როგორ კლავდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალი მამათმავალი ქმრის დედას
მკვლელობის მცდელობისთვის 39 წლის დარეჯან ხ-კოს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა. მას მეუღლის დედის, 72 წლის სვეტლანა ს-ს მიმართ ჩადენილი დანაშაული დაედო ბრალად. ასაკის მიუხედავად, დედამთილი გადარჩა. ამით კი, რძლის გეგმები ჩაიშალა – დარეჯან ხ-კო ვერც ქმრის ქონებას დაეპატრონა და ციხეშიც მოხვდა.
დარეჯან ხ-კო დანაშაულს კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ ბოლოს, ქმარსაც და დედამთილსაც პატიებას სთხოვდა. პირობას დებდა, რომ სასიკვდილოდ აღარავის გაიმეტებდა, მაგრამ გვიანი იყო - ოჯახის წევრებს რომც ეპატიებინათ, მას სასჯელი მაინც არ ასცდებოდა.
მსუბუქი ყოფაქცევის ქალის ქორწინება მამათმავალზე
72 წლის სვეტლანას შვილს – იური ს-ს დარეჯან ხ-კო ცოლად დაკავებამდე, დაახლოებით სამი წლით ადრე გაჰყვა. თუმცა, რამდენიმე მიზეზის გამო მათი ქორწინება ყველასთვის გამაოგნებელი იყო – თუ დარეჯანი არაერთხელ გახლდათ გათხოვილი და მისი მსუბუქი ყოფაქცევის შესახებ ყველამ იცოდა, იურიზე დიდი და პატარა ლაპარაკობდა, რომ მამათმავალი იყო და ქალები საერთოდ არ აინტერესებდა. ანუ, კაცს სახელი ქალზე არანაკლებად ჰქონდა გატეხილი და ამიტომ, ვერაფრით მოუძებნეს ახსნა, რა ინტერესებმა დააკავშირა წყვილი ერთმანეთს...
სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე კი უცნაურ წყვილზე მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ამ ქორწინებას „ფულის სუნი” ასდიოდა და არცთუ უსაფუძვლოდ – რეალურად, დარეჯან ხ-კო დედამთილს სწორედ ქონების გამო კლავდა...
გამოძიების მასალებით, დარეჯან ხ-კომ 72 წლის დედამთილს სასმელში სხვადასხვა დასახელების დიდი რაოდენობით საძილე პრეპარატი ჩაუყარა. შედეგად ქალმა გონება დაკარგა. მაგრამ, შემთხვევით, ბინაში მისული მეზობლისა და ექიმების დახმარებით, ასაკოვანი ქალი ცოცხალი გადარჩა.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მას შემდეგ, რაც დარეჯანმა დედამთილი მოწამლა, ის სახლის მეორე სართულზე ავიდა და მუსიკა ხმამაღლა ჩართო. თუმცა, დაახლოებით ნახევარ საათში, მისი მყუდროება მეზობელმა ქალმა დაარღვია. ის მოულოდნელად დარეჯანს თავზე დაადგა და სთხოვა, დედამთილისთვის მიეხედა, რადგან თვითონ ქუჩაში გადიოდა სასწრაფოს დასახვედრად...
როგორ გადარჩა სვეტლანა ს. მართლაც რომ გასაკვირია, რადგან სახლიდან ქალი, ფაქტობრივად, მკვდარი წაიყვანეს. თუმცა, დიდი მცდელობის შედეგად ის გადარჩა და რძალი მკვლელობაში თავად ამხილა. განაცხადა, რომ რძალმა ძალის გამოყენებით, თითქოს განსაკურნებელი რაღაც წვენი დაალევინა, რის შემდეგაც თავი ცუდად იგრძნო...
სხვათა შორის, იმის გათვალისწინებით, რომ რძალ-დედამთილს შორის ცუდი ურთიერთობა იყო, გაჩნდა მოსაზრება, რომ დედამთილი რძალს შეგნებულად სდებდა ბრალს. მაგრამ, სასამართლო პროცესზე ეს ეჭვი მთლიანად გაიფანტა. ეჭვის გაფანტვამდე კი დარეჯანმა თავი დამნაშავედ არ ცნო და განაცხადა, ეგოისტმა დედამთილმა დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, ეს იმიტომ მოუგონა, რადგან შვილი არ უჩნდებოდა. ბრალდებული იმდენად შორს წავიდა, რომ სასამართლო პროცესზე მან დედა-შვილის ურთიერთობა „უცნაურად” წარმოაჩინა. თითქოს დედამ შვილის გადახრების შესახებ იცოდა და ხელს უწყობდა...
სარფიანი გარიგება
არაქართველი დარეჯან ხ-კო ოფიციალურად ორჯერ იყო გათხოვილი. მისი ერთ-ერთი ქმარი თურქი გახლდათ და იმიტომ გასცილდა, რომ სხვასთან უღალატა. შედეგად, თურქმა მეუღლემ მას ისე სცემა, დარეჯანი საავადმყოფოშიც კი მოხვდა. თურქმა ქალი ისე შეაშინა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ყოფილი ქმრის შიშით თურქეთში ვეღარ ჩადიოდა.
ამის შემდეგ დარეჯან ხ-კო 6 წლით უმცროს მამაკაცზე გათხოვდა, მაგრამ ქმრის ოჯახმა სახლში არ შეუშვა. შედეგად, მათი ქორწინება სულ რამდენიმე თვე, მანამდე გაგრძელდა, სანამ დარეჯანის ცხოვრებაში იური არ გამოჩნდა.
დარეჯანსა და იურის შორის კი, როგორც იტყვიან, წმინდა წყლის გარიგება შედგა – დარეჯანი მას ცოლად გაჰყვებოდა და ბავშვის გაჩენის შემდეგ, საცხოვრებლად უკრაინაში, მის ნათესავებთან გადავიდოდნენ, რადგან მათთან ერთად ქალი კულინარიულ ბიზნესში აპირებდა ჩაბმას.
იური ს. ჩვენებაში არ მალავს, რომ ცოლს წასვლის პირობა ნამდვილად მისცა, მაგრამ ვინაიდან ბავშვი არ ჰყავდათ, დედამისი კი ძალიან ნერვიულობდა, ის, წასვლას არ ჩქარობდა. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ცოლის ნებას დაჰყვა, მაგრამ წასასვლელად საჭირო იყო თანხა, რაც არ ჰქონდათ. ერთადერთი გამოსავალი იურის უზარმაზარი ბინის ნაწილის გაყიდვა იყო, მაგრამ ბინა დედამისზე იყო გაფორმებული. დედა კი შვილს მისი გაყიდვის უფლებას არ აძლევდა. პირიქით, შვილს ურჩევდა, არაფრის მაქნისი ცოლი გაეგდო, სხვა მოეყვანა და ნორმალური ოჯახი შეექმნა. რატომ, ძნელი სათქმელია, მაგრამ შიშის გამო, ქმარი ცოლს დედის პოზიციას ვერ უმხელდა. ამიტომ, ცოლს ატყუებდა, თითქოს მოხუცი დედის მარტო დატოვება უჭირდა.
თუმცა, საქმის მასალებით, რძალმა დედამთილის თავიდან მოცილება სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ მან დედა-შვილის საუბრების შესახებ ყველაფერი იცოდა. საქმე ისაა, რომ სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის ოთახიდან ამოიღეს მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც ბრალდებული თურმე, პერიოდულად, ქმრისა და დედამთილის საუბარს იწერდა. საუბრებში კი ჩანდა, რომ რძალს ხელს დედამთილი უშლიდა. შესაბამისად, გამოძიებამ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა მოხუცის მოცილება სწორედ ამ მიზეზით სცადა.
განსასჯელისთვის ბრალის დამამძიმებელი გარემოება აღმოჩნდა მისი ოთახიდან ამოღებული წამლები და იმ მეზობლის ჩვენება, რომელმაც მოხუცი სიკვდილს გადაარჩინა.
ქეთევან ზ-ს ჩვენებიდან (მეზობელი): „სვეტლანას მემკვიდრეობით უზარმაზარი სახლი და ანტიკვარული ნივთები ერგო. თუმცა, შვილის მდგომარეობა ესმოდა. იცოდა, რომ მის ვაჟს გადახრები ჰქონდა და ასეთს ცოლად ნორმალური არავინ გაჰყვებოდა. ამიტომ, როცა სახლში არასანდო რეპუტაციის, მის შვილზე 3 წლით უფროსი ქალი მიუყვანა, არაფერი უთქვამს. პირიქით, ხელს უწობდა, რომ როგორმე ოჯახი ოჯახს დამსგავსებოდა. მაგრამ, დარეჯანი იმდენად უზნეო ქალი ყოფილა, სვეტლანას თქმით, საყვარლები სახლშიც კი მიჰყავდა. ამ ამბავს კი დედა შვილს მანამდე არ უმხელდა, სანამ იურიმ არ გამოუცხადა, რომ უკრაინაში ცოლთან ერთად უნდა წავიდე და ამისათვის ბინის ნაწილის გაყიდვაა საჭიროო.
ამ საუბრის შემდეგ შვილი დედას დაუპირისპირდა, რითაც მათი ურთიერთობა გაფუჭდა. საბოლოოდ კი, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ სვეტლანამ მდგმური გაუშვა და საცხოვრებლად იმ ოთახში თავად გადავიდა. შვილი მასთან ყოველდღე შედიოდა, მაგრამ რეალურად, მას მე უფრო ვპატრონობდი – დილა-საღამოს წნევას ვუზომავდი.
სვეტლანასთან იმ დილასაც შევედი და როგორც მითხრა, ჩემს მისვლამდე რძალსაც შეუკითხავს. გაკვირვებული იყო, რადგან თბილად მომექცა და წნევაც გამიზომაო. ჩემზე კი უთქვამს, აღარ შეაწუხო, საღამოსაც მე მოგხედავო. ამის მიუხედავად, სვეტლანამ მთხოვა, საღამოსაც აუცილებლად მივსულიყავი, რადგან მისი შვილი სოფელში იყო წასული და რძალს არ ენდობოდა. მით უმეტეს, მისი პატრონობა არ უნდოდა, რადგან დარეჯანს დედამთილთან ბინის გაყიდვაზე დაუწყია საუბარი, უთხოვია, მათთვის გაყიდვის თანხმობა მიეცა, რაზეც სვეტლანას უარი უთქვამს. ის კი ამის გამო აშკარად განაწყენებულა. ყველაზე მეტად სვეტლანას იმის ეშინოდა, რომ მის რძალს მის წინააღმდეგ საკუთარი შვილი არ აემხედრებინა. მაგრამ, ასეთ რამეს თუ ჩაიდენდა...
სვეტას რომ მივაკითხე, საღამოს 7 საათი იქნებოდა. მეორე სართულზე შუქი ენთო და სახლიდან მუსიკის ხმა გამოდიოდა. მეგონა, დარეჯანს სტუმრები ჰყავდა და მეორედ ზარი აღარ დამირეკავს. თანაც, თან მქონდა სვეტლანას გასაღები, რომელიც მან ჯერ კიდევ მაშინ მომცა, როცა საცხოვრებლად მარტო გადავიდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მითხრა, რომ სჯობდა გასაღები მეც მქონოდა.
კარი რომ გავაღე და ოთახში შევედი, ქალი საწოლიდან ნახევრად გადმოვარდნილი იყო. წყალი დავასხი, მაგრამ გონზე ვერაფრით მოვიყვანე. იმავე წუთს სასწრაფოს გამოვუძახე. მათ მოსვლამდე კი მეორე სართულზე ავირბინე. დარეჯანი დივანზე იჯდა. ჩემს დანახვაზე აშკარად შეცბა. როცა ვუთხარი, სასწრაფო გამოვიძახე-მეთქი, სულ დაიბნა. შემდეგ კი ჩხუბი დამიწყო, სხვის სახლში გადაწყვეტილებებს რატომ იღებო...” – განაცხადა მოწმემ, რომელმაც გამოძიებას ჩვენება იმავე საღამოს მისცა. მისი ჩვენების საფუძველზე კი, დაზარალებულის ბინა გაიჩხრიკა და ფარული ჩანაწერების გარდა, პოლიციამ წმინდად დაფქული თეთრი ნივთიერება ამოიღო, რომელშიც სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული საშუალებები აღმოჩნდა. ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ სვეტლანა ს. სწორედ ამ საშუალებებით იყო მოწამლული...
საბოლოოდ, რძალმა დანაშაული აღიარა და როგორც ქმარს, ისე დედამთილს პატიება სთხოვა. აშკარა იყო, ქმარს პატიება უნდოდა, მაგრამ ამის საშუალება დედამ არ მისცა. არადა, დაკითხვისას იური ს-მ გამოძიებას პირადადაც განუცხადა, რომ ბოლო პერიოდში, მისი ცოლი, დედამისს გამუდმებით სწყევლიდა და ემუქრებოდა, რომ ბოლოს მოუღებდა...
მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები ძნელი სათქმელია, მაგრამ ქმარი ცოლს რომ არ გაეყრება აშკარაა – იური ს. თურმე ერთადერთია, რომელიც ქალს ციხეში პატრონობს...