კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გრძნობდა ჰოლანდიაში თავს დედოფალივით მაკო კვიტაიშვილი და რა პრობლემები შეხვდა მას საქართველოში დაბრუნების შემდეგ

მას შემდეგ‚ რაც პროექტ „ახალი ხმის“ ქასთინგებზე მაკო კვიტაიშვილი გამოჩნდა, თავისი შესრულების მანერით, სტილითა და გარეგნობით მაშინვე მიიპყრო ყველას ყურადღება და მეორე დღეს ადამიანების დიდი ნაწილი ამ მშვენიერ გოგონაზე ლაპარაკობდა. მაკო ტელეწამყვან ეკა მიშველაძის შვილია. გარდა სიმღერისა, მაკო სამხატვრო აკადემიაში ტანსაცმლის დიზაინს, კერძოდ, ტყავის ტექნოლოგიას შეისწავლის, რომელზე მუშაობაც მან გოაზე ყოფნისას გადაწყვიტა. 

მაკო კვიტაიშვილი: პროექტ „ახალ ხმაში“ მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ამ შემთხვევაში უფრო მეტ პრიორიტეტს ანიჭებენ არა გარეგნობას, არამედ იმას‚ თუ როგორ მღერი. არ მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი მომღერალი ვარ, უბრალოდ‚ მინდა, ჩემი ინდივიდუალიზმით დავამტკიცო ყველაფერი. ძლიერი ვარ და, რასაც ვცდილობ‚ გამომდის. მთავარია‚ იქაც ვეცადე‚ კარგად გამოვსულიყავი და, მიხარია, რომ ხალხსაც მოეწონა, რადგან, ძალიან ბევრი ემოცია მოდის მათი მხრიდან. 

– როგორც მივხვდი‚ ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით კი – დედას, ანებივრებ სიურპრიზებით. ამ პროექტში შენი მონაწილეობაც სიურპრიზი იყო მათთვის?

– სახლში „ჩავაგდე“‚ „ვოისზე“ მინდა გასვლა-მეთქი. დედამ მითხრა, კარგად მღერი, მაგრამ, უფრო მეტი გჭირდებაო. დედას შვილისთვის უფრო მეტი უნდა, სურს, რომ მან უფრო მეტი გააკეთოს, უფრო მეტს მიაღწიოს, მაგრამ, მე ყოველთვის უფრო ნაკლებით ვიწყებ, რომ მერე მეტს მივაღწიო. შეიძლება,  დედამაც რაღაც თავის დროზე ასე გააკეთა, მაგრამ‚ რადგან დედაა‚ ამ ყველაფერს უკვე სხვანაირად იღებს. მიმაჩნია, რომ ამ პროექტში მონაწილეობით სწორი ნაბიჯი გადავდგი და არასდროს მიფიქრია, რომ არასწორად ვიქცევი. მეგობრებიც რომ მეუბნებიან, ასე გააკეთეო, ვამბობ, მაშინ გავაკეთებ, როცა მე მომინდება-მეთქი, რადგან, სწორედ ის იქნება ამ რაღაცის გაკეთების დრო. 

– გიყვარს გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღება?

– ძალიან ბევრჯერ გამიკეთებია ასეთი რამ. ყველაზე დიდი სიურპრიზი‚ რაც ოჯახს გავუკეთე, იყო 15 წლის ასაკში, როცა გამოცდებზე გავედი, გავიმარჯვე და ჰოლანდიაში უნდა წავსულიყავი. დედამ მითხრა: ნიჭიერი ბავშვი კი ხარ, მაგრამ, ამას ვერ გააკეთებ, თუმცა, გამოცდაზე გასვლით გამოცდილებას მიიღებო. ეს ჩემი პირველი გამოცდა იყო, ჩავაბარე და მერე მოვუწყე დედას სიურპრიზი: დედა, ჰოლანდიაში უნდა გამიშვა-მეთქი. ძალიან მინდოდა წასვლა, გამოცდილების მიღება, რადგან, მანამდე ოჯახზე, დედაზე ვიყავი მიწებებული და ყოველთვის ვტიროდი‚ როდესაც დედა სადმე მიდიოდა, ამიტომ ვფიქრობდი: კარგი იქნებოდა‚ თუ სადმე წავალ და ვიცხოვრებ ჩემი ოჯახის გარეშე-მეთქი. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, ისე ამაყად გავფრინდი, არც გადმომიხედავს ზემოდან საქართველოსთვის. მერე ჩავედი და მომეწონა სიტუაცია – ყველაფერი უცხო იყო, თავი ფილმში მეგონა. მაგრამ, მერე მივხვდი‚ რა ცუდია ოჯახის გარეშე ყოფნა, როცა ახლობელი ადამიანი არ გყავს, სიყვარულსა და სითბოს არ გრძნობ. თუმცა‚ ასეთ დროს დიდ გამოცდილებას იღებ, უფრო დამოუკიდებელი ხდები, მაგრამ, მაინც დედა მინდოდა, მამა მინდოდა, და, ბებია, ბაბუა, ყველა და, მივხვდი, რომ ჯერ ძალიან პატარა ვიყავი. ადრე ცხოვრებას უფრო ადვილად ვუყურებდი: „დედა გამიკეთებს, მამა დამეხმარება“... მაგრამ, ახლა ვხვდები, რომ ჩემით უნდა გავაკეთო ყველაფერი. რა თქმა უნდა‚ ოჯახის წევრები ყოველთვის დაგეხმარებიან, მაგრამ, სანამ თვითონ არ გააკეთებ, მანამდე ის არასდროს იქნება შენი გაკეთებული, მე კი არ მინდა, ოჯახმა მიმაღწევინოს წარმატებას; მინდა, ჩემით გადავდგა ნაბიჯები, თუნდაც არასწორი, რომ მერე ჩემს შეცდომებზე ვისწავლო და არა იმაზე‚ დედა რომ მეუბნება: შვილო, მეც დავუშვი ეს შეცდომაო. 

– როგორ ცხოვრობდი ჰოლანდიაში?

– ვმუშაობდი, ოღონდ, იმიტომ კი არა, რომ ფული მაკლდა, უბრალოდ‚ იქ ძალიან მდიდარი ადამიანების შვილებიც კი მუშაობდნენ კაფეებში მიმტანებად, იმიტომ, რომ თავისუფალი ადამიანები იყვნენ და, უნდოდათ‚ თავად გაეკეთებინათ ყველაფერი. თავიდან ყველას ფულიანი ვეგონე, რადგან, ისე ვიქცეოდი, ქართველებმა რომ ვიცით – მე გადაგიხდი-მეთქი. მე ვიხდიდი და ყველას ყველგან ვპატიჟებდი, საჩუქრებს ვყიდულობდი უცხო ადამიანებისთვის და ბოლოს უფულოდ ვრჩებოდი. თან‚ ჩემი მეგობრები, ვისაც ვპატიჟებდი, მერე მეც კი არ მპატიჟებდნენ, დადგებოდნენ, ცენტებს ამოიღებდნენ და ანაწილებდნენ. ბოლოს უკვე მეც ვხვდებოდი, რომ ჩემი ცენტები უნდა ამომეღო და დამედო. ერთი სასაცილო ისტორია შემემთხვა, დედამ არც იცის. იქ, ძირითადად როკ-ბარებში კიდია ზარი. თუ ამ ზარს დარეკავ, ესე იგი‚ ყველა, ვინც იქ იმყოფება, ლუდზე უნდა დაპატიჟო. მე არ ვიცოდი‚ რა იყო, ჩამოვკარი ზარს და ყველამ უცებ ტაში დამიკრა და ლუდების დასხმა დაიწყეს ბარმენებმა. 300 ევრომდე დავტოვე, თან არ მქონდა ფული, წავედი და სახლიდან მოვიტანე. სხვათა შორის‚ იმ ქალაქში‚ სადაც ვცხოვრობდი, საკმაოდ ცნობილი გავხდი. 

– რით გახდი ცნობილი ერთი – ხელგაშლილობით და, მეორე?

– ამ ქალაქში ერთადერთი მე ვიყავი ქართველი და მეორე – უნგრელი გოგონა, რომელიც ჩემთან ერთად ცხოვრობდა ოთახში. გარეთ რომ გავდიოდით‚ ყველა გვცნობდა. თან‚ მე ძალიან მეგობრული, კომუნიკაბელური ვარ, ქუჩაში ველოსიპედით დავდიოდი და ყველას ხელს ვუქნევდი. თავი დედოფალი მეგონა, თავაწეული დავდიოდი. სკოლაში „ტალანტების შოუ“ იყო, გავედით და მე და ჩემი ჰოლანდიელი მეგობარი‚ ვიმღერეთ და გავიმარჯვეთ. ქალაქის გაზეთშიც დაგვბეჭდეს.

– იქ თაყვანისმცემლებიც გეყოლებოდა.

– ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. ჰოლანდიიდან რომ ჩამოვედი, ერთი-ორი მწერდა: მიყვარხარ, უკან როდის ჩამოხვალო. ძალიან მინდოდა დაბრუნება, თან‚ რომ ჩამოვედი საშინელი დეპრესია დამემართა, უკვე ბევრი რამ იყო მიუღებელი, თუნდაც, ოჯახური სითბო. იმან, რომ ყველაფერს თვითონ მიკეთებდნენ, ცოტა გამაღიზიანა. ბევრმა მეგობარმა რაღაცეებში ვერ გამიგო, იმიჯის შეცვლა მომინდა, ბევრ რამეზე განსხვავებული აზრი მქონდა, ანუ, ცოტა პრობლემებიც იყო, მაგრამ, ყველაფერი გადავლახე.  მისაღები გამოცდები რომ ჩავაბარე, დედამ საჩუქარი გამიკეთა და ერთი თვით ნიუ-იორკში წამიყვანა. მივხვდი, რომ ეს ქალაქი ჩემთვის არის შექმნილი. აეროპორტში ვტიროდი: სად მიგყავართ, დამტოვეთ, არალეგალი გავხდები, ოღონდ არ წამიყვანოთ-მეთქი. 

– უცხოეთში გათხოვებაზეც ხომ არ გიფიქრია?

– ძალიან მიყვარდა ერთი ადამიანი, ქართველი და, ვფიქრობდი, რომ ცოლად გავყვებოდი, მაგრამ, ისე მოხდა, რომ ვერ ავეწყეთ, რაღაც პრობლემები იყო ჩვენს ურთიერთობაში და დავშორდით. ახლა ძალიანაც რომ შემიყვარდეს ვინმე, მას დიდხანს მაინც არ გავყვები ცოლად. ჯერ უცხოეთში უნდა წავიდე და იქ მივაღწიო წარმატებას. თუ უნდა‚ ისიც წამომყვეს, თუ არ უნდა‚ დარჩეს, რამენაირად გადავიტან, რადგან, ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა წავიდე. მქონდა მომენტები, როცა სული მეხუთებოდა საქართველოში, რადგან, ბევრ რამეში მაქვს შეზღუდვები. თუნდაც, ელემენტარული – თმა რომ გაქვს აპარსული, ხალხი რაღაცნაირად გიყურებს, შენი იმიჯიდან გამომდინარე‚ სწორად ვერ აღგიქვამენ. მართლმადიდებელი ვარ, ეკლესიაშიც დავდივარ, ოჯახიც მიყვარს, წესიერიც ვარ, მენტალიტეტურიც და ყველაფერს ვაკეთებ ისე, როგორც საჭიროა. იმიჯი მაქვს ასეთი, რადგან, მომწონს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი ყოფაქცევის გოგო ვარ, როგორც ამას ქართვლების უმეტესობა მიიჩნევს. ვინც ასე ფიქრობს – ჩემთვის უვიცები არიან, რადგან, ადამიანი ჯერ უნდა გაიცნო და არ უნდა შეაფასო ერთი შეხედვით. ამას თითქოს არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ, გულთან მაინც მიმაქვს. შინაგანად მაწუხებს ის, რომ ადამიანები, რომელებიც ასე ფიქრობენ, არასდროს შეიცვლებიან, დარჩებიან საქართველოს პატარა ღრმულში და ვეღარასოდეს გამოვლენ იქიდან. 

– როგორი უნდა იყოს ბიჭი, შენ რომ მოგეწონოს?

– ვიზუალი მთავარი იყო, თუმცა, მქონია ისეთი მომენტი, როდესაც ადამიანი არ მომწონებია ვიზუალით, მაგრამ, გასულა დრო და მერე ისე მომწონებია... ალბათ‚ იმიტომ, რომ როდესაც ახლოს გაიცნობ, მიხვდები, რომ კარგი ადამიანია და მერე მისი ვიზუალიც მოგწონს. თუმცა, ვიზუალი მაინც მთავარია ჩემთვის. თუ ბიჭს არ აქვს კარგი ტანი, ოდნავ კუნთები, თუ არ არის მაღალი, შეიძლება, არ გამოიწვიოს ჩემი სიმპათია; კიდევ, მეტყველი თვალები უნდა ჰქონდეს. ერთადერთი‚ რაც მინდა, ის არის, რომ ბიჭი უნდა მაფასებდეს, მენდობოდეს; არ ვამბობ, რომ ჩემნაირი უნდა იყოს, მაგრამ, მე ვერ გავუგებ ისეთ ადამიანს, რომელსაც არ ესმის მუსიკა, არ უყვარს ხელოვნება, გიჟობების გაკეთება‚ თუნდაც ქუჩაში. ყოველთვის შავგვრემანი ბიჭები მიზიდავდა, მაგრამ, გამონაკლისიც დამიშვია – ცოტა ღია ფერის ბიჭიც მომწონებია. ახლა ერთი ბიჭი მომწონს. 

– რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა?

– ფლირტის ეტაპი უკვე გავიარეთ, მაგრამ, არ მინდა სერიოზულ გრძნობაზე გადასვლა. კატეგორიულად ვამბობ უარს, რომ ვინმე შემიყვარდეს. ძალიან კარგი ბიჭია, ზუსტად ისეთი, როგორიც მე მინდა, მაგრამ, როგორც არ უნდა გავგიჟდეთ ერთმანეთზე‚ მაინც არ ვაპირებ ჯერ გათხოვებას. არ უყვარს, როცა ვამბობ, რომ მე უნდა წავიდე, მაგრამ, ადამიანი თავიდანვე უნდა შეაგუო ამას, რომ მერე არაფერი თქვას. შეყვარებული არ არის, უბრალოდ‚ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. 

скачать dle 11.3