თბილისის რომელ უბანში მდებარეობდა „სურდოს ხატი“, რომელი მთავარმართებლის ბრძანებით შეუერთდა თბილისს ხარფუხი და სად მდებარეობს შაჰტახტი
თბილისის ზოგიერთი ძველი უბნის, ქუჩის ან მოედნის სახელწოდებებს დღეს იშვიათად თუ ახსენებს ვინმე, ისიც, მხოლოდ ძველი თაობის თბილისელები ან ქალაქის ისტორიის მოყვარულები. სეიდაბადი, ხარფუხი, შაჰტახტი – ამ უბნებს თბილისის ისტორიაში თავისი საპატიო ადგილი უკავია.
სეიდაბადი
აბანოების უბანსა და მის მიმდებარე ტერიტორიას (იმ ადგილამდე, სადაც დღეს სამასი არაგველის ძეგლი დგას) მეჩვიდმეტე საუკუნიდან სეიდაბადი ეწოდებოდა. ეს სპარსული სიტყვაა და „სეიდების სამოსახლოს“ ან „სეიდების უბანს“ ნიშნავს. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ეს სახელწოდება გაჩენილა იმის გამო, რომ აქ სპარსეთის შაჰს სეიდების ტომი ჩაუსახლებია. „ტფილისს დის ცხელი წყალი კლდიდამ, არს მით აბანო ექვსი, და დიდშენნი ავაზიანი, მარადის მომდინარე ცხელი წყალი. აქ თაბორს ყოფილა ციხე, არამედ აწ შემუსვრილი არს. აქ დასხა შასეფიმ სეიდნი, მის გამო სპარსნი უწოდებენ სეიდ აბადს (სეიდის შენნი). ყოფილან ეკლესიანი დიდ-შენნი, დასახელებით „სეიდაბადი” არსებობს თავრიზშიაც”, – წერდა ვახუშტი, რომელიც ამ უბანს თბილისის გეგმაზე ორმაგ სახელს უწოდებდა: „სეიდაბადი ან ტფილისი”. თავდაპირველად ამ ადგილს ტფილისი ერქვა. აქ ჩაისახა პირველი დასახლება. მემატიანე მოგვითხრობს: „აიყარა მეფე სპარსთა, და უკუდგა რუსთავად, და გამოვიდეს იგინი განთიად და დადგეს ველსა კალაისას, რამეთუ ტფილისი და კალაიცა მოოხრებული იყო მაშინ”. აქ ლაპარაკია თბილისის ორ ნაწილზე: ტფილისზე და გალავნით შემოვლებულ კალაზე. თბილისის ეს ნაწილი – საკუთრივ „ტფილისი,” ქალაქის სხვა ნაწილებთან ერთად, დროთა განმავლობაში ფართოვდებოდა. მეთორმეტე საუკუნისთვის „ტფილისი” (გვიანდელი სეიდაბადი) გალავნით იყო შემოზღუდული. გალავნის აღმოსავლეთ ნაწილის ფრაგმენტი დღემდე შემორჩა 300 არაგველის ძეგლის სიახლოვეს. მონღოლების შემოსევის შემდეგ ეს ადგილი მეცხრამეტე საუკუნემდე აღარ განაშენიანებულა და ბაღებით იყო დაფარული. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება მიექცა თბილისის გოგირდოვანი წყლების სამკურნალო თვისებებს. 1937 წელს აშენდა სააბაზანო კორპუსი, რომელსაც მთელი კვარტალი ეკავა. 1962 წელს მის გვერდით აშენდა ბალნეოლოგიური კურორტის ახალი მაღლივი კორპუსი, თავად ბალნეოლოგიური კურორტი კი 1938 წელს გაიხსნა, რასაც საინტერესო პროექტი უძღოდა წინ: კურორტის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, მიხეილ ზანდუკელმა, 1932 წელს ცნობილ მხატვარს სიდამონ ერისთავს, დააკისრა კურორტის პროექტის დახატვა. ზანდუკელის იდეით, ქალაქის ცენტრში, კერძოდ, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, უნდა მოწყობილიყო საკურორტო ზონა, ეგრეთ წოდებული საკურორტო ქალაქი. ამ სქემის თანახმად, საკურორტო ზონა ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნებოდა განლაგებული და მასში თბილისის ბოტანიკური ბაღიც შევიდოდა. ამ პროექტის განხორციელება მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო ვერ მოხერხდა.
ხარფუხი
აბანოების უბანსა და ორთაჭალას შორის, თაბორის მთის ძირში, მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების მიჯნაზე პატარა სოფელი ხარფუხი ყოფილა გაშენებული. ადრე, სეიდაბადად წოდებულ უბანსაც, მეცხრამეტე საუკუნიდან ხარფუხი ეწოდებოდა. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში სოფელში დასახლდნენ ლეკების მიერ დარბეული სოფელ წალასყურიდან გადმოხიზნული გლეხები. 1811 წელს ხარფუხი თბილისის მაზრას მიაწერეს. 1819 წელს სამოქალაქო გუბერნატორმა ხოვენმა ოფიციალურად სთხოვა მთავარმართებელ გენერალ ერმოლოვს ხარფუხის თბილისთან შემოერთება. ის ერმოლოვს ატყობინებდა, რომ ხარფუხში თავშესაფარს პოულობდნენ ბოროტმოქმედნი, სხვადასხვა ჯურის უპასპორტო, საეჭვო ხალხი და საქონლით დატვირთული კონტრაბანდისტები. უცხოეთიდან გადმოსულ კონტრაბანდისტებს თვით ხოვენი წასწყდომია. ერმოლოვი დაეთანხმა ხოვენის წარდგენას და მისი 1819 წლის 15 მარტის ბრძანებით, ხარფუხი ოფიციალურად იქცა თბილისის ნაწილად. ამ დროისთვის ხარფუხის მოსახლეობა სულ 33 კომლს (143 კაცს) შეადგენდა. მიუხედავად ოფიციალური აქტისა, რამდენიმე ათეული წელი ხარფუხი სოფლად რჩებოდა და მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში მოხერხდა იქ ქალაქური ცხოვრებისა და განაშენიანების დამკვიდრება. ამ უბანში, თათრების სასაფლაოს სიახლოვეს, მცირე ნაგებობა – კედელი თუ საკულტო დანიშნულების ქვა იდგა ხატითურთ. თბილისელების რწმენით, ამ ხატს სურდოს განკურნება შეეძლო და მასთან სურდოშეყრილი ბავშვები მიჰყავდათ. იოსებ გრიშაშვილი წერდა: „ხარფუხი – ძველებურ სომხურ ენაზე სურდოს ნიშნავს. მართლაც, ხარფუხის თავზე, სოფელ შინდისის გზის დასაწყისში,
კლდის ქიმზე, დღესაც მოჩანს პაწაწინა ნანგრევები, რომელსაც „სურდოს ხატს” უწოდებენ. სურდოიანი პაციენტი ახლაც ესტუმრება ხოლმე ამ ხატს. ამ ხატს მოუტანს საყმაწვილო ჭინჭილებს, მიამტვრევს ხატის წინაშე და, ვითომ ამით სურდო იკურნება ხოლმე”. არსებობს სახელწოდება „ხარფუხის“ წარმოშობის მეორე ვერსიაც: სახელი „ხარფუხი” მიმდინარეობს სურფ სარქისის ეკლესიიდან, ქარბუქთან დაკავშირებული დღესასწაულიდან. 1737 წელს დაწყებული ჯვარგუმბათოვანი სომხური ეკლესიის მშენებლობა 1831 წელს დასრულებულა. ტაძარი 1937-1938 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია. არსებობს ლეგენდა, რომ ტაძრის მშენებლობის დროს „ენკავედეს” ორი თანამშრომელი დაღუპულა. დღემდე შემორჩენილია ტაძრის მხოლოდ პირველი სართულის ერთი კედელი, რომლის დანგრევა ვერ მოხერხდა და შემორჩენილია ვინმე თელაველი სომხის წარწერა კედელზე, სადაც იკითხება: „აღვაშენე და შევწირე ოთახი ესე წმინდისა სურბ სარქისის ეკლესიისათვის თელავის მოქალაქე გრ. არუთნიას ძე ოსკანოვი მოსახსენებელათ სულისა და მშობლებისა ჩემისა”.
შაჰტახტი
ქალაქის გალავანი სამხრეთიდან სოლოლაკის ქედს მიუყვებოდა, ახლანდელი სოლოლაკის ხეივნის ხაზზე, შემდეგ მკვეთრად უხვევდა და ქედის ფერდობზე ეშვებოდა დღევანდელი დადიანის ქუჩის მიმართულებით. ამ კუთხეზე, სამხრეთისა და დასავლეთის კედლების შესაყარზე, მძლავრი ბასტიონი იყო აღმართული, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს და „შაჰის ტახტს” უწოდებს. 30 მეტრი სიგრძის მართკუთხა ციხე-სიმაგრე კოშკებით იყო გამაგრებული. თბილისის 1800 წლის გეგმაზე შაჰტახტი ან შაიტახტი ექსპლიკაციაში აღნიშნულია ქალაქის 12 ძირითად ნაწილს შორის, რაც მის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე მიუთითებს. პლატონ იოსელიანის ცნობით, მეცხრამეტე საუკუნეში, 1837 წლამდე, შაჰტახტი ობსერვატორიის დანიშნულებას ასრულებდა. ობსერვატორია დაარსებული უნდა ყოფილიყო თბილისის ცალკე საამიროს შექმნის ხანაში, მეცხრე საუკუნეში. ეს ვარაუდი მით უფრო ყურადსაღებია, რომ არაბულ სახელმწიფოებში ასტრონომიას მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. არსებობს არაბი გეოგრაფის, ალ-ისტაჰრის ცნობა მეათე საუკუნის დასაწყისში თბილისში ობსერვატორიის არსებობის შესახებ. ამასვე უნდა მოწმობდეს ის ცნობაც, რომ მეცამეტე საუკუნეში ახლად აშენებულ მარაღის ობსერვატორიაში სამუშაოდ მიწვეულთა შორის იყო თბილისელი ასტრონომი ფაჰრედ ახლათი. დღეს შაჰტახტის მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი.
უშანგი რუხაძე
მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985 წელი).