ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი და ვისზე ვრცელდება ის?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების განსაზღვრა ხდება საშემოსავლო გადასახადის ადმინისტრირების წესის მიხედვით. შესაბამისად, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები ვრცელდება: მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე; მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე; ასევე, მიკრო ან მცირე ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმი შეიძლება გავრცელდეს სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირებზეც.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, იმ შემთხვევაში, თუ, როგორც ფიზიკურ პირს, მომენიჭება მიკრობიზნესის სტატუსი, ვარ თუ არა ვალდებული, კვლავ გამოვიყენო სალარო აპარატი?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, გარდა მთავრობის მიერ განსაზღვრული ცალკეული საქმიანობის განმახორციელებელი ან ცალკეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან. შესაბამისად, თქვენ თავისუფლდებით საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რამდენია საქართველოში სამუშაო დროის მაქსიმალური ხანგრძლივობა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო. ამასთან, სამუშაო დღეებს ან ეგრეთ წოდებულ ცვლებს შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს კვირაში 12 საათზე ნაკლები.
კითხვა: მაინტერესებს როგორ განიმარტება სამართლებრივად ტერმინი „ბავშვი“ და რა ასაკის ადამიანს შეესაბამება აღნიშნული ტერმინი?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ტერმინი „ბავშვი“ არ გვხვდება საქართველოს სისხლისა და სამოქალაქო სამართლის კოდექსებში, მაგრამ, „ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ღონისძიებების შესახებ“ კონვენციის შესაბამისად, ტერმინი „ბავშვი“ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ყველა პირის მიმართ.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ წყდება ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე საპროცესო ხარჯების საკითხის განსაზღვრა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. თუ მხარე, რომელიც ვალდებულია, გადაიხადოს სასამართლოს ხარჯები, რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან შედგება, მაშინ სასამართლო ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო წარმოება დასრულდა მორიგებით და მხარეები ვერ შეთანხმდნენ ხარჯების განაწილებაზე, ამასთან, მხარე არ არის გათავისუფლებული სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისგან, მაშინ, სასამართლო ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად. სასამართლოს გარეშე ხარჯებს თითოეული მათგანი ანაზღაურებს დამოუკიდებლად.
კითხვა: მივმართე ერთ-ერთი რაიონის მუნიციპალიტეტს განცხადებით. პასუხი მომივიდა, რომ ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება. გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს ადმინისტრაციული წარმოების დაწყება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის სანქცია არ ითვალისწინებს ჯარიმას, შეიძლება თუ არა დაენიშნოს პირს დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ჯარიმა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დამატებით სასჯელად გათვალისწინებული არ არის.
კითხვა: მაინტერესებს, შეიძლება თუ არა არასრულწლოვანს სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა და, თუკი ეს შესაძლებელია, ვინ უნდა გადაიხადოს ის იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანი არის სკოლის მოსწავლე, არ მუშაობს და არც რაიმე ქონება გააჩნია?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ არასრულწლოვანს შეიძლება სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული არასრულწლოვანი და გადახდისუუნაროა, სასამართლო მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდას აკისრებს მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს.
კითხვა: მაინტერესებს, სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის დანიშვნის დროს რა პრინციპებით ხელმძღვანელობს მოსამართლე?
პასუხი: ზოგადად, სასჯელის დანიშვნის დროს, სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით კი – მის მისწრაფებას, რომ აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, ზოგადად რას ნიშნავს ამნისტია და ვინ გამოსცემს ამნისტიას?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, ზოგადად, ამნისტია (amnestia) ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვით ნიშნავს წყენის ან დანაშაულის დავიწყებას, პატიებას. ამნისტიის გამოცხადების უფლება აქვს საქართველოს პარლამენტს ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ. ამნისტიის აქტით დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ხოლო მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისაგან, ან, მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.
ასევე, სასჯელმოხდილს ამნისტიის აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.