ყმად ამაღლებულნი
ანუ, აღარ „ჟინჟღლავს“
მართალია, ვერ ვიტყვით, რომ მშრომელები თავზე გვასკდებიან (ჩვენ რა, ქვეყანას ასკდებიან): მილიონ 800 000-იანი სამუშაო ძალის მქონე ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებული, სულ რაღაც, 600 000-ია, დანარჩენები ან თვით ისაქმებენ თავებს, ან, საერთოდაც, უმუშევრები არიან, ღვთის ანაბარად დაყრილნი და, უცხოეთში სამუშაოდ წასული ოჯახის წევრების დანაზოგის გადმორიცხვებით სულდგმულობენ (ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ყოველწლიურად უცხოეთში, ძირითადად, კურტნის მუშებად დასაქმებულ ჩვენს თანამემამულეებს ქვეყანაში მილიარდი აშშ დოლარი შემოაქვთ).
თვითდასაქმებულებს ამ მარაქაში არ გავრევ, იმ მარტივი მიზეზით, რომ, თვით ოფიციალური სტატისტიკითაც კი, თვითდასაქმებულთა აბსოლუტური უმეტესობის ყოველთვიური შემოსავალი საარსებო მინიმუმსაც კი ჩამორჩება, არათუ საშუალო ხელფასს. საშუალო ხელფასი კი ამ ქვეყანაში (სადაც ჩინოვნიკების წლიური სახელფასო შემოსავალი 100 000-ს, ზოგჯერ კი მეტსაც უკაკუნებს), ასე, 600 ლარამდეა.
ასეა თუ ისე, ხსენებული 600 000 ბედნიერის სასიხარულოდ, „საქართველოს შრომით კოდექსში“ (რომელსაც სათაურად „მონათა კოდექსი“ მოუხდებოდა) ცვლილებები შედის. ვერ ვიტყვით, რომ მონის სტატუსს ერთხელ და სამუდამოდ გამოვემშვიდობებით, თუმცა, ყმამდე ავმაღლდებით. ჯერჯერობით ცვლილება (უფრო ზუსტად, ცვლილების პროექტი) მხოლოდ ერთ პუნქტს ეხება, რის მიხედვითაც, ეს ჩვენი დამქირავებლები, როცა კი გაუხარდებათ, მაშინ გამოგვაპანღურებენ (სრულიად უმიზეზოდ, ან, სულაც, იმიტომ, რომ გარეთ წამოჟინჟღლა და ამის გამო კაეშანი მოეძალა). გვაიმედებენ, რომ ცვლილებების შემდეგ დაქირავებულს ერთი თვით ადრე მოუწევს, შეგვატყობინოს, რომ ზემოხსენებულ 600 000-ს ვაკლდებით.
რთული სათქმელია, მაინც, რა წყალში უნდა ჩავარდე, ერთი თვით ადრე გაიგებ თუ ერთი თვით გვიან, მაგრამ, ურიგო არ იქნებოდა, ბარემ გათავისუფლების მიზეზის დასახელებაც დაევალდებულებინათ დამქირავებლისთვის, თუ, რა თქმა უნდა, ამ სურვილს მონებს გათავხედებად არ ჩაგვითვლიან!