კომპანია “ნატახტარში„ მდინარეში ჩამდინარე წყლის დამუშავებისა და ფილტრაციის თანამედროვე სისტემა სატესტო რეჟიმში ამუშავდა
კომპანია „ნატახტარმა” ქარხანაში გამდინარე წყლის დამუშავებისა და ფილტრაციის გაუმჯობესებული და თანამედროვე სისტემა დანერგა. დაბა ნატახტარში მდებარე ქარხანაში ახალი სისტემის პრეზენტაცია და სპეციალური მედიატურიც გაიმართა. ჟურნალისტებს დეტალებზე ესაუბრა კომპანიის ტექნიკური დირექტორი, გიორგი ქოქიაშვილი, რომელმაც თანამედროვე ტექნოლოგიის უპირატესობებსა და ქარხანაში მოხმარებული წყლის უკან, ბუნებაში გადინების დროს მისი დამუშავების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც საბოლოო ჯამში მდინარისა და გარემოს დაბინძურებისგან დაცვას ისახავს მიზნად. პრეზენტაციის დღეს, კომპანია „ნატახტარის” წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს დაათვალიერებინეს შენობა, სადაც გამდინარე წყლის დამუშავებისა და ფილტრაციისთვის საჭირო მოწყობილობები და ლაბორატორიაა განთავსებული. მედია ტურის ფარგლებში ჟურნალისტებს დეტალურად გააცნეს თითოეული ეტაპი, რომელიც ჩამდინარე წყლების მაქსიმალურ სისუფთავეს უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ კომპანია „ნატახტარმა“ წყლის გამწმენდი თანამედროვე სისტემის დანერგვაზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო. კონკრეტული პროექტის შემუშავების შემდეგ კი დაიწყო მშენებლობა. ჩამდინარე წყლის დამუშავებისა და ფილტრაციის სისტემის დამონტაჟებაში კომპანია „ნატახტრის“ პარტნიორი გერმანული კომპანია CUSS მონაწილეობდა. სწორედ მისი დახმარებით მოხდა ქარხანაში სისტემისთვის პროექტის შემუშავება, მათვე უზრუნველყვეს მოწყობილობები, მონტაჟი და სისტემის სისრულეში მოყვანა. CUSS წყლის გასუფთავების ინდუსტრიაში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა. დღეისთვის კომპანია „ნატახტარს“ აქვს წყლის დამუშავებისა და ფილტრაციის თანამედროვე სისტემა, რომელიც დამუშავების თანამედროვე, ევროპული და მსოფლიო სტანდარტებით უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლების მაქსიმალურ სისუფთავეს. აღნიშნული პროექტისთვის უკვე განხორციელდა 6 მილიონი ლარის ინვესტიცია. ამჟამად სისტემა ტესტირების რეჯიმში მუშაობს და უახლოეს მომავალში ის სრული დატვირთვით შევა ექსპლუატაციაში.