ინტიმური საუბრები
ქმართან გაყრას ვერ ვახერხებ
ათი წელია, გათხოვილი ვარ. გავთხოვდი გარიგებით, ყოველგვარი სიყვარულის გარეშე, მაგრამ, უკვე 32 წლის ვიყავი და, ჩემი ჭკუით, ბოლო შანსი არ გავუშვი ხელიდან. ისიც 40-ის იყო და, ეტყობა, მანაც ეს „შანსი“ გამოიყენა. სულ ორი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს, ყოველგვარი რომანტიკისა და ფოიერვერკების გარეშე. მერე კი ხელი მთხოვა და მეც მაშინვე დავთანხმდი, თუმცა, გული მეუბნებოდა, რომ არ გადამედგა ეს ნაბიჯი. მთელი ცხოვრება ასე ვარ: როცა გულის ხმას არ ვუგდებ ყურს, ყოველთვის ვნანობ, მაგრამ, ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე. საერთოდ, ძალიან მეოცნებე და რომანტიკული ადამიანი ვარ და ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი დუნე, მუდო, უემოციო და უხალისო ადამიანს თუ გავყვებოდი ცოლად. ორი კვირა ვიყავით საქორწინო მოგზაურობაში და სულ ერთნაირ ხასიათზე იყო – მოღუშული და ჩაფიქრებული და დღემდე ასეა. არც ჩემი უკითხავს რამე, არც თავისი მოუყოლია. ათი წელია, ვუყურებ და ვერ გამიგია, რაზე ფიქრობს ამდენს. ასეთი პასიური ადამიანის მნახველი არ ვარ. სახლში ყველაფერი რომ ინგრეოდეს, ტახტიდან არ წამოდგება და ხელს არაფერს შეავლებს. პურის მოტანა რომ ვთხოვო, ერთი საათი იკვნესებს და მერე მთელ კვირას ყვედრებაში ატარებს – მე რომ არ ვიყო, შიმშილით დაიხოცებითო. მე რომ არ ვარსებობ მისთვის, ამას, ასე თუ ისე, შევეგუე, მაგრამ არც შვილისთვის იწუხებს თავს. ვერ ვიტყვი, რომ არ უყვარს, მაგრამ არა ისეთ დონეზე, რომ აქტიურად იზრუნოს, თავი შეიწუხოს და თუნდაც ხანდახან უყიდოს რამე. სულ იმას ცდილობს, ხარჯი არ მოუვიდეს, როგორმე დაიძვრინოს თავი და ბავშვი თვითონ არ წაიყვანოს სასეირნოდ, სპორტზე ან მასწავლებელთან. თუ შემთხვევით მაინც მოხდა ასე, სახლში ნერვებაშლილი ბრუნდება. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, შვილს მაინც უზომოდ უყვარს. სწორედ ამიტომ ვითმენ და არ ვეყრები, თორემ, ამდენი წლის განმავლობაში იმის ნაცვლად, რომ, თუ არ შემიყვარდებოდა, შევჩვეოდი მაინც, პირიქით მოხდა – თანდათან ვშორდები და ჩემთვის აბსოლუტურად უცხო ადამიანი ხდება. აშკარად ვეღარ ვიტანთ ერთმანეთს, უკვე ორივე გაძლებაზე ვართ. ალბათ, იფიქრებთ, თვითონ რატომ არ გეყრებაო. არ გეგონოთ, რომ ბავშვის გამო, უბრალოდ, იმდენად ზანტი და ზარმაცია, ამ ნაბიჯის გადადგმაც ეზარება.
ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ვინმე არ ჰყავდეს, მაგრამ, შვილს გეფიცებით, ესეც ფეხებზე მკიდია; პირიქით, ოღონდ კი მე არ შემაწუხოს და, ვისთანაც უნდა, იმასთან იაროს, აბსოლუტურად არ ვეჭვიანობ. გული იმაზე მწყდება, რომ მოზარდობიდან დიდ სიყვარულზე ვოცნებობდი და ისე განვვლე თითქმის მთელი სიცოცხლე, არავინ მყვარებია ნამდვილი სიყვარულით და არავის ვყვარებივარ (ცხადია, ფლირტებსა და მოწონებებს არ ვგულისხმობ). ამის გამო საკუთარი თავი დავკარგე და რაღაც მექანიკურ არსებად ვიქეცი. ახლა კი არა, ჩემი ქმრის გადამკიდე, უკვე რამდენიმე წელია, კაცის სახსენებელიც კი შემძულდა. ეტყობა, ასეთი ბედი მეწერა, ძალიან ხშირად ვფიქრობ გაყრაზე, მაგრამ, რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად მიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, არადა, არ ვიცი, როდემდე გავძლებ ასე.
თინა, 42 წლის.
მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვს
დედა რომ გარდამეცვალა, 8 წლის ვიყავი. ერთ წელიწადში მამამ მეორე ცოლი შეირთო. ვერ ვიტყვი, რომ დედინაცვალი ცუდად მექცეოდა, თუმცა, ნამდვილი დედობრივი სითბო ყოველთვის მაკლდა. ავი და ბოროტი ქალი არ იყო, მაგრამ, თუ რაიმე სარგებელს არ ხედავდა, ისე ხელს არ გაანძრევდა, ყველაფრიდან გამორჩენას ელოდა. რომ გეკითხა, მამაჩემს სიყვარულით გაჰყვა ცოლად, სინამდვილეში კი მის ქონებას გამოეკიდა. ერთი სიტყვით, ძალიან ანგარიშიანი ქალი იყო და ამ ყველაფერს მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ წამოვიზარდე. ვინმე მეგობარს თუ მივიყვანდი სახლში, დამიწყებდა გამოკითხვებს – ვისი შვილია, როგორ ცხოვრობენ და ასე შემდეგ. თუ გაარკვევდა, რომ მდიდრები იყვნენ ან მისი მშობლები კარგ თანამდებობებზე მუშაობდნენ, ანდა, ცნობილი ადამიანები იყვნენ, იმ ბავშვს თან ჰყვებოდა; თუ დაადგენდა, რომ უჭირდათ ან მისი მშობლების „დონე“ არ აკმაყოფილებდა, მასთან მეგობრობას მიკრძალავდა. სხვათა შორის, ასევე ექცეოდა თავის შვილსაც (ჩემს ნახევარძმას) და ბავშვობიდანვე ჩასჩიჩინებდა, რომ მდიდარი და ლამაზი გოგო უნდა შეერთო. მაგრამ, ისე მოხდა, რომ შვილმა არ დაუჯერა, შეირთო ის, ვინც უყვარდა და სულაც არ იყო მდიდარი ოჯახის შვილი და ვერც მზეთუნახაობას დაიკვეხნიდა, რის გამოც დედა-შვილს საშინელი უსიამოვნება მოუვიდათ და ჩემი ძმა ცოლიანად წავიდა სახლიდან – ვეღარ გაუძლო დედამისს, მე კი ვერ დავიცავი თავი, ვერ შევძელი წინააღმდეგობის გაწევა. ისე მოხდა, რომ იმ პერიოდში მამაჩემი ვალებში ჩავარდა, ოჯახს ძალიან გაუჭირდა და, ჩემი დედინაცვლის აზრით, ერთადერთი ის გვიხსნიდა, მე თუ მდიდარ კაცს გავყვებოდი ცოლად, რომელიც მათ მატერიალურად დაეხმარებოდა. ამიტომ, თავის ახლობლებს დაავალა და გამომიძებნა საქმრო – ჩემზე ოცი წლით უფროსი ქვრივი, რომელსაც ძალიან ბევრი ფული ჰქონდა. მერე ჩემმა დედინაცვალმა მამაჩემიც აიყოლია, ერთობლივი ძალებით დამაშორეს ჩემს შეყვარებულს და იმ კაცზე გამათხოვეს. მაგრამ, ანგარიში არ გამოუვიდათ: გარდა იმისა, რომ მათი სიძე უხასიათო, უხეში და ეჭვიანი კაცი გამოდგა, თან უსაშველოდ ძუნწიც აღმოჩნდა. მათ დახმარებოდა კი არა, ლამის საკუთარ თავს უთვლიდა ლუკმას. თავის ერთადერთ შვილს არ ეხმარებოდა და ჩემს დედინაცვალსა და მამაჩემს გადაუხდიდა ვალებს?! ის კი არა, ყველა შესაძლო შემთხვევაში ეუბნებოდა, ერთი ქალიშვილი გყავთ და უკეთესი მზითევი რატომ არ გამოატანეთო. ბავშვი რომ გამიჩნდა, არც ის გახარებია – ზედმეტი მჭამელი დამემატაო. ორი წელი წუწუნსა და ყვედრებაში გაატარა, მერე კი გამომიცხადა, მუშაობა უნდა დაიწყო, მე თქვენს ჭმევას მარტო ვერ შევძლებო. მერე, ბავშვს რა ვუყო-მეთქი. შენს მშობლებს მიუყვანე, იმათ მოუარონო. ეს კი გამორიცხული იყო. ბაგა-ბაღშიც არ მიმაყვანინა – დიდი გადასახადიაო. მოკლედ, ისეთ დღეში ჩავვარდი, ვერ აგიწერთ. ისევ ჩემი ძმა და მერი მეხმარებოდნენ ჩუმ-ჩუმად და იმით გამქონდა თავი (არადა, ჩემს ქმარს მართლა ბევრი ფული ჰქონდა), მაგრამ, მთელი ცხოვრება ასე ხომ არ ვიქნებოდი. ბავშვობიდან კარგად ვქსოვდი და ვქარგავდი და, გადავწყვიტე, შეკვეთები ამეღო. თავიდან ცოტა კლიენტი მყავდა, მერე კი მათვე გამიკეთეს რეკლამა თავიანთ ახლობლებში და ცოტა ხანში ისე გავითქვი სახელი, ვეღარც კი ვასწრებდი ხოლმე სამუშაოს შესრულებას. ამას ჩემი ქმარი არ მიშლიდა, მხოლოდ იმას ითხოვდა, მაშინ არ მექსოვა და მექარგა, როცა თვითონ იყო სახლში (ყურადღება რომ არ მოჰკლებოდა ან ბავშვს რომ არ შეეწუხებინა).
ჩემს კლიენტებს შორის იყო რამდენიმე ძალიან ცნობილი ქალბატონი, რომლებსაც ძალზე მოსწონდათ ჩემი ნახელავი და შემომთავაზეს, ჩემი კოლექცია გამეკეთებინა და გამოფენა-გაყიდვა მომეწყო. ფინანსურ და სხვა სახის დახმარებებსაც თვითონ შემპირდნენ. ისე გადამეკიდნენ, რომ მეც ამიყოლიეს, მაგრამ, ჯერჯერობით ვერ ვუმხელ ქმარს. რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ არ დამთანხმდება. იმ ქალბატონებმა ისიც მითხრეს, ჩვენ დაველაპარაკებითო, მაგრამ, ამის უფრო მეშინია – ვაითუ უარესი შედეგი გამოიღოს. ერთი სიტყვით, ძალიან დაძაბული ვარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. სკანდალის მეშინია, მაგრამ, იმედია, ღმერთი გადამარჩენს, რადგან უფლის მეტი არავინ მყავს პატრონი.
ეკა, 26 წლის.