კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დატოვა მაია ფანჯიკიძემ შვილები გერმანიაში და სად ხვდება ის ირაკლი ალასანიას „ოჯახურ თათბირებზე”

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დიპლომატიაში ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოხვდა, მაშინ იმასაც ფიქრობდა, რომ წლების  შემდეგ კვლავ დაუბრუნდებოდა ყველაზე საყვარელ საქმეს, თუმცა ახალმა ცხოვრებამ ისე „ჩაითრია” 16-წლიანი სტაჟისა და სამწლიანი ტაიმაუტის შემდეგ,  დიპლომატთათვის ყველაზე  საპატიო რანგიც კი მიიღო. „ქართული ოცნების” „ახდენის” შემდეგ ქალბატონი მაია ქვეყნის საგარეო კურსს უძღვება და ამბობს, რომ მინისტრობამ მისი ცხოვრების წესი თითქმის არ შეცვალა, თუმცა, ძველი ცხოვრებიდან  ბევრ რამესთან შელევა მაინც მოუწია.      

 

მაია ფანჯიკიძე: დიპლომატიაში ჩემი მოხვედრა სრულიად შემთხვევითი იყო.  90-იან წლებში, როდესაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი და სხვადასხვა ქვეყანა დაიწყო საელჩოების გახსნა, მე ვმუშაობდი უნივერსიტეტში და, ასევე მე-6 სკოლაში, სადაც ვასწავლიდი გერმანულ ენას. კოტე გაბაშვილმა, რომელიც გერმანიაში ჩვენს ელჩად დაინიშნა,  შემომთავაზა, სამუშაოდ წავსულიყავი საელჩოში. მე ძალიან მომხიბლა ამ სიახლემ. კოტე გაბაშვილმა  არჩევანი ჩემზე გააკეთა იმ ნიშნით, რომ ვიყავი გერმანისტი და კარგად ვიცოდი ეს ენა. პედაგოგიური საქმიანობა და, საერთოდ,  გერმანისტის პროფესია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო საქმეა დღემდე. როგორც კი შანსი მომეცემოდა, სხვების სწავლებაზე უარს არ ვამბობდი და მათ შორის საკუთარი შვილებიც იყვნენ.  იმ წლებში, როდესაც არ არსებობდა საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს არ ჰქონდა პირდაპირი კავშირები სხვადასხვა ქვეყანასთან, პროფესიონალი დიპლომატები საიდან ეყოლებოდა?!  არსებობს ასეთი ინგლისური გამოთქმა: „ლერნინგ ბაი დუინგ”, ჩვენ ყველა  საქმის კეთების პროცესში ვსწავლობდით დიპლომატიას. ჩვენ, რამდენიმე ადამიანი, ჩავედით გერმანიაში, რომ აგვეწყო საელჩოს საქმიანობა. შენობის მოძიებით დაწყებული დიპლომატიური კონტაქტებით დამთავრებული, ყველაფერი ჩვენი საზრუნავი იყო, რაც ძალიან ბევრ შრომასთან აღმოჩნდა დაკავშირებული, მაგრამ, იმდენად მონდომებულები და მოტივირებულები ვიყავით, რომ ეს საქმე  კარგად დასრულდა.  დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. სამი-ოთხი წლის განმავლობაში მეგონა, რომ ეს ჩემთვის იყო დროებითი საქმიანობა, რომ  გავიდოდა დრო და დავუბრუნდებოდი პედაგოგიურ საქმიანობას, რაც ძალიან მიყვარდა. სწავლების პროცესი  ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, განსაკუთრებით – ბავშვებისთვის, რომელთა შორის საკუთარი შვილებიც იყვნენ.  

– ოჯახი  და მამა როგორ შეხვდნენ  თქვენს „გადაბარგებას” დიპლომატიასა და გერმანიაში? 

– ძალიან კარგად.  მამა თავად იყო სიახლეების მოყვარული ადამიანი, ძალიან აინტერესებდა  ჩემი ახალი საქმიანობა. ეს იყო სრულიად უნიკალური პერიოდი საქართველოს ისტორიაში, როცა იწყებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბება და გარეთ გატანა. ამ პროცესში მონაწილეობა იყო საამაყოც, საპასუხისმგებლოც, სასიამოვნოც და საინტერესოც, მით უფრო, რომ ჩვენს ოჯახს გერმანიასთან ყოველთვის ჰქონდა აქტიური კავშირები – მოგეხსენებათ,  გერმანისტია  დედაჩემიც. ისე მოხდა, რომ გერმანული ენა და ეს ქვეყანა მთელი ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი აღმოჩნდა. რასაც ვაკეთებ, ყველაფერი დაკავშირებულია ამ ქვეყანასთან და იმ ცოდნასთან, რომელიც მე მივიღე. ამ ცოდნის გამო ვიყავი პედაგოგი, ამ ცოდნის წყალობით მოვხვდი დიპლომატიურ სამსახურში. ასევე, ჩემმა პროფესიამ განსაზღვრა ბოლო სამი წელიწადი, როცა მე ისევ დავუბრუნდი პედაგოგიურ საქმიანობას მას შემდეგ, რაც  დიპლომატიური საქმიანობიდან  გამიშვეს. ამ პერიოდში მე მქონდა სიმშვიდის განცდა, რადგან, კვლავ ვემსახურებოდი საყვარელ საქმეს და ნამდვილ პროფესიას, იმიტომ რომ, როდესაც სახელმწიფო სამსახურიდან მიდიან, ადამიანებმა, რომლებსაც სხვა არაფერი უკეთებიათ, ძალიან ხშირად არ იციან, რა უნდა გააკეთონ. მე ეს პრობლემა არ მემუქრებოდა, მქონდა  თორმეტწლიანი  გამოცდილება და ძალიან მარტივად დავბრუნდი იქ დიპლომატიაში გატარებული 16 წლის შემდეგ. ის, რომ დღეს მინისტრი ვარ, თავისთავად, გერმანიაში გატარებული პერიოდის დამსახურებაა,  ანუ, ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში – მე მჯერა ლოგიკის (იცინის).    

– გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილს ბევრი ბარიერი  არც დაგხვდებოდათ, თქვენს წინ ალბათ,  ბევრი კარი უფრო იოლად იხსნებოდა.

–  მე ოჯახმა მომცა აბსოლუტურად ყველაფერი და ის თვისებებიც, რაც ოჯახიდან მოსდევს ადამიანებს. ძალიან ბევრი რამ მომცა მამასთან ურთიერთობამ, მისმა აღზრდამ, განათლებამ – მშობლები ხომ თავიანთი ცხოვრების მაგალითით  ზრდიან შვილებს, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ როდისმე რომელიმე კარი  მქონდა გასახსნელი.  დაუმსახურებლად ცხოვრებაში არაფერი მიმიღია, იმ გაგებით, რომ, რადგან ცნობილი მამის შვილი ვიყავი,  რამე მარტივად უნდა  მომხდარიყო. ჩემს შემთხვევაში ასე არ ყოფილა. ყოველთვის მქონდა პასუხისმგებლობის გრძნობა, ვცდილობდი, კარგად მეკეთებინა ის, რასაც ვაკეთებდი, რაც შეუმჩნეველი არ რჩებოდათ ადამიანებს.                 

– რა მოგცათ  დიპლომატიაში გატარებულმა წლებმა?  

– დიპლომატიაში ყოფნამ მომცა ის, რომ წარმატებით გავართვი თავი ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერობას. ეს ძალიან რთული იყო, რადგან, მე  მინიმუმ კვირაში ერთხელ და ხანდახან უფრო ხშირადაც, მიწევდა შეხება არცთუ ისე კეთილგანწყობილ ჟურნალისტებთან. რომ შეინარჩუნო სიმშვიდე, არ შეგეშალოს არაფერი, ამომწურავად უპასუხო ყველაფერს და არ გადასცილდე ზღვარს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც  გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის სახელით საუბრობ, არ არის მარტივი. ის, რომ მე ეს შევძელი, სწორედ იმ დიპლომატიური ცხოვრების გამოცდილება იყო.  ამ ურთიერთობაში მე მქონდა „ოქროს წესი”, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ არავითარ შემთხვევაში არ ავყოლოდი ემოციებს, არ გავცილებოდი თემას და, ის, რომ არ არსებობს შეკითხვა, რომელზეც არ არსებობს პასუხი.  

– თქვენს პირად ცხოვრებაშიც მოქმედებს  დიპლომატიის ეს „ოქროს წესი”? 

– პირადი  ცხოვრება უფრო გულწრფელობას უნდა ემყარებოდეს, ურთიერთობებს მეგობრებთან, კოლეგებთან. დიპლომატია მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ თავი უნდა შეიზღუდო. ყველა ადამიანს ხასიათში აქვს თვისებები, ბუნებრივი ზრდილობა,  თავშეკავება, ტაქტი. ეს თუ არ გღალატობს, ურთიერთობაც იოლად ეწყობა. პირად ურთიერთობებში დიპლომატიას არ ვიყენებ, მაგალითად,  შვილებთან ვარ ჩვეულებრივი ქართველი დედა, რომელიც ნერვიულობს, როცა შვილი არ იღებს ტელეფონს, როცა სახლში გვიან მოდის და ღამესაც ათენებს, სანამ ის სახლში მოვა. ვარ  დედა, რომელიც მეტ-ნაკლებად ერევა შვილის  ცხოვრებაში – ეს ალბათ, ქართული თვისებაა და  ვერ ველევი, თუმცა, ჩემი შვილები ძალიან დამოუკიდებლები არიან. მრავალი წელია, მარტო ცხოვრობენ და ამიტომ ისე კარგად არ გამომდის ამ  ფუნქციის შესრულება, როგორც გამოსდის მას, ვისაც შვილები გვერდით ჰყავს. მე ვახერხებ კომუნიკაციას ტელეფონით და ინტერნეტით – საბედნიეროდ,  თანამედროვე კომუნიკაციის უამრავი საშუალება არსებობს.       

– მარტონი რატომ ცხოვრობენ?

– როდესაც მე წამოვედი დიპლომატიური სამსახურიდან, ჩემი შვილები გერმანიაში დარჩნენ, სადაც ისინი სწავლობდნენ. უკვე დიდები იყვნენ და შემეძლო მათი დატოვება, ისინი თავად ზრუნავდნენ საკუთარ თავსა და ერთმანეთზე.  უფროსი ვაჟი უკვე დაბრუნდა საქართველოში და აქ მუშაობს, უმცროსი – არჩილი კი ჯერ გერმანიაშია, მაგისტრატურაში სწავლობს.

– ხშირად ჩადიხართ მასთან?

– მასთან არ ვყოფილვარ, მაგრამ რამდენჯერმე მომიწია ჩასვლა ბერლინში საქმეებზე და მაშინ მოვახერხე მისი ნახვა. ამ ვიზიტებს შვილის სანახავადაც ვიყენებდი. 

– ოჯახში ორი მინისტრი ხართ – თქვენ და  თქვენი სიძე, ირაკლი ალასანია. როგორია ორი მინისტრის ურთიერთობა კადრს მიღმა?

– ჩვენი ასაკობრივი განსხვავების მიუხედავად (მე ირაკლიზე უფროსი ვარ), ჩვენ გვაქვს  ძალიან კარგი  და განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა.  მე, ჩემს მეუღლეს, ჩემს დასა და სიძეს ძალიან გვიყვარს სადმე ერთად გასეირნება. ბოლო პერიოდში ამისთვის ვეღარ  ვიცლით და, ეგებ, საახალწლოდ მაინც მოვახერხოთ ეს. ძალიან გვიყვარს სტუმრების მიღება სახლში, ერთობლივი მასპინძლობა. მაგალითად, მოვიწვიეთ მამას მეგობრები და გამოვიდა არაჩვეულებრივი საღამო – სტუმრების მოწვევის ტრადიციას ოჯახი არ ვღალატობთ. ბოლო პერიოდში ოჯახურ შეხვედრებს ვიყენებთ იმისთვის, რომ ერთმანეთს საქმიანი აზრები გავუზიაროთ.  მოგეხსენებათ, ეს ორი სამინისტრო გარკვეულწილად არის კავშირში, მაგალითად,  ახლა ერთად მოგვიწია ყოფნა ბრიუსელში. ჩვენ  ბევრი საერთო თემა გვაქვს და მათ შორის არის „ნატო“. როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით არის სიახლე, ჩვენ მას ოჯახურ შეხვედრებზეც განვიხილავთ ხოლმე. ბოლო პერიოდში ერთმანეთს ხშირად ვერ ვნახულობთ და ჩვენი „ოჯახური საბჭოები”  ძირითადად იმართება დედაჩემთან,  რომელსაც ძალიან უხარია ჩვენი სტუმრობა, მაგრამ, ხუმრობს ხოლმე, ამდენი მინისტრის მასპინძლობა ძალიან რთულიაო (იცინის).         

–  მინისტრის რანგმა როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება?

–  რასაკვირველია, შეიცვალა ჩემი ცხოვრება, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ რამე შეიცვალა დატვირთვის თვალსაზრისით – გასული წელი იმდენად დაძაბული და ინტენსიური იყო, დილიდან საღამომდე და გვიან ღამემდე გვიწევდა მუშაობა. ისევ ისეთი დატვირთული ვარ, როგორც ვიყავი პრესსპიკერობის პერიოდში, მაგრამ, ახლა  პასუხისმგებლობის ხასიათია სხვა, ზომა კი უცვლელი დარჩა, რადგან ოპოზიციაში ყოფნა იყო უდიდესი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, როცა ფიზიკური საფრთხე ემუქრებოდათ ჩვენს მომხრეებს.  პასუხისმგებლობა, რომ მათ არაფერი დამართნოდათ,  ჩვენ გვეკისრებოდა. იცით, რომ ძალიან ბევრი ჩვენი მხარდამჭერი დაიჭირეს, ბევრი დააჯარიმეს, დაუყადაღეს და გაუყიდეს  ქონება. ეს ყველაფერი იყო სანერვიულო და ჩვენ ვიბრძოდით, რომ დაგვეცვა ამ ადამიანების უფლებები, რაც დიდ პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული. რასაკვირველია, ახლა, ჩემს დღევანდელ რანგს დიდი პასუხისმგებლობა ახლავს, მაგრამ, ეს სხვა ხასიათის არის, ვიდრე იყო მაშინ, თორემ, რეჟიმი ისეთივე დატვირთულია, რაც მქონდა – თითქმის არ მრჩება თავისუფალი დრო.

– და, რაც გრჩებათ, ის რისთვის არ გენანებათ?

– უკვე ერთი თვეა, ერთი წიგნის კითხვა მაქვს დაწყებული და ჯერ ბოლოში ვერ გავედი (იცინის). ტელევიზორის საყურებლადაც ვერ ვიცლი, ამიტომაც, ძირითადად ჩვენი მონიტორინგის მიერ მომზადებულ მასალებს ვეცნობი. თუ დრო გამოვნახე, მას ვუთმობ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.

– მეუღლე ამას როგორ ეგუება?

– ჩემი მეუღლეც ძალიან ბევრს მუშაობს, ის პროფესიით ბიოქიმიკოსი და  სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორია. ჩემი მეუღლე მუშაობდა ლევან  სამხარაულის  ექსპერტიზის ცენტრში, იქ არ ჰქონდა მშვიდი და წყნარი ცხოვრება. იქიდან გაათავისუფლეს, მაგრამ, ახლა მჯერა, რომ სამართლიანობა იქაც აღდგება. 

– სახლში  საგარეო და საშინაო  საქმეები როგორ გაქვთ გადანაწილებული მეუღლესთან, ოჯახშიც საგარეო  საქმეებს კურირებთ? 

– წინა ცხოვრებაში, როცა პედაგოგად ვმუშაობდი, ძირითადად სახლში ვიყავი ხოლმე, ჩემი მეუღლე  კი გარეთ იყო და საგარეო საქმეებს ის უძღვებოდა. სახლში მინისტრი არ ვარ, უფრო შიდა, საოჯახო და ორგანიზაციული საქმეები მაქვს აღებული საკუთარ თავზე, თუმცა, ბოლო პერიოდში, იმას, რასაც პირადად ვეღარ ვახერხებ, ვხელმძღვანელობ მაინც. მე მცხეთაში ვცხოვრობ და  ეს დისტანცია არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ დედა დავიხმარო. მცხეთაში მაქვს ლამაზი სახლი და მიყვარს ბუნებაში ყოფნა, იქ დილას და საღამოს გატარებული რამდენიმე საათი ძალიან სასიამოვნო განწყობას მიქმნის...

 

скачать dle 11.3