კეთილშობილი მკვლელი
დეიდა ჯეინმა რეიჩელის დაპატიმრების ამბავი მისი ადვოკატისგან გაიგო. დეიდაშვილის შვილის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობა ჰქონდა და პატარაობიდანვე ხშირად იყო ხოლმე მასთან. გოგონას ჯიუტი ხასიათი მასში ინტერესს იწვევდა. მერე რეიჩელი გაიზარდა და გათხოვდა ვინმე მისტერ დეიმენზე. დეიდა ჯეინს არ მოსწონდა ეს ქორწინება. მიაჩნდა, რომ ძალიან შეუფერებელი წყვილი ერთად დიდხანს ვერ გაძლებდა, თუმცა, ქორწინებამ ათ წელიწადს გასტანა. მაგრამ, უცებ გარდაიცვალა მისტერ დეიმენი – ჯანმრთელი ადამიანი, რომლის სიკვდილსაც არავინ ელოდა. კიდევ უფრო მოულოდნელი კი ის იყო, რომ მალე, ძირითადად, გავრცელებული ჭორების საფუძველზე, მისი მეუღლე დააპატიმრეს ქმრის მოწამვლის ბრალდებით. დეიდა ჯეინი მეტისმეტად კარგად იცნობდა თავის ნათესავს, რომ მისი მკვლელობის ამბავი დაეჯერებინა. ამიტომ, დაივიწყა ის წყენა, რომელიც მის მიმართ ჰქონდა და რეიჩელთან შესახვედრად გაემართა, რადგან, რეიჩელი დაჟინებით სთხოვდა მასთან მისვლას. ჯეინმა იცოდა, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთში დიდად ვერ რიგდებოდა, მაგრამ, მკვლელობა მეტისმეტი იყო.
რეიჩელი სავალალო მდგომარეობაში დაუხვდა – ქალი ნერვული აფეთქების ზღვარზე იყო. ჯეინი მოეფერა და ყველაფრის მოყოლა სთხოვა.
– წარმოგიდგენიათ? დასახლებაში ყველა ჩემკენ იშვერს თითს, რომ ქმარი მოვწამლე! ეს უსამართლობაა!
– საყვარელო, ეს ისე არ მოხდებოდა... შეუძლებელია, რამე მიზეზი არ არსებობდეს.
– მიზეზი იცი. მძიმე ხასიათის ადამიანი იყო და ხშირად ვჩხუბობდით. სკანდალები ჩვენს ოჯახში ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ბუნებრივია, მოსამსახურეები ჩვენზე ჭორაობდნენ – პირს ხომ ვერ ამოვუკერავდი? იმ დღესაც, როცა გარდაიცვალა, დილით მაგრად ვიჩხუბეთ.
– მიზეზი?
– ხომ გითხარი? დეიმენს მძიმე ხასიათი ჰქონდა, ყველაფერზე შეეძლო სკანდალი მოეწყო. ოთახში ავედი და ჩავიკეტე. მისი დანახვაც არ მინდოდა. მოსამსახურემ რომ დამიძახა და ექიმიც მოვიყვანეთ, უკვე გვიან იყო – ცოცხალს ვეღარ მივუსწარი.
– ექიმმა რა თქვა?
– სოკოთი მოიწამლაო. მაგრამ, რატომღაც, ინსპექტორი დარწმუნებულია, რომ მე მოვწამლე. მიუხედავად იმისა, რომ გოდფრი ზოგჯერ აუტანელი იყო, მაინც მიყვარდა. მოკვლაზე ხომ არც მიფიქრია. რა სისულელეა!
– იქნებ, თავი მოიწამლა? – ვარაუდი გამოთქვა დეიდა ჯეინმა, – მე ვიცი, რომ შენს გარდაცვლილ ქმარს სულით ავადმყოფები ჰყავს გვარში. იქნებ, შენი გოდფრი სუიციდისკენ იყო მიდრეკილი?
– არა, სრულიად ნორმალური იყო. ფეთქებადი ხასიათით, მაგრამ, ნორმალური. აი, ჩემს მამამთილს კი ზოგჯერ აქვს რაღაც „ჩავარდნები“. ჯანმრთელია, მაგრამ, ხომ გესმის... დეიდა ჯეინ, მე არ მაწუხებდა ეს ადამიანი. მას თავისი მომვლელი ჰყავს. გოდფრის კი უნდოდა, ის სულით ავადმყოფების თავშესაფარში მოეთავსებინა.
დეიდა ჯეინი დაფიქრდა. რეიჩელს ცრემლები გადმოსცვივდა.
– არაფერი არ მიშველის, გარდა სიკვდილისა. მე ციხეში ვერ გავძლებ. უბედურება ისაა, რომ იმ დილით აფთიაქში ცოტა დარიშხანი ვიყიდე თაგვებისთვის და აფთიაქარმა დამიმახსოვრა. ეს საშინელი დაბაა. ადამიანები მხოლოდ ჭორებით სულდგმულობენ. რამდენჯერ ვთხოვე გოდფრის, გავყიდოთ სახლი და გავემგზავროთ აქედან-მეთქი.
დეიდა ჯეინმა, როგორც შეეძლო, ანუგეშა ქალი და უპირველესად იმ ექიმის მონახულება გადაწყვიტა, რომელმაც მისტერ დეიმენის სიკვდილის დასკვნა დაწერა. ექიმი როულინსონი ასაკში შესული კაცი აღმოჩნდა. მან თქვა, რომ, როცა შეშინებულმა მოახლემ მასთან დარეკა და ის პაციენტთან მივიდა, ეს უკანასკნელი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო – ბოდავდა და რაღაც გაუგებარ სიტყვებს ამბობდა. თვალის გუგები გაფართოებული ჰქონდა და, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ის სოკომ მოწამლა.
– როგორც ჩანს, ის ვახშმის მერე გახდა ცუდად და ცოლს უხმო საშველად, მაგრამ, ვერ გააგონა. ხმაურზე მოახლეს გაეღვიძა და მოხუცი დეიმენის მომვლელთან ერთად სასტუმრო ოთახში ჩავიდნენ, ბატონის დანახვაზე შეშინებულებმა კი მე დამირეკეს.
– ექიმო, რადგან მოხუცი ჯენტლმენი ახსენეთ, მას თქვენ მკურნალობთ?
ექიმმა როულინსონმა მხრები აიჩეჩა:
– სამკურნალო არაფერი სჭირს, საკმაოდ ჯანმრთელია ფიზიკურად. მხოლოდ მხედველობის წვეთებს ვუწერ და მისი დაავადების გამაკონტროლებელ დამამშვიდებელ საშუალებებს.
– თქვენც ფიქრობთ, რომ საცოდავი გოდფრი დეიმენი ცოლმა მოწამლა? – ჰკითხა დეიდა ჯეინმა.
– რეიჩელი კარგი გოგოა. მიუხედავად იმისა, რომ ქმართან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა, ვეჭვობ, მკვლელობაზე წასულიყო. თუმცა, ვერაფრით ავხსნი მის გულგრილობას, როცა ქმარი საშველად უხმობდა და თავისი ოთახიდან არ გამოვიდა.
– თქვენ თქვით, რომ როცა პაციენტთან მიხვედით, ის ბოდავდა. ხომ ვერ გაიხსენებთ, რას ამბობდა?
– გაუგებარ სიტყვებს. – მე ვერ მივხვდი, რისი თქმა უნდოდა, თუკი, საერთოდ, უნდოდა რამის თქმა. როცა მზარეულს ველაპარაკე, მან თქვა, რომ რამდენიმე სოკო ცოტა საეჭვოდ მოეჩვენა და ისინი გადაყარა. ვფიქრობ, მოწამვლა მაინც სოკომ გამოიწვია. გუგების გაფართოება ამ მოწამვლის პირველი ნიშანია.
– დიახ, ასევე, ატროპინით მოწამვლის, – ჩაილაპარაკა დეიდა ჯეინმა, – თვალის წვეთები, რომელსაც მოხუც ჯენტლმენს უწერდით, ალბათ, შეიცავს ატროპინს, ხომ ასეა?
– დიახ, რა თქმა უნდა, – ექიმმა გაოცებით შეხედა ქალს, – ამით რისი თქმა გინდათ?
– არაფრის. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. თუმცა, არცთუ უსაფუძვლო.
მოსამსახურე გოგონასაც და მზარეულსაც, დეიდა ჯეინმა პირველად ის ჰკითხა, ხომ ვერ დაიხსომეს, რას ამბობდა მომაკვდავი.
– ისეთი შეშინებულები ვიყავით, რომ ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია. თითქოს რაღაცას გვთხოვდა და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ შველას ითხოვდა. ექიმთან დავრეკეთ და ქალბატონს დავუძახეთ, რომელიც მაშინვე არ გამოვიდა თავისი ოთახიდან.
– იქნებ, მაინც გაიხსენოთ, რა სიტყვა იყო? – ჩააცივდა დეიდა ჯეინი.
– მგონი, თევზის ბრიკეტიო, ახსენა, – ყოყმანით ჩაილაპარაკა მოახლემ.
– თევზის ბრიკეტი?
– ჰო, გაყინული თევზის ბრიკეტები რომაა. საწყალი, აგონიაში იყო.
– მისტერ დეიმენი, თუ არ ვცდები, ქიმიით იყო გატაცებული. შეიძლება მისი ბიბლიოთეკა ვნახო?
მოახლემ მხრები აიჩეჩა, მაგრამ, კაბინეტამდე მაინც მიაცილა. ეჭვით უყურებდა ამ ცნობისმოყვარე, ხანში შესულ ქალბატონს, გამომძიებელივით რომ სვამდა შეკითხვებს. დეიდა ჯეინმა ორ საათზე მეტი გაატარა კაბინეტში. ლექსიკონებსა და ცნობარებში იქექებოდა, მერე კი მოზეიმე სახით გამოვიდა და მოხუცი ჯენტლმენი დეიმენის ნახვა მოინდომა.
– პირდაპირ გკითხავთ, – დაიწყო დეიდა ჯეინმა ოთახში შესვლისთანავე, – რატომ მოწამლეთ საკუთარი შვილი? თქვენ მას სასმელში თქვენი თვალის წვეთების დიდი დოზა შეურიეთ. ახლა პასუხი უდანაშაულო ადამიანმა, რეიჩელმა უნდა აგოს. ეს ხომ უსამართლობაა!
მოხუცს ყოყმანი დაეტყო.
– რეიჩელი მართლაც კარგი გოგოა. ის ყოველთვის მესარჩლებოდა, როცა ჩემი შვილი ამბობდა, რომ სულით ავადმყოფთა თავშესაფარში უნდა გადავეყვანე. წინააღმდეგობას უწევდა და ამის გამო ძალიან ჩხუბობდნენ. ერთხელაც, ვეღარ გაუწევდა წინააღმდეგობას და ამიტომ მოვწამლე. ის ცუდი ქმარი და ცუდი შვილი იყო, მაგრამ, მართალი ხართ, რეიჩელმა პასუხი არ უნდა აგოს იმისთვის, რაც არ ჩაუდენია. მზად ვარ, ინსპექტორთან იგივე გავიმეორო.
დეიდა ჯეინი რეიჩელს თმაზე მიეფერა:
– ჩემი ჯიუტი და სულელი გოგო... ხომ გეუბნებოდი, რომ ეს კაცი შენი შესაფერისი არ იყო. ბრიკოკარპინი – ეს არის ატროპინის გამანეიტრალებელი საშუალება. აი, რას ითხოვდა შენი ქმარი და ვერავინ მიუხვდა.