კომბინირებული დიეტა
იმისთვის, რომ იყოთ ჯანმრთელი და გქონდეთ თქვენთვის სასურველი წონა, საკმარისი არ არის თუნდაც ყველაზე მკაცრი დიეტის დაცვა, აუცილებელია, იცოდეთ, რომელი პროდუქტები უნდა მიირთვათ ერთად – ეს საჭიროა იმისთვის, რომ ორგანიზმმა სწრაფად და მინიმალური დანაკარგებით აითვისოს სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებები.
მაგალითად, არასასურველია ერთდროულად მჟავე ხილისა და ბოსტნეულის (ციტრუსი, ქლიავი, პომიდორი და სხვა) და სახამებლის შემცველი პროდუქტების (გოგრა, ხორბალი, ყაბაყი და ასე შემდეგ) მიღება; ასევე, რეკომენდებული არ არის ცილების ცილებთან (კვერცხისა და ხორცის, ყველისა და ხორცის, რძისა და ნიგვზის (ან თხილის ნებისმიერი სახეობის) „შეწყვილება“. მაგრამ, არსებობს პროდუქტები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, ერთმანეთისთვისაა შექმნილი. მაგალითად: მწვანე ლობიო და მოხარშული სიმინდი იდეალური პროდუქტია კუნთოვანი მასის გასაძლიერებლად.
წონაში დაკლებას აქტიურად შეუწყობს ხელს წყალზე დამზადებული სიმინდის ფაფა.
ხორცი მწვანილთან და ბოსტნეულთან ერთად არ ტოვებს კუჭში სიმძიმის შეგრძნებას. ხორცს (განსაკუთრებით – ღორის) ორგანიზმი ძალიან ნელა ითვისებს. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ მონელების პროცესის თანმხლები უსიამოვნო შეგრძნება, მიირთვით ხორცი მწვანილთან და ბოსტნეულთან ერთად. ეს „ტანდემი“ მკვეთრად აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას.
უმჯობესია, შეიძინოთ ახალი ხორცი (არა გაყინული) და მოამზადოთ გრილზე, ორთქლზე, ან, უბრალოდ, მოხარშოთ.
მწვანე ჩაი ლიმონით საუკეთესო ანტიოქსიდანტია. ლიმონის ერთი ნაჭერიც კი ზრდის ჩაიში არსებული ანტიოქსიდანტების ეფექტურობას.
მწვანე ჩაი „ვერ იტანს“ შაქარს.
იოგურტი (მაწონი) და ვაშლი საუკეთესო საშუალებაა ორგანიზმის გასაწმენდად. ამ ორი პროდუქტით ჩატარებული განტვირთვის დღეები სწრაფად ჩაგაყენებთ ფორმაში.
სადილისთვის საუკეთესო ვარიანტია მოხარშული ორაგულის ან გოჯას („სიომგა“) ორი ნაჭერი სპაგეტის გარნირით.
დაკეპილი კომბოსტოს მწნილი, კვლიავი და ზირა (ძირა) წმენდს ორგანიზმს. უმჯობესია, მიირთვათ ვახშმად.
დიეტოლოგები უარყოფენ სოსისს, მაგრამ, თუ მაინც მოგენატრათ „მავნე“ საკვები, შეიძინეთ სოსისი ცელოფნის გარეშე და მიირთვით აუცილებლად მდოგვთან ერთად.
კანიანად გამომცხვარი კარტოფილი და ხაჭო აქტიურად აწვდის ორგანიზმს ცილებს, რაც მკვეთრად აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
მანგოსა და ნუშის შეწყვილება გემრიელიც არის და სასარგებლოც: მანგო დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, ხოლო ნუში E ვიტამინის წყაროა, ამ ორი ვიტამინის ერთობლიობა კი საუკეთესო საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად. თუ მანგო არ გიყვართ, შეგიძლიათ, მარწყვით ჩაანაცვლოთ – შედეგი იგივე იქნება.
წყალი – დღეში 1,5-2 ლიტრი.