მგლები 5
უკანასკნელი ქურდი
საღამოს კრაკოვი უკან დარჩა. ცოტა ხანში მანქანა გარეუბანში შევიდა. გზის გასწვრივ სუროთი დაფარული ღობეები, საგულდაგულოდ მოვლილი, კოპწია ბაღები და სიმწვანეში ჩაფლული, პოლონური დასახლებებისთვის დამახასიათებელი ტანწერწეტა სახლები გამოჩნდა. მათი ნაწილი ტრადიციულ სტილში იყო აგებული, ნაწილი კი თანამედროვე, ევროპულ, ფეშენებელურ აგარაკებს წარმოადგენდა. ასეთი იყო კრაკოვის გარეუბანი, სადაც ლუკამ ნატოსა და ეკასთვის აგარაკი იქირავა.
ორი მცველი ჭიშკართან შეეგება ლუკას. როცა დარწმუნდნენ, რომ მანქანაში ნამდვილად მათი დამქირავებელი იმყოფებოდა, ჭიშკარი გააღეს. ლუკა ჭიშკარს გასცდა, მანქანა ეზოს განაპირას შეაჩერა და გადმოვიდა. ამასობაში მცველებიც მიუახლოვდნენ და მიესალმნენ.
– გამარჯობა, – სალამი დაუბრუნა ლუკამ, – როგორაა საქმე?
– კარგად. სიმშვიდეა... – უპასუხა ერთ-ერთმა მათგანმა.
– კარგით, მე ხელს აღარ შეგიშლით, – თქვა ლუკამ და შენობისკენ წავიდა.
კიბეებთან მიახლოებისას მსუბუქი ბლუზი ჩაესმა. ნატო ხატვისას ყოველთვის მუსიკას უსმენდა. მუსიკიდან გამომდინარე, ლუკას მისი განწყობის ამოცნობაც კი შეეძლო: თუ ის ვაგნერის „ქარიშხალს” უსმენდა, ვიღაცაზე გაბრაზებული უნდა ყოფილიყო; დასასვენებლად მოცარტს ირჩევდა, ბლუზი კი მოწყენილობას მიანიშნებდა.
ლუკამ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და კიბის საფეხურზე ჩამოჯდა. მხოლოდ ასეთ წუთებში თუ ეძლეოდა ნატოზე ფიქრის საშუალება. თითქოს გუშინ იყო ყველაფერი. ვანდამ სინდისის ქენჯნის გარეშე მიატოვა ჩვილი და გერმანიაში გაემგზავრა. იმ დღის შემდეგ ჩვიდმეტი წელი იყო გასული.
„რა უცებ გაირბინა დრომ, – გაიფიქრა ლუკამ – თითქოს გუშინ მოხდა ყველაფერი, არადა, იმ ერთი ციდა მჩხავანა გორგალიდან ნატო ჩვიდმეტი წლის ქალიშვილად გადაიქცა... და რა მივეცი მე მას ამ წლების განმავლობაში? – მოლოდინით, შიშით, ტკივილით აღსავსე დღეები, – ეს და მეტი არაფერი! ახლა კი... ახლა კი ასეთივე წლები სხვას უნდა გავატარებინო, იმას, რომელიც ჯერ არ დაბადებულა!..“
მცველებმა შენიშნეს კიბის საფეხურზე ჩამომჯდარი ლუკა, ერთ-ერთი მათგანი მიუახლოვდა და ჰკითხა, შეუძლოდ ხომ არ ხართო.
– არა... ყველაფერი კარგადაა, – უპასუხა ლუკამ. მერე ადგა და კიბეს აუყვა.
ნატოს დაზგაზე საშუალო ზომის ტილო ჰქონდა გაჭიმული და გატაცებით მუშაობდა. აუჩქარებლად აზავებდა საღებავს, მერე ფუნჯით იღებდა და ტილოზე გადაჰქონდა. დროდადრო უკან გადგებოდა, ჩაფიქრებული დააკვირდებოდა ტილოზე გავლებულ ხაზებს, შემდეგ კი ისევ განაგრძობდა ხატვას. ის იმდენად ჩაფლული იყო მუშაობაში, რომ ვერც კი შენიშნა ოთახში შესული ლუკა. მან შვილისთვის ხელის შეშლა არ მოისურვა და იქვე დივანზე ჩამოჯდა. ცოტა ხანში ნატო მისკენ შებრუნდა – თითქოს მზერა იგრძნოო. გოგონა წამით გაშეშდა, შემდეგ კი წამოიძახა – მამაო, ლუკასკენ გაქანდა და მკერდში ჩაეკრა.
– კარგი, კარგი, დამშვიდდი... – ლუკა თმაზე მოეფერა გოგონას, – ეკა სად არის?
– მეორე სართულზე, თავის საძინებელში, – უპასუხა ნატომ.
– რატომ? – გაუკვირდა ლუკას, – არც ისე გვიანაა. ცუდად ხომ არ არის?
– არა, უბრალოდ, ყოველთვის ადრე წვება. მისი მდგომარეობისთვის ეს ბუნებრივია. ახლავე გავაღვიძებ, – აჩქარდა ნატო.
– არ გინდა, ეძინოს.
– ეძინოს?! – შუბლი შეიკრა ნატომ, – ვის მოსანახულებლად ჩამოხვედი, მამა?!
– შენი და...
– და?! – თვალებში ჩააცქერდა ნატო.
– ეკასი, – გაეღიმა ლუკას.
– ის კი მთელ დღეებს ფანჯარასთან ატარებს. იღვიძებს იმ იმედით, რომ დღეს მაინც გამოჩნდები და იძინებს იმედით, რომ ხვალ მაინც მოხვალ!.. შენ კი ამბობ: იძინოს!.. ახლა რომ არ გავაღვიძო, ალბათ, ძალიან დიდხანს არ გამცემს ხმას...
– კარგი... დამშვიდდი... მე თვითონ გავაღვიძებ, – უპასუხა ლუკამ.
– არა, მოიცადე, მანამდე რაღაცას გეტყვი... – ნატომ მზერა გაუსწორა და ისე განაგრძო, – ყველაფერში ერკვევი, სულ ყველაფერში, ქალების გარდა!.. ეკას შენ სჭირდები და არა ეს აგარაკი, კომფორტი, სიმშვიდე, სუფთა ჰაერი, საუკეთესო ექიმი, მანქანა, დაცვა და ასე შემდეგ!.. შენ სჭირდები, მხოლოდ შენ!.. მე შევეჩვიე ასე ცხოვრებას. იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ თვეში ან რამდენიმე თვეში ერთხელ გხედავ, ის კი – არა!.. მით უმეტეს მის მდგომარეობაში და მას შემდეგ, რისი გადატანაც მოუხდა!
– თვითონ გითხრა? – ჰკითხა ლუკამ.
– „თვითონ გითხრა!“ – გამოაჯავრა ნატომ, – ხომ გითხარი, რომ საერთოდ ვერ ერკვევი ქალებში!.. ეკა არასდროს წუწუნებს, მაგრამ, მხოლოდ ერთხელ შევძელი მისი სახლიდან გატყუება. აქვე, აგარაკის სიახლოვეს, პატარა, მყუდრო კაფეა. საღამოს იქ გატარება შევთავაზე. ვატყობდი, არ უნდოდა. მცველებიც უნდა გამოგვყოლოდნენ კაფეში, მას კი ძალიან თრგუნავს უცხო, შეიარაღებული ხალხის სიახლოვე, მაგრამ, მაინც არ მითხრა უარი... შემდეგ კი მე თვითონ ვინანე, კაფეში წასვლა რომ შევთავაზე.
– რატომ? – ჰკითხა ლუკამ, – რა მოხდა იქ?
– ვახშამი სრულიად უბრალო ნივთებმა – ზედმეტმა თეფშმა, ჭიქამ, დანა-ჩანგალმა ჩაგვიშალა, რომლის წაღებაც დაავიწყდა ოფიციანტს. ვისხედით ორნი, მაგიდაზე კი მესამე ჭურჭლის კომპლექტიც იდო. მე ვგრძნობდი რასაც განიცდიდა მაშინ ეკა. დასცქეროდა იმ ჭურჭელს, რომელიც თითქოს შენთვის დატოვა ოფიციანტმა და შენზე ფიქრობდა... შენ არ იცი, რა ფასად უჯდება მას ის წამი, როდესაც ჩემი მობილური იწყებს რეკვას... ის მუდამ იმის შიშშია, რომ, ერთ დღესაც, დამირეკავენ და რაღაც საშინელებას მეტყვიან შენზე!.. მან ყველაფერი დათმო შენ გამო – სამსახური, ოჯახი, ახლობლები, საქართველო, თბილისი... ახლა კი შენი ჯერია, მამა!.. – ნატო დივანზე დაეშვა, სახე ხელებში ჩარგო და აკანკალებული ხმით განაგრძო – დედაჩემს შენ არ ყვარებიხარ, შენც არ გიყვარდა ის და, იქნებ, ამიტომაც არის ცოცხალი... სხვები კი... ყველა, ვინც შეგიყვარა, დაიღუპა!... გთხოვ, გევედრები, ნუღარ დაუშვებ ამას!...
– როგორ გაზრდილხარ, ნატო... – ლუკა ფრთხილად მოეფერა თმაზე, მერე შებრუნდა და ოთახიდან გავიდა.
საძინებელ ოთახს ოდნავ ანათებდა ლურჯაბაჟურიანი სანათური. ეკას ეძინა. ერთმანეთზე შეტყუპებული ხელები ლოყის ქვეშ ამოედო და მშვიდად სუნთქავდა. ლუკა მიუახლოვდა, საწოლზე ჩამოჯდა და ფრთხილად მოეფერა ლოყაზე. ეკა შეიშმუშნა, შემდეგ კი საბანი სწრაფად მიიზიდა ნიკაპამდე და გვერდზე გაიწია.
– ნუ გეშინია, მე ვარ... – უთხრა ლუკამ.
– ლუკა! – ოხვრას ამოაყოლა ეკამ, წამოიწია და ორივე მკლავით შემოეხვია კისერზე.
* * *
უკვე რამდენიმე დღე იქნებოდა, რაც მერკულოვი „ვეგასში” ცხოვრობდა. კიევში და, ალბათ, მთელ უკრაინაში, ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც შედარებით უსაფრთხოდ გრძნობდა თავს. სულ ცოტა ხნის წინ კი ყველაფერი სხვანაირად ჰქონდა წარმოდგენილი. მისი აზრით, ჩეჩნების „საქმიდან გაყვანა” ყველაფერს თავისთავად მოაგვარებდა. მისთვის მთავარ საფრთხეს გუსმანი წარმოადგენდა. სავარაუდოდ, გუსმანისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, ვინ იყო მასზე მოწყობილი თავდასხმის ორგანიზატორი და შემსრულებელი. მაგრამ, მერკულოვი იმედოვნებდა, რომ მაინც ადვილად გაიმართლებდა თავს, რადგან, ბრძანება თავდასხმაზე კლიმმა გასცა, მან კი მხოლოდ საჭირო ხალხი შეარჩია, პირადად თვითონ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია. სამაგიეროდ, მან, მერკულოვმა გააფრთხილა გუსმანი მოსკოვიდან ჩამოსული ჩეჩნებისა და მომდევნო თავდასხმის შესახებ. მისი აზრით, ეს სრულიად საკმარისი იყო წარსულის დასავიწყებლად. შემდეგ მოვიდა გეგეშიძე. მერკულოვს მიაჩნდა, რომ მასთანაც გარკვეული ჰქონდა ურთიერთობა. მართალია თავიდან ეს ურთიერთობა დაპირისპირებით დაიწყო, მაგრამ, ჩეჩნები ხომ მან, მერკულოვმა გაგზავნა იმქვეყნად, ეს კი ძალიან სარისკო საქმე იყო. ჩეჩნებს ეჭვი რომ შეჰპარვოდათ მასში და მანქანა უკეთ შეემოწმებინათ, მერკულოვს ვეღარაფერი გადაარჩენდა. სამაგიეროდ, ამით ყველას გაუწია სამსახური – გუსმანს, გეგეშიძესა და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს. რჩებოდა კლიმი, მაგრამ, მისი საკითხი გეგეშიძეს უნდა მოეგვარებინა. თუმცა, როგორც ჩანს, ის არ ჩქარობდა. მოუთმენლობით შეპყრობილი მერკულოვი თავად დაუკავშირდა ტელეფონით და პირობა შეახსენა.
– რომელ პირობას მახსენებ? – ჰკითხა გეგეშიძემ.
– ჩვენ ამაზე მოტელში ვისაუბრეთ, – უპასუხა მერკულოვმა, – მე რაღაცას დაგპირდი რაღაცის სანაცვლოდ. ჩემი მხრიდან დაპირება შესრულდა, ახლა შენი ჯერია.
– როგორც ვატყობ, მეხსიერების პრობლემები გაქვს, – მშვიდად უპასუხა ლუკამ.
– არა, მეხსიერების მხრივ ყველაფერი რიგზე მაქვს, – გაღიზიანდა მერკულოვი.
– მაშინ, კარგად გაიხსენე, რა გითხარი მოტელში, – თქვა ლუკამ.
– მე მახსოვს, შენ თუ გახსოვს?
– კეთილი, მე შეგახსენებ, – განაგრძო ლუკამ, – მე გითხარი: მოაგვარე სტუმრების საკითხი. დანარჩენზე შემდეგ ვიბაზრებთ-მეთქი. ასე იყო თუ – არა?!
– ასე იყო, – უხალისოდ დაეთანხმა მერკულოვი, – მაგრამ, მე იმედი მქონდა, რომ...
– მე არ მაინტერესებს, რისი იმედი გქონდა. მე გეუბნები, როგორც იყო! – ცივად შეაწყვეტინა ლუკამ.
– კარგი, რაც იყო – იყო. როდის ვიბაზროთ? – ჰკითხა მერკულოვმა.
– როცა მე ჩავთვლი საჭიროდ. ჯერჯერობით მაგისთვის არ მცალია! – უპასუხა ლუკამ და ტელეფონი გათიშა.
მას შემდეგ მერკულოვი „ვეგასიდან” აღარ გასულა. უბრალოდ, აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა. ახლა ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, როდის მოინდომებდა გეგეშიძე დაწყებული საუბრის გაგრძელებას.
ღამის თორმეტი საათი იქნებოდა, როდესაც მერკულოვის დასასვენებელ ოთახში „ვეგასის” მცველი შევიდა და უთხრა, შენთან შეხვედრა უნდათო.
– ვის? – ჰკითხა მერკულოვმა.
– მაღალი, კუნთმაგარი ახმახია, მგონი, ტიხონოვის პირადი დაცვიდან უნდა იყოს, – უპასუხა მცველმა.
– შეამოწმე!
– შევამოწმე. სუფთაა.
– შემოუშვი, – უბრძანა მერკულოვმა და, როგორც კი მცველი ოთახიდან გავიდა, პისტოლეტზე დამცველი გახსნა.
ორიოდ წუთში ოთახში ტანმაღალი მამაკაცი შემოვიდა. მერკულოვმა უმალ იცნო ის – „სტუმარი“ მართლაც ტიხონოვის პირადი მცველი იყო.
– პეტრეს შენთან შეხვედრა უნდა, – მაშინვე საქმეზე გადავიდა მცველი.
– დიდი სიამოვნებით, – ხელები გაშალა მერკულოვმა, – „ვეგასის” კარი ყველასთვის ღიაა.
– შენც გესმის, რომ ის აქ არ მოვა. უნდა გამომყვე.
– ახლა არ მცალია, სხვა დროს შევხვდები. თვითონ დამიკავშირდეს და დროზე შევუთანხმდები, – უპასუხა მერკულოვმა.
– არა, პეტრეს დრო არ აქვს. ნუ გეშინია, შორს წასვლა არ მოგიწევს, პეტრე გარეთ გელოდება.
– პეტრე აქ არის?! – გაუკვირდა მერკულოვს.
– ჰო, მანქანაში გელოდება, – დაუდასტურა მცველმა.
მერკულოვი ჩაფიქრდა. კლიმთან ახლო ურთიერთობის მიუხედავად, ტიხონოვი არასდროს მიდიოდა „ვეგასში” და ამას გასაგები მიზეზი ჰქონდა. მავანს შეეძლო, ტიხონოვის საწინააღმდეგოდ გამოეყენებინა ხელისუფლების მაღალჩინოსნისა და მაფიოზად ცნობილი კლიმის ურთიერთობა, მაგრამ, ახლა ტიხონოვმა წესი დაარღვია და ამას შესაბამისი მიზეზიც უნდა ჰქონოდა.
„ხომ არ მიჩალიჩებენ? – გაიფიქრა მერკულოვმა, – ჩემი დაბრედვა ხომ არ უნდათ? მაგრამ, რისთვის? რა პრეტენზია აქვს ჩემთან ტიხონოვს? ჩემი და გეგეშიძის შეხვედრის შესახებ ხომ არ იცის რამე?.. არა, გამორიცხულია!.. ჩეჩნები?!. არა. მათი მანქანა მარტომ დავნაღმე და ვერავინ გამიბაზრებდა!.. ალბათ, უბრალოდ, შეხვედრა უნდა. ეს ნაღდად ტიხონოვის მცველია. ის ჩემმა ხალხმა ნახა და, არა მგონია, აქ, „ვეგასში” გაბედონ ჩემზე თავდასხმა. ყოველი შემთხვევისთვის, ფრთხილად უნდა ვიყო“...
– რა გადაწყვიტე? – მცველს მალე მობეზრდა მისი დუმილი.
– წავედით, – უპასუხა მერკულოვმა და ადგა.
კლუბიდან უკანა გასასვლელით გავიდნენ. გზის მეორე მხარეს მუქმინებიანი „მერსედესი” იდგა. მერკულოვმა „ვეგასის” შესასვლელთან მდგარი მცველები გააფრთხილა – ყურადღებით იყავითო და მანქანისკენ დაიძრა, მას წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი. თუ პეტრე მანქანაში არ აღმოჩნდებოდა, მაშინვე უკან უნდა გამობრუნებულიყო.
ტიხონოვი მანქანაში აღმოჩნდა – ის უკანა სავარძელზე იჯდა. მერკულოვი შედარებით დამშვიდდა, გვერდით მიუჯდა და კარი მიხურა. იმავ წამს წინა სავარძელზე მჯდარი მცველი შემობრუნდა და რაღაც მოწყობილობა მოიმარჯვა.
„ელექტროშოკი!... ჩემი გათიშვა უნდათ!..“ – ელვის სისწრაფით გაუელვა მერკულოვს და სწრაფად წაეტანა პისტოლეტს.
– მშვიდად, მშვიდად... – მხარზე შეეხო ტიხონოვი, – ეს მხოლოდ დეტექტორია.
– რა დეტექტორი? – ეჭვით ჰკითხა მერკულოვმა.
– ჩვეულებრივი დეტექტორი... მინდა, „ჟუჩოკზე” შეგამოწმონ, – უპასუხა ტიხონოვმა და მცველს ანიშნა, განაგრძეო.
შემოწმებას რამდენიმე წამი დასჭირდა. მცველმა დეტექტორი მერკულოვის სხეულის გასწვრივ აატარ-ჩაატარა და შემდეგ ტიხონოვს მოახსენა, სუფთააო.
– რას ნიშნავს ეს ცირკი? – უკმაყოფილო იერით თქვა მერკულოვმა, როგორც კი მცველი შებრუნდა.
– უბრალოდ, თქვენი კანტორა ნდობას აღარ იმსახურებს. ვიღაც გამოჩნდა თქვენ შორის, რომელიც ფარული ჩანაწერებით ამარაგებს ჩვენს საერთო ნაცნობებს. ჩემი ჩამოყვანილი ჩეჩნები ძალიან უცნაურად დაიღუპნენ. შეიძლება, ვინმემ დაიჯეროს, რომ ისინი საკუთარ ნაღმზე აფეთქდნენ, მე კი ამას არასოდეს ვჭამ. კარგად ვიცოდი, რაში ერკვეოდნენ და რაში – ვერა, – უპასუხა ტიხონოვმა, – შენ რამე ხომ არ იცი ამის შესახებ?
– არა, – მოკლედ მოუჭრა მერკულოვმა.
– ცოტა ხნის წინ ერთი ასეთი ჩანაწერი მოვისმინე და, იცი, რა მეჩვენა ყველაზე საინტერესოდ? – განაგრძო ტიხონოვმა.
– რა?
– იმ ჩანაწერზე ჩემი და შენი საუბარი იყო. მე კარგად მახსოვს ის დღე: შენ მოხვედი ჩემთან და ჩვენს საუბარს არავინ დასწრებია, როგორ მოხვდა ის ჩანაწერი სხვის ხელში?!
მერკულოვს უმალ მოუნდა მანქანიდან გადასვლა და უკანმოუხედავად გაქცევა, მაგრამ, გრძნობდა, რომ ტიხონოვის მცველები ამის საშუალებას არ მისცემდნენ. დარჩენით და მშვიდი საუბრით უფრო იყო შესაძლებელი თავის დაძვრენა.
– დამპალი კლიმი!.. – თქვა ბრაზით, – ადრეც მიჰქარავდა ასე. ის ხომ ბოლომდე არავის ენდობოდა. „ვეგასის” ყველა ოთახი გატენილია „ჟუჩოკებით”. უფრო რთული მოწყობილობებიც ჰქონდა: ზოგი სანთებელაში იყო შენიღბული, ზოგი კალამში. ზოგიც კი ისეთი მცირე ზომის იყო, საერთოდ ვერ შენიშნავდი!.. ამიტომაც, ვერაფერს გეტყვი. შეიძლება ტანსაცმელზე მომამაგრა რამე, როცა შენთან მგზავნიდა; შეიძლება, ადრევე შემიცვალა სანთებელა, ან კიდევ, მობილურში ჩამიმონტაჟა რამე!
– ესე იგი, შენ არაფერი იცი იმ ჩანაწერის შესახებ?! – მზერა გაუსწორა ტიხონოვმა.
– რა თქმა უნდა, არა, – უყოყმანოდ უპასუხა მერკულოვმა.
– შეიძლება, არ გამოვრიცხავ... მაგრამ, შესაძლოა, პირიქითაც იყოს...
– შენ რა, არ მენდობი?! – მერკულოვმა ნაწყენი სახე მიიღო.
– იმ ჩანაწერების ნახვის შემდეგ ვეღარავის ვენდობი, მაგრამ, შენ ერთ შანსს მოგცემ და უნდა დამიმტკიცო, რომ მართლაც შეიძლება შენი ნდობა!
– რას მოითხოვ ჩემგან? – ჰკითხა მერკულოვმა.
– მხოლოდ ერთს – გულწრფელობას! – ტიხონოვი წამით ჩაფიქრდა და მერე ჰკითხა: – თქვენს კანტორაში ვინ იცოდა ჩეჩნების ჩამოსვლის შესახებ?
– მხოლოდ მე, კლიმმა და კუზმამ, – უპასუხა მერკულოვმა.
– თქვენი დედაც!.. – შეიგინა მერკულოვმა, – მე ხომ გაგაფრთხილე, რომ უცხო არავინ გააკარო იმ ხალხს-მეთქი!
– კუზმა უცხო არ არის, ჩვენი კაცია. ვიღაც ნაბიჭვარს ასეთ საქმეში არ ჩავრთავდი! – იწყინა მერკულოვმა.
– მე შენ დაგავალე მათი მეგზურობა!
– მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ: მე შენი ხელქვეითი არ ვარ. მეგზურობა რთული საქმე არ იყო, ამას კუზმაც გაართმევდა თავს. იმაზე თუ გიფიქრია, იმ ჩეჩნებს რამე რომ შეშლოდათ და მე მათთან ერთად დავფიქსირებულიყავი, რა მოჰყვებოდა ამას?! ჩვენი სასტავის მიმართ ისედაც ძიება მიმდინარეობს. კიდევ კარგი, ბაბიცკის დროზე ამოსძვრა სული, თორემ, ახლა აქედან ძალიან შორს ვიქნებოდი. იმავე შეცდომის გამეორებას არ ვაპირებდი! – უპასუხა მერკულოვმა.
– ძალიან მარტივად მიხსნი, – ეჭვით დახედა ტიხონოვმა.
– რაც მოხდა იმას გეუბნები და სამომავლოდაც გაითვალისწინე. მე ხელის ბიჭი არ ვარ. რაც გინდა ის დამავალე, მე მაინც ჩემი შეხედულებისამებრ გავაკეთებ!
ტიხონოვმა ყურადღებით შეათვალიერა და შემდეგ მოულოდნელად ჰკითხა:
– რა მოხდა მალიშევსა და კლიმს შორის?
„ჩანს ესეც იცის. ნაღდად იცის, რომ იმ შეშლილმა მალიშევი მოკლა. ახლა აზრი აღარ აქვს რიჟა ბაზარს. რადაც არ უნდა დამიჯდეს უნდა დავუმტკიცო, რომ სუფთა ვარ. თანაც, რაა სანერვიულო, მე ხომ არ მომიკლავს ის „ეფესბეშნიკი”?! – გაიფიქრა მერკულოვმა და შემდეგ უპასუხა:
– ამაზე უარესი რა უნდა მომხდარიყო?.. იმ ნაბიჭვარმა მალიშევი მოკლა!..
– დარწმუნებული ხარ?
– ასი პროცენტით... იმ ამბის შემდეგ კლიმს მცველების ნახევარი გაექცა. არ მოინდომეს იმ საქმეში ჩარევა და რუსეთში დაახვიეს, – უპასუხა მერკულოვმა.
– რატომ?.. რა მიზეზით უნდა მოეკლა კლიმს მალიშევი? – ჰკითხა ტიხონოვმა.
– სიმართლე რომ გითხრა, ბოლო ხანებში მალიშევმაც აურია – არ მოსწონდა კლიმის საქმის წარმოების წესები. ბოლოს სერიოზულად შეკამათდნენ. კლიმს საქმიდან გასვლა სურდა, მალიშევი კი ამის საშუალებას არ აძლევდა. როცა დარწმუნდა, რომ სიტყვით ვერ დაითანხმებდა, დაემუქრა, ჩვენი საუბრების ჩანაწერებს, გუსმანს გავუგზავნიო!
– რომელ ჩანაწერებზეა საუბარი?
– ზუსტად მეც არ ვიცი, – უპასუხა მერკულოვმა, – მათ რამდენიმე საუბარს მეც დავსწრებივარ, რამდენიმეს – არა. როგორც ჩანს, მალიშევს ყველა საუბრის ჩანაწერები ჰქონდა.
– ესე იგი, აშანტაჟებდა! – შენიშნა ტიხონოვმა.
– აშანტაჟებდა, – დაუდასტურა მერკულოვმა, – კლიმს ძალიან აღიზიანებდა ასეთი მიდგომა, ჰოდა, შედეგმაც არ დაიგვიანა. ბიჭებმა მიამბეს რაც მოხდა იმ დღეს კლიმის აგარაკზე. მალიშევი და კლიმი სასტუმრო ოთახში საუბრობდნენ. უფრო სწორად, კამათობდნენ. ბიჭების თქმით, ოთახიდან ყვირილი ისმოდა. მალიშევმა კლიმს გაარტყა კიდეც და ცხვირი გაუტეხა. შემდეგ რა მოხდა, ზუსტად არავინ იცის. სასტუმრო ოთახში მოულოდნელად ატყდა სროლა. როცა ბიჭები იქ შეცვივდნენ მალიშევი უკვე მკვდარი იყო...
– სიგიჟეა... ნაღდი სიგიჟე!.. – თავი გაიქნია ტიხონოვმა.
– ბოლო ხანებში კლიმი ძალიან ბევრს სვამდა. იმ დღესაც ორი თუ სამი ბოთლი ვისკი ჰქონდა დალეული...
– გვამი სად წაიღეს?
– ბიჭებს ტყეში დაამარხვინა.
– ეგ რა, საერთოდ შეიშალა?!
– ეს უკვე შურისძიების მეორე ნაწილი იყო. მალიშევი ჩემი თანდასწრებით დაემუქრა: მე თუ მოვინდომე, საერთოდ გაგაქრობ, იმასაც კი ვერავინ შეიტყობს, სად არის დაფლული შენი მძორიო. ჰოდა კლიმიც სწორედ ასე მოიქცა, – უპასუხა მერკულოვმა.
– ხვდები, რა შარში გაგვხვია კლიმმა? – გახედა ტიხონოვმა.
– შარი ის სიტყვა არ არის. ყველა გაგვწირა – მალიშევის სიკვდილს არავინ შეგვარჩენს!
ტიხონოვი ჩაფიქრდა. შემდეგ მერკულოვს მიუბრუნდა და უთხრა:
– ესე იგი, შენი ნდობა შეიძლება?
– თავად გადაწყვიტე.
– კარგი, მაშინ, ასე გეტყვი... გინდა ამ საქმეს ცოცხალი გადაურჩე?
მერკულოვმა დუმილით უპასუხა.
– გინდა... ყველას გვინდა... მე აგიხსნი რაც შეიძლება მოხდეს ხვალ. კლიმი რუსეთშია და „ეფესბე” პირველ ყოვლისა, მასთან მოიკითხავს მალიშევს. რა გარანტია გვაქვს, რომ ასეთი სისულელის ჩამდენი სხვა სისულელეებს არ დაამატებს? მასთან გეგეშიძისნაირ თავზეხელაღებულს რომ ჰქონოდა პრეტენზია, ბევრს არ ვინერვიულებდი – ის, უბრალოდ ტყვიას დაატაკებდა შუბლში და ამით მოამთავრებდა ყველაფერს. „ეფესბე” კი ასე არ მოიქცევა. ის ლიმონივით გამოწურავს კლიმს. ახლა კი უფრო უარესს გეტყვი: წარმოიდგინე, რომ კლიმი რუსებმა კი არა, უკრაინელებმა აიყვანეს. გავაგრძელო?..
– არ არის საჭირო, – ყრუდ ჩაილაპარაკა მერკულოვმა, რომელიც მის გარეშეც ხვდებოდა, თუ რა მოჰყვებოდა კლიმის უკრაინულ პროკურატურაში ალაპარაკებას.
– მაშინ, გეკითხები: რაში ხედავ გამოსავალს?
მერკულოვს ცივი ღიმილი მოჰგვარა ტიხონოვის კითხვამ. მისთვის უკვე გასაგები იყო, საითაც მიჰყავდა საუბარი პეტრეს.
– მე პასუხს ველი, – შემოხედა ტიხონოვმა.
– რა საჭიროა ზედმეტი ლაპარაკი? ორივემ კარგად ვიცით, რაშიცაა გამოსავალი, – უპასუხა მერკულოვმა, – მაგრამ, მე ამაზე წამსვლელი არ ვარ!.. ისედაც ბევრი სისხლი დაიღვარა ჩემი ხელით!
– მაშ, ვინ უნდა მოაგვაროს ეს საკითხი? – ჰკითხა ტიხონოვმა.
– შენ არ გაგიჭირდება შესაფერისი ხალხის გამონახვა.
– მეე?! – ტიხონოვმა გულიანად გაიცინა, – არ დავმალავ, კლიმის ალაპარაკებამ შეიძლება, მართლაც შემიქმნას პრობლემები. შესაძლოა, სამსახურიც დავკარგო და, ისიც, მხოლოდ დროებით, მაგრამ, შენ რა გეშველება. გუსმანმა ცოცხალი თუ დაგტოვა, სამუდამო პატიმრობა არ აგცდება და, ეს რომ არ მოხდეს, მე უნდა გამოვძებნო საჭირო ხალხი?!
მერკულოვს არაფერი უთქვამს.
– გადადი მანქანიდან! – მოულოდნელად წამოისროლა ტიხონოვმა და მერკულოვს მხარში უბიძგა, – გაეთრიე აქედან და შენს ქეციან კლუბში დაელოდე, როდის მოგაკითხავენ!
– კარგი... დამშვიდდი... – შეეწინააღმდეგა მერკულოვი, – ვილაპარაკოთ. მაინც რას მოითხოვ ჩემგან?
– კლიმი უნდა წავიდეს და ეს შენ უნდა გააკეთო! – მოკლედ მოუჭრა ტიხონოვმა, – და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი და მთავარი – ამით თავს გადაირჩენ. პირობას გაძლევ, რომ გუსმანი წარსულს არ შეგახსენებს და უკრაინაში შენ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება; მეორე – შენ კარგად იცი, რომ კლიმი ჩემი საქმიანი პარტნიორი იყო. როგორ გგონია, შენი წინადადებით თუ ვისარგებლე და კლიმი მე თვითონ მოვიშორე თავიდან, შენ რაღაში დამჭირდები?.. იმ „ვეგასის”, რომელიც შენ „მალინად” აქციე, სამოცპროცენტიანი წილი მე მეკუთვნის და სულაც არ ვაპირებ იმ ადამიანის შენახვას, რომელმაც თავის დროზე მხარდაჭერაზე მითხრა უარი!.. დაფიქრდი, რამდენს მიიღებ, თუ ჩემ გვერდით დარჩები და რამდენს დაკარგავ, თუ გვერდზე გადგები!.. გასაგებად აგიხსენი ყველაფერი?
– ყველაფერი გასაგებია, – ჩაილაპარაკა მერკულოვმა.
– შენ თქვი, რომ კლიმს მცველების ნაწილი გაექცა, – განაგრძო ტიხონოვმა.
– ჰო... გაექცა...
– რამდენი მცველი ჰყავს ამჟამად?
– სამი... ეცოტავება და მე მთხოვა შესაფერისი ხალხის შერჩევა, – უპასუხა მერკულოვმა.
– იმედია, კარგად შეარჩევ ხალხს, – არაორაზროვნად მიანიშნა ტიხონოვმა.
– შევარჩევ, – მცირე პაუზის შემდეგ უპასუხა მერკულოვმა.
– ჩემი დახმარება გჭირდება?
– არა. როცა ყველაფერი მზად იქნება, მე თვითონ დაგიკავშირდები, – უპასუხა მერკულოვმა, შემდეგ კარი გააღო, მანქანიდან გადავიდა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა ღამის კლუბისკენ.
ტიხონოვი დაჟინებული მზერით გასცქეროდა მიმავალ მერკულოვს, მერე კი წინა სავარძელზე მჯდომ მცველს გადაულაპარაკა:
– კარგად დაიმახსოვრე, ვალერი, კლიმის ლიკვიდაციის შემდეგ ეს ნაბიჭვარი კიევში ვეღარ უნდა დაბრუნდეს!..
დილით კლიმი საშინელმა თავის ტკივილმა გამოაღვიძა. გაჭირვებით წამოჯდა საწოლზე და ტუმბოზე დატოვებული ვისკის ბოთლი აიღო. ორიოდ წამს დანისლული მზერით დასცქეროდა ბოთლს, შემდეგ კი ძლიერად მოისროლა, კედელს მიამსხვრია და ბრაზით ჩაილაპარაკა:
– ამაში ნაღდად მართალი იყავი, ბორია, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!..
გრილმა შხაპმა სწრაფად მოაფხიზლა. ამის შემდეგ კლიმი სპორტულ კოსტიუმში გამოეწყო და სახლის პირველ სართულზე დაეშვა. მოსამსახურე ქალმა სასადილო ოთახში გაწყობილი სუფრა დაახვედრა. იქვე ტრიალებდა მისი ერთ-ერთი მცველიც, რომელიც ცხელ ყავას სვამდა. როგორც კი კლიმი მაგიდას მიუჯდა, მცველმა ჭიქა ვისკით შეუვსო და წინ დაუდგა, მაგრამ, მისდა გასაოცრად, კლიმმა ჭიქა გვერდზე გასწია და ჰკითხა:
– მერკულოვი არ დაგკავშირებია?
– დარეკა – კლიმს ვერ ვუკავშირდებიო.
– რა უნდოდა?
– აქ მოდის. საათში-საათნახევარში ჩამოვა.
– კეთილი... საუზმის შემდეგ კაბინეტში ვიმუშავებ. როგორც კი ჩამოვა, გამაგებინეთ, – თქვა კლიმმა და საუზმობას შეუდგა.
საათ-ნახევრის შემდეგ კლიმს მცველის დაძახება არ დასჭირვებია – კაბინეტის ფანჯრიდან თავად შენიშნა ეზოში შემოსული მანქანა, რომლიდანაც მერკულოვი და ორმოციოდე წლის სამი მამაკაცი გადმოვიდნენ. კლიმმა მაშინვე მიანება თავი მუშაობას და პირველ სართულზე დაეშვა.
კლიმი გახარებული იყო მერკულოვის ჩამოსვლით, თანაც, მას დავალებაც შეესრულებინა – მისთვის ახალი მცველები გამოენახა. მხოლოდ ერთი რამ აკვირვებდა: ის ელოდა, რომ მცველები მისი კომპანიიდან იქნებოდნენ, ამ სამეულს კი ცხოვრებაში პირველად ხედავდა.
– ვინ არიან? – მამაკაცებზე მიანიშნა კლიმმა მერკულოვს.
– დაგავიწყდა? შენ ხომ მცველების ჩამოყვანა მთხოვე, – უპასუხა მან.
– ჰო, მაგრამ, ამ ტიპებს ადრე არასოდეს შევხვედრივარ. ჩვენი ხალხი რატომ არ ჩამოიყვანე?
– პისტოლეტიანი სირები თუ გჭირდება, მთელ არმიას ჩამოგიყვან. ესენი ნაღდი პროფესიონალები არიან. ახლოს როცა გაიცნობ, თავად დარწმუნდები ამაში, – უპასუხა მერკულოვმა.
– ვინ არიან?
– ოდესიდან მოვიწვიე. იქ ერთი ძველი მეგობარი მყავს, თავად აქვს დაფუძნებული დაცვის კომპანია. გამოცდილი და სანდო ხალხია. თანაც, საერთოდ არ აინტერესებთ კლიენტის პრობლემები.
– მინდა, გავესაუბრო, – სამეულს გახედა კლიმმა.
– გასასაუბრებლად ერთიც გეყოფა, ის მათი ხელმძღანელია და ყველაფერს აგიხსნის, – ამ სიტყვებთან ერთად მერკულოვი სამეულს მიუბრუნდა და ერთ-ერთ მათგანს დაუძახა – რომა!
სამეულს ერთი მამაკაცი გამოეყო და სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა მერკულოვისკენ. მან ყურადღებით შეათვალიერა მამაკაცი, მერე შებრუნდა და სახლს მიაშურა – სასტუმრო ოთახში ვისაუბროთო.
კლიმი მაგიდას მიუჯდა და რომას უთხრა:
– არ დაგიმალავ. ამჟამად ჩემს ორგანიზაციას მძიმე დრო უდგას. მოკლედ რომ გითხრა, კონკურენტები მავიწროვებენ. აქედან გამომდინარე, პირად მცველებს განსაკუთრებული პრეტენზიულობით ვეკიდები. ვის შეუძლია შენი და შენი ხალხის დახასიათება? ვისთან მუშაობდით ადრე?..
– სააგენტოს წესების მიხედვით, ყოფილი კლიენტების ვინაობას არასდროს ვასახელებთ, – უპასუხა რომამ.
– და, შენ გგონია, რომ სიცოცხლეს ვანდობ იმ ადამიანს, რომელიც ასეთ ბუნდოვან პასუხებს იძლევა?! – მოიღრუბლა კლიმი.
– ეს თქვენი საქმეა, – მშვიდად უპასუხა რომამ.
ამ დროს ეზოდან უცნაური ხმები გაისმა. კლიმს მოეჩვენა, რომ იქ იბრძოდნენ. ერთმანეთს ცვლიდა დარტყმისა და სხეულის მიწაზე დაცემის ხმები. ვითარების გასარკვევად კლიმი ადგილიდან წამოიწია, მაგრამ ადგომა ვერ მოასწრო – რომამ და მერკულოვმა ელვის სისწრაფით მოიმარჯვეს მაყუჩიანი პისტოლეტები და მიზანში ამოიღეს.
– რა ხდება აქ, თქვენი დედაც!.. – კლიმმა ავად გააღრჭიალა კბილები.
– დაჯექი და ხელები მაგიდაზე დააწყვე!.. ზედმეტი მოძრაობა არ გაბედო, თორემ, ტყვიას მიიღებ შუბლში!.. – ცივი ხმით უპასუხა რომამ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში