როგორ გახდა ჩელე კოსმოსური ხომალდის ერთ-ერთი მემანქანე და რა მოხდა მის ცხოვრებაში დიდი და მნიშვნელოვანი
თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ დათუნა გელაძე, ანუ ჩელე, მაყურებლის წინაშე კვლავ წარდგება, ოღონდ, უკვე ტელეკომპანია GDS-ში. ხალისიანი, ენერგიული და ნიჭიერი ჩელე, რომელიც პროფესიით მსახიობია, ყოველ დილით მაყურებლისთვის კარგი განწყობის შექმნაზე იზრუნებს.
ჩელე: ეს იყო დასვენების მთელი სამი წელი... საერთოდ‚ ძალიან კარგი წინათგრძნობა მაქვს, თან‚ თითქმის ყველაფერში. სხვები რომ მეუბნებიან: მიდი, ამ დროს იქ უნდა იყო, არა – აქ უნდა იყოო, მე, პირიქით, ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. მართალია, რომ ამ სამმა წელმა ძალიან დამხია უკან, სამაგიეროდ‚ ამ ხნის განმავლობაში დიდი დრო დავუთმე ჩემს პროფესიას, თეატრს. ახლა დაიწყო ახალი ეტაპი და, რაც მთავარია‚ მსიამოვნებს იქ ყოფნა, სადაც ახლა ვარ და იმ საქმის კეთება, რასაც ახლა ვაკეთებ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველანაირი პირობა გვაქვს იმისთვის შექმნილი, რომ კარგად ვიმუშაოთ. ეს არის ახალი ტელევიზია GDS, ანუ, „ჯორჯიან დრიმ სტუდიო“, სადაც რამდენიმე თვეა, დავიწყე მუშაობა. დილის ეთერში ვარ მთავარი წამყვანი სალომე ნინუასთან ერთად, რომელიც ჩემი მეგობარი და ძალიან კარგი გოგოა. რაც მთავარია‚ ჩვენთან ერთად ძალიან კარგი სტაფი მუშაობს, ხოლო თავად ტელევიზიაზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ისეთი გრანდიოზული პროექტი, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა და, ალბათ‚ დიდხანს არც იქნება. მუშაობს ახალგაზრდების გუნდი, რომლებიც თავისი საქმის პროფესიონალები არიან. ამ ყველაფერს იმიტომ არ ვამბობ, რომ მე იქ ვმუშაობ. ეს იქნება ყველას ქართული ტელევიზია, ოღონდ, არა ქართული მიდგომებით. იქნება ძალიან ბევრი შემეცნებითი გადაცემა, კარგი მუსიკა, ტიხრები კინოსავით არის გადაღებული, მთლიანად ხარისხზეა აქცენტი გაკეთებული.
– როგორ მოხვდი ამ ტელევიზიაში?
– დილის ეთერის წამყვანების ქასთინგზე დამირეკეს და მეც მივედი. საერთოდ‚ ყველა ქასთინგზე ძალიან ვნერვიულობ, პატარა ბავშვივით მგონია, რომ გამოცდაზე ვარ. ანუ, თავიდან იყო დაძაბულობა, ცოტა ნერვიულობა, თან‚ იმ დროს ტელევიზიაში რამდენიმე კაცი დადიოდა. ხუთთვიანი ტრენინგები ჩაგვიტარეს, ვინც დარჩებოდა – დარჩებოდა. ფსიქოლოგიც გვყავდა, მეტყველების მასწავლებელიც, თუ რამე პრობლემა გვქონდა‚ უნდა გამოგვესწორებინა. საბოლოო ჯამში, აირჩა 12 კაცი, რომლებიც დღეგამოშვებით იმუშავებენ პირდაპირ ეთერში. როდესაც „რუსთავი 2-ში“ მე და ნატა ნიჟარაძეს გვქონდა ჩართვები, ეს უფრო სპონტანურად ხდებოდა. შესაბამისად‚ პირდაპირი ჩართვა ძალიან ბევრ რამეს გაძლევს, მაგრამ, სტუდია, დეკორაციები – სულ სხვაა, სულ სხვა გარემოში გიწევს მუშაობა. ამიტომ‚ ცოტა არ იყოს‚ ავნერვიულდი, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიაში მუშაობის პრაქტიკა მქონდა. მაგრამ GDS-ში ყველანაირად დაგვიდგნენ გვერდში, რომ თავი კარგად და კომფორტულად გვეგრძნო.
– როგორი იქნება ჩელე დილის ეთერში?
– მე როგორი ვიქნები‚ ამას ცოტა ხანში ნახავთ. ერთი რამის თქმა კი ნამდვილად შემიძლია: გადაცემა იქნება სრულიად განსხვავებული. პირველად სტუდიის მაკეტი რომ ვნახე‚ მეგონა‚ კოსმოსური ხომალდის ერთ-ერთი ნაწილი იყო და მე ერთ-ერთი მემანქანე ვიყავი. სტუდიაში ვიქნებით 6 ადამიანი, რომლებიც ვეცდებით, ვიყოთ უშუალოები, მაყურებელთან უფრო ახლოს და მათაც მივაღებინოთ მონაწილეობა. რომ დავფიქრდი, ვთქვი: ნამდვილად ღირდა „ჯიდიესისთვის“ სამწლიანი ლოდინი; თუნდაც, იმ სტაფთან ერთად მუშაობა, რომელიც იქ არის; იმ გარემოში მოხვედრა, რომელიც ამ ტელევიზიაშია, იმ ტექნიკით მუშაობა, რაც აქ აქვთ.
– ბერასთან‚ ალბათ‚ ხშირად გიწევს ურთიერთობა. როგორია ის მუშაობის პროცესში?
– ეს არის ბერას ტელევიზია, ამიტომ, ხშირად ჩამოდის. ეტაპობრივად სულ გვაქვს შიდა ეთერები, ჩაწერები და ისიც ესწრება გადაღებებს. შენიშვნებს არ იძლევა, რადგან, მას ჰყავს ისეთი სტაფი, რომელსაც ენდობა. ყოველთვის აფიქსირებს თავის აზრს, გვეუბნება, რა მოსწონს, რა არ მოეწონა, მაგრამ, ამას არ აქვს შენიშვნის ფორმა, ეს უფრო რჩევაა და, რაც მთავარია‚ ჩვენ მიმართ მეგობრული დამოკიდებულება აქვს.
– საუბრის დასაწყისში თქვი, კარგი წინათგრძნობა მაქვსო, ეს‚ ალბათ‚ ბევრ რამეში გეხმარება.
– მაგალითს მოვიყვან: არანაირი ფული არ მქონდა, არავინ მიცნობდა და უცებ დავიწყე ლაპარაკი ორ-სამ თვეში მანქანა უნდა ვიყიდო-მეთქი. ზუსტად იმ პერიოდში მეგობართან ერთად რუსთაველზე მოვდიოდი და ვუთხარი, აქეთ გადმოვდივარ საცხოვრებლად-მეთქი. რამდენიმე თვის შემდეგ, მართლაც რამდენიმე თვით გადავედი რუსთაველზე საცხოვრებლად, როდესაც „ჯეობარში“ შევედი, რომელიც ჩემთვის და ალბათ‚ ბევრისთვის, ძალიან იღბლიანი იყო – გავიმარჯვე და მერე მანქანაც ვიყიდე. ახლაც‚ სანამ „ჯიდიესში“ დავიწყებდი მუშაობას, სულ ვფიქრობდი, წინათგრძნობა მქონდა ისეთი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი, ოღონდ, დიდი და მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. მართლაც დაიწყო ახალი ეტაპი ახალი შემართებით – ახალი მატარებელი, რომელსაც არ უნდა შეახტე, რადგან, ბილეთი გაქვს და, შეგიძლია‚ შენს ადგილზე თავისუფლად დაჯდე.
– იმისთვის, რომ გარკვეულწილად დაგეკავებინა შენი ადგილი საზოგადოებაში, საკმაოდ ბევრი სირთულის გადალახვა მოგიწია.
– ყველამ კარგად იცის, რა არის მისი წამალი, ამიტომ‚ ყველაზე კარგად საკუთარ თავს შენ თვითონ უმკურნალებ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც არ მქონია ფული, სამსახური, მაგრამ, არ შეიძლება, ამის გამო თავი მოიკლა ან თავი ახალო რამეს. რაღაცეები ყოველთვის ხდება – ხან ცუდი, ხან კარგი. რაც უფრო ხშირად შემოუძახებ საკუთარ თავს, კარგად ვარო, უფრო მეტი შემართებით იქნები. ცუდადაც რომ იყო‚ თუ შეძლებ საკუთარი თავის ხელში აყვანას – ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მინიმალური რაღაცეები გაძლევს იმის საშუალებას, რომ კარგად იყო და სილაღე მოგეცეს ცხოვრებაში, არ დაითრგუნო.
– სამი წელი არ არის ცოტა დრო იმისთვის, რომ ბევრ რაღაცაზე დაფიქრებულიყავი, გაგეანალიზებინა.
– თავიდან ვამბობდი, ვისვენებ-მეთქი, მაგრამ, ეს უკვე აღარ იყო დასვენება. არ შეიძლება‚ ყოველთვის ყველაფერი მაგრად იყოს, კარგი მანქანით იარო და კარგი ტანსაცმელი გეცვას. ამ სამმა წელმა მოთმინების უნარი შემძინა, ფიქრისთვისაც ბევრი დრო მქონდა. ბევრი რამ‚ რაზეც ვფიქრობდი, ახლა აღარ მჭირდება, აღარ ვგეგმავ, მაგრამ, თუ დამჭირდება, ამის რესურსი მაქვს. მარკეტოლოგია ჩემი პროფესია არ არის, მაგრამ ამ კუთხითაც ვიმუშავე რამდენიმე თვე და მერე გადავედი ტელევიზიაში. მოკლედ‚ მქონდა იმის უნარი, რომ რაღაცეები მეცადა – ხელის ჩაქნევები არ მჩვევია. ეს სამი წელი არ იყო ჩემთვის ხელის ჩაქნევის წლები. ძალიან დიდ დროს ვუთმობდი თეატრს, მინიმალური ანაზღაურების ფასად, მაგრამ, იქ ყოფნა ძალიან მსიამოვნებდა. მერჩივნა‚ სპექტაკლში 10 ლარი ამეღო, ვიდრე, მეკეთებინა ის საქმე, რაც არ მსიამოვნებს და ამეღო 100 ლარი. წინა სეზონზე აღვადგინეთ „თეთრი ბაირაღები“ და მომიწია გურამ ფირცხალავასთან, დიმა ჯაიანთან, გოგი ქავთარაძესთან ერთად სცენაზე თამაში. მე ვთამაშობდი ზაზა ნაკაშიძეს და, როგორც თევზი წყალში, ისე ვიყავი, არ ვფიქრობდი არაფერზე. როდესაც აკეთებ იმას, რაც გსიამოვნებს, დიდსა თუ პატარა პრობლემებს ეს გიქარწყლებს, თან‚ დიდი დოზით. არ შემიძლია, დავივიწყო, რომ პირველი ნაბიჯები „რუსთავი 2-ში“ გადავდგი და იქ გავიზარდე როგორც წამყვანი, ახლა კი მოვხვდი ისეთი ტელევიზიაში, სადაც ყველაფერი საუკეთესოა.
– ისედაც გაზრდილი ხარ.
– გავიზარდე, წონაშიც მოვიმატე, „ფეისბუქზე“ ფერმას აღარ ვუვლი. ახლაც ვარ ემოციური, მაგრამ, უფრო მეტი საქმის კეთება მიწევს და ჩემი ენერგიაც იქ უფრო მეტად იხარჯება. ასაკიც თავისას შვრება. ჩვენ ერთმანეთი მაშინ გავიცანით, როცა 19 წლის ვიყავი და, მაშინ შემეძლო, ხუთი ღამე ზედიზედ გამეთენებინა, მეექვსე დილას კი ეთერში გავსულიყავი; ახლა 2 საათზე თუ არ დავიძინე, დილით ვეღარ ვდგები 8 საათზე.
– არ შემიძლია‚ შენს უსაყვარლეს შვილზე არ გკითხო, რომელიც ძალიან გგავს. მისთვის‚ ალბათ‚ ყოველთვის გაქვს დრო.
– გაიზარდა, 4 წლის ხდება იანვარში. ატიკტიკდა, ბაღში მივიდა. ხანდახან შენიშვნებს მაძლევს, დამირეკავს და მეუბნება: „სადა ხარ‚ ბიჭო?“ ერთხელ ვკითხე: „ბიჭო“ ვარ თუ მამა-მეთქი და მერე დამიძახა: „ჩელე“. რაღაცაზე გავუბრაზდი, ისიც გამიბრაზდა და არ მელაპარაკებოდა, მერე შემოვირიგე. ტერმინოლოგიაც შეიცვალა. რაღაც ვუთხარი და მეუბნება: რა პონტშიო? ვიფიქრე, მომეჩვენა-მეთქი და რომ გავუმეორე, ისევ მიპასუხა: რა პონტში მეუბნები მაგასო? ეტყობა‚ თაობები იცვლება, მე რომ მაგხელა ვიყავი, „პონტი“ რა იყო‚ ისიც არ ვიცოდი, ამან კი ისეთი ადეკვატური პასუხი გამცა, გამიკვირდა. თავიდანვე სულ ერთად ვიყავით. ერთხელ, რეპეტიციაზე მივიყვანე, პატარა იყო და სხვა მსახიობების შეეშინდა, დღემდე მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ვჭორაობთ ხოლმე.