კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უძვირდება გაზის ტარიფი საქართველოს მოსახლეობას აზოტის ქარხნისთვის გაზის კომერციულ ფასად შესყიდვის გამო და რატომ ითვლება შეწონილი ტარიფი კერძო კომპანიის მიერ მოხმარებული გაზის საფასურის გათვალისწინებით

მაშინ, როდესაც ენერგეტიკის მინისტრი იყო, ბ-ნ ხეთაგურს ბგერას ვერ დააცდენინებდი, თუმცა მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა, ერთობ ენაწყლიანი გახდა. შესაბამისად, თუკი მანამდე წარმოდგენაც არ გვქონდა, ბოლოს და ბოლოს, რა ფასად შევისყიდით ბუნებრივ აირს და მხოლოდ მშრალ ინფორმაციას ვჯერდებოდით, რომ აზერბაიჯანი რუსეთზე იაფად გვამარაგებდა, დღეს უკვე თავად ბ-ნი ხეთაგურისგან შევიტყვეთ გაზის ფასი. კერძოდ, ნამინისტრალის განმარტებით, საქართველო, საერთო ჯამში, მოიხმარს 1 მილიარდ 800 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს. აქედან შაჰ-დენიზის საბადოდან 55 აშშ დოლარად შევისყიდით 300 მილიონ კუბურ მეტრს, დამატებით 500 კუბურს კი – 64 აშშ დოლარად. ამას გარდა, სომხეთისთვის გაზის მიწოდების სანაცვლოდ 150 მილიონ კუბურ მეტრს 110 აშშ დოლარად ვყიდულობთ. დანარჩენი 900 მილიონი კუბური მეტრი აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს: 400 მილიონი – 240 აშშ დოლარად, 500 კი – 189 აშშ დოლარად (ანუ სოციალურ ფასად). ამდენად, ბ-ნი ხეთაგურის გათვლებით, ქვეყანაში გაზის შეწონილი ტარიფი 143 აშშ დოლარია. ამას ემატება ტრანსპორტირების საფასური: ყოველ 1 000 კუბურ მეტრზე 16 ლარი. იგი იქვე გვიზუსტებს გაზგამანაწილებელი კომპანიების მოგებასაც (15 პროცენტიო, თუმცა როდის შემდეგ გახდა ეს კომერციული საიდუმლო საჯარო, პირადად ჩემთვის უცნობია). ზემოთქმულიდან გამომდინარე, ექსმინისტრი ასკვნის, რომ გაზის ტარიფის გაიაფება გამორიცხულია. მეტიც, ეს ენერგოკრიზისს შექმნის. მეორე მხრივ, ცნობილია, რომ შაჰ-დენიზის გაზსადენიდან გატარებული გაზის 5 პროცენტი უფასოდ გვეკუთვნის (რაზეც ბ-ნი ხეთაგური აცხადებს, რომ 55 დოლარად ვყიდულობთ), სომხეთისგან კი ტრანზიტის საფასურს ნატურით ვიღებთ – გატარებული გაზის 10 პროცენტს (რაზეც ბ-ნი ხეთაგური ამბობს, 110 აშშ დოლარად ვყიდულობთო).

რას ეფუძნება ყოფილი ჩინოვნიკის გათვლები, რამდენად ახლოსაა რეალობასთან და, რაც მთავარია, არის თუ არა გაზის დღეს არსებულ ტარიფში შემცირების რეზერვი? – თემას საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტ რევაზ არველაძესთან ერთად განვიხილავთ.

– ფასთა იმგვარი აღრიცხვა, რასაც ბ-ნი ხეთაგური გვთავაზობს, რეალურია?

– ავიღოთ ის მონაცემები, რასაც ბატონი მინისტრი ლაპარაკობს. მე ვერ გეტყვით, მართლაც, არ იცის ბატონმა მინისტრმა, როგორ არის საქმე რეალურად, თუ იცის და ისე უნდა წარმოაჩინოს, თითქოს ეს ყველაფერი ისეა, როგორც თავად ამბობს, მაგრამ, მოდი, მოვიშველიოთ მინისტრისვე მიერ მოტანილი ციფრები: 300 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რომელსაც შაჰ-დენიზიდან ვიღებთ, გატარებული გაზის საერთო მოცულობის 5 პროცენტი, გვეკუთვნის უფასოდ. საერთოდ, ნონსენსია, ტრანზიტის საფასურად უფასოდ ვიღებდეთ გაზს და შემდეგ იმაში ფული უნდა გადავიხადოთ. გაზის ფასი დაფიქსირებულია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების გამო, თორემ, რეალურად, ჩვენ ამ შაჰ-დენიზიდან მოწოდებულ 300 მილიონ კუბურ მეტრში არაფერს ვიხდით. ეს, ჩემი აზრით, მინისტრმა უნდა იცოდეს. ასე რომ, ამ 300 მილიონი კუბური მეტრის ფასი 0-ია. იმავე შაჰ-დენიზიდან 500 მილიონი კუბური მეტრი, რომლის მოცულობაც წლების მიხედვითაა გაწერილი და უკვე 500 მილიონამდე მივედით, გვეკუთვნის 55 დოლარად, პლუს ყოველწლიურად 1,5-პროცენტიანი მატებით, რაც 64 დოლარი არ გამოდის, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ 64 დოლარია. ეს ნიშნავს, რომ 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზში გადავიხადეთ 32 მილიონი დოლარი. სომხეთისგან ტრანზიტის საფასურად გვეკუთვნის 180 მილიონი კუბური მეტრი, იმიტომ რომ მილიარდ 800 მილიონი კუბური მეტრი მიდის ყოველწლიურად რუსეთიდან სომხეთისკენ. მაგრამ, თუ გინდათ, ესეც ჩავთვალოთ 150 მილიონ კუბურ მეტრად, რადგან ანგარიშისას მივყვებით მინისტრის ლოგიკას. ესეც არანაირად არ ღირს 110 დოლარი, რადგან გვეკუთვნის უფასოდ. საქმე ის არის, მინისტრმა არ შეიძლება არ იცოდეს, რომ სულ სხვა საქმეა, რამდენად გაჰყიდი ამ უფასოდ მიღებულ გაზს, მაგრამ ეს არ ცვლის რეალობას, რომ გაზი მივიღეთ უფასოდ. უბრალოდ, რადგან რეზერვებზე ვსაუბრობთ, რეალური სურათი უნდა დავხატოთ და გავიგოთ, რა ღირს ჩემსა და თქვენს მრიცხველებამდე მოტანილი გაზი.

ერთი სიტყვით, საერთო ჯამში, გამოგვივიდა, რომ 950 მილიონი კუბური მეტრი გაზი ჩვენს საზღვრამდე მოტანილი, ვიყიდეთ 32 მილიონ დოლარად. ამას გარდა, მინისტრი ამბობს, რომ აზერბაიჯანისგან 500 მილიონ კუბურ მეტრს ვყიდულობთ 189 დოლარად, ეს გამოდის 95 მილიონი დოლარი და ამასთან, დანარჩენს –  350 მილიონ კუბურ მეტრს, ვყიდულობთ 240 დოლარად, რაც დამატებით შეადგენს 84 მილიონ დოლარს. დავაჯამოთ და ვნახოთ, რა ჯდება ჩვენს საზღვრამდე მოტანილი გაზის შეწონილი ფასი: გამოდის, რომ 211 მილიონი დოლარი გადავიხადეთ მილიარდ 800 მილიონ კუბურ მეტრ გაზში, ესე იგი, ჩვენს საზღვარზე მოტანილი გაზის შეწონილი ტარიფი 1 000 კუბურ მეტრზე მივიღეთ 117 დოლარად. ეს თანხა გავამრავლოთ ლარის კურსზე და გამოდის, რომ საზღვრამდე მოტანილ გაზში ვიხდით, დაახლოებით, 200 მილიონ ლარს.

– ამას ემატება ტრანსპორტირების 16 ლარი თითოეულ 1 000 კუბურ მეტრზეო.

– კი ბატონო, დავამატოთ ეს 16 ლარი და კიდევ განაწილების ტარიფი –  83 დოლარი.

– ბევრი არ არის? შეიძლება, 117 პროდუქტი ღირდეს და 83 განაწილება?

– უფრო მეტსაც ავიღებ განაწილების ტარიფად, 100 დოლარამდე, ანუ 160 ლარს, დავამატოთ დღგ, შევკრიბოთ და გამოგვივა, რომ თქვენს მრიცხველზე მოყვანილი ერთი კუბური მეტრი გაზი ღირს 44 თეთრი. ჩვენ კი გვაქვს ტარიფი 50 თეთრი.

– ეს ძველ აბონენტებს გვაქვს, თორემ ახლები 70-80 თეთრსაც კი იხდიან.

– მთავრობამ ნაწილობრივი დერეგულაცია გააკეთა გაზის სექტორში, ამდენად, გამანაწილებელ კომპანიას აქვს უფლება, თვითონ დაუწესოს ტარიფი ახალ მომხმარებელს, მხოლოდ ზედა ზღვარია დაწესებული.

– გამანაწილებელი კომპანიის მოგებაც იგულისხმება ამ 44 თეთრში?

– რა თქმა უნდა, 15-პროცენტიანზე მეტი მოგებაც ვიანგარიშეთ. აქედან გამომდინარე, საკმაოდ რეალურია, რომ რაღაც რეზერვი გამოიძებნოს და ტარიფმა დაიკლოს. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მომენტი: როდესაც ვამბობთ, რომ არის სოციალურ ფასად ნაყიდი და კომერციულ ფასად ნაყიდი ტარიფი, მოდი, ეს თემა გავშალოთ. ეს ეხება 350 მილიონ კუბურ მეტრს და რატომ: იმიტომ რომ დაახლოებით ამდენ გაზს მოიხმარს აზოტის ქარხანა, რომელიც რუსეთიდან თვითონ შეუძლია, იყიდოს. ამიტომ ტარიფი უნდა დავთვალოთ ამის გარეშე, რადგან, რეალურად, აზოტის ქარხნისთვის ჩვენ არ უნდა ვყიდულობდეთ გაზს. უბრალოდ საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ ეს ყველაფერი, რატომღაც, გადააბარა „სოკარს“.

– მეც გამიკვირდა, როდესაც თავის დროზე გავიგე, რომ საქართველოს მიერ ყველა წყაროდან მიღებული გაზი თავს იყრის „სოკართან“ და შემდეგ ის ადგენს ტარიფს?

– „სოკარი“ კარგი კომპანიაა, მაგრამ ბიზნესში მეგობრობა კი არა, ინტერესებია მთავარი. ამდენად, როდესაც გაქვს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაცია, სწორედ მისი ფუნქციაა ტარიფის დათვლა და არა –  „სოკარის“. ვნახოთ, რა გამოგვდის გაზის შეწონილ ტარიფად აზოტისთვის განკუთვნილი 350 მილიონი კუბური მეტრი გაზის გარეშე:  127 მილიონ დოლარად გვაქვს ნაყიდი მილიარდ 450 მილიონი კუბური მეტრი, ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მრიცხველებამდე 117 დოლარად კი არ მოვიდა გაზი, არამედ  87,5 დოლარად. ლარებში გადაყვანილი ეს თანხა გამოვიდა 150 ლარი, ამას დავამატოთ ტრანსპორტირების თანხა 1 000 კუბურ მეტრზე, 16 ლარი, განაწილების თანხა 160 ლარი. ეს არის 326 ლარი, დავამატოთ დღგ. ესე იგი, 1 კუბური მეტრი გაზის ფასი გამოდის, დაახლოებით, 39 თეთრი. აი, ეს არის ყველაზე რეალური ფასი. ამდენად, ტარიფში არის რეზერვი 10-12 თეთრის სახით.

– ესე იგი, გაზის ტარიფში დევს ის თანხა, რა ფასადაც ჩვენი მთავრობა მიჰყიდის „სოკარს“ შაჰ-დენიზიდან და სომხეთის ტრანზიტიდან მიღებულ გაზს, რომლის საერთო მოცულობაა 450 მილიონი კუბური მეტრი?

– დიახ, რომელიც გვეკუთვნის უფასოდ. სახელმწიფოს შეუძლია, უფრო ძვირადაც მიჰყიდოს და ტარიფი გამოვიდეს 51 თეთრზე მეტიც. 

– ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს შემოსავალი ამ უფასო გაზის გადაყიდვით. თუ ამ თავის კომპონენტს ამოიღებს ტარიფიდან ან შეამცირებს, ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტის შემოსავლები შემცირდება? თუმცა ისიც გამოდის, რომ ჩვენი სახელმწიფო გადამყიდველის როლშია.

– გადამყიდველის როლში გვევლინება, მაგრამ საქმე ისაა, რამდენად მოგვყიდის ამ გაზს. ევროპასა და ამერიკის ზოგიერთ შტატში გაზის ტარიფი საკმაოდ მაღალია და ერთ დოლარსაც შეიძლება, აჭარბებდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა გაზის მომპოვებელია და სრულად იკმაყოფილებს თავის მოთხოვნას, მეტიც, ექსპორტზეც გააქვს.

– ამერიკის ტარიფებს ნუ შევედრებით, იქ მომსახურებაც ძვირი ღირს, ხელფასებიც მაღალია, ცხოვრების დონეც და, საერთოდ, ღარიბად ითვლება ოთხსულიანი ოჯახი, თუ 22 000 დოლარზე ნაკლები აქვთ წლიური შემოსავალი.

– რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ იმ ქვეყნებს უნდა დავემსგავსოთ და რადგან იქ მაღალია ტარიფი, აქაც მაღალი უნდა იყოს. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ხელშეკრულება დაიდო იმ მიზეზით, რომ ჩვენთან სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ამიტომაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაზს მივიღებთ შეღავათიან ფასად. ამას გარდა, შაჰ-დენიზიდან გატარებული გაზის 5 პროცენტი უფასოდ გვეკუთვნის  60 წლის განმავლობაში, ანუ 2065 წლამდე, ხოლო შეღავათიანი ფასი იქნება 20 წლის განმავლობაში, ანუ 2025 წლამდე, ვინაიდან გაზის ტრანსპორტირება დაიწყო 2005 წლიდან.

– ამ წლების განმავლობაში, ალბათ, გაიზრდება გატარებული გაზის ოდენობა და, შესაბამისად, ჩვენი უფასო კვოტაც.

– ეს დამოკიდებულია შაჰ-დენიზის მეორე საბადოს გახსნაზე, რომლის მოპოვებაც უკვე 10 მილიარდი კუბური მეტრია, მაგრამ მარტო ეს არ არის: ერზრუმიდან ევროპისკენ უნდა წავიდეს გაზსადენი, რომელიც ამოქმედდება 2016 წელს, თუ ყველაფერი გეგმით წარიმართა. ის გაატარებს 23 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, ანუ მილიარდ 150 მილიონი კუბური მეტრი საქართველოსთვის იქნება უფასო.

– ავშენებულვართ, თუ, რა თქმა უნდა, ძვირად არ მოგვყიდის ჩვენი მთავრობა.

– თავისთავად ცხადია, რომ ნელ-ნელა გაზის ფასიც უნდა გაიზარდოს და ელექტროენერგიისაც. ეს აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ დარგები განვითარდეს. მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების პარალელურად ელექტროენერგიის ფასიც გაიზრდება და გაზისაც.  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნულოვანი ფასით მივიღეთ მთელი ენერგეტიკული მემკვიდრეობა, ამდენად, ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ერთი კილოვატი ელექტროენერგიის შეწონილი ტარიფი 2-2,5 თეთრია. ახალი სადგურების ტარიფი კი იქნება 6-7 ცენტი, მაგრამ ახალი სადგურების მშენებლობა იმისთვის იქნება საჭირო, რომ ეკონომიკა წინ წავა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, გაიზრდება ხელფასები და ადამიანს ექნება გაზრდილი ტარიფის გადახდის საშუალებაც და მოხმარებითაც ბევრად მეტს მოიხმარს, ვიდრე დღეს. საქართველოში საყოფაცხოვრებო სექტორში ერთი მომხმარებელი წლის განმავლობაში მოიხმარეს 700 კილოვატ-საათ  ელექტროენერგიას.

– ეს დაბალი მაჩვენებელია, ალბათ?

– ნორვეგიაში 7 000 კილოვატ-საათია. ჩვენთანაც გაიზრდება მოხმარება, როდესაც დაინერგება თანამედროვე ელექტროხელსაწყოები, ელექტრონული გათბობა, რაც ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა. სადაც გაზის ქურები დგას, სამზარეულოში, ზოგიერთი მავნე ნივთიერების შემადგენლობა 60-ჯერ აღემატება დასაშვებ ზღვრულ ნორმებს. დავუბრუნდეთ გაზის თემას: შესაძლებელია, ამ 39 თეთრს დაემატოს 5-6 თეთრი ბიუჯეტის სასარგებლოდ და ტარიფი 44-45 თეთრზე ავიდეს, თუმცა ეს უკვე მთავრობისა და მარეგულირებლის მიერ განსახილველი საკითხია. როგორც მე ვატყობ, მთავრობა მუშაობს ამ მიმართულებით და ძალიან უნდათ, რომ ეს დანაპირები შეასრულონ, მაგრამ ლაპარაკია ტარიფის სიდიდეზე, თუ რა რეზერვის პოვნაა შესაძლებელი დღეს არსებულ ტარიფში. ვნახეთ, რომ არის რეზერვი. რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, არანაირ კავშირში არ არის „სოკარისა“ თუ „ყაზტრანსგაზის“ მოგების შემცირებასთან. ტარიფის შემცირება მათზე არ აისახება, შემოსავალი მოაკლდება  საქართველოს ხაზინას.

– მაგრამ, ამასთანავე, ხაზინას მოაკლდება ვაუჩერიზაციის ტვირთი: ტარიფების ზრდის კომპენსაციისთვის ხომ საკმაოდ დიდ თანხას გასცემდა ბიუჯეტი? 

– მივუდგეთ საკითხს რეალურად: მაგალითად, თქვენ მოიხმართ 100 კუბურ მეტრ გაზს, რაშიც იხდით 51 ლარს, თუ ტარიფი დაიკლებს 45 თეთრამდე, თქვენ გადაიხდით 45 ლარს და 6 ლარი დაგრჩებათ. თუ 100 კუბურ მეტრ გაზს მოიხმართ, ესე იგი, არ ხართ მდიდარი, ამდენად, იმ 6 ლარს მუთაქაში ხომ არ შეინახავთ? რაღაც სხვას იყიდით, ეს იქნება საკვები ან რაღაც სხვა, რაც გჭირდებათ, საიდანაც დღგ მაინც შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ქვეყანაში, სადაც საშუალო ხელფასი 500 ლარია, ეს დანაზოგი არ წავა დაგროვებით სფეროზე. შეიძლება, რაღაც ნაწილი დაიკარგოს, იმიტომ რომ გაზისა და ელექტროენერგიის სფეროში ადმინისტრირება უფრო მყარია, ვიდრე ბაზარში, სადაც პროდუქტებს ყიდულობთ, მაგრამ თქვენ მიერ დახარჯული თანხის ძირითადი ნაწილი აუცილებლად შევა ბიუჯეტში. აქედან გამომდინარე, რეალურად დიდი დანაკარგი არ ექნება სახელმწიფოს.

– ან შეიძლება, ის 6 ლარი ჩავაბრუნო გაზის მოხმარებაში და უფრო გავთბე.

– შესაძლებელია, თუმცა, როდესაც ადამიანი მიჩვეულია ეკონომიას, თუ ის ჰყოფნის, რასაც მოიხმარს, არ გაზრდის მოხმარებას. მე შემიძლია, კიდევ მოგახსენოთ მეორე რეზერვის თაობაზე. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში გაზი და ელექტროენერგია განიხილება, როგორც ნედლეული საწარმოო სფეროში. ნედლეული კი, მოგეხსენებათ, არ იბეგრება დღგ-თი, ის იბეგრება მხოლოდ პროდუქტად ქცევის შემდეგ. როდესაც დაამზადებთ პროდუქტს, მასში ჩაიდება ელექტროენერგიის ფასი და დაიბეგრება, ამიტომ არასაყოფაცხოვრებო სექტორში ნულოვანი დაბეგვრა არაფერს ცვლის. მაგრამ გადავიდეთ საყოფაცხოვრებო სექტორში, აქ თითქოს იკარგება თანხა, თუ დღგ-ს  მოვაკლებთ. ბუნებრივ აირში დღგ-დ 7 თეთრი ვიანგარიშოთ. ნახეთ, რა გამოდის იმავე ლოგიკით: ეს 8 თუ რამდენი თეთრიც იქნება, თუ დაიზოგა, მას მოსახლეობა სხვა რამეში მოიხმარს და სხვა სფეროდან შევა ბიუჯეტში ის თანხა. ცოტა შეიძლება, დაიკარგოს, მაგრამ ამ თანხის ძირითადი ნაწილი სახელმწიფოს არ დაეკარგება. ამდენად, ეს ორი რეზერვი არის გაზის ჩვენს დღევანდელ ტარიფში.

скачать dle 11.3