კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: სისტემატურად ვიკეთებ წვივებზე ეპილაციას ცვილით. შეიძლება თუ არა, ეს გახდეს ბეწვის ჩაბრუნების მიზეზი?
პასუხი: ეს შესაძლებელია, რადგან, ცვილით ეპილაციის ხშირად გაკეთების შემთხვევაში, ბეწვი წვრილდება, სუსტდება, ამოსვლის დროს უჭირს კანის „გაჭრა“ და, ამიტომ, ის კანქვეშ იღუნება. ასეთ დროს გიშველით ინტენსიური პილინგი, დამატენიანებელი საშუალებები და სპეციალური ლოსიონი, რომელიც ბეწვის ჩაზრდის შემთხვევაში გამოიყენება.
კითხვა: ორსულობის პერიოდში ძალიან გავსუქდი, ამიტომ, მშობიარობის შემდეგ მუცელსა და თეძოებზე გამიჩნდა სტრიები („ნაპრალები“). როგორ შეიძლება მათი მოშორება?
პასუხი: თუ ეს „ნაპრალები“ დიდი ხანია, გაქვთ, მათ მოშორებას ქირურგიული ჩარევის გარეშე ვერ შეძლებთ, მაგრამ, თუ თქვენი სტრიები ერთ წლამდე ასაკისაა, ღირს, სცადოთ მათი გამკლავება: სალონში დაგინიშნავენ შეფუთვისა და მასაჟის კურსს და შემოგთავაზებენ სპეციალურ კოსმეტიკურ საშუალებებს.
კითხვა: მაქვს დაბადებიდან წითური თმა. მაინტერესებს, შეიღებება თუ არა პლატინისფერ ქერად?
პასუხი ჯობია, თავი დაანებოთ ექსპერიმენტებს. წითური თმა ძნელად ემორჩილება დეპიგმენტაციას და, შედეგად, თქვენ გახდებით არა პლატინისფერი, არამედ, ხასხასა „ყვითელი ქერა“, თანაც, სერიოზულად დაიზიანებთ თმას.
კითხვა: მაქვს პატარა მკერდი, მაგრამ, სილიკონებისა და მსგავსი რაღაცეების გაკეთებას ვერ ვრისკავ, რადგან, ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ (19 წლის). ჩემი მეგობარი მარწმუნებს, რომ, თუ ბევრ კომბოსტოს შევჭამ, მკერდი გამეზრდება. თუ ეს მართალია, რომელი კომბოსტო უნდა ვჭამო და როგორი სახით?
პასუხი: უძველესი დროიდან კომბოსტოს მართლაც მიიჩნევდნენ სარძევე ჯირკვლების სამკურნალო საშუალებად, მაგრამ, მკერდის გაზრდაზე ის არ მოქმედებს.
კითხვა: სადღაც წავიკითხე, რომ წითელი მშრალი ღვინო სასარგებლოა როგორც სისხლძარღვებისთვის, ისე სახის კანის ფერისთვის. მართალია თუ არა ეს?
პასუხი: დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება – წითელი მშრალი ღვინო მართლაც საუკეთესო საშუალებაა სისხლძარღვებისა და, ასევე, ათეროსკლეროზის სამკურნალოდ, სახის კანს კი ჯანმრთელ, სასიამოვნო ელფერს აძლევს, ოღონდ, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ამ მიზნით საკმარისია დღეში არაუმეტეს 100 მილილიტრის მიღება, თანაც, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო არ გეკრძალებათ ალკოჰოლი.