოფისგან. მაგრამ, საკმაოდ ხმაურიანია და მის მოხმარებას ცოდნა და ძალა სჭირდება. მას არ აქვს ეგრეთ წოდებული სინქრონიზატორები, რომელიც სიჩქარეში უხმოდ და რბილად ჩავარდნას უზრუნველყოფს. მისი კბილები სწორკუთხოვნად არის გაჩარხული, რის გამოც ბევრად მტკიცეა, მაგრამ საშინლად წივის. მისი ნებისმიერი სიჩქარის გადაცემათა რიცხვი იოლად მოერგება იმ კონკრეტულ ტრასას, რომელზეც შეჯიბრი, ბრძოლა გიწევთ. მისი სიჩქარიდან სიჩქარეში გადართვა მოდების (ცეპლენიის) გამოუყენებლადაც შეგიძლიათ, რის ხარჯზეც ძალიან ძვირფას დროს იგებთ. კარგი კომბინაციის შედგენის შემთხვევაში, სიჩქარიდან სიჩქარეში გადართვისას, შეგიძლიათ ძრავას ნაკლები ბრუნი დაკარგოთ. მაგალითად, თუ სტანდარტული კოლოფი ერთი სიჩქარიდან მეორეში გადართვისას, შვიდი ათასი ბრუნიდან ოთხი ათასამდე ჩამოდიოდა და ავტომობილს აჩქარებისთვის დიდი დრო სჭირდებოდა, კარგი კომბინაციის შემთხვევაში, ის მხოლოდ ათას ბრუნს დაიკლებს. ანუ, ექვსი ათას ბრუნზე დაჯდება და შესაბამისად, მიზერულ სიმძლავრეს დაკარგავს. აქ ერთი პრობლემის წინაშე დგებით. მეხუთე სიჩქარით 170 კილომეტრ-საათში მიღწევისას, ძრავას ბრუნთა რიცხვი შეიძლება „დაგვიმთავრდეს”, რაც ნიშნავს, რომ ის მეტი სიჩქარით ვეღარ წავა. სწორედ ამიტომ, სპორტულ მანქანას სჭირდება მეექვსე სიჩქარეც. „ფორმულა 1-ის“ შემთხვევაში კი, სიჩქარეთა რიცხვი, არც მეტი არც ნაკლები, შვიდია. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე სერიული ავტომობილებიც „კულაჩკოვის” ტიპის, ექვსსიჩქარიანი კოლოფებით აღარ აღიჭურვა, რათა დაბალკუბატურიანი ძრავას პირობებშიც კი მოახერხოს სწრაფი აჩქარება.
კითხვა: როგორც გავიგე, მართვის მოწმობის ასაღებ თეორიული გამოცდის ტესტებს ახალი საკითხები დაემატა. არსებობს თუ არა თეორიის წიგნი, რომელშიც შესწორებები და დამატებებია შესული და სად შეიძლება, შევიძინო ის?
პასუხი: თქვენი ინფორმაცია სწორია. ეს ცვლილებები დაამუშავა და დაახარისხა საავტომობილო ფედერაციასთან არსებულმა ავტოსკოლის დირექციამ და გამოსცა ახალი, შესწორებებიანი სახელმძღვანელო. ახალი სახელმძღვანელოს შესაძენად მიმართეთ საავტომობილო ფედერაციას.
კითხვა: მსურს, შევიძინო იაპონური წარმოების „კვადრო ნისან იქსტრაილი”. გთხოვთ, დეტალურად დამიხასიათოთ ეს მოდელი, დადებითი და უარყოფითი თვისებების გათვალისწინებით.
პასუხი: „ნისან იქსტრაილი“ საკმაოდ საინტერესო ხასიათის მქონე ავტომობილია. სხვა კროსოვერებისგან განსხვავებით, რომლებიც თითქოსდა ერთნაირად კარგად გრძნობენ თავს როგორც ასფალტის საფარზე, ასევე უგზოობის პერიოდში, „იქსტრაილი“ უფრო უგზოობისთვის არის გათვლილი. ვერ ვიტყვით, რომ ასფალტზე დიდი პრობლემები აქვს, მაგრამ, სასტიკად ვერ იტანს ასეთი ტიპის გზის საფარზე აგრესიულ მართვას და, ისევე, როგორც მისი „უფროსი ძმა“ – „ნისან პატროლი“, მიდრეკილია გადაბრუნებისკენ. ზოგადად სხვა კროსოვერები მაინც ასფალტის საფარზე სასიარულოდ გათვლილი ავტომობილებია და არა უგზოობაზე, როგორც „იქსტრაილი“. მას საკმაოდ მასიური სალონი აქვს, რაც უზრუნველყოფს ყველა მგზავრის კომფორტულად მგზავრობას. მაღალ პლატფორმაზე მდგარი წინა სავარძლები მეტი ხედვის არეალს იძლევა, რაც მეტად მნიშვნელოვანია „ჯიპის“ ტიპის ავტომობილისთვის. „იქსტრაილს“ გარეგნულად კუთხოვანი ფორმა აქვს, რაც, ცოტა არ იყოს, მიუღებლად აღიქმება, სანამ სალონში რაიმე დიდი მოცულობის საგნებს არ მოვათავსებთ. სალონისა და საბარგულის დიდი ტევადობა განსაკუთრებით მიმზიდველია დიდი ოჯახებისთვის. ამ მოდელის გარანტად შეიძლება დავასახელოთ მისი იაპონური წარმოშობა. ის ჭეშმარიტი „იაპონელია“ და, შესაბამისად, ნაკლებად საჭიროებს ხშირ და არაპროგნოზირებად შეკეთებას.