ვისი დავალებით მოკლეს ქართველმა მილიციელებმა ცნობილი კრიმინალი ზესტაფონში
1982 წელს, საქართველოში ანატოლი ბეცი მოკლეს. 30 წლის ბეცი ქურდი-რეციდივისტი იყო და მას კარგად იცნობდნენ საბჭოთა კრიმინალურ სამყაროში. ბეცზე საკავშირო ძებნა იყო გამოცხადებული, მას საუკეთესო მაძებრები ესხდნენ კუდზე და იმის გამო, რომ ძალზე მოუხელთებელი მოლდოველის სიცოცხლე საქართველოში დასრულდა, დღემდე უამრავ მითქმა-მოთქმას იწვევს და ამ საქმეში ბევრი თეთრი ლაქაა...
პუბლიკაციის ყველა ქართველი მონაწილის ვინაობა შეცვლილია და ვინმესთან მისი მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
სპეცოპერაცია თუ მკვლელობა
ძებნილი ანატოლი ბეცი, ფურგონიანი „მოსკვიჩით“, დასავლეთ საქართველოდან თბილისში მიემგზავრებოდა. ის ფურგონში იყო მოკალათებული, საჭეს კი ვინმე პავლე დათუკაშვილი უჯდა. მძღოლმა ერთ-ერთ პოსტზე მანქანა გააჩერა, კაბინიდან გადმოხტა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე უამრავი შეიარაღებული მილიციელი იყო, „მოსკვიჩის“ მძღოლს არავინ გაჰკიდებია და მისი დაკავება არავის უცდია...
– ბეც, გამოდი და ჩაგვბარდი! – გაისმა მეგაფონში მილიციის პოდპოლკოვნიკის, ანზორ ჟორჟოლიანის ხმა. სწორედ ის ხელმძღვანელობდა ოპერაციას, რომლის გამოც მეორე დღესვე, პირადად „ცეკას“ მაშინდელმა პირველმა მდივანმა მიანიჭა პოლკოვნიკის ჩინი...
იმავე დღეს შედგენილ პატაკში, რომელსაც ანზორ ჟორჟოლიანი აწერდა ხელს, წერია, რომ ბეცი არ დაემორჩილა მილიციას და ფურგონიდან ავტომატური ცეცხლი გაუხსნა მილიციას, რის შემდეგაც ადგილზე იქნა ლიკვიდირებული...
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ბეცს სხეულში 21 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატებიდან. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ბეცს 2 ტყვია თავში ჰქონდა ნასროლი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან. ეს კი ძალიან ჰგავდა საკონტროლო გასროლას და დიდ ეჭვს ბადებდა, რომ ბეცის დაკავების სპეცოპერაცია ფარსი იყო და სინამდვილეში ის მოკლეს... ყველა, ვინც ბეცს იცნობდა, ერთხმად ამტკიცებდა, რომ ბეცი არავითარ შემთხვევაში არ ატეხდა სროლას ფურგონიდან და აუცილებლად ჩაბარდებოდა მილიციას, რადგან უეჭველი სიკვდილისთვის თავს არ გაიმეტებდა. ამ ეჭვს ისიც ადასტურებდა, რომ „მოსკვიჩს“ მხოლოდ შემავალი ტყვიების კვალი აჩნდა და იქ ერთი გამომავალი ტყვიის კვალიც არ დაფიქსირებულა.
ბეცის დაკავების ოპერაცია, ანუ ჩასაფრება, ქალაქ ზესტაფონთან მოხდა. მოკლული ძებნილი ჯერ თბილისში გადაასვენეს და იქ ჩაუტარეს ექსპერტიზა, ბოლოს კი – თავის მშობლიურ კიშინიოვში, სადაც დიდი პატივით დაკრძალეს.
ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან სახელგანთქმული კრიმინალის დაკრძალვას მთელი საბჭოთა კავშირიდან ესწრებოდნენ. იქ არ იყვნენ მხოლოდ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები...
ძარცვიდან, დაღუპვამდე
1980 წელს ანატოლი ბეცმა, ცნობილი საბჭოთა მწერლის, ალექსეი ტოლსტოის სახლი გაძარცვა მოსკოვში. გაიტაცა ბრილიანტების უნიკალური კოლექცია, რომელიც მწერლის ქვრივს ეკუთვნოდა. მწერლის ქვრივს ბევრი ნაცნობი ჰყავდა როგორც საზღვარგარეთ, ასევე, საბჭოთა მთავრობის ყველაზე მაღალ ეშელონებში და ამ საქმემ დიდი რეზონანსი გამოიწვია. საქმე მინისტრმა, ნიკოლაი შჩოლოკოვმა აიყვანა პირად კონტროლზე და მის შესახებ თვით ლეონიდ ბრეჟნევმაც შეიტყო.
„მურის“ საუკეთესო მაძებრებმა მალევე დაადგინეს, რომ ძარცვაში ანატოლი ბეცი მონაწილეობდა. მისი ორი მეგობარი მალევე დააკავეს, თავად ბეცი კი გაუჩინარდა. მასთან ერთად გაქრა უძვირფასესი კოლექცია, რომელიც 3 მილიონ დოლარად იყო შეფასებული ექსპერტების მიერ. უამრავ სამკაულში განსაკუთრებულად გამოირჩეოდა მეთხუთმეტე საუკუნეში დამზადებული, ყვავილის ფორმის ბრილიანტის ბროში, რომელსაც შუაში უზარმაზარი ლალი ჰქონდა ჩასმული. ნივთს კულტურული და ისტორიული ღირებულება გააჩნდა. ბეცის ერთწლიან ძებნას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და მხოლოდ 1981 წლის დასაწყისში შეიტყვეს მაძებრებმა, რომ ძებნილს სვერდლოვსკში საცოლე, ვინმე ტანია ჰყავდა. მათ ტანიაზე თვალთვალი დააწესეს და ახალგაზრდა, ლამაზ გოგონას კისლოვოდსკში გაჰყვნენ. მას იქ ანატოლი ბეცი ელოდებოდა და ძებნილი რეციდივისტი უხმაუროდ აიყვანეს. თუმცა, მას წინააღმდეგობის გაწევა არც კი უცდია. სახლში, სადაც ბეცი ცხოვრობდა, მილიციის თანამშრომლებმა 100 ათასი მანეთი და ბრილიანტის კოლექციის დიდი ნაწილი აღმოაჩინეს. კოლექციას აკლდა მხოლოდ ბრილიანტის საყურეები და მეთხუთმეტე საუკუნის ბროში.
როგორც ბეცი გამოტყდა, საყურეები მან ბაქოში, იატაკქვეშა მილიონერ „ცეხავიკს“ – მუსტაფა გუსეინოვს მიჰყიდა 100 ათასად.
– ბროშიც ბაქოში მაქვს შენახული, ერთ-ერთ სანდო პირს მივაბარე. უჩემოდ მას ვერ მოიპოვებთ. ამიტომ, ჩემი ბაქოში ჩაყვანა მოგიწევთ და იქ ტანია, ჩემი საცოლე უნდა ჩამომიყვანოთ – უთხრა ბეცმა „მურელებს.“
„მურელებმა“ დაუჯერეს ბეცს და ბაქოში ჩაიყვანეს. იქ მათ გუსეინოვისგან საყურეები ამოიღეს და მოსკოვში გაგზავნეს. ტანია კი, რომელიც ფეხმძიმობის მეშვიდე თვეზე იყო, ბეცს კონსპირაციულ ბინაში მიუყვანეს. წყვილი ოთახში მარტო დატოვეს, თავად კი სხვა ოთახებში განლაგდნენ... დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, მილიციის ოპერმუშაკებს ბეცის განწირული ყვირილი შემოესმათ:
– ჩქარა, ჩქარა, ტანია კვდება...
ოთახში შევარდნილმა მილიციელებმა გულწასული, ფეხმძიმე გოგონა დაინახეს, რომელიც იატაკზე გაუნძრევლად იწვა. მილიციელებმა გოგონას მოსულიერება სცადეს. ბეცი კი სამზარეულოსკენ გაქანდა, ვითომდა, წყლის მოსატანად. სინამდვილეში კი, კარი გააღო და ისარგებლა რა დაბნეულობით, გაიქცა...
ბეცმა ბაქოდან ქალის გრიმითა და სამოსით გააღწია და მიწამ ჩაყლაპა თუ ცამ, მის კვალს ვერავინ მიაგნო. ორი თვის შემდეგ კი ტანიამ გოგონა გააჩინა და მიუხედავად იმისა, რომ მილიცია განუწყვეტლივ უთვალთვალებდა ქალს, ბეცის შეპყრობა ვერ მოხერხდა. ის მათ არ გაჰკარებია.
ცხრა თვის შემდეგ, მოსკოვის სამძებროში, „მურში“, გაიგეს, რომ ბეცი თბილისში იმყოფებოდა და მას ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები მალავდნენ. თუმცა, კონკრეტულად ვინ და სად, არ იცოდნენ. ამიტომ, მოსკოველი მაძებრები თბილისში ჩამოვიდნენ და ადგილობრივ ძალოვნებს დახმარება სთხოვეს, რომლებიც ბეცის შეპყრობას შეჰპირდნენ. ზუსტად ერთ კვირაში კი ანატოლი ბეცი ზესტაფონთან იქნა მოკლული...
მკვლელობათა ჯაჭვი
ბეცის დაღუპვიდან მეორე დღეს „მოსკვიჩის“ მძღოლი, პავლე დათუკიშვილი დაიღუპა, რომელიც მცხეთასთან, მტკვარში ჩავარდა და დაიხრჩო. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ მის სხეულში ალკოჰოლის დოზა აღმოაჩინა და ამბავი უბედურ შემთხვევად შეფასდა. მასზე სისხლის სამართლის საქმე არც კი აღძრულა. თუმცა, როგორც პავლეს ძმა, მერაბი ამტკიცებდა, პავლე არანაირ ალკოჰოლს არ იღებდა და მისი აზრით, ის მოკლული იყო. ამ განცხადებიდან ერთ კვირაში მერაბ დათუკიშვილიც დაიღუპა. ის დიღომში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან ჩავარდა და ესეც უბედურ შემთხვევად შეფასდა. თუმცა, მათი ნათესავები ამ ამბავსაც მკვლელობად აფასებდნენ.
დათუკიშვილები კი, ეგრეთ წოდებული „შავი მასტის“ ადამიანები იყვნენ და კრიმინალური ავტორიტეტის, ჯემალ ბიბილურის, მეტსახელად „ბიბილოს“ დაჯგუფებაში შედიოდნენ. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ანატოლი ბეცი ჯემალ ბიბილურთან იმალებოდა და ქუთაისიდან თბილისში რომ ბრუნდებოდა, სადაც ბეცმა ძარცვა ჩაიდინა, სწორედ მაშინ მოკლეს ზესტაფონთან. მძღოლი პავლე დათუკიშვილი კი, კბილებამდე შეიარაღებულ მილიციელებს ხელიდან დაუსხლტა.
ბეცის დაღუპვის დღიდან ბიბილო არსად გამოჩენილა. მისი კვალი გაქრა და 1987 წელს, სისასტიკით მოკლული აღმოაჩინეს წყნეთის ერთ-ერთ აგარაკზე. ბიბილო უმოწყალოდ იყო ნაწამები. სხეულზე ორმოცამდე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა, ენა მოეჭრათ, რომელიც უკანალში აღმოაჩინეს... ამ საქმეზე ვინმე ევგენი ზარუბინი დააპატიმრეს. მან ჩვენებაში დაწერა, რომ ის 5 წლის წინ მოკლული ბეცის მეგობარი იყო და ბიბილოზე შური იძია. ზარუბინი ამტკიცებდა, რომ ბეცი სწორედ ბიბილურმა ჩაუშვა, რის მერეც ის მოკლეს. ზარუბინი ორთაჭალის ციხეში მოათავსეს და სასამართლოს წინა დღეს ის საკანში ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს... ექსპერტებმა ეს ფაქტი თვითმკვლელობად შეაფასეს და საქმე დახურეს...
გამქრალი ბროში
„მურის“ მაძებრებმა ჯერ კიდევ ბეცის ბაქოდან გაქცევამდე დაუბრუნეს ბრილიანტების კოლექცია ტოლსტოის ქვრივს. თუმცა, მას მეთხუთმეტე საუკუნის ბროში აკლდა და ქალს ამ ბროშის მოძებნას და დაბრუნებასაც შეჰპირდნენ. ბროში კი გაქრა და მის კვალს ვერავინ მიაგნო, მხოლოდ წლების მერე, 1991 წლის ივლისში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაშლის პირას იმყოფებოდა, ჯერ კიდევ „კაგებეს“ კურატორობის ქვეშ მყოფმა საბჭოთა დიპლომატმა, ანატოლი პროხოროვმა პარიზში, ერთ-ერთ არისტოკრატთა შეკრებაზე შენიშნა, რომ ერთ-ერთ ქალბატონს 1980 წელს გატაცებული სწორედ ის ბროში ეკეთა საღამოს კაბაზე. დიპლომატი პროხოროვი ადრე „კაგებეში“ მუშაობდა, ბეცის საქმეში იყო ჩართული და ამიტომ იცნო ბროში. მან ჯერ იმ ქალის ვინაობა გაარკვია, ვისაც ბროში ეკეთა, შემდეგ კი ინფორმაცია ცენტრში გაგზავნა.
ბროშიანი ქალი ვინმე ტერეზა ლურიე აღმოჩნდა. ის ერთ-ერთი ფრანგი მაგნატის ქალიშვილი იყო. მას ქართველი ემიგრანტი, კოტე ანანიაშვილი ახლდა, რომელმაც თავის საცოლეს საჩუქრად ეს ძვირფასი ნივთი უძღვნა. ამგვარად, გამოჩნდა დაკარგული ძვირფასი ნივთი 11 წლის შემდეგ და „კაგებემ“ მისი დაბრუნება სცადა...
ანონიმის მემუარები
აქტიური სამართლებრივ-პოლიტიკური მოქმედებების მიუხედავად, „კაგებემ“ ბროშის დაბრუნება ვერ მოახერხა. საფრანგეთის პოლიციის წარმომადგენლებს ტერეზა ლურიემ განუცხადა, რომ მას არანაირი ძვირფასი ბროში არ აქვს და მისმა საქმრომ მხოლოდ და მხოლოდ საქორწინო ბეჭედი აჩუქა...
ცნობილი გვარის წარმომადგენლებს, აბა, ვინ რას დააკლებდა, მით უმეტეს, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა და ლურიებს თავი დაანებეს. ამასობაში დაიშალა საბჭოთა კავშირი და ყველაფერი ისე აირ-დაირია, რომ ძველი საქმეების გამოძიებისთვის უკვე აღარავის ეცალა. კოტე ანანიაშვილი მდიდარ საცოლეზე დაქორწინდა და საცხოვრებლად ნიცაში გადავიდნენ. დიპლომატი პროხოროვი კი, მოსკოვში დაბრუნდა და 1999 წელს გარდაიცვალა...
2001 წელს ბრაზილიაში ინგლისურ ენაზე ვინმე იური ზახაროვის მემუარები გამოვიდა, რომელიც „კაგებეს“ ყოფილი ოფიცერი იყო და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უცხოეთში წავიდა ემიგრაციაში. სავარაუდოდ, ზახაროვი ფსევდონიმია და ამ ადამიანის ნამდვილი ვინაობა გურამ ჯანელიძეა. მისი ამ ანონიმური მემუარების ერთ-ერთ თავში ვკითხულობთ: „ჩვენი საგამოძიებო ჯგუფი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ანატოლი ბეცმა შეკვეთით გაძარცვა ალექსეი ტოლსტოის ბინა და წაიღო იქიდან ბრილიანტების კოლექცია. შემკვეთი კი გალინა ბრეჟნევას გარემოცვა იყო, რომელიც ამ ქალბატონის ირგვლივ ტრიალებდა და ბრილიანტების მეშვეობით ცდილობდა მისი კეთილგანწყობის მოპოვებას“.
ზახაროვის, სინამდვილეში კი ჯანელიძის მემუარებში კოტე ანანიაშვილიცაა მოხსენებული, როგორც გალინას ერთ-ერთი საყვარელი. ავტორი ვარაუდობს, რომ ბრილიანტი მან აართვა (მოპარა ან გამოსტყუა) გალინას, შემდეგ კი უცხოეთში გაემგზავრა ემიგრაციაში. ჯანელიძისვე დასკვნით, ზესტაფონური სპეცოპერაცია მოწმის თავიდან მოსაშორებელი ქმედება იყო, რომელიც ქართველი მილიციელების ხელით შესრულდა და მას გალინა ბრეჟნევას ერთგული „კაგებეშნიკები“ კურირებდნენ...
P. S. 1997 წელს, საკუთარ ბინაში სადისტურად მოკლული პოლკოვნიკი ანზორ ჟორჟოლიანი აღმოაჩინეს. მას სხეული ნაჯახით ჰქონდა დაჩეხილი, იქვე კი სისხლით მოსვრილი, ეგრეთ წოდებული „რუსკი ტაპორი“ ეგდო. მოკლული პოლკოვნიკი სწორედ ის ანზორ ჟორჟოლიანი იყო, რომელიც ანატოლი ბეცის ლიკვიდაციის ოპერაციას მეთაურობდა ზესტაფონში.