იგინივე და ახალი სტრატეგია
ისე მოხდა, რომ ქართული პოლიტიკური სცენა ორმა მთავარმა მოთამაშემ გაიყო (იმის გათვალისწინებით, რომ ადრე მხოლოდ ერთადერთი მთავარი იყო, პროგრესი უდავოა), რომელთაგანაც ერთს აშკარა უპირატესობა აქვს (იმას ვგულისხმობ, რომ ძალაუფლების მოედანზე უფრო მეტ ტერიტორიას ფლობს), სავსებით ბუნებრივია, რომ უმცირესობად აღმოჩენილი აქტიურობს. ჰოი, საკვირველებავ და, სახელდობრ, „ნაცმოძრაობის“ გენმდივანმა შეცდომებზეც კი ისაუბრა, ბრძანა რა, რომ დამარცხების მთავარი მიზეზი ხალხთან კომუნიკაციის დაკარგვა იყო. მე არ ვიცი, რა წილი მოდის ამ მიზეზზე, მაგრამ, ის კი ვიცი, რომ „ნაციონალ“ მინისტრს სათოფე მანძილზეც ვერ მიეკარებოდი (მალე დავაზუსტებთ დისტანციას „ოცნების“ მინისტრებთან).
ასეა თუ ისე, გასულ კვირასვე მეორე, არანაკლებ „ჰოი, საკვირველებაც“ ვიხილეთ. კერძოდ, მედიის ცნობით, საპარლამენტო უმცირესობა რუს პოლიტოლოგებსა და ახალგაზრდა პოლიტიკოსებს შეხვდა. მხოლოდ ის ვიცით, რომ მათ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მხოლოდ-მეთქი, ვინაიდან, შეხვედრა, მართალია, საქართველოს პარლამენტში, მაგრამ, დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ჰოი, საკვირველებავ კი, რადგან აქამომდე ყოველივე რუსულთან ისე შემომწყრალი ვბრძანდებოდით („პიკი“ არ ითვლება), ლამის თეოდორ დოსტოევსკი ქართველი ხალხის მტრად გამოგვეცხადებინა.
ასეა თუ ისე, რაკი „ნაცმოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ერთადერთი ოპოზიციური ძალაა ქვეყანაში, გვპირდება, რომ ძალასაც მოიკრებს და თავის პოლიტიკურ მზესაც არაერთხელ ამოასვენებს, ზემოთქმულიდან ცხადია, რომ იმ შეცდომების გასწორების გზითაც, რაზეც თავად საუბრობენ. აქედან გამომდინარე კი, უნებლიეთ გახსენდება მწერლის ფრთიანი ფრაზა: „სამწუხაროდ, გამოცდილება მაშინ მოდის, როცა იგი აღარ გვჭირდება.“