ლელა ნინუას კიდევ ერთი პოეზიის საღამო და ორი ხელოვანის წარმატებული ტანდემი
16 ნოემბერს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ჟურნალისტისა და პოეტის, ლელა ნინუას პოეზიის საღამო გაიმართა, რომელსაც 10 ნოემბერს წინ უსწრებდა პროექტის – „აღმოაჩინე ახალი მხატვრები” – ეგიდით გამართული თვითნასწავლი მხატვრის, ზურაბ სიმონიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა. სულ წარმოდგენილი იყო მხატვრის 60 ნამუშევარი – როგორც შერეული გრაფიკა, ასევე ფერწერა და კომპიუტერული გრაფიკა. ნახატებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მხატვარმა მიიღო შემოთავაზება ლონდონიდან, კიევიდან და ისრაელის საელჩოდან. 16 ნოემბერს გამოფენა ლელა ნინუას პოეზიის საღამოთი დაიხურა, რომელიც გივი სიხარულიძემ გახსნა. ორი ხელოვანის ტანდემმა წარმატებით ჩაიარა. ზურა სიმონიშვილის „ფერები და ფიქრები” და ლელა ნინუას „ფიქრები და სიტყვები” სახელწოდებებითაც გამოხატავდა სულიერ სიახლოვეს. როგორც თავად ზურამ განაცხადა, მისი ნახატები და ლელას ლექსები ერთმანეთს ძალიან მოუხდა. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, თბილისის ბიგ-ბენდის სოლისტი, მევიოლინე ირინა მირიანაშვილი. საღამოს ცნობილი ადამიანებიც ესწრებოდნენ. ლელა ნინუას ლექსებმა კვლავ აღფრთოვანებაში მოიყვანა მსმენელი.