როგორ უვლის ქმრის შეუფასებელ განძს მაია ჯაბუა და რატომ აღარ ჩანს ის საზოგადოებაში
მომღერალ მაია ჯაბუას სახლში შესვლისთანავე თვალში მოგხვდებათ უამრავი სურათი, რომელებიც კედლებს ამშევნებს და ერთი შეხედვითვე ჩანს, რომ ისინი საკმაოდ ძვირად ღირებული და უნიკალურია. თავად დიასახლისი კი, უკვე დიდი ხანია, რაც საზოგადოებაში აღარ ჩანს. როგორც თავად ამბობს, ბედნიერია, ყოველთვის ღიღინებს და დიდი ოჯახის საქმეებსაც თავად უძღვება. მაია ძალიან თბილი და სასიამოვნო მასპინძელია. თუ როგორ ახერხებს ის ყოველთვის ფორმაში ყოფნას, რატომ გარბის მისი მეუღლე საღამოობით სახლიდან და რაში დაემსგავსნენ შვილები დედას, ამაზე თავად მაია გვესაუბრება.
მაია ჯაბუა: თუ ჩემს განვლილ ცხოვრებას გადავხედავ, თამამად ვიტყვი, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ და ბედიც მწყალობს. ვერ დავიჩივლებ და დავიწუწუნებ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ია-ვარდით იყო ჩემი ცხოვრების გზა მოფენილი და მხოლოდ პოზიტიური ამბები ხდება ჩემ ირგვლივ. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და სულ დღესასწაული ვერ იქნება ცხოვრება, თუმცა, მაინც მიმართლებს. სტაბილური კარიერა, თბილი ოჯახი, საყვარელი შვილები და მზრუნველი ქმარი – ეს ქალისთვის ბედნიერებაა და ეს ბედნიერება მე ნამდვილად მაქვს.
– უკვე დიდი ხანია, მაია ჯაბუა არსად ჩანს...
– ამას თავისი მიზეზები აქვს. არ ვიცი რატომ, მაგრამ, სიტუაციამ მოიტანა და ეს მეც შემეხო. როცა მეკითხებიან აზრს, მე თამამად, კორექტულად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას ამა თუ იმ საკითხზე. მიუხედავად ამისა, ეტყობა, ეს აზრი ვიღაც-ვიღაცეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და „თავისიანად“ ვერ აღმიქვეს. ჩემთვის არაფრისმთქმელი კონცერტები ტარდებოდა და გულიც არ მწყდება, თუ ამ კონცერტებზე მე არ მიმიწვიეს და ვერ ვიმღერე. ეს უფრო სამთავრებო ღონისძიებები იყო და არა კონცერტები. ჩემთვის, ბრჭყვიალა კაბაში, ფონოგრამაზე სიმღერა, რაშიც საკმაოდ ძვირს გიხდიან ერთ სიმღერაში, როცა მხოლოდ პირს აღებ და ემოციურად ვერ იხარჯები, კონცერტი არ არის. შიგადაშიგ ტარდებოდა არასამთავრობო კონცერტები, სადაც მიწვევდნენ, სიამოვნებით ვმღეროდი და დიდ სითბოსა და სიყვარულსაც ვიღებდი. ასე რომ, მაია ჯაბუა სულ მღერის და მისთვის ხარისხი და მსმენელის დამოკიდებულებაა მნიშვნელოვანი. დღესაც, არ აქვს მნიშვნელობა, ქუჩაში ვარ, მანქანაში, სარეცს ვრეცხავ, სახლს ვალაგებ თუ სადილს ვაკეთებ, სულ ვმღერი – ეს ჩვევა ბავშვობიდან გამომყვა. თუ მეორე დღეს კონცერტი მაქვს, მთელი ღამე ვმღერი და ვიმეორებ ტექსტს.
– მერე, ამას მეუღლე როგორ ეგუება?
– ქმარს ჩემი ნამღერი „იავნანასავით“ ჩაესმის და ტკბილად სძინავს (იცინის). ჩუმად, ჩემთვის ვმღერი, ისე, რომ არავინ გაიგოს და ამიტომ არავინ წუხდება. სულ ვცდილობ, ოჯახში კომფორტი შევქმნა და, ოჯახის წევრი იქნება თუ მეგობარი, აქ მოსვლა უხაროდეს. სხვათა შორის, საღამოობით ხშირად მოდიან ჩემი მეგობრები: ეკა კახიანი, ქეთი ფირცხალავა, მაკა საჯაია და სხვა მზიურელებიც, ვსხდებით და ერთმანეთის სიყვარულით ვივსებით. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს ისინი, მაგრამ, ვახო მოგვამარაგებს ხოლმე და თავად გარბის სახლიდან (იცინის). ამბობს, თქვენ ისაუბრეთ და მე მერე შემოგიერთდებითო. მესმის მისი – აბა, როგორი ასატანია ამდენი ქალის ლაპარაკი, სიცილი და ხუმრობა (იცინის). ასე რომ, ვახო სრულ თავისუფლებას გვანიჭებს გოგონებს.
– ამბობენ, ვახტანგ ქუთათელაძეს მაია ჯაბუა ბავშვობიდან უყვარდაო. ეს ასეა?
– ვერ გეტყვით, ამაზე ქმართან არ მისაუბრია, თუმცა, ბევრმა მკითხა და, ვახოს რომ ვუთხარი, ასეა-მეთქი, გაეცინა და ხუმრობაში გამიტარა: „მზიურის” ბავშვები ისეთი საყვარლები იყავით, მე კი არა, ყველას უყვარდითო. თუმცა, როცა გრძნობებში გამომიტყდა, ნამდვილად ვუყვარდი, ამას მე დაგიდასტურებთ (იცინის). გარეგნულად არ ჩანს, მაგრამ, ძალიან თბილი ადამიანია, მოსიყვარულე ქმარი და მამაა. ყოველთვის ახსოვს ღირსშესანიშნავი დღეები და არ ავიწყდება საჩუქრების მოძღვნა.
– ესე იგი, ქმარი განებივრებთ?
– ძალიან. არ დამავიწყდება, სახლში რაღაცის გაკეთება მინდოდა და ვთხოვდი, გავაკეთოთ-მეთქი, მაგრამ, არ მპირდებოდა არაფერს. ერთ დღესაც, მე და ნიკუშა ზღვაზე გაგვიშვა დასასვენებლად და, იქიდან რომ დავბრუნდით, სიურპრიზი დამახვედრა. აი, ასეთია – არ შეგპირდება, მაგრამ, აუცილებლად სიურპრიზად გაგიკეთებს, რასაც სთხოვ.
– თქვენს ბინაში უამრავი ცნობილი მხატვრის ტილოა გამოფენილი. ეს ვისი საკუთრებაა?
– ეს ვახოს ჰობია, საკუთრებაა, მისი სუსტი წერტილი და, ყველაზე ძალიან უყვარს. ხელოვნებაში კარგად ერკვევა და ძალიან ბევრი ცნობილი მხატვრის ორიგინალები გვაქვს სახლში. ამაში ფული არ ენანება და ეს ხელშეუხებელია. ყველა ღირებული და ძვირფასია. ვახო სერიოზული კოლექციონერია და შვილებივით უფრთხილდება მათ. ნიკუშას უთხრა: მამა, ეს არა მარტო ჩემი, შენიცაა და შენ უნდა გააგრძელო კოლექციონერობა ჩემ შემდეგო (იცინის). აი, ასეთ შეუფასებელ განძს უტოვებს ნიკუშას.
– მაია, არასდროს გიფიქრიათ უცხო ქვეყანაში წასვლა და კარიერის აწყობა?
– სამი წელი ვცხოვრობდი და ვმოღვაწეობდი რუსეთში და საკმაოდ წარმატებული პერიოდი მქონდა. იმდენად სწრაფად მოვიდა წარმატება, გაოგნებული ვფიქრობდი, ხომ არ მესიზმრება ეს ყველაფერი-მეთქი. სპეციალურად ჩემთვის დაიწერა ბევრი სიმღერა, მქონდა მიწვევები, გამოვდიოდი კონცერტებზე, გადაიღეს კლიპი. კედელზე მეკიდა კალენდარი, სადაც რამდენიმე თვით ადრე მქონდა აღნიშნული მომავალი კონცერტები. თუმცა, ჩემი მშობლების გამო დავბრუნდი საქართველოში – მამაც და დედაც ავად გახდნენ, წამოვედი მათ სანახავად და ვეღარ დავტოვე ისინი. სამწუხაროდ, მამა მალევე გარდაიცვალა, შემდეგ კი – დედა. ჩემს პირად ცხოვრებაშიც მოხდა სიახლეები: დაიბადა ნიკოლოზი, ჩემი მესამე შვილი და, ასე შემოვრჩი თბილისს. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, არასდროს მქონია მიზნად დასახული უცხო მხარეში წასვლა და იქ კარიერის აწყობა. ბავშვობიდან, სიმღერ-სიმღერით იმდენი ვიმოგზაურე, ალბათ, მთელი ცხოვრება მეყოფა (იცინის).
– უამრავი ჭორ-მართალი იწერებოდა თქვენ შესახებ. როგორ რეაგირებდით ამაზე?
– ცოცხალ ადამიანზე ყველა ჭორაობს, მით უმეტეს, როცა ცნობილი ხარ. ასე რომ, ეს ჩემთვის გასაკვირი არ არის. რაც შეეხება რეაქციას, მშვიდად ვიღებ ამას ყველაფერს და ვცდილობ, გულთან არ მივიტანო. არ დამავიწყდება, ერთხელ ჭორი გავრცელდა, თითქოს მოვკვდი. გადარეულები რომ მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ – ცოცხალი ხარო? მე მეცინებოდა, ისინი კი ტირილს იწყებდნენ (იცინის). ჭორის გამო არც დეპრესიაში ჩავვარდნილვარ და არც ნერვები მომიშლია. ძლიერი ადამიანი ვარ და ჭორები წყობიდან ვერ გამომიყვანს. სხვათა შორის, კარგი მესაიდუმლეც ვარ და, შვილებიდან დაწყებული, ყველა ჩემთან მორბის, გული რომ გადამიშალოს. ვინც მიცნობს, თვალდახუჭული მენდობა და ეს ჩემს დიდ პლუსად მიმაჩნია. არავის არაფერს ვკითხავ, თავად თუ აქვთ სურვილი, მომიყვებიან, მე კი მოვუსმენ და საიდუმლოს შევუნახავ. არც მკაცრი ვარ და არც ობიექტურობას ვკარგავ არასდროს. შვილებმაც იციან, რომ, მიუხედავად ბევრი ერთგული მეგობრისა, ჩემზე კარგი მესაიდუმლე, მრჩეველი და ერთგული მეგობარი მათ არ ჰყავთ.
– შვილები თუ მღერიან და თუ გაჰყვნენ დედის კვალს?
– სამივეს კარგი სმენა აქვს, კარგად მღერიან – ამაში, საბედნიეროდ, ნამდვილად მგვანან (იცინის). რაც მთავარია, კარგი მუსიკალური გემოვნება აქვთ. ლიზა ძალიან კარგად მღერის და სერიოზულ ვოკალურ სკოლას გადის. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსები არასდროს მიყვარდა, არ ვუშლი მას ბედის ცდას კონკურსზე. ჩემს დროს კონკურსები არ იყო, თუმცა, ოლიმპიადებზე უამრავი ოქროსა და ვერცხლის მედალი მაქვს აღებული და ეს, ერთ დროს ჩემთვის შეუფასებელი განძი, დღეს ბავშვების სათამაშოა (იცინის). კონკურსი ადამიანისთვის დიდი გამოცდილებაა. შვილებს სულ ვაფრთხილებ, წარუმატებლობა დასასრულს არ ნიშნავს-მეთქი და ეს გათავისებული აქვთ. არასდროს ვაძლევ რჩევებს, ასე იმღერე ან ასე დადექი სცენაზე-მეთქი. ლიზას ტემბრალურად განსხვავებული ხმა აქვს, თუმცა, მომენტებში ძალიან ჰგავს ჩემს ხმას. მას თავისი ინდივიდუალობა აქვს და ამაში ვერავინ ჩაერევა. ზოგადად, არ ვარ მოჩხუბარი დედა, თუმცა, ცოტა მკაცრი ვარ. კიდევ ვამბობ: მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ და შევუწყობ ხელს მის სწორად დაგეგმვაში, თუმცა, რადიკალურად არ ჩავერევი. რძალთან და სიძესთან ერთად კი ნამდვილად არ ვიცხოვრებ და ზუსტად ვიცი, რომ კარგი დედამთილი და სიდედრი ვიქნები (იცინის).