კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

 

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28(550)-46(619) 

 

 

ობიექტმა სახლში შემიშვა, კარი მიხურა და მკითხა:

– რა ხდება?

– საქმე ისაა, რომ ეს შენობა ნესტიანია და ჩვენს კლიენტებს კომპენსაციას გადავუხდით, თუკი სასამართლოში სარჩელს არ აღძრავთ, – მივუგე ობიექტს, – თუ მარტო არ ხართ, მაშინ, კიდევ ერთი ადამიანი გვჭირდება იურიდიული პროცედურისთვის და მოიყვანეთ, ოღონდ, სრულწლოვანი უნდა იყოს და პასპორტიც დამჭირდება.

– მარტო ვარ.

– მაშინ, მეზობელს სთხოვეთ, – ვუთხარი ობიექტს, შემდეგ მოულოდნელად აპერკოტი ამოვარტყი, გავთიშე და, რომ გამოფხიზლდა, უკვე მოსკოვში წასაყვანად მყავდა „ჩაპაკეტებული“.

ობიექტი მოსკოვში სამი დღის შემდეგ ჩავიყვანე, შჩუკინს მივგვარე და როგორც მოგვიანებით შევიტყვე, მან აღიარა, რომ სწორედ „ცეერუს“ დავალებით მოწამლა გენერალი... ობიექტს კიდევ რაღაც-რაღაც ინფორმაციები გამოწურეს, თავი მოჰკვეთეს და ერთი ვითომდა ჰუმანიტარული ორგანიზაციის ოფისში გაგზავნეს, რომელიც სინამდვილეში იმ ადამიანთა ჯგუფს ეკუთვნოდა, ვისაც მოკლული გენერალი ამხელდა. ობიექტის სხეულის ნარჩენები კი ლენგლიში გადაგზავნეს, თან პატარა ბარათი დაურთეს, რომელშიც ეწერა, რომ მათ ჯაშუშ-მკვლელებს უარესს უზამდნენ...

შჩუკინის მიერ მოცემული მოსაფიქრებელი ვადა სულ მალე გადის და პასუხი ჯერჯერობით არ მომიფიქრებია, თუმცა, მთელი ჩემი არსით მათ მხარეზე ვარ, რადგან, მჯერა, რომ ისინი მართალ საქმეს ემსახურებიან, ჩემი ადგილი კი ყოველთვის სიმართლის მხარესაა... მავანში ჩემი სიტყვები სარკაზმს თუ არა, ირონიას მაინც გამოიწვევს, ალბათ, იმასაც იტყვის, რუსსა და რუსეთში რა სიმართლე ყრიაო, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ეს აზრი ძირშივე მცდარია და ისინი ავრცელებენ და ამკვიდრებენ მას, ვისაც ამ დიადი ქვეყნის ეშინია და მისი სიძლიერე იმიტომ არ უნდა, რომ თავად სურს მსოფლიოზე ბატონობა და საპირწონე ძალა მას ამ საშინელების განხორციელების საშულებას არ მისცემს. ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ რუსეთის მთავარი მტერი ამერიკაა და ასეა თითქმის ასი წელიწადი – შეერთებული შტატები მის დანაწევრებასა და განადგურებაზე ინტენსიურად მუშაობს. ეს მიზნები „კაგებეში“ კარგად იცოდნენ, ამიტომ, საბჭოთა დაზვერვის დიდი ძალები სწორედ ამერიკისკენ იყო მიმართული და საკმაოდ წარმატებითაც, თუმცა, გორბაჩოვმა ყველაფერი წყალში ჩაყარა და მილიონობით ადამიანი გაანადგურა როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად და მატერიალურად, თვითონ კი დღემდე საღ-სალამათია და ისე უჭირავს თავი, თითქოს არაფერი წაეხდინოს.

– ასეა, ჩემო კარგო, რა გიკვირს. ხომ გაგიგია – „ფული ჯოჯოხეთს ანათებსო“. მოისყიდეს გორბაჩოვი, მან „ფრიადზე“ შეასრულა თავისი მოღალატეობრივი მისია და ახლა თავისი ნამოღვაწარით ტკბება, ჩვენ კი მის ცუდ საქმეებს საკუთარ თავზე ვიმკით, – მითხრა არცთუ ისე დიდი ხნის წინ ერთმა თადარიგის სამხედრო გენერალმა, რომელსაც კურორტ მინერალურ წყლებში შევხვდი. ის სამკურნალოდ იყო ჩასული და მეც იქ ვიმყოფებოდი, ოღონდ სხვა გვარით და საგრძნობლად შეცვლილი გარეგნობით.

– რა ვიცი, ჩვენ კი გვიმტკიცებდნენ, რომ „პერესტროიკა“ ქვეყანას ააყვავებს, ააღორძინებს და ხალხის ცხოვრებას გააუმჯობესებსო, – მივუგე გენერალს, – მაგრამ, ეს ყველაფერი ბლეფი აღმოჩნდა.

– ბლეფმა და ღალატმა დაშალა საბჭოთა კავშირი, – მითხრა გენერალმა, – არადა, თავისუფლად შეიძლებოდა არა მხოლოდ ამ პროცესის თავიდან აცილება, არამედ, უფრო მეტად გაძლიერება და მოდერნიზება.

– როგორ?

– როგორ და, ერთი მხრივ, იმ მეცნიერ-ექსპერტებისთვის უნდა დაგვეჯერებინა, ვინც ამბობდა, რომ ეგრეთ წოდებული „სოი“ – ვარსკვლავური ომების პროგრამა – ტყუილი იყო და მსგავსი ტექნოლოგიები მაშინ არ არსებობდა. ჩვენმა მოხუცმა, მარაზმატიკმა მარშლებმა კი, რეიგანის ეს საკენკი ჭამეს და სამხედრო ბიუჯეტი ჯერ უზომოდ გააზრდევინეს, შემდეგ კი მისი სამოცდაათი პროცენტი წყალში გადაყარეს, ამზადებდნენ რა „სოის“ საწინააღმდეგო ტექნოლოგიებს, ამით ვითომ ხალხი დაამშვიდეს, სინამდვილეში კი ქვეყანა გააღატაკეს და დაშლისთვის ნაყოფიერი ნიადაგი მოამზადეს. მეორე მხრივ, საჭირო იყო გორბაჩოვისა და მისი ორიოდე მხარდამჭერი, მარაზმატიკი სამხედრო მაღალჩინოსნის ლიკვიდაცია და საბჭოეთი დღესაც იარსებებდა, ამერიკა კი ამდენ საშინელებას ვერ დაატრიალებდა დედამიწაზე.

გენერალი ზუსტად ჩემს აზრებს იმეორებდა,  თუმცა, მე საკუთარი თავის აფიშირება არანაირად არ მაწყობდა და მივუგე:

– მე ასეთ დეტალებში ნამდვილად არ ვარ ჩახედული, რადგან, ახლაც და, მით უმეტეს, მაშინ, ძალიან შორს ვიდექი ამ სფეროსგან. თუმცა, ვაღიარებ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლით დედამიწაზე ცხოვრება არ გაუმჯობესებულა და, შეგვიძლია, გავიზიაროთ აზრი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო.

– დიახ, ასე იყო, – დამიდასტურა გენერალმა, – ქართველებს მშვენიერი ანდაზა აქვთ: „ურემი რომ გადაბრუნდა, გზა მერე გამოჩნდაო“. არადა, სულაც არ იყო საჭირო ურემის გადაბრუნება, გზა ისედაც ნათლად ჩანდა. საჭირო იყო მხოლოდ მისი დანახვა, მაგრამ, შავი სათვალეები გავიკეთეთ და ძალით დავიბრმავეთ თავი.

– ლამაზად ლაპარაკობთ, ამხანაგო გენერალო!

– ეჰ, ჩემო კარგო, ვინ მოგისმინა, თორემ, მე ამას უკვე მაშინ ვამბობდი, როცა მივხვდი, რომ გორბაჩოვი ამერიკელებს შეეკრა და მათ დაკრულზე ცეკვავდა.

– ამას როდის მიხვდით?

– ძალიან მალე – „პერესტროიკის“ დაწყებიდან ერთი წელიც არ იყო გასული.

– როგორ მიხვდით?

– პირველ ყოვლისა, იმით, რომ გორბაჩოვმა „კაგებეს“ უტვინო ფუნქციონერების მეშვეობით პროვოკაცია მოგვიწყო სამხედროებს.

მე უცებ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა ჩემი თანამესაუბრე და სიტყვა უნებლიეთ გავაწყვეტინე:

– რა პროვოკაცია?

– არ გახსოვთ, წითელ მოედანზე პლანერით ვინმე მათიას რუსტი რომ დაჯდა და ავტოგრაფებს არიგებდა?

– კი, მახსოვს... – გამეცინა მე.

– ჰოდა, ჩემო კარგო, რუსტის ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრა მთლიანად „ცეერუში“ დაგეგმეს, გორბაჩოვმა კი თავის მორჩილ და უტვინო „კაგებეშნიკს“ განახორციელებინა. ანუ, „პევეოს“ პულტთან მჯდარმა „კაგებეს“ კაცმა არ დააფიქსირა რუსტის შემოჭრის ფაქტი, შემოუშვა ის და ამას საბჭოთა გენერლის მოხსნა მოჰყვა. უტვინო „კაგებეშნიკი“ კი იმიტომ ვუწოდე გორბაჩოვის ერთგულ „კაგებეშნიკს“, რომ მას ეგონა, თუკი გორბაჩოვს დაეხმარებოდა, ამით ქვეყანას გააძლიერებდა, მაგრამ პირიქით კი გამოვიდა.

– გამოდის, რომ მათიას რუსტს დაუშლია საბჭოეთი.

– რუსტი პირველი მერცხალი იყო იმ პროვოკაციათა სერიაში, რომელიც გორბაჩოვმა განახორციელა და რაც საბოლოოდ ქვეყნის დაშლით დასრულდა. სხვათა შორის, – გენერალმა პაუზა გააკეთა და განაგრძო – ახლა უკვე შეიძლება ამაზე ლაპარაკი. ჩვენ იმ ნაძირალას მოკვლას ვუპირებდით და ისევ „კაგებემ“ შეგვიშალა ხელი.

 გუნებაში მეცინებოდა, რადგან, ამ თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი აღმკვეთი მე ვიყავი, მას კი ვუთხარი:

– ეგ როგორ იყო?

– როგორ და, როდესაც გორბაჩოვი აშკარა, დაუფარავ ღალატზე გადავიდა, პატრიოტი სამხედროების ჯგუფი შევკრიბე და გორბაჩოვის ლიკვიდაციის გეგმა შევიმუშავეთ. თითქმის იდეალურად გვქონდა ყველაფერი გათვლილი და ორი უბადლო შემსრულებელი, მათ შორის ქალი, მზად იყო, ქვეყნის გადასარჩენად თავი გაეწირა. მაგრამ, ისინი გაშიფრეს და აიყვანეს. ქალი ზედ წითელი მოედნიდან „ააგდო“ ერთმა სუპერსპეცმა და ყველაფერი ჩაგვიფლავდა, შედეგად კი ქვეყანა დაიღუპა და ხალხი გაუბედურდა.

ის სუპერსპეცი, ვინც ქილერი ქალი წითელი მოედნიდან აიყვანა, მე ვიყავი და ამ შეცდომას დღემდე ვნანობ. აბა, მაშინ რა ვიცოდი, რომ ყველაფერი ასე საშინლად დასრულდებოდა, თორემ, იმ ქალს ავიყვანდი კი არა, პირიქით, ხელს შევუწყობდი და დავაზღევდი.

– ყველანი დაგიჭირეს?

– არა, – თავი გააქნია გენერალმა, – მე არავის დავუსახელებივარ. უფრო სწორად, ვინც ამ საქმეში ჩემი მონაწილეობის შესახებ იცოდა, უცხოეთში გაიქცა და გადავრჩი. თუმცა, ყოველ წუთს ველოდი დაპატიმრებას.

– ვინმე დახვრიტეს?

– არა, უბრალოდ, მათ დიდი „სროკები“ მისცეს და მოგვიანებით ყველა გაათავისუფლეს, ის ქალი კი ყაზანის ფსიქიატრიული ციხიდან გაიქცა.

გენერლის სიტყვებზე კვლავ გამეცინა გუნებაში, რადგან, ის ქალი მე თვითონ გავაქციე იქიდან, იმიტომ, რომ მისი იქ გამომწყვდევა ჩემი ბრალი იყო.

საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო და ახალი პროფესია ჯერ კიდევ არ მქონდა არჩეული, როცა ერთ-ერთ რუსულ გაზეთში სტატია წავიკითხე, რომელშიც ოლგას ამბავი იყო მოთხრობილი. ოლგა იმ ქილერს ერქვა, რომელიც წითელ მოედანზე ავიყვანე და გორბაჩოვი სიკვდილს გადავარჩინე. სტატიაში ეწერა, რომ ყაზანის ფსიქიატრიულ ციხეში ქალზე არაადამიანურ ექსპერიმენტებს ატარებდნენ და, რომ ისღა იყო დარჩენილი პატიმრობაში იმ შეთქმულთა შორის, ვინც გორბაჩოვის ლიკვიდაციას გეგმავდა. სინდისის ქენჯნა ვიგრძენი და ქალის გამოხსნა გადავწყვიტე. ამიტომ, სპეციალური გეგმა შევიმუშავე და მის განსახორციელებლად თათარსტანის დედაქალაქში  გავემგზავრე.

ყაზანის ფსიქიატრიული ციხე დღესდღეობით აღარ ფუნქციონირებს – ის გააუქმეს. მაშინ კი ეს იყო საშინელებათა ბასტიონი და მანიაკი ექიმი-ფსიქიატრები პაციენტებზე არაადამიანურ ექსპერიმენტებს ატარებდნენ. იქ შეღწევა ისევე რთული იყო, როგორც ნებისმიერ მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში. თუმცა, მე იქ ექიმი-ფსიქიატრის ნიღბით შევაღწიე და ოლგა წამოვიყვანე. ის საცოდავი, საშინელი წამების მიუხედავად, მაინც მედგრად გამოიყურებოდა. როდესაც სამშვიდობოზე ვიყავით გასულები და ერთ კერძო სასტუმროში შევჩერდით, მან მკითხა:

– ვინ ხართ და ვისი დავალებით მოქმედებთ?

– ვინ ვარ, მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო, ვმოქმედებ ჩემი სინდისის კარნახით, – ვუთხარი ქალს. ოლგამ ყურადღებით შემათვალიერა და, მართალია, ძალიან კარგად ვიყავი გრიმ-პარიკით შენიღბული, მითხრა:

– მაშინ, რთული მისახვედრი არ არის, ვინც ხართ.

– ვინ?

– მე თქვენი ვინაობა არ ვიცი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, სწორედ ის ხართ, ვინც მე წითელი მოედნიდან ამიყვანა და გორბაჩოვი სიკვდილისგან იხსნა.

– ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ თავისუფალი ხართ.

– მერე, რა თავში ვიხლი ამ თავისუფლებას?

– აბა, ის ჯოჯოხეთში ყოფნა გერჩივნათ?

– აქ რა, სამოთხეში ვიცხოვრებ? ჯერ ერთი, ტოტალურ ძებნას დამიწყებენ, თანაც, ამქვეყნად არავინ მყავს და, ვის და სად შევეკედლო? სახლში რომ დავბრუნდე, რა თქმა უნდა, თუ არ ჩამოურთმევიათ, დამიჭერენ. ფული მე არ მაქვს და სამალავი.

– ასე გული რამ გაგიტეხა, ჩემო კარგო? ჯერ ხომ ოცდაათისაც არ ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს. რაც შეეხება ფულსა და თავშესაფარს, ამაზე ნუ იდარდებ.

– რას მიპირებთ?

– ცუდს არაფერს, შვეიცარიაში იცხოვრებ და იმუშავებ. უკვე ყველაფერი შეთანხმებულია და გელოდებიან.

ალბათ, მიხვდით, რომ ოლგა ჩემს დობილთან, ნატასთან გავგზავნე. ის ახლაც იქ ცხოვრობს. გათხოვილია და ქმარ-შვილი ჰყავს. მან დღემდე არ იცის, რომ ეს ყველაფერი მე მოვუწყვე, ანუ, ის მე არც კი მიცნობს... 

გენერალმა ოლგა რომ ახსენა, თავი გააქნია და დაამატა:

– მაგარი გოგო იყო. როგორც ჩანს, ყველაფერს გაუძლო, გაიქცა და ახლა ნამდვილად უცხოეთში ცხოვრობს.

გენერლისთვის მინდოდა მეთქვა, შვეიცარიაში ცხოვრობს და კარგადაა-მეთქი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ გამიკეთებია და ვკითხე:

– გლობალურ პოლიტიკაზე რა აზრის ხართ?

გენერალმა ეშმაკურად შემომხედა და მითხრა:

– აკი პოლიტიკა არ მაინტერესებსო?

– ეგ ადრე იყო, ახლა კი ყველას აინტერესებს პოლიტიკა.

გენერალმა სერიოზული სახე მიიღო, კოპები შეკრა და მითხრა:

– ეგ გლობალური პოლიტიკაც ამერიკული ხრიკებია და რუსეთის დაშლა-განადგურებაზეა გათვლილი. მაგრამ, გარწმუნებთ, საბჭოთა კავშირის ბედს რუსეთი არ გაიზიარებს, ის სულ მალე გაუსწრებს ამერიკას და, ჩინეთთან ერთად მას ერთ ადგილს დააყენებინებს.

– მერე, გაქაჩავს კი ამას დღევანდელი რუსეთი?

– მტკიცედ მჯერა, რომ გაქაჩავს. შიდა პრობლემები თითქმის მოგვარებულია და გლობალურ პოლიტიკაში მალე მთავარი მოთამაშის ადგილს დავიკავებთ.

– ანუ, თქვენი აზრით, ჩრდილო კავკასიას  ცენტრალური მთავრობა აკონტროლებს?

– დიახ.

– ეს ანტიტერორისტული სპეცოპერაციები რაღაა?

– ეს წვეთია ზღვაში და, თუკი ამ რესპუბლიკების მოსახლეობა დროზე არ მოეგება გონს და წინააღმდეგობას არ შეწყვეტს, ისე ამოწყდებიან, რომ მათგან სველი ადგილიც არ დარჩება და ამაზე პასუხს არავინ მოითხოვს.

– თუ ყველა გაწყვიტეს, პასუხს ვინ მოითხოვს? – მხრები ავიჩეჩე მე.

– მეც ამას არ ვამბობ? – მითხრა გენერალმა, შემდეგ საათს დახედა და დაამატა – სამწუხაროდ, უნდა დაგტოვოთ – აბაზანების მიღების დროა... მკაცრი გრაფიკი მაქვს. თუმცა, ხვალ ისევ შევხვდებით და ჩვენი საუბარიც მაშინ გავაგრძელოთ.

გენერალთან საუბრის გაგრძელების საშუალება აღარ მქონია, რადგან, მეორე დღეს უკვე გამოვემგზავრე მინერალური წყლებიდან. იქ კი ერთი საქმის გასაკეთებლად ვიყავი, რაშიც ორასი ათასი დოლარი გადამიხადეს. მე ერთ-ერთი ყოფილი ჩრდილოკავკასიელი საველე მეთაურის ლიკვიდაცია მოვახდინე, რომელიც ფედერალური ხელისუფლების მხარეზე გადავიდა, გენერლის ჩინი მიიღო. ამ საქმის შემკვეთები კი, უცხოეთში დამიკავშირდნენ და როგორც მათ მიაჩნდათ, ერის მოღალატის განადგურება შემიკვეთეს...

მოღალატის ლიკვიდაცია არაერთხელ განმიხორციელებია, მაგრამ, ამ სამუშაოს ძირითადად „კაგებეს“ დავალებით ვასრულებდი. ერთხელ შჩუკინმა თავისთან მიხმო და მითხრა:

– ერთი პატარა საქმე უნდა გააკეთო, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს საქმეს და სამართლიანობას აღადგენს.

– მზად ვარ.

ვიქტორ იაკოვლევიჩმა ერთ-ერთი ყოფილი საბჭოთა ქვეყნის ჩინოვნიკის სურათი მაჩვენა და მითხრა:

– იცი, ვინ არის?

– წარმოდგენა არ მაქვს.

– ამათი დაზვერვის უფროსია.

– ჩვენი მეგობარი ყოფილა.

– პირიქით, მტერია. მან გვიღალატა და შენ ის უნდა დასაჯო.

– უმაღლესი ზომით?

– დიახ. შენ მას ფეთქებადი ტყვიით იმ დროს გაუხეთქავ თავს, როდესაც მის ირგვლივ უამრავი სპეცაგენტი იქნება და ამით ყველას კიდევ ერთხელ გააგებინებ, რომ საბჭოეთი ღალატს არავის აპატიებს.

– გასაგებია. როდის უნდა შევასრულო?

– ერთ კვირაში. წადი, მოემზადე!

იმ კაცის მოკვლა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, მაგრამ, მთავარი იყო მკვლელობის დრო, ადგილი და ვითარება. საქმე ისაა, რომ ის კაცი  ძალიან დაუახლოვდა „ცეერუს“ და, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ის მთავარ მოედანზე იმ დროს უნდა მომეკლა სნაიპერული გასროლით, როდესაც მისი ქვეყნის პირველი პირი და ამერიკის პრეზიდენტი ფეხით გაისეირნებდნენ. ამ დროს, რა თქმა უნდა, იქაურობა ამერიკული სპეცაგენტებით იქნებოდა გადატენილი და მასპინძელი ქვეყნის უშიშროების შეფის მკვლელობა დიდ რეზონანსს გამოიწვევდა.

ამ სარისკო დავალების შესრულებას დიდი წარმატებით გავართვი თავი და „ცეერუშნიკებითა“ და ადგილობრივი საიდუმლო პოლიციის თანამშრომლებით გატენილ მოედანზე, სადაც, პრაქტიკულად, თითოეული სანტიმეტრი კონტროლდებოდა, დაზვერვის შეფ-გენერალს თავში ფეთქებადი ტყვია დავასვი, ნახევარი თავის ქალა წავაცალე და, როგორც მის თანამემამულეებს, ასევე ამერიკელებს, კიდევ ერთხელ დავუმტკიცე, რომ „კაგებე“ ყოვლისშემძლეა...

„კაგებეს“ უძლეველობის მითი მსოფლიოში 1918 წლიდან მკვიდრდებოდა და, მართალია, მაშინ ამ ორგანოს „ჩეკა“ ერქვა, მაგრამ, დღიდან დაარსებისა, უმძლავრესი ორგანიზაცია იყო, რომელიც ყოველდღიურად ძლიერდებოდა, იზრდებოდა და გავლენის სფეროებს მთელ დედამიწაზე ავრცელებდა. მას უზარმაზარი ადამიანური რესურსი და უსაზღვრო ფინანსური შესაძლებლობები გააჩნდა, ამიტომ, საიდუმლო სპეცოპერაციების წარმოება პლანეტის ყველა წერტილში შეეძლო და მათი აბსოლუტური უმრავლესობა დიდი წარმატებით სრულდებოდა.

ჩვენს უწყებაში მუშაობდა ან თანამშრომლობდა ყველა საუკეთესო სპეციალისტი ნებისმიერ სფეროში და, თუკი რამე უახლესი ტექნოლოგია გამოჩნდებოდა, პირველად მას „კაგებე“ აფინანსებდა და იყენებდა. ჩვენი უწყების მფლობელობაში იყო მილიონობით კონსპირაციული ბინა თუ ვილა მთელ მსოფლიოში, ასევე, უზარმაზარი მიწის ნაკვეთები, სადაც საიდუმლო ინფრასტრუქტურა იყო განთავსებული. „კაგებეს“ ჰქონდა ყველაზე თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები, ჩვენი უწყების საიდუმლო ლაბორატორიებში კი ამზადებდნენ გაუმჯობესებულ იარაღებსა და ელექტროტექნიკურ საშუალებებს, რომლებსაც ჩვენი პროფესიული საქმიანობისთვის ვიყენებდით. ერთი სიტყვით, „კაგებე“, მართლაც რომ, ყოვლისშემძლე იყო.

უფრო თვალნათელი რომ გახდეს „კაგებეს“ სიძლიერე, ერთ ისტორიას მოვყვები, რომელიც მრავალი წლის წინათ გადამხდა, უფრო სწორად კი, მასში მთავარ როლს ვასრულებდი.

ერთ სუსხიან ზამთარს, როდესაც თბილისშიც კი ისე ციოდა, რომ ონკანებში ყინვისგან წყალი არ მოდიოდა და მილები სკდებოდა, კანადაში გამგზავნეს საგანგებო მისიით. იქ, ორმოცდახუთგრადუსიან ყინვაში ერთ-ერთი ენერგეტიკული ობიექტი დავაზიანე. გეგმის მიხედვით, ხუთი დღის მერე უნდა დავბრუნებულიყავი უკან, რომ არ გავშიფრულიყავი, ანუ, „ფსკერზე დაწოლა“ მქონდა ნაბრძანები. როგორც კი დავალება შევასრულე და კონსპირაციულ ბინაზე დავბრუნდი, მოულოდნელად მეკავშირე მეწვია და მითხრა:

– თხუთმეტ წუთში მოემზადეთ, ექვს საათში სამხრეთ აფრიკაში, კერძოდ კი იოჰანესბურგში უნდა იყოთ.

– რაო, რა ბრძანეთ?! – ვკითხე მეკავშირეს, რადგან, მეგონა, რომ მომესმა. იმ ადგილიდან იოჰანესბურგამდე არც მეტი, არც ნაკლები 9 500 კილომეტრი იყო და ამხელა მანძილის გავლა ექვს საათში მხოლოდ ზღაპრული ფერიის დახმარებით თუ შეიძლებოდა.

მეკავშირემ მაჯის საათს დახედა და მშვიდად მითხრა:

– უკვე თოთხმეტი წუთი დაგრჩათ. ისე გამოეწყვეთ, რომ არ დაგცხეთ, რაც არ უნდა იყოს, აფრიკაში ჩადიხართ, იქ კი ამჟამად ორმოცდახუთი გრადუსია ჩრდილში. შეგიძლიათ, ზემოდან თბილი ქურქი ჩაიცვათ, მაგრამ, ისე, რომ ადვილად გაიძროთ, – მეკავშირემ კვლავ საათს დახედა და დაამატა – უკვე ცამეტი წუთი დაგრჩათ, იჩქარეთ.

მე ზუსტად ისე გამოვეწყვე, როგორც მეკავშირემ მითხრა და, რომ წარვუდექი, ვუთხარი:

– ცხრა წუთი დარჩა იმ თხუთმეტიდან. რას იტყვით, გაწყობთ ჩემი ჩაცმულობა?

– რვა წუთი, – მომიგო მეკავშირემ და დაამატა – სრულებით მაკმაყოფილებს. ახლა კი წავედით, რეაქტიული სამხედრო ბომბდამშენი სულ მალე აფრინდება ბაზიდან და, თუ ადგილზე არ დახვდებით, არ დაგელოდება.

მართლაც, ნისლითა და ხშირი თოვლით დაფარულ უკაცრიელ მინდორზე მივედით თუ არა, სულ რაღაც ნახევარ წუთში, ზებგერითი საბჭოთა ბომბდამშენი დაეშვა, რომელიც საათში ათას რვაას კილომეტრს ავითარებდა და იმ პერიოდისთვის სუპერტექნოლოგია – ვერტიკალურად აფრენა-დაფრენის მექანიზმი გააჩნდა.

საბჭოთა თვითმფრინავი თვრამეტი კილომეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, მე და პილოტს ჟანგბადის ბალონები გვეკეთა და, როდესაც იოჰანესბურგს მივუახლოვდით, სადღაც ღამის სამი საათი იყო, პილოტმა მითხრა:

– სამ წუთში კატაპულტს ავამუშავებ და თხუთმეტ წუთში იოჰანესბურგის გარეუბანში დაეშვებით, იქ კი მეკავშირე დაგხვდებათ და საქმის კურსში ჩაგაყენებთ. პაროლი ძველია, იგივე, რაც კანადაში.

როგორც პილოტმა თქვა, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა. მე თითქმის სანტიმეტრის სიზუსტით დავეშვი დანიშნულ ადგილზე, მეკავშირეს შევხვდი, რომელმაც დალუქული სპეცკონვერტი გადმომცა და მითხრა:

– მე წავედი. წარმატებას გისურვებთ!

კონვერტში ეწერა, რომ კონსპირაციულ ბინაზე უნდა მივსულიყავი, შევნიღბულიყავი და სასტუმრო „შერატონში“ დავბინავებულიყავი, სადაც მეკავშირე დანარჩენ ინსტრუქციას გამაცნობდა. კონვერტშივე იდო მანქანის გასაღები, მანქანა კი ხუთასიოდე მეტრში იდგა. როდესაც ყველაფერი ზუსტად შევასრულე და გარეგნობაშეცვლილი, „შერატონის“ ფეშენებელურ ნომერში მოვეწყვე, ათიოდე წუთში სასტუმროს უნიფორმიანი თანამშრომელი მეწვია და მკითხა:

– სერ, რამეს ხომ არ შეუკვეთავთ?

– დიახ, ქათმის ორი შემწვარი ბარკალი მომიტანეთ, ოღონდ, უტომატო გარნირით.

– გარნირად რას ისურვებთ?

– მხოლოდ კარტოფილსა და მაკარონს, – მივუგე უნიფორმიანს, რომელმაც ქაღალდი მომცა და მანიშნა, წაიკითხეო.

ქათამი და გარნირი, რა თქმა უნდა, პაროლი იყო. მეკავშირის მიერ გადმოცემულ ტექსტში კი წავიკითხე, რომ ღამის ოთხ საათზე მეექვსე სართულზე მდებარე ტუალეტში შევსულიყავი და ორი თვის წინ დაგეგმილი ოპერაცია „ტყუპები“ განმეხორციელებინა. გეგმის მიხედვით, მე ერთ-ერთი მეცნიერ-ქიმიკოსი ქალბატონის ქმრის ადგილი უნდა დამეკავებინა და ამგვარად გამეტაცებინა ქალი, რომელსაც ამერიკელი სპეცაგენტები თავგამოდებით იცავდნენ. ტუალეტში, რა თქმა უნდა, ჩვენი უწყების სპეციალური ოპერატიული ჯგუფი იყო დამალული და მათ იმ ქიმიკოსის ნამდვილი ქმარი გაიტაცეს, მე კი იქვე მცირე კორექტივი შევიტანე ჩემს გარეგნობაში და ხმაურიან კამპანიას დავუბრუნდი, სადაც „ცეერუელი“ აგენტებით გარშემორტყმული გენიალური ქიმიკოსი ქალი და მისი მეგობრები ატარებდნენ დროს.

ნახევრადჩაბნელებულ დარბაზში რომ შევედი, „ცეერუს“ აგენტებს ეჭვიც არ შეჰპარვიათ ჩემში და დაუბრკოლებლად შემიშვეს. მთვრალ კამპანიას კი, ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის. ჩემი „ცოლი“ უკვე საკმაოდ მთვრალი იყო. მე ის ხელში ავიყვანე, ერთ-ერთი აგენტი მოვიხმე და ვუთხარი:

– მომეხმარე, ნომერში წამაყვანინე!

„ცეერუელმა“ ჩემი გათიშული „ცოლი“ ნომერში შეიყვანა. საწოლზე რომ დააწვინა, ვუთხარი:

– მადლობელი ვარ. ჩვენთან არავინ შემოუშვათ, ნურავინ შეგვაწუხებს. ხოლო, თუ რამე დამჭირდა, მე თვითონ გიხმობთ.

„ცეერუელები“ მთელ პერიმეტრზე იყვნენ განლაგებულები. ერთადერთი, შედარებით სუსტი ადგილი მათი დაცვის სისტემაში იყო აივანი, რომელსაც არავინ აკონტროლებდა. ამიტომ, როგორც ერთ-ერთი წინასწარ შემუშავებული ვარიანტით იყო გათვალისწინებული, მე ჩემი „ცოლი“ ზურგზე მოვიბი და მეექვსე სართულიდან თორმეტსართულიანი სასტუმროს სახურავზე სპეციალური სამაგრებით ავძვერი. იქ კი, სულ რაღაც, წუთ-ნახევარში, ვერტმფრენი დაეშვა, ჩაგვსვა და სამოცი კილომეტრით მოშორებულ სპეციალურ რანჩოზე მიგვიყვანა, საიდანაც იმავე ზებგერითი თვითმფრინავით უკვე მოსკოვში ჩავფრინდით და მთელ ამ ვოიაჟს სულ რაღაც 15 საათი დასჭირდა... ხომ წარმოგიდგენიათ, 15 საათის განმავლობაში დავფარე 16 ათასი კილომეტრი, მოვიარე მსოფლიოს სამი კონტინენტი და შევასრულე ორი უმსხვილესი სპეცოპერაცია. ეს ყველაფერი კი „კაგებეს“ უსაზღვრო შესაძლებლობების შედეგი იყო. დღესაც კი, ამ ფანტასტიკური ტექნოლოგიების ეპოქაში, ძნელია ასეთი ოპერაციების ჩატარება.

როგორც კი მოსკოვში ჩავფრინდი, შჩუკინს ვეახელი, პატაკი ჩავაბარე და ვკითხე:

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, რამ გამოიწვია ასეთი სიჩქარე, „ტყუპებს“ ხომ უფრო გვიანი პერიოდისთვის ვგეგმავდით?

– დიახ, მაგრამ, ვითარება შეიცვალა. გუშინ, სწორედ იმ დროს, როდესაც შენ ენერგეტიკულ ობიექტს აზიანებდი კანადაში, ჩვენმა ოპერებმა არხანგელსკის წყალსაცავთან ქიმიური ნაღმი აღმოაჩინეს და დაადგინეს, რომ ოცდაოთხ საათში აფეთქდებოდა, შედეგად კი 6 მილიონი ადამიანი უნდა განადგურებულიყო. ნაღმის სპეციფიკურობა და მისი ქიმიური შემადგენლობა განაღმვის საშუალებას არ გვაძლევდა და, ხელი რომ გვეხლო, ამ კატასტროფას დავაჩქარებდით. თანაც, ვიცოდით, რომ ეს ჯოჯოხეთის მანქანა იმ ძუკნას დამზადებული იყო და ის იმიტომ ჩამოგაყვანინეთ აქ, რომ განაღმვა თავად მოეხდინა. ახლა კი, ყველაფერი რიგზეა და საფრთხე განეიტრალებულია.

მსგავსი შემთხვევა აღარ ყოფილა და საბჭოეთმა უსაფრთხოების სისტემა გააათმაგა. თუმცა, შურისძიება აუცილებელი იყო და ეს მისია მე მერგო...

 გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

скачать dle 11.3