ექიმის რჩევები
კითხვა: 6 თვეა, ყოველ დილით გული მერევა, მაქვს საშინელი ტკივილები კუჭის არეში. მირჩიეთ, ვის მივმართო?
პასუხი: პირველ ყოვლისა, უნდა გამოიკვლიოთ სანაღვლე გზების, ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის მდგომარეობა. ზუსტი მიზეზის დასადგენად უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს.
კითხვა: ვარ 15 წლის. ექოსკოპიაზე დადგინდა, რომ მაქვს ორჯიბიანი ნაღვლის ბუშტი. გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს და საშიშია თუ არა ეს?
პასუხი: ეს არის ნაღვლის ბუშტის ანატომიური განვითარების თავისებურება და, ფაქტობრივად, განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს. ნაღვლის შეგუბების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ, საკვები მიიღოთ რეგულარულად – დღეში 4-ჯერ.
კითხვა: ვარ მოხუცი, ნერვიულობის ნიადაგზე დამემართა ფსორიაზი. მთელ სხეულზე, თმის ძირებში და კიდურებზე მაქვს სხვადასხვა ზომის გამონაყარი, რომელიც საშინლად მექავება. ვიყავი ექიმთან და გამომიწერა ძალიან ძვირად ღირებული წამლები, რომლებმაც, პრაქტიკულად, არ მიშველა. ვიცი, რომ ფსორიაზი არ რჩება, მაგრამ, ხომ არ არსებობს რაიმე ხალხური საშუალება, რომ მდგომარეობა შემიმსუბუქდეს მაინც?
პასუხი: მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ორგანიზმის გაწმენდა, მკაცრი დიეტის დაცვა, ვიტამინების კომპლექსის მიღება; მეტი სითხის დალევა (ისე, რომ გული და ღვიძლი არ გადატვირთოთ); აბაზანები ზღვის მარილითა და ბალახებით (გვირილა, ქრისტესისხლა...); ნაყენების დალევა, რომელთა მოქმედება ფსორიაზის საწინააღმდეგო და იმუნიტეტის ასამაღლებელი ეფექტით უნდა იყოს. არ შეიძლება: ალკოჰოლი, თამბაქო, ნერვიულობა. დაავადების მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური: შიგნიდან და გარედან. ერთ-ერთი ხალხური რეცეპტი: კალანჰოეს წვენი – 10 მილილიტრი, ევკალიფტის ზეთი – 30 მილილიტრი, თაფლი – 10 გრამი კარგად ავურიოთ, გავაჩეროთ 3 დღით და წავისვათ პრობლემურ უბნებზე.
კითხვა: მეუღლეს წლების წინ იდაყვის ტრავმა ჰქონდა და არ უმკურნალია. ახლა დაეწყო ტკივილები, დიდი ძალდატანებით ხრის ხელს, 30 გრადუსზე მეტად არ იშლება. რა არის ეს – ოსტეოართროზი? როგორ ვუმკურნალოთ? ოპერაცია ხომ არ დასჭირდება?
პასუხი: სახსრის ტრავმას მეორეული წარმოშობის ოსტეოართროზის გამოწვევა შეუძლია. საჭიროა გამოკვლევა (სისხლის ანალიზი, სახსრის რენტგენი და ექოსკოპია), თერაპევტისა და რევმატოლოგის კონსულტაცია. მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია ართროზის სტადიაზე. ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია ართროზის მესამე-მეოთხე სტადიაზე ან სახსრის სტრუქტურების დაზიანების შემთხვევაში.
კითხვა: ჩემი გოგონა არის 5 თვის. თავზე, ყიფლიბანდის გვერდით, 1,5 სანტიმეტრი ჰემანგიომა აქვს. დაბადებისას წითელი ლაქა იყო, 3 თვის ასაკში კი 2 მილიმეტრით ასცდა კანს. საოპერაციო ხომ არ არის?
პასუხი: ჰემანგიომა სიმსივნური წარმონაქმნია, რომელიც ზრდის პერიოდის შემდეგ, შეიძლება, თავისით გაქრეს. თუ ჰემანგიომა აღარ იზრდება, ჯერჯერობით, უბრალოდ, დააკვირდით.
კითხვა: ვარ 23 წლის მამაკაცი. სახეზე ათერომები მაქვს. მაჭრიან, მაგრამ, ისევ ამოდის. მირჩიეთ, რისი გაკეთება შეიძლება?
პასუხი: ათერომა კისტოზური წარმონაქმნია, რომელიც ხალხში ცხიმგროვის სახელწოდებითაა ცნობილი. წარმოიშობა ცხიმოვანი ჯირკვლის გამომტანი სადინარის დახშობის შედეგად. მალამოებითა და შინაგანად მისაღები პრეპარატებით მისგან განკურნება შეუძლებელია. ქირურგიული მკურნალობა, ანუ, ათერომის მოშორება (კაფსულიანად ამოკვეთა) ადგილობრივი ანესთეზიით ხდება. ამჟამად, კლასიკურ ქირურგიულ მეთოდთან ერთად, ათერომის სამკურნალოდ ლაზერულ და რადიოტალღურ მეთოდებსაც იყენებენ. ისინი ბევრად უფრო ეფექტური და რეციდივის განვითარების თვალსაზრისით გაცილებით უსაფრთხოა, არ მოითხოვს ნაკერების დადებას, არ ტოვებს ნაწიბურს, ოპერაციის შემდგომი გართულებები გამორიცხულია. მკურნალობის მეთოდს სპეციალისტი გირჩევთ.