კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის მამაკაცი, ვინც ანი მიროტაძესთან ერთად ქუთაისში „დაბანაკდა” და რა სკანდალზე არ მიდის ის

ჟურნალისტი ანი მიროტაძე ქართული პოლიტიკისთვის ახალი სახეა. სააგენტო „პირველის” დამფუძნებელი, რომელსაც ჟურნალისტიკაში საკმაოდ ბევრი წელი აქვს გატარებული, პარლამენტის წევრი „ეროვნული ფორუმის“ კვოტით გახდა. პოლიტიკა მისთვის უცხო არ ყოფილა, მაგრამ ჟურნალისტური გამოცდილების წყალობით, პოლიტიკის კულისებშიც იოლად აიღო გეზი. როგორ მოირგო ანი მიროტაძემ დეპუტატის ამპლუა და ვისთან ერთად გადასახლდა ის ქუთაისში, ამის შესახებ ანი თავად გვიამბობს.   

 

– ანი, როგორ მოირგე დეპუტატის ამპლუა?

–  რამდენიმე დღე ამის გაცნობიერება ვერ შევძელი. ადამიანურად, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო იყო იმის განცდა, რომ ცხოვრების ახალი  და წარმატებული ეტაპი დაიწყო, მაგრამ, ისეთი დაღლილი ვიყავი ემოციებისგან, რომ ამას  მხოლოდ მამაჩემის შემხედვარე მივხვდი. ისეთი გამოუძინებელი ვიყავი, რამდენიმე დღე აბსოლუტურად  ვერაფერს ვგრძნობდი.  დეპუტატის მანდატი,  რა თქმა უნდა, დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ჩემთვის. ადამიანთა უმეტესობა ხომ  მუდმივად ვუმტკიცებთ საკუთარ თავს, რომ ის „რაღაცაც” გამოგვივა. მეც სულ ასე ვარ –  დავგეგმავ  ერთ ეტაპს, მივაღწევ მიზანს და მერე ახალ მიზნებს ვისახავ.  იმასაც გაივლი და  ხვდები, რომ,  როცა ძალიან  მოინდომებ, აუცილებლად გამოვა.       

– პოლიტიკაში გადასვლა  იყო რისკი შენი კარიერისთვის, მით  უფრო იმ პერიოდში, როცა სხვა პოლიტიკური რეალობა არსებობდა?

– მე ამაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი და გადაწყვეტილება უცბად არ მიმიღია. ჟურნალისტიკა ძალიან თავისუფალი პროფესიაა, პოლიტიკა კი ჩარჩოებში გაქცევს ადამიანს.  ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორ შევძლებდი თავისუფალი პროფესიიდან ჩარჩოებში მოქცევას. ჟურნალისტიკის მონატრება იმ ერთ წელიწადში გადავიტანე. ზოგჯერ ისე მენატრებოდა ჩემი პროფესია, ხელების ფშვნეტა მეწყებოდა (იცინის). ამას ისიც ემატებოდა, რომ იყო  აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი სიტუაცია. პოლიტიკაში წასვლა ჩემთვის დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. მოდი, გულწრფელად ვთქვათ: ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, დანარჩენ ოპოზიციას პარლამენტში მოსვლის შანსი კი არა, არსებობის საფრთხე შეიძლებოდა შექმნოდა. მე გავრისკე – რისკებს შეჩვეული ვარ, სხვანაირად არ შემიძლია. ასე მოვიქეცი მაშინაც, როცა გავაკეთე სააგენტო „პირველი”. საერთოდ, ასე ვარ – თუ შემომიჩნდა სურვილი, რომ რაღაც უნდა გავაკეთო, ყოველთვის მივდივარ რისკზე, თუმცა, რა თქმა უნდა, არა გაუცნობიერებლად. მე ვიცოდი ერთი რამ: ვცხოვრობდი „ნაციონალური“ რეჟიმის ბატონობაში და ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. ამიტომაც გადავწყვიტე პოლიტიკაში წასვლა. ან გავიმარჯვებდით, ან – ვერა, მაგრამ, საკუთარ თავთან მაინც ხომ ვიქნებოდი მართალი?!

– პოლიტიკა ახლო და კარგად ნაცნობი სფერო იყო შენთვის. გეხმარება ჟურნალისტური წარსული პოლიტიკის კულისებში გზამკვლევად?

– უუჰ, ძალიან მეხმარება – 15 წელი პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში ცოტა ხომ არ არის! ყველაფერმა, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ჩემ თვალწინ გაიარა. მე ძალიან კარგად ვიცოდი პოლიტიკის კულისები, ჟურნალისტიკა, პოლიტიკაში ჩართულს, ყველაზე მეტად დამეხმარა. რამდენჯერმე ვუთხარი ჩემს კოლეგებს: ორი წელი იმუშავეთ ჟურნალისტად, თუ გინდათ, რომ პოლიტიკაში წარმატებას მიაღწიოთ-მეთქი (იცინის). როდესაც გაქვს იმის გამოცდილება, როგორ უყურებ პროცესებს გვერდიდან და მერე თავად ხდები პროცესების მონაწილე, აუცილებლად მოგყვება იმის ფიქრი, თუ როგორ ჩანს ეს ყველაფერი გვერდიდან, როგორ აღიქვამს ამას საზოგადოება. ჩვენ, ჟურნალისტებს ხომ საზოგადოების პულსზე ყველაზე მეტად გვიდევს ხელი და წლების განმავლობაში ეს ისე გადადის ჩვევაში, რომ მისი მოშორება შეუძლებელია, პოლიტიკოსს კი ყველაზე მეტად ეს ესაჭიროება,  რადგან, კაბინეტის ფანჯრიდან არ ჩანს ის, თუ რა აწუხებს და რა სჭირდება  საზოგადოებას.

– როგორ ფიქრობ, როგორი იქნება გარკვეული პერიოდის შემდეგ შენი, როგორც პოლიტიკოსის იმიჯი?         

– წინასწარ ვერ გეტყვით.  მე ჯერჯერობით არ დამიწყია პოლიტიკური აქტიურობა, რადგან, ვიცი, რომ, როდესაც გამოვალ და ვიტყვი რამეს, ის აუცილებლად გამყარებული იქნება ინფორმაციითა და ფაქტებით – ესეც ხომ ძველი ცხოვრებიდან მომდევს.  ყველა ჩემი გამოსვლა იმდენად არგუმენტირებული იქნება, რომ, თუ ვთქვი რამე, ეს აუცილებლად იქნება სიმართლე; წინააღმდეგ შემთხვევაში, სადღაც ფეხი მაგრად დაგიცდება. რაც შეეხება ჩემს იმიჯს, მე არ ვაპირებ, რომ პოლიტიკაში მქონდეს სკანდალური ან ეპატაჟური იმიჯი. ეს რომ მინდოდეს, ჟურნალისტზე კარგად სკანდალის „გამოცხობა” ვის გამოსდის?! მაგრამ, ეს ჩემი სტილი არაა, ასე არასდროს მიცხოვრია (იცინის).   

–  ვის ჩააბარე   სააგენტო „პირველი”, რომელსაც  ყოველთვის ჰქონდა ისეთი ექსკლუზივები, რაც შენი და სხვადასხვა უწყების, მათ შორის ნაციონალების  ახლო ურთიერთობებიდან გამოდიოდა? 

– ის, რომ სააგენტო „პირველს” ჰქონდა ის ინფორმაცია, რაც არ ჰქონდა სხვას, ეს იყო იმ   „ოქროს წესის“ დამსახურება, რომელსაც არასდროს ვარღვევდი. როდესაც ადამიანი გაწვდის ინფორმაციას, შენ არ უნდა გასცე ინფორმაციის მომწოდებლის ვინაობა, ეს უნდა „შეინახო”.  ასე ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ხშირად ჩემი ინფორმაციის წყარო სულაც არ იყო ჩემი მეგობარი, მაგრამ, მას ჰქონდა გარანტია, რომ ჩემი მხრიდან ეს არ გამჟღავნდებოდა. „პირველი”  ხმაურიანად შემოვიდა მედია-ბაზარზე და ეს ჩემი სტრატეგიის ნაწილი იყო. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი გზა უნდა გამეჭრა, რაც რისკებთან  იყო დაკავშირებული და „ჩურჩულების” მიზეზიც გახდა.   ამ სააგენტოს მიმართ ძალიან „მშობლიური” განცდა მაქვს, სააგენტო მაშინ ჩავაბარე სხვა ადამიანს, როცა  განვაცხადე, რომ პოლიტიკაში მივდიოდი.

– ის ადამიანი, ალბათ, ძალიან სანდოა შენთვის.

– ის არის ჩემი და, ძალიან სანდოა და ის მართავს დღეს სააგენტოს,  თუმცა, მე აღარ ვკითხულობ „პირველის” ინფორმაციას, რომ ჩარევის ცდუნება არ გამიჩნდეს (იცინის).   

 – როგორ „დაბანაკდი“  ახალ საპარლამენტო ქალაქში?

–  გადავსახლდი და  „დავბანაკდი“ ქუთაისში, მაგრამ, აქ იმდენი საქმე მაქვს, ყოველ პარასკევ დილით თბილისში გამოვრბივარ.  თუ ორშაბათს ქუთაისში მნიშვნელოვანი საქმე არ მაქვს, სამშაბათს  დილაადრიან თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ ხოლმე იქით, მოკლედ, თბილისსა და ქუთაისს შორის ვარ გამოკერებული. ძალიან ძნელია, იქ სრულფასოვანი საპარლამენტო მუშაობა აეწყოს; იმიტომ კი არა, რომ ქუთაისთან არსებობს პრობლემა, არა, პარლამენტის შენობაც ძალიან მომწონს, იმ დისკომფორტების მიუხედავად, რაც იქ ჯერჯერობით კვლავ არსებობს; უბრალოდ, შეუძლებელია დეპუტატის ფუნქციის შესრულება ქალაქში, რომელიც ასობით კილომეტრითაა დაშორებული ადმინისტრაციული ცენტრიდან.    ჩემი აზრით, იმ ფინანსური ხარჯით, რაც პარლამენტისთვის იყო გაღებული და, თუნდაც, ჩვენი, პარლამენტარების ცხოვრების პირობებისთვის, ბევრი კარგი და უფრო მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეიძლება ბევრი გაჭირვებული ადამიანისთვის. 

– მარტო ცხოვრება არ გიჭირს?

– არა, მე ვარ ადამიანი, ვინც სულ ეძებს თავგადასავლებს, თუმცა, ქუთაისში მარტო არ ვარ, ჩემთან ერთად არის ჩემი დეიდაშვილი – გელა, რომელიც ჩემ გამო გადმოსახლდა იქ  და ჩემს ტრანსპორტირებასა და სხვადასხვა ტექნიკური პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავს. ქუთაისში ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრების წესი. უცხო ქალაქში, სადაც არავინ არ გყავს ახლობელი, რა უნდა აკეთო? სასესიო დღის ან საკომიტეტო მოსმენების შემდეგ  ისე გვიანობამდე მიწევს პარლამენტში ყოფნა, სახლში მისულს ტელევიზორის ყურების თავიც კი აღარ მაქვს. ისე მიყვარს თბილისი და ჩემი სახლი, ყოველთვის მიჭირდა ამის გარეშე გაძლება. უცხოეთში როცა მიწევდა ყოფნა, აეროპორტიდან გამოფრენის წინ ყოველთვის ვურეკავდი ხოლმე დედაჩემს და ვეუბნებოდი: უკვე მოვფრინავ და ბევრი მაგარი საჭმელი გააკეთე-მეთქი (იცინის) ახლა დედას დარეკვა აღარ სჭირდება, ხუთშაბათიდან იწყებს საჩემო სამზადისს – იცის, რომ კვირის ერთი ნაწილი ნახევარფაბრიკატებით ვიკვებები. 

– თავად არ გეხერხება დიასახლისობა? 

– მე არ ვარ კარგი დიასახლისი. ვერ ვიტყვი, რომ არაფრის გაკეთება არ ვიცი, მაგრამ, თითქმის არ მიწევდა დიასახლისობა და, შესაბამისად, ეს დიდ სიამოვნებას არ მანიჭებს.  ჩემს სახლში ამ საქმის „გენერალი”  დედაჩემია, მის გვერდით ჩემი ადგილი აღარ იყო სამზარეულოში. ჩემთვის ყველაზე დიდი თავშესაფარი და ნავსაყუდელი ჩემი ოჯახია – ყველაზე კარგად და კომფორტულად სახლში ვარ. ხმაურიანი შეკრებების დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, ახლა, ეტყობა, ასაკიც შემომეპარა და თავისუფალ დროს მაინც სახლში ვარ, ოღონდ, მეგობრებთან ერთად,  მით უმეტეს – ახლა. როგორც კი ქუთაისიდან დავიძვრები, მეგობრები  „თავდასხმებს” ახორციელებენ ჩემზე, თუმცა, ეს მაინც კარგი „თავდასხმებია”, რომლებსაც ვერ შეველევი  (იცინის).  

– შენს კარიერას შენი პირადი ცხოვრება ეწირება თუ პარლამენტარის მანადატით სასურველი სარძლოების რიცხვში უფრო დაწინაურდი?

– ჩემი პირადი ცხოვრება, ალბათ შეეწირა ჩემს კარიერას და ეს ჩემი ბრალია. ყველა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, მათ შორის – პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. წინ რომ ეს დამეყენებინა, ალბათ, ახლა ჩემი ცხოვრებაც სხვანაირი იქნებოდა, თუმცა, ეს  ჩემი არჩევანი იყო.  მე სულ არ ვფიქრობ, რომ რაღაც დამთავრდა, ამაზე ჩემი მეგობრები კარგად ხუმრობენ: დიპლომიანი რძალი ხომ კარგია და, პარლამენტის დეპუტატის მანდატიანი რძალი  – ხომ წარმოგიდგენიაო (იცინის). ეს პერსპექტივა ქუთაისში ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა  ყველაფერი ხდება. არ დაგიმალავთ, რომ მამაკაცების მიმართ, ცოტა არ იყოს, პრეტენზიული ვარ, თუ მამაკაცი ძნელად ამოსახსნელი არ არის, და იოლად ამოვხსენი,  ის, უბრალოდ, არ მაინტერესებს; თუმცა, ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხდება (იცინის).  

 

скачать dle 11.3