ტორტი „ყურძნის მტევანი“
საჭირო ინგრედიენტები: 700 გრამი არაჟანი (ცხიმიანი უკეთესია), 300 გრამი ტკბილი კრეკერი, 100 გრამი ქიშმიში, 200 გრამი შოკოლადი, 25 გრამი ჟელატინი (სწრაფად ხსნადი), 90 გრამი ჟელე (მწვანე ფერის), მსხვილმარცვლებიანი თეთრი ყურძნის მტევანი, 1 ჩაის ჭიქა შაქარი, 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი.
მომზადების წესი: პირველ ყოვლისა, ჩაალბეთ და გახსენით ჟელატინი 150 გრამ ცხელ წყალში და აცადეთ, გაცივდეს. ჟელე გახსენით 300 მილილიტრ ცხელ წყალში, ისე, როგორც შეკვრაზეა მითითებული და ესეც გააცივეთ. თასში ჩაასხით არაჟანი, ჩააყარეთ შაქარი, ვანილი და კარგად ათქვიფეთ. როცა მასა გაფუვდება, ჩაუმატეთ ჟელატინი და ისევ ათქვიფეთ.
შოკოლადის ფილა დანით ძალიან წვრილად დაჭერით (ფილა წინასწარ საყინულეში მოათავსეთ და აღარ გაგიჭირდებათ).
არაჟანს შეურიეთ კრეკერი და ქიშმიში და კარგად ამოურიეთ. აიღეთ მრგვალი ფორმა, მოათავსეთ მასში არაჟნის მასის 1/3 და მოაყარეთ შოკოლადი. ზემოდან მოათავსეთ კრემის მეორე მესამედი და ისევ მოაყარეთ შოკოლადი, ბოლოს კი მოასხით დარჩენილი კრემი.
ფორმა მოათავსეთ მაცივარში ნახევარი საათით. სანამ კრემი ცივდება, ყურძენი დამარცვლეთ და მარცვლები შუა-შუა დაჭერით.
გამოიღეთ ტორტი მაცივრიდან და მთელი ზედაპირი ყურძნის ნაჭრებით დაფარეთ. მოასხით მწვანე ჟელე და ისევ მოათავსეთ მაცივარში სრულ გაცივებამდე (ორი-სამი საათი საკმარისია). ამის შემდეგ, ტორტი ფრთხილად გადაიტანეთ ლანგარზე. შეგიძლიათ, რეცეპტი ცვალოთ სურვილისამებრ – ყურძნის მაგივრად გამოიყენოთ ალუბალი ან გრეიპფრუტი.