რა გადაიტანა „ქართლის დედის” გამო ელგუჯა ამაშუკელმა და როგორ მოაჭრა მან ხმლით თავი ლენინს
„როცა თავს ესხმი ცხოველს და მას ინტელექტით ბრძოლას უგებ, არ დაიჯერო, რომ ეს შენი ნიჭი და დამსახურებაა – ეს იმ უნარისა და ძალის შედეგია, ღმერთმა არსებობისთვის რომ მოგანიჭა...” ელგუჯა ამაშუკელმა თავის დროზე ისეთი ნამუშევრები შექმნა, რომლებიც კიდევ ძალიან დიდხანს, საუკუნეები ილაპარაკებენ ამ არაჩვეულებრივი ადამიანის ნიჭიერებაზე. მაგრამ, არავინ იცის, რა სიძნელეებით იქმნებოდა მისი „ქართლის დედა” და „გორგასალი”, რა წინააღმდეგობებს აწყდებოდა იმისთვის, რომ ამ სიმბოლოებით თბილისი კიდევ უფრო ძლიერი და ლამაზი გამხდარიყო. ალბათ, არც ის იცის საზოგადოებამ, რომ ის ისევე კარგად წერდა, როგორც ძერწავდა. დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარი თავად ბატონი ელგუჯა ამაშუკელია.
ქართლის დედა და მიზანში ამოღებული ლენინი
„...შემოქმედებითი ცხოვრების გზაზე სიხარულთან ერთად ბევრი ტკივილიც განმიცდია. ვიდრე ჩემს ამა თუ იმ მხატვრულ ჩანაფიქრს ხორცს შევასხამდი, არა ერთი და ორი წინააღმდეგობა გადამილახავს... საერთოდ, ადამიანი ნათელი დღეებით ცოცხლობს, ბოროტს, ცუდს, უსიამოვნოს ის მალე ივიწყებს, თუმცა, არის მოვლენები, რომლებიც ჩვენს მეხსიერებაში ისე მძაფრადაა ჩაკირული, რომ არ ამოიშლება. კარგთან ერთად, მინდა, ზოგი რამ ისეთიც გავიხსენო, რამაც თავის დროზე გული მატკინა. პირველი დიდი უსიამოვნება „ქართლის დედის” მონუმენტს უკავშირდება. ეს ქანდაკება თბილისის 1500 წლის საზეიმო დღეებში, 1958 წელს შევქმენი და მას „დედაქალაქი” ვუწოდე, „ქართლის დედა” ხალხმა შეარქვა მოგვიანებით. ქანდაკებაში ხმლისა და თასის აქსესუარი გამოხატულებაა არა მრავალშვილიანი ქართველი დედის ბუნებისა, არამედ, ჩვენი დედაქალაქის – თბილისის ისტორიული ხვედრისა – ათასი ჯურის მტრებთან გაუთავებელი ბრძოლებისა და კეთილი გრძნობით მოსულ სტუმართან ურთიერთობისა. მისი რეპროდუქცია მსოფლიოს არაერთმა ჟურნალმა და გაზეთმა დაბეჭდა. რაც უფრო იზრდებოდა ქანდაკების პოპულარობა, მით უფრო კრიტიკული ხდებოდა მისადმი დამოკიდებულება. შემატყობინეს: თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი, გიორგი გეგეშიძე გიბარებსო. თბილად მიმიღო. კომკავშირის ხეივანში რომ ძეგლი დგას „ქართლის დედა”, უნდა მოვხსნათ! – მითხრა მან და თვალებში შემომხედა. მოულოდნელობისგან ელდა მეცა, ფერი დავკარგე. არა, კი არ მოვხსნათ, სხვაგან გადავიტანოთ! მაგალითად, მახათას მთაზე! – შეასწორა ნათქვამი, – წინააღმდეგი ხომ არ იქნები? – რატომ, ბატონო გიორგი? – ვკითხე. არის ასეთი აზრი! მოვხსნათ და მახათას მთაზე დავდგათ, უფრო მაღალ კვარცხლბეკზე! სადაც დგას, ის ადგილი რატომ არის ცუდი? არა, ცუდი არ არის, მაგრამ, არის აზრი, რომ ეს მონუმენტი რუსთაველის პროსპექტიდან ხელს უშლის ლენინის ძეგლის ნორმალურად აღქმას. ნათქვამი ვერ გავიგე და ბატონ გიორგის მორიდებით კვლავ გავუმეორე – რაში გამოიხატება ხელის შეშლა? მან არაფერი მიპასუხა, გამოაღო მაგიდის უჯრა, ამოიღო რუსთაველის პროსპექტიდან გადაღებული ფოტო – ლენინის ძეგლი ქართლის დედის ფონზე და წინ დამიდო. უეცრად ვერ გავაცნობიერე ვერც ნათქვამი და ვერც ფოტო, მაგრამ, როცა სურათს ყურადღებით დავაცქერდი, უმალ მივხვდი თუ რას ნიშნავდა ყოველივე ეს. ვიღაცას ჩემი ნამუშევარი „ქართლის დედა” სპეციალურად ისეთი წერტილიდან გადაუღია, რომ ქანდაკება ბელადს კისერზე ხმლით ებჯინებოდა. ყველაფერს მივხვდი. ბატონმა გიორგიმ ფოტო გამომართვა, უჯრაში ჩადო და საუბარი განაგრძო. გადავიტანოთ და დავდგათ, როგორც გითხარი, უფრო მაღალ ფუძეზე. თქვენ დარწმუნებული ბრძანდებით, ბატონო გიორგი, რომ მახათას მთაზე გადატანილი ეს ქანდაკება აღარავის შეუშლის ხელს? ლენინის ძეგლი აქ არაფერ შუაშია, როგორც ჩანს, ვიღაცეებს საერთოდ უშლის ხელს ამ ქანდაკების არსებობა, თორემ, გეომეტრიის ელემენტარული კანონით, ორი წერტილის დამთხვევა ყველგან შეიძლება. ღრმად ვარ დარწმუნებული, მახათას მთაზეც და მცხეთაშიც რომ წაიღოთ, ამის გადამღები იქაც მოძებნის სასურველ წერტილს სურათის გადასაღებად. ბატონ გიორგის ვუამბე ამ ქანდაკებასთან დაკავშირებული ერთი ისტორია, თუ როგორ უმტკიცებდნენ ჩემი უფროსი კოლეგები აკადემიკოს კოლპინსკის, რომ ჩემი ორივე ნამუშევარი – „გორგასალიც” და „ქართლის დედაც,” ფაშისტური სვასტიკის ფუძეზე აგებული კომპოზიციებია. თვალსაჩინოებისთვის, მათ რუსი მეცნიერისთვის ეს ქანდაკებები დაუხატავთ კიდეც პაპიროსის კოლოფზე. ამის შესახებ დიდი ხნის წინათ მიამბო მოსკოველმა ხელოვნებათმცოდნემ ნოველლა ვორონინამ... ბატონი გიორგი ყურადღებით მისმენდა. უჯრა გამოაღო, აღელვებულმა ისევ მაგრად მიხურა და უმისამართოდ თუ მისამართით ისე გულიანად შეიგინა, მსგავსი გინება მაღალი თანამდებობის პირისგან კი არა, მძღოლისგანაც არ გამიგონია. ნუ მიაქცევ ყურადღებას! იმუშავე! თუ რაიმე წინააღმდეგობა შეგხვდება, მოსვლა ნუ მოგერიდება! – მითხრა მან და კარებამდე გამომაცილა. მალე ყველაფერი ნათელი გახდა – ფოტოს ავტორის ვინაობაც გაირკვა და იმათიც, ვინც ამ ფოტო-ოსტატის ფანტაზიას ამდიდრებდნენ... ვერასოდეს ვერ გამოვნახე დრო და საშუალება საკუთარი სახელოსნოს მშენებლობისთვის. ამის მიზეზი ისიც გახლდათ, რომ ძეგლების, მონუმენტების მოდელებს ყოველთვის მთავრობის მიერ დროებით გადმოცემულ ნაგებობებში ვასრულებდი. სიმართლე, რომ ვთქვა, მშენებლობისკენ არც ოჯახური ტრადიცია მიბიძგებდა. ჩემს მშობლებს არასდროს ჰქონიათ საკუთარი სახლის მშენებლობისთვის საჭირო არც მატერიალური შესაძლებლობა და არც დრო. ყველგან და ყოველთვის ვეგუებოდი მუშაობის უკიდურესად მძიმე პირობებს. არასდროს მქონია საკუთარი სახლი, სახელოსნო, აგარაკი, მანქანა... მას შემდეგ, რაც „განვათავისუფლე“ ანჩისხატის ეკლესია (იქ ათი წელი ვმუშაობდი), ნამუშევრების შესანახად ვერცხლის ქუჩაზე მომცეს სარდაფის ტიპის 17 კვ. მ. ფართობი, რომელშიც შევზიდე ყველა ჩემი ქანდაკება, ძეგლების მოდელები, ესკიზები და სარდაფი დავკეტე. უსინათლობისა და ფართობის უქონლობის გამო, იქ მუშაობა შეუძლებელია. მირეკავს ნაცნობი და მეუბნება – თქვენი სარდაფი ღიაა და ნამუშევრები დამტვრეულიო. ელდა მეცა. სასწრაფოდ წავედი. არ შემიძლია, ვთქვა რომ, ვიღაცამ ეს ჩემდამი მტრობით მოიმოქმედა. შესაძლოა ვინმეს კოოპერატივების ბუმის პერიოდში სარდაფი თვალში მოუვიდა და ასეთი გზით მოინდომა ჩემი იქიდან გამოყვანა...”
ყალთაბანდები
„ივანე კოზლოვსკის გასტროლების დროს, მახსოვს, ბილეთებზე რიგი თეატრის სალაროდან რუსთაველის პროსპექტზე გადიოდა. მას „ტრავიატაში” უნდა ემღერა ბათუ კრავეიშვილთან ერთად. ბათუ მაშინ იმდენად პოპულარული მომღერალი გახლდათ, რომ მისი მონაწილეობით ყველა სპექტაკლი ოპერის თეატრში გაჭედილი იყო მაყურებლით. მე და ჩემმა მეგობრებმა – არქიტექტორებმა ვახტანგ აბრამიშვილმა და თორნიკე ჩხეიძემ, გადავწყვიტეთ ბილეთების აღება. დავდექით რიგში, მაგრამ, მალე გადავიფიქრეთ. იყო უსიამოვნო წვიმიანი დღე და, ბილეთების შესაძენად ფულის, დროისა და მოთმინების გარდა, ქოლგაც იყო საჭირო. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ბილეთების დახატვა. ბილეთები იმავე ქაღალდებზე იბეჭდებოდა, რაზეც აფიშები. თორნიკემ ერთ-ერთ აფიშას გვერდი ჩამოახია და სასწრაფოდ წავედით მასთან სახლში – გრიბოედოვის ქუჩაზე. საღამოს ჩვენ სამივენი, მესამე იარუსის ქანდარაზე ვიდექით და ვუსმენდით ვერდის ამ პოპულარულ ოპერას. მკითხველი, იმედია, გაგვიგებს, რომ ეს იყო ახალგაზრდული ცდუნება, ის ასაკობრივი პერიოდი, როცა ემოცია, გრძნობა ხშირად ამარცხებს გონებას...“
დამდნარი და მტკვარში გადაგდებული გორგასალი
„... ცხოვრებაში იოლი გზით არასოდეს მივლია. მიზნის მისაღწევად ჯოჯოხეთურ ფიზიკურ შრომასაც არ მოვრიდებივარ. ყველა ჩემს ნამუშევარს საკუთარი ბიოგრაფია აქვს... ვახტანგ გორგასლის ძეგლის საკონკურსო პროექტი 15 კვ. მ. ფართობის სახოვრებელ ბინაში გამოვძერწე. იმავე ქანდაკების მოდელი – კამოს ქუჩაზე, დროებით მოცემულ 20 კვადრატული მეტრი ფართობის ოთახში. ცუდი განათების გამო, მუშაობა ელექტრონის შუქზე მიხდებოდა. ამიტომ, ნამუშევარი საბოლოო კორექტივებისთვის გადავიტანე მეტეხის პლატოზე – მაშინ იქ არსებული პოლიკლინიკის ერთ-ერთ ოთახში, რომელიც პლატოს რეკონსტრუქციის დროს დაანგრიეს და მტკვარში ჩემი ქანდაკებაც გადააყოლეს. ძეგლის ახალი სამუშაო მოდელი მეტეხის ტაძარში შევქმენი. ნაგებობა არ თბებოდა, ზამთარში შიგნით ისევე ყინავდა, როგორც გარეთ. მუშაობის პერიოდში ორჯერ მძიმედ გავხდი ავად: ერთხელ ფილტვების ანთებით, მეორედ – მხრის მწვავე პლექსიტით... ვახტანგ გორგასლის ძეგლის ნატურალური ზომის მოდელი თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სადგომ პარკში გამოვძერწე. ქანდაკება მზად იყო თაბაშირში ჩამოსასხმელად, როცა ერთი თვით კვლავ მომიწია უცხოეთში წასვლა. ეს მოგზაურობა ამჯერადაც ძვირი დამიჯდა. თუ ადრე საფრანგეთში ჩემმა გამგზავრებამ იმსხვერპლა გორგასლის სამუშაო მოდელი (მეტეხის პლატოს რეკონსტრუქციის დროს) და თავიდან მომიხდა მისი შესრულება, ამჯერად აგვისტოს გვალვამ მთლიანად დაადნო პლასტელინში გამოძერწილი ნატურალური ზომის ქანდაკება და მისი დამუშავებისთვის ექვსთვიანი შრომა გავწიე. ძეგლი უნდა ჩამოსხმულიყო ბრინჯაოში, ლენინგრადის ქარხანაში. ამიტომ მოდელი თაბაშირში ლენინგრადელმა ოსტატებმა ჩამოასხეს, ორი დიდი ტრაილერი დავტვირთეთ და მანქანები ლენინგრადისკენ გავისტუმრეთ. რუსეთისკენ მიმავალი გზები ბევრგან უკვე მოყინული იყო. ვიცოდით, მანქანები პეტრეს ქალაქში ორ კვირაზე ადრე ვერ ჩავიდოდნენ. გავიდა თვეზე მეტი. მანქანების ჩასვლასთან დაკავშირებით ქარხნიდან ცნობა იგვიანებდა. დაკარგულ ტრაილერებზე გამოცხადდა საკავშირო ძებნა. მარშრუტის შეცვლის მიზეზი ჩვენთვის გვიან გახდა ცნობილი: შავი ზღვის სანაპიროს გავლისას, მძღოლებს მანქანები მანდარინითა და ფორთოხლით დაეტვირთათ და გეზი ურალისკენ აეღოთ. იქ მათ სარფიანად უვაჭრიათ და კარზე მომდგარი ახალი წელი წინასწარ „მიულოცავთ“ ურალერი მშრომელებისთვის. ალბათ, მძღოლების თავისმართლებას დავიჯერებდით (ისინი ამტკიცებდნენ, რომ გზაში მანქანები გაუფუჭდათ), რომ არა ერთი სამხილი: როდესაც ქარხნის მუშებს მანქანიდან ქანდაკების ფორმები გადმოჰქონდათ, ერთ-ერთი დეტალიდან, გორგასლის ცხენის თავიდან, თოვლზე მიმობნეულა ოქროსფერი ნარინჯი. მაშინ მათ დასჯაზე არავის გვიფიქრია. მთავარი იყო, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და ძეგლის მოდელი დაუზიანებელი ჩავიდა ქარხანაში ჩამოსახმელად...”
დამბაჩა და ეშმაკი
„... საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ცნობილი ფრანგი მხატვარი ჟან ლურსა. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყურადღება არ დაგვიკლია: ვაჩვენეთ დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები, მუზეუმები, ძველი და ახალი თბილისი, დაბოლოს, საქართველოს სამხედრო გზით ფასანაურისკენაც გავასეირნეთ, არაგვის პირას ქართული ღვინოც გავსინჯეთ. მხატვრებმა ზურაბ ლეჟავამ და შურა ბანძელაძემ რამდენიმე მშვენიერი ქართული სიმღერაც მოასმენინეს სტუმარს და მის აღტაცებას კოკი მახარაძე დამბაჩის ბათქით უერთდებოდა. მე კოკის დამბაჩა გამოვართვი – მახსოვდა შეგონება, ცარიელ თოფშიც რომ ეშმაკი ზის და მასთან თამაში არ შეიძლება. ამავე დროს, ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ დამბაჩა აღარ იყო დატენილი, ამიტომ, ავიღე იგი და ხუმრობით ჩემ წინ მჯდომ მხატვარ გურამ გელოვანს დავუმიზნე და სასხლეტი დავუშვი. გაისმა გამაყრუებელი ხმა. როცა ბოლი გაიფანტა, დავინახეთ გაფითრებული გურამი. ხან მე მიყურებდა, ხან თავის შიშველ მუცელზე იყურებოდა. ყველანი შეშინდნენ. მე ფიცი დავიწყე, რომ დამბაჩა არ იყო დატენილი. ამ სიტყვებზე ზურაბმა ჩვეული იუმორით გადმომილაპარაკა: ფიცი გვწამს, მაგრამ, გურამის მუცელი გვაკვირვებსო. ერთი სიტყვით, მსგავსი შიში იშვიათად განმიცდია. ვნანობდი, რომ გურამს მაშინ მუცელზე უფრო მეტად გული ვატკინე. მას შემდეგ მართლაც ვირწმუნე ცარიელი თოფისა და ეშმაკის „ნათესაობა...”