რა რისკზე მიდის ქალი, როცა ქმართან მოვალეობის გრძნობით იწყებს ცხოვრებას
ადამიანები თავად ირჩევენ ცხოვრების გზას. თითოეულ ჩვენგანს აქვს არჩევნის საშუალება, რადგან, არჩევანი ყოველთვის არის. როცა რაღაც ისე არ ხდება, როცა პრობლემას პრობლემა მოსდევს, როცა ჩვენივე გადაწყვეტილება თავდაყირა აყენებს ყველაფერს, ვიწყებთ გამოსავლის ძებნას; ვცდილობთ, გავამართლოთ ის, რაც მერე ხელს შეგვიშლის ნორმალურ არსებობაში და, მით უმეტეს ბედნიერებაში. ხშირად გვიჭირს დაშვებული შეცდომის აღიარება. თითქოს საკუთარ თავთანაც ვიმართლებთ თავს და მერე ვხვდებით, რომ შეცდომას შეცდომა დავუმატეთ...
მარიანა (39 წლის): მე და ჩემმა ქმარმა ერთად ცამეტი წელი ვიცხოვრეთ. ცრუმორწმუნე არ ვარ და ამ ციფრს რამე საკრალურ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. გმირი არ ვარ, მაგრამ, მაინც მიკვირს საკუთარი თავის – კარგად გამიძლია. თუმცა, გარეშეებისთვის – უცხო თუ შინაური თვალისთვის, ჩვენ იდეალური წყვილი ვიყავით. ვინ იცის, რამდენს შურდა კიდეც. მეცინება. რა უცნაური არსებები ვართ ადამიანები. სულ გვგონია, რომ სხვასთან და სხვაგან იდეალურად არის საქმე: სხვისი სახლია კომფორტული, სხვისი შვილია ჭკვიანი და წესიერი, სხვისი ქმარია იდეალური, არაჩვეულებრივი, შესანიშნავი, ჭეშმარიტი და ყველასთვის სამაგალითო მამაკაცი.
– ასე რატომ ფიქრობთ?
– იმიტომ, რომ ეს რეალობაა. სხვისი რკინაც ოქრო გვგონია. შორიდან ყველაფერი ბრჭყვიალებს – ასეა, საკუთარს იშვიათად ან საერთოდ ვერ ვაფასებთ. გვაქვს მიდრეკილება ილუზიების მორჩილებისა. მერე ამ ილუზიებით ისე „ვიგრუზებით,“ რეალობასა და ტყუილს ვეღარ ვასხვავებთ. ეს ძალიან ცუდია, რადგან, რეალობას მოწყვეტა და ილუზიების აყოლა ზუსტად ისეთ შეცდომებს გვაშვებინებს, როგორიც მე დავუშვი.
– კონკრეტულად რას გულისხმობთ?
– გეტყვით. მე, მაგალითად, სულ მეგონა, რომ ქმართან მხოლოდ მადლიერების გრძნობა მაკავშირებდა. ვცხოვრობდი მის გვერდით და ველოდებოდი სიყვარულს.
– ეს რას ნიშნავს?
– მიმაჩნდა, რომ ქმარი არ მიყვარდა – დარწმუნებული ვიყავი ამაში. როცა ჩვენს სადღეგრძელოს სვამდნენ, როცა გვეუბნებოდნენ – როგორი ბედნიერი წყვილი ხართ, როგორ შეეფერებით ერთმანეთს, როგორი კარგები და საყვარლები ხართო, მეღიმებოდა და ვფიქრობდი, ნეტავი ამათ სიმართლე იცოდნენ, სინამდვილეში ხომ მხოლოდ ვითმენ ჩემ გვერდით კაცს, რომელმაც მძიმე პერიოდი გადამატანინა-მეთქი.
– რა მძიმე პერიოდზე ლაპარაკობთ?
– შეყვარებულმა მიმატოვა. ჩემი ქმარი სწორედ ამ მძიმე, ჩემთვის წარმოუდგენლად აუტანელ პერიოდში გავიცანი. უგონოდ ვიყავი შეყვარებული კაცზე, რომელმაც ბოლოს დამცინა და თავისი მეგობრის მეგობარი მომიგზავნა ჭკუის დასარიგებლად. „ჭკუის დარიგებაში“ ვგულისხმობ იმას, რომ იმან იტვირთა ყველაფერი ის, რაც, წესით, ჩემს „ძვირფას“ შეყვარებულს უნდა აეღო საკუთარ თავზე.
– შეყვარებული იყო თუ, უფრო ახლო ურთიერთობა გქონდათ, ანუ, იმას ვგულისხმობ, რამდენად სერიოზულად აღიქვამდით მას?
– ძალიან სერიოზულად. სხვანაირად დეპრესიაც ხომ არ დამემართებოდა?! არანორმალურად მიყვარდა და უცებ ისე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, საერთოდ რომ არ ველოდი. ერთ დილას კი, გავიგე, რომ ცოლიც მოიყვანა. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა. „კეთილის მსურველებმა“ ისიც მითხრეს, რომ გრანდიოზულ ქორწილს გეგმავდა. ამიტომაც მომიგზავნა ჩემი მომავალი ქმარი – ეტყობა, შეეშინდა, სკანდალი არ მომეწყო. მოვიდა ეს ადამიანი ჩემთან და იმ იდიოტის მაგივრად დამიწყო მობოდიშება და დამშვიდება.
– პირველად მაშინ ნახეთ?
– დიახ. დამირეკა და შევხვდი. ისეთი აგრესიული ვიყავი, სრული ისტერიკა მქონდა. ვტიროდი და, ფაქტობრივად, არაადეკვატურად ვიქცეოდი. ნეტავი, როგორ მოვეწონე. მერე მითხრა, დაგინახე თუ არა, მაშინვე შემიყვარდიო. უმძიმესი პერიოდი დამეწყო. გარეთ გამოსვლა არ მინდოდა, არადა, „ვიღაც“ ნამდვილად არ ვარ: კარგი სამსახური მაქვს. ბევრი ადამიანი მიცნობს, პატივს მცემს, წარმატებული ქალის იმიჯი მაქვს, უამრავი თაყვანისმცემელიც მყავდა... უცებ კი მიტოვებული და უსარგებლო ნივთის როლში აღმოვჩნდი. ეს ჩემნაირი ემოციური ქალისთვის კატასტროფის ტოლფასი იყო, ნამდვილი ტრაგედია. ამიტომაც მოვებღაუჭე ხავსს და აღარ ვუთხარი უარი ადამიანს, რომელიც ყველაფერს აკეთებდა ჩემი მძიმე მდგომარეობიდან გამოსაყვანად. საათობით შეეძლო, ჩემი ხელი სჭეროდა ხელში და ჩემი წუწუნ-ტირილისთვის ესმინა. აეტანა ის უსაფუძვლო და დაუმსახურებელი ლანძღვა, რომელიც უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა ჩემი ბაგეებიდან. როგორც კი გამახსენდებოდა, როგორ მომექცნენ, მთელი საკაცეთის ჯავრს ამ ერთ ადამიანზე ვიყრიდი, ის კი ითმენდა და არ მტოვებდა. რამდენჯერ გამიგდია, ისტერიკაში ჩავარდნილს, მაინც უკან ბრუნდებოდა. უთავმოყვარეო ხარ-მეთქი, ვეუბნებოდი, ის კი სულ ცდილობდა, რაღაცით გავეხარებინე.
– იდეალური მამაკაცი გიპოვიათ.
– არ ვიცი, როგორია იდეალური მამაკაცი, მე ეს ვერ გავიგე, რადგან, კაცი, რომელიც მიყვარდა – შემზიზღდა; კაცი, რომელსაც ვუყვარდი – მე ვერ შევიყვარე.
– ანუ, ქმარში ვერანაირი ღირსება ვერ დაინახეთ?
– მოდი, ასე ვიტყვი – არ დავინახე. როცა ცოლობა მთხოვა, თანხმობა მაშინვე არ მითქვამს. ჯერ ერთი, კაცთან ურთიერთობა საერთოდ აღარ მინდოდა. მით უმეტეს – სერიოზული ურთიერთობა და, მეორე – არ მომწონდა.
– რას უწუნებდით, ფიზიკურ მონაცემებს?
– ფიზიკურად ჩემი დასაწუნი არაფერი სჭირს, უბრალოდ, ისეთ პერიოდში გავიცანი, რომ მთელი დაგროვილი აგრესია მასზე დავცალე. ეს მექანიკურად მოხდა. მერე კი უკვე მადლიერების გრძნობა გამიჩნდა მის მიმართ. ისიც მას შემდეგ, რაც სხვამ მითხრა: დააფასე ეგ ადამიანი, ძალიან უყვარხარ, ზედ გყვება და რას აღარ აკეთებს, რომ შენი გული მოიგოსო.
– და, ამიტომ გაჰყევით ცოლად?
– რა, არ შეიძლება? ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი. დეპრესიისგან მიხსნა და გავყვები, ცოტა სითბო ხომ მაინც დაიმსახურა-მეთქი. თანაც, არ მინდოდა, „იმას“, ჩემს ყოფილ შეყვარებულს, ბედნიერი ოჯახი ჰქონოდა, მე კი მარტოობაში ამომხდენოდა სული. გავთხოვდი, რომ მისთვის ნიშნი მომეგო.
– ანუ, ეს მაინც ჯიბრის კარნახით იყო და არა მადლიერების გრძნობის გავლენით.
– ერთიც იყო და მეორეც. ჩემი ქმარი დაფრინავდა ბედნიერებისგან. საოცარი ქორწილი გადავიხადეთ – ყველაზე მაგარ რესტორანში, ყველაზე მაგარი კაბით და ყველაზე მაგარი საქორწინო მოგზაურობით. მაშინ მართლაც ძალიან მადლიერი ვიყავი ჩემი ქმრის. მერე კი დაიწყო ჩვეულებრივი ოჯახური ცხოვრება, თავისი რუტინული ერთფეროვნებით და ამან ის მადლიერების გრძნობაც მოკლა.
– ოჯახმა მოგაბეზრათ თავი?
– ასე მარტივად არ არის საქმე. მომაბეზრა – ეს ცოტა უხეშად არის ნათქვამი. ნებისმიერი ოჯახური ურთიერთობა, ანუ, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ცოლ-ქმარს შორის დიდი სიყვარულია, ურთულესია. კომპრომისი – მუდმივად, მოთმენა-დათმობა, „წითელი კვერცხის“ გორება, ვალდებულებები, წვრილმანი ყოფითი პრობლემები... თან, ბავშვიც არ გვეყოლა და ჩემი ქმარი ამას ძალიან განიცდიდა.
– თქვენ არ განიცდიდით?
– პრინციპში, კი. მაგრამ, ისე ავადმყოფურად არა, როგორც ჩემი ქმარი. მთხოვდა, ექიმებთან მევლო. თვითონაც დადიოდა და ყველა ახალი მეთოდის ჩემზე გამოცდა უნდოდა. ესეც ძალიან მაღიზიანებდა, თან, როცა ადამიანი არ გიყვარს... ხომ ხვდებით?
– ვერ ვხვდები. თქვენ მასთან ძალიან ბევრი წელი იცხოვრეთ...
– დიახ, დინებას მივყვებოდი. არ იყო ცუდი ქმარი – ყურადღებას არ მაკლებდა; როგორც შეეძლო, მანებივრებდა; პრეტენზიებით არ მაწუხებდა, სამოგზაუროდაც ხშირად დავყავდი... მაგრამ მე სიყვარულის მოთხოვნილება გამიჩნდა. ძალიან მომინდა, მყვარებოდა კაცი და სიყვარულით გამოწვეული ვნებით დავნებებოდი.
– ქმარი ვერ მოიაზრეთ ასეთი მამაკაცის როლში?
– ხომ გითხარით, როგორ დავიწყე ამ კაცთან ურთიერთობა და როგორ გავყევი ცოლად?! მას თავიდანვე სხვა როლი მოვარგე – „მაშველი რგოლის“ და „ანტიდეპრესანტის“. თქვენ შეიყვარებდით მაშველ რგოლსა და ანტიდეპრესანტს? შეიძლება, ფიქრობთ, რადგან ასე ვლაპარაკობ, მორალთან ვარ კონფლიქტში, მაგრამ, მინდა, ჩემიც გაიგოთ. ისეთი სტრესი მივიღე, რომ ამან თავისი კვალი დატოვა – აზროვნებაც შემიცვალა, მსოფლმხედველობაც, ადამიანებთან ურთიერთობის მანერაც. ვეღარ აღვიქვი სასურველ მამაკაცად...
– და, ამ სასურველ მამაკაცს გარეთ დაუწყეთ ძებნა...
– კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა დავდიოდი და ვეძებდი-მეთქი, ვერ გეტყვით, მაგრამ, მინდოდა, შევხვედროდი კაცს, რომელთანაც გავიხსნებოდი და დავიცლებოდი.
– ეს რომ ღალატი იქნებოდა, ამაზე არ გიფიქრიათ?
– ვიფიქრე, მაგრამ, გადავწყვიტე, რომ მქონდა ამის უფლება. არ ვგრძნობდი პასუხისმგებლობას ქმრის წინაშე – მან თავისი ნატვრა აისრულა ჩემი ცოლად შერთვით. მე ხომ არ დავპირებივარ, რომ კუბოს ფიცრამდე მეყვარებოდა. მომიყვანა ისეთი, როგორიც ვიყავი – ჩემი პრობლემებით, კომპლექსებით...
– თქვენ გისაუბრიათ ამ თემაზე ქმართან?
– არა. რა აზრი ჰქონდა? მე მქონდა სურვილი, მყვარებოდა ვინმე და ეს სიყვარული სხვაგან ვიპოვე.
– საყვარელი გაიჩინეთ?
– ასე გამოვიდა. გამოჩნდა ადამიანი, რომლის მიმართაც ძლიერი ლტოლვა გამიჩნდა, ისეთი ძლიერი, რომ ყველა სხვა გრძნობა დაჩრდილა. თან, როგორც გითხარით, ისედაც არ ვგრძნობდი ვალდებულებას ქმრის წინაშე. დავიწყეთ შეხვედრები. იცით, როგორ შევიცვალე? ახლობლები მეუბნებოდნენ, რას უკეთებ შენს თავს, ისე გაახალგაზრდავდი, პირდაპირ, ანათებო. ასეა, შეყვარებული ქალი ყოველთვის სხვანაირად, განსაკუთრებულად გამოიყურება.
– თქვენი ქმარი ვერ მიხვდა ამას?
– რომ ვღალატობდი? ამას ვერ მიხვდა. ხშირად ადამიანები მარტო იმას იჯერებენ, რისი დაჯერებაც თავად სურთ. უბრალოდ, ჩემში რომ რაღაც ცვლილება მოხდა, ეს იგრძნო. იფიქრა, რომ მის მიმართ შემეცვალა გრძნობა და გაუხარდა კიდეც. მითხრა, ვიცოდი, ადრე თუ გვიან აღმოგაჩენდიო. იმ წუთში ცოტათი შემეცოდა, მაგრამ, მერე ვიფიქრე, რომ, ჯობდა, თავის ტყუილში ეცხოვრა. სიმართლე ძალიან ატკენდა გულს, ასე კი ძალიან ბედნიერი იყო.
– ვცდილობ, გაგიგოთ, მაგრამ, მიჭირს.
– ვიცი, თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ ღალატს არანაირი გამართლება არ აქვს, არც ერთ ვარიანტში და არანაირ ვითარებაში. მე ამაში ვერ დაგეთანხმებით, თუმცა, ბოლოს მაინც მივხვდი, რომ ეს ის არ იყო, რაც თავიდან მეგონა.
– საყვარელმაც გაგიცრუათ იმედი?
– ჰო. ხომ გითხარით, ადამიანები იმას ვიჯერებთ, რისი დაჯერებაც გვინდა-მეთქი. მე მინდოდა და დავიჯერე, რომ ეს კაცი გიჟდებოდა ჩემზე და რომ მისთვის განსაკუთრებული ქალი ვიყავი. მაგრამ, რეალურად, ასე არ აღმოჩნდა. ცოლიც ჰყავდა და, ჩემ გარდა, კიდევ ორი ოფიციალური საყვარელიც და ამან ძალიან გამაბრაზა.
– ცოლად ხომ არ მიჰყვებოდით, რატომ გაბრაზდით?
– შეეძლო, თვითონვე ეთქვა, რომ მე მისთვის მორიგი „ნაშა“ ვიყავი. არადა, როცა მე სიყვარულზე, ჩემს გრძნობებზე, ემოციებზე ველაპარაკებოდი და მეგონა, რომ ესმოდა ჩემი, თურმე, საერთოდ არ მისმენდა და მარტო ჩემთან დაწოლა აინტერესებდა.
– ვინ გითხრათ, რომ ცოლი და საყვარელი ჰყავდა?
– თვითონ. როცა ვუთხარი, მგონი, ჩემი სიყვარული ისეთი ძლიერია, რომ ქმარს გავშორდები-მეთქი, აღრიალდა. იცით, როგორ მიყვიროდა? სულელი ქალი ხარო. მე როდის გითხარი, რომ მიყვარხარ. სახლში ცოლიც მყავს და შენზე უკეთესი საყვარელიცო. გავგიჟდი. ეგრევე წამოვედი მისგან. აღარც კი დაურეკავს. ისევ გამიჩნდა სიძულვილი მამაკაცების მიმართ.
– და, ჯოხი ისევ თქვენს ქმარზე გადატეხეთ?
– არაფერიც არ გადავტეხე. ყველა კაცი ღირსია, რომ ცოლმა უღალატოს. არ აფასებენ ეგენი სიყვარულს. ჩემი ქმარი იმიტომ მიქიცინებს კუდს, რომ იცის, არ მიყვარს. აბა, ჩემგან დიდი სიყვარული დაინახოს?! ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც დანარჩენები. კიდევ უფრო ვერ ვიტან და აღარც მეცოდება.