ფლორის სამყაროში
კითხვა: როგორ მოვუარო სტრელიციას?
პასუხი: სტრელიცია არის ტროპიკული მცენარე, რომელსაც არ სჭირდება ბუნებრივი კლიმატის არევა, ანუ, ტემპერატურის თამაში. მცენარეს ესაჭიროება მუდმივად 18-20 გრადუსი და მისი მიწა ყოველთვის ნესტიანი უნდა იყოს. მას არ უყვარს ნიადაგის გამოშრობა და ფესვების დიდხანს ყოფნა გამომშრალ ნიადაგში. ამიტომ, ეცადეთ, შეუქმნათ მას ტროპიკული გარემო. სტრელიციას ზაფხულში დაუნამეთ ფოთლები, ზამთარში კი შეიტანეთ სითბოში და ნათელ ადგილას დადგით. წყალი დაუსხით კვირაში ორჯერ. ზედმეტი წყალი მცენარეს დაგილპობთ და დაიღუპება. სტრელიცია ყვავის წელიწადში ორჯერ.
კითხვა: შევიტანოთ თუ არა ოთახის მცენარეები სახლში, არის თუ არა უკვე ამის დრო?
პასუხი: ის მცენარეები, რომელთა სამშობლოც ტროპიკული ქვეყნებია, უკვე დროა, შეიტანოთ სახლის პირობებში და დადგათ ნათელ ადგილას. რაც შეეხება ტემპერატურას, ყოველ კვირაში მოუმატეთ ნელ-ნელა, 2-3 გრადუსით. შეუწყვიტეთ ხშირი მორწყვა და გადაიყვანეთ მორწყვის დაგვიანების რეჟიმზე, ანუ მორწყეთ კვირაში ერთხელ. თუ ოთახში მინიმალური ტემპერატურა 18-25 გრადუსი არ არის, არავითარ შემთხვევაში არ დაუნამოთ ფოთლები, ხოლო, მაგალითად, დიფემბახია, ალოკეზია, კალაკაზია, კენტია და სხვა ტროპიკული მცენარეები. მცენარეები, რომლებსაც ფოთოლღეროვანი სისტემა წყლოვანი აქვთ, არ ამყოფოთ სიცივეში – შესაძლოა, მცენარეებს უცაბედად დაარტყას ყინვამ და მოიყინოს.
კითხვა: რომელი მცენარე ყვავის ზამთარში?
პასუხი: ზამთარში ყველაზე მეტად ყვავის ჩეხური ვარდი. საკმარისია, ეს მცენარე ოდნავ დადგათ სიცივეში, რომ მთლიანად კოკრებად გადაიქცევა, ამიტომ, ეს მცენარე სახლის პირობებში არ ყვავის, ის უნდა იყოს ეზოში. მცენარეს ზაფხულობით სჭირდება წყლისა და მინერალების მიწოდება, ზამთარში კი არაფერი სჭირდება, რადგან თვითონ უვლის საკუთარ თავს. მცენარე მარადმწვანეა და იოლი მოსავლელია. ამიტომ, ის ძალიან ლამაზი და მოხდენილია ეზოსა და სკვერებში. მისი ყვავილები სხვადასხვა ფერისაა: თეთრი, ყვითელი, კრემისფერი და მუქი წითელი. მცენარე, ასევე კარგად გრძნობს თავს ქოთანში, მაგრამ, ხშირად ესაჭიროება ვიტამინებისა და მინერალების მიცემა.
კითხვა: ეზოში მაქვს დარგული ქოთნის მცენარეები. შეიძლება თუ არა, ისევ დავაბრუნო ქოთანში?
პასუხი: აუცილებლად უნდა მოხდეს ყველა მცენარის სასწრაფოდ დაბრუნება ქოთანში და სახლში შეტანა, რადგან, საღამოობით და ღამით ტემპერატურა ძალიან ეცემა და ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს მათი დაღუპვა. ახალამოღებულ მცენარეს მაშინვე არ დაასხათ წყალი და ოთახში შეტანისას არ ამყოფოთ მაღალ ტემპერატურაზე. შესაძლოა, ასეთმა დაუფიქრებელმა საქციელმა მიგიყვანოთ მის დაღუპვამდე. თანდათან, ნელ-ნელა მოუმატეთ სითბოს და ასე გადაიყვანეთ ოთახის ტემპერატურაზე. ასევე, არ დაუსხათ ბევრი წყალი, რადგან, შესაძლოა, გამოიწვიოს ფესვთა სისტემის ლპობა. ზამთარში აუცილებლად მიეცით ცოტაოდენი მინერალები და აუცილებლად ხშირად დაუსხით ნელთბილი წყალი.
კითხვა: როგორ მოვუარო მონსტერას?
პასუხი: მონსტერა ტროპიკული მცენარეა, ამიტომ ეცადეთ, არ ამყოფოთ სიცივეში. მას აუცილებლად მიაწოდეთ დროდადრო ვიტამინების კომპლექსი, არავითარ შემთხვევაში არ გადარგოთ ზამთრის დასაწყისში, თორემ, დაიღუპება. მონსტერა სწრაფად მზარდი და ძალიან ლამაზია ოთახის პირობებში. ზაფხულში აუცილებლად დაუნამეთ ფოთლები და წყალი მიეცით ხშირად, რადგან, ეს მცენარე ტროპიკულია და ნესტის მოყვარულია. მონსტერა ძირითადად იოლი მოსავლელი და უპრეტენზიო მცენარეა.