კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გეგმავდა ტერორისტი ოტო სკორცენი სტალინის რეზიდენციაზე თავდასხმასა და მის მოტაცებას, ან მოკვლას

1944 წელი ძალზე მძიმე აღმოჩნდა ნაცისტური გერმანიისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების, ინგლისისა და საბჭოთა კავშირის სამხედრო პოლიტიკური კავშირი, გერმანიას სრული განადგურებით ემუქრებოდა. ამას დაერთო 1944 წლის 20 ივლისს ჰიტლერის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტი, რომლის დროსაც ფიურერი შემთხვევით გადარჩა. ნაცისტური გერმანიის უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო წრეებში, უკვე 1944 დამდეგიდან, სერიოზულად განიხილებოდა სტალინის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობის საკითხი. საკითხის განხილვა კიდევ უფრო დაჩქარდა ჰიტლერის მოკვლის მიზნით განხორციელებული ტერაქტის შემდეგ. ჰიტლერმა პირდაპირ განაცხადა: „თუკი შესაძლებელია ჩემს წინააღმდეგ ტერაქტის განხორციელება, რატომ არ შეიძლება, ტერაქტი განხორციელდეს სტალინის წინააღმდეგ?!“ კატასტროფის პირას მისული გერმანიის პოლიტიკური ლიდერები სტალინის მკვლელობას ომის ბედის შემობრუნების ერთადერთ პირობად მიიჩნევდნენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ფონ რიბენტროპმა ჰიტლერს ასეთი გეგმა შესთავაზა. უნდა მიეღწიათ იმისთვის, რომ დანიშნულიყო მოლაპარაკება გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის სტალინის  მონაწილეობით. რიბენტროპი კისრულობდა, მოლაპარაკების პროცესში ავტოკალამში ჩამონტაჟებული ტყვიის მეშვეობით მოეკლა სტალინი. სასოწარკვეთილებაში მყოფ ჰიტლერს გეგმა ჭკუაში დაუჯდა. მან სასწრაფოდ გამოიძახა გერმანიის დაზვერვის სამსახურის უფროსი ვალტერ შელენბერგი (ფილმ „გაზაფხულის 17 გაელვების” ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი) და რიბენტროპის გეგმა გააცნო. შელენბერგმა გეგმა არასერიოზულად მიიჩნია, ხოლო ჰიტლერს განუცხადა: საბჭოთა კავშირს სამხედრო წარმატებები აქვს და ამიტომ ის გერმანიასთან არანაირ მოლაპარაკებაზე არ დათანხმდებაო. თანამშრომელთა წრეში კი გერმანიის დაზვერვის შეფს ასეთი რამ უთქვამს: როგორც ჩანს, რიბენტროპს გადაღლილობისგან ნევროზი დაემართა და ფსიქიკაც მოეშალაო. 

 სტალინის მოკვლის მიზნით, გერმანიის უმაღლეს სამხედრო პოლიტიკურ წრეებში ორი მოსაზრება ჩამოყალიბდა: ცნობილი ტერორისტი ოტო სკორცენი შესაძლებლად მიიჩნევდა ლოკალური ოპერაციით სტალინის რეზიდენციაზე თავდასხმას და მის მოტაცებას, ან მოკვლას. ასეთი ოპერაცია სკორცენმა წარმატებით განახორციელა და მოიტაცა კიდეც იტალიის ფაშისტი დიქტატორი ბენიტო მუსოლინი. ვალტერ შელენბერგი მიიჩნევდა, რომ მუსოლინის მსგავსად, სტალინის მოტაცება მხოლოდ ოცნების სფეროს განეკუთვნებოდა. გერმანიის დაზვერვის შეფის აზრით, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე უნდა გადაესხათ რაც შეიძლება მეტი საგანგებოდ მომზადებული დივერსანტი, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც მიაღწევდა მიზანს. მას შემდეგ, რაც თეირანის კონფერენციაზე  ამერიკის პრეზიდენტის, ფრანკლინ რუზველტის მოტაცებისა, ხოლო ინგლისის პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილისა და იოსებ სტალინის მოკვლის ოტო სკორცენისეული გეგმა ვერ განხორციელდა, უპირატესობა მიენიჭა ვალტერ შელენბერგის გეგმას. გერმანიის დაზვერვამ და უშიშროების სამსახურმა 1944 წლის შუა ხანებისთვის შეძლეს 62 სპეციალურ სკოლაში საგანგებოდ მომზადებული 330 დივერსანტის გადასხმა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ამ დივერსანტთა მიზანი იყო ტერაქტების განხორციელება ცნობილი საბჭოთა სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწეებისა და უპირველესად, სტალინის წინააღმდეგ. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში მომზადდა ტერორისტი პეტრე ტავრინი. პეტრე ტავრინის ნამდვილი გვარი იყო შილო. ის დაბადებული გახლდათ ჩერნიგოვის გუბერნიაში, თაღლითობისთვის მოხვდა ციხეში, თუმცა გაიქცა და მოახერხა, პასპორტის აღება პეტრე გავრინის სახელზე. შემდეგ პასპორტში გვარის პირველი ასო შეცვალა და ასე იქცა პეტრე ტავრინად. 1941 წელს პეტრე ტავრინი ომში გაიწვიეს. მან მალევე მოახერხა გერმანიის მხარეს გადასვლა. მიუხედავად იმისა, რომ პეტრე ტავრინი ნებაყოფლობით ჩაბარდა გერმანელებს, მისი ხასიათის გამო, ნაცისტები არ ენდობოდნენ მას. მხოლოდ გამოუვალმა მდგომარეობამ აიძულა ისინი ტავრინი სპეციალურად მოემზადებინათ და ცოლთან ერთად, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გადაეყვანათ. ტავრინს ბოლომდე არ ეუბნებოდნენ, თუ ვის წინააღმდეგ უნდა განეხორციელებინა ტერაქტი. როცა მან ყოველივე გაიგო, შეშინდა, მაგრამ უკანდასახევი გზა აღარ ჰქონდა. გერმანელების მიერ შემუშავებული გეგმა ასეთი იყო: ტავრინს, სპეციალურად დამზადებული მცირე ზომის ყუმბარმტყორცნით, რომელიც ქურთუკის სახელოშიც კი იმალებოდა, უნდა აეფეთქებინდა სტალინის მანქანა. თუ ეს ვერ მოხერხდებოდა, არსებობდა გეგმის სათადარიგო ვარიანტი. ტავრინს უნდა შეეღწია რომელიმე შეკრებაზე, რომელსაც დაესწრებოდა სტალინი და მის ახლოს დაეტოვებინა საქაღალდეში ჩამონტაჟებული მაგნიტური ბომბი. ის კი უნდა აეფეთქებინა რადიოსიგნალით. ცხადია, ორივე გეგმა უტოპიური იყო და ეს თვით ტავრინმაც კარგად იცოდა. 

 1944 წელს ტავრინი რიგის აეროდრომიდან  ცოლთან ერთად გადასვეს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ოპერაცია წარუმატებლად დაიწყო. თვითმფრინავმა აფრენა ვეღარ შეძლო. მფრინავები გაიქცნენ, ტავრინიც ქვეყნის სიღრმეში ცდილობდა მიმალვას. გზაზე ის ერთ-ერთი რაიონის სპეცსამსახურის უფროსმა გააჩერა და საბუთები მოსთხოვა. ტავრინმა წარუდგინა საბჭოთა ოფიცრის მოწმობა. სპეცსამსახურის უფროსი დაეჭვდა და ტავრინის საბუთები გადაამოწმა. მან მალევე მიიღო დადასტურება, რომ ასეთი ოფიცერი არ არსებობდა. ტავრინი დააპატიმრეს, მაგრამ სიკვდილით არ დაუსჯიათ. საბჭოთა დაზვერვამ ის თავისი მიზნებისთვის გამოიყენა. ტავრინი და მისი მეუღლე თითქმის ომის ბოლომდე გადასცემდნენ გერმანიაში ცნობებს იმის თაობაზე, რომ სტალინის წინააღმდეგ ტერაქტის მზადება წარმატებით მიმდინარეობდა. გერმანიის დაზვერვა მალევე მიხვდა, რომ ტავრინი ჩავარდა და სერიოზულად აღარ ეკიდებოდნენ მის მიერ გადაცემულ ინფორმაციებს. 

 პეტრე ტავრინმა თავისი მისია ამოწურა. 1950 წელს ის მეუღლესთან ერთად დახვრიტეს.

скачать dle 11.3