ჯენტლმენური ნაკრები
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლედი? თუ ამ „ფენომენის“ არსებობა საერთოდ არც არის საჭირო? ასეთ რთულ კითხვას პასუხს თანამედროვე ჯენტლმენები თუ გასცემენ, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი საერთოდ არსებობენ...
ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, როცა თითოეული ჩვენგანი გიჟურ, თავბრუდამხვევ რიტმში ცხოვრობს, ძნელია, შეინარჩუნო დახვეწილი მანერები, არ დაკარგო იუმორის გრძნობა და მოერგო ნებისმიერ ყოფით სიტუაციას... ქალისთვის გაცილებით ადვილი იქნებოდა, ეყიდა ერთჯერადი ჭურჭელი და ხელსახოცები წარწერით: „არავითარი მამაკაცები! კარგია, რომ მარტო ვარ!“
რაც შეეხება მამაკაცებს, მათი პოზიცია ასეთია: ნამდვილი ლედი არის ის, ვისაც შეუძლია განქორწინების დღისთვის საზეიმო ტორტის შეკვეთა და, რაც მთავარია, ამ ტორტის დასაგემოვნებლად ყოფილი მეუღლის მიპატიჟება...
პაწაწინა სიხარულები
იცით, როგორ უნდა იყოთ კარგ, ხალისიან განწყობაზე იმაზე ხშირად, ვიდრე ეს ერთი შეხედვით არის შესაძლებელი?! ნამდვილად გამოგივათ, თუკი მოინდომებთ. არავითარი ვარაუდები, მხოლოდ პროცენტები და საფუძვლიანი დასკვნები.
მაგალითად, გამოირკვა, რომ ადამიანების მხოლოდ 29 პროცენტი დადის სამსახურში დიდი ხალისით, ისე, როგორც ნამდვილ დღესასწაულზე. ეს ბევრი არ არის, სამაგიეროდ, ისინი ნამდვილად ბედნიერები არიან. ფაქტია, რომ ის, ვინც მოახერხა საკუთარი პიროვნების რეალიზება, გახსნილი, უკომპლექსო, თავისუფალი და, შესაბამისად, ბედნიერია. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჯერ კიდევ ვერ აღგიქვამენ სერიოზულ პარტნიორად და მუშაკად, შეეცადეთ, დაკისრებული საქმე ხალისით შეასრულოთ და მაშინ აუცილებლად შეუერთდებით ამ 29 პროცენტს.
არიან ადამიანები, რომლებიც სიხარულს საინტერესო წიგნის წაკითხვისგანაც იღებენ. მათი პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ შთამბეჭდავია – 58 პროცენტი. თქვენ, შეიძლება, ფიქრობთ, რომ დღეს წიგნის წაკითხვა მოდაში აღარ არის, მაგრამ, რეალობა, როგორც ხედავთ, სხვაა. აიღეთ ის წიგნი, რომელმაც წლების წინ დიდი სიამოვნება მოგანიჭათ და წაიკითხეთ კიდევ ერთხელ – მიიღეთ პოზიტიური ემოცია!
სად შეგიძლიათ, ბოლომდე მიუშვათ და გათავისუფლდეთ დაძაბულობისგან, ანუ, იყოთ ის, რაც ხართ? – რა თქმა უნდა, მეგობრების წრეში და ოჯახში. ადამიანების 82 პროცენტი სწორედ აქედან იღებს სასიცოცხლოდ აუცილებელ ენერგიას. გაუფრთხილდით და დააფასეთ ის, რაც გაქვთ. ბედნიერებას არ აქვს დიდი მასშტაბები. ის უფრო ხშირად ინტიმური და ძალიან „შენია“!..
იპოვე ბედნიერება
იმისთვის, რათა შენი წილი ბედნიერება იპოვო, აუცილებელი არ არის, რკინის ქალამნები ჩაიცვა და ცხრა ზღვა და ცხრა მთა გადაიარო. ის შესაძლოა, შენგან ხელის ერთ გაწვდენაზე იყოს „მიმალული“. უბრალოდ, არცთუ იშვიათად, „შორსმხედველები“ ვხდებით და ახლოს მდგარ ადამიანებს ვერ ვამჩნევთ. რატომ არ შეგვიძლია, დავაფასოთ ის, ვინც მუდმივად გვერდით გვყავს? მიზეზი ბანალურია – ვეჩვევით. მერე ვწუწუნებთ, რომ პირად ცხოვრებაში არ გაგვიმართლა, რაღაც არ გამოვიდა, ვერ ავაწყვეთ „მექანიზმი“, რომელიც „ბედნიერების ფორმულას“ გამოთვლიდა. წლები მიდის, იდეალური პარტნიორი კი არ ჩანს. იქნებ მეტისმეტად პრეტენზიულები ვართ და მათ ისეთ მოთხოვნებს ვუყენებთ, კონკრეტული წარმოდგენა თავადაც რომ არ გვაქვს? ყველაფერი ერთად ხომ არ გვინდა – გარეგნობა, ხასიათის საუკეთესო თვისებები, წარმატებული კარიერა, ფინანსური შესაძლებლობები?! ზოგჯერ მაინც ნუ იქნებით პრაგმატულები. „გულის“ თვალებით შეხედეთ ადამიანს და გადადგით შემხვედრი ნაბიჯი.
შეეცადეთ, ნაკლებად იფიქროთ თქვენს ვითომდა არშემდგარ პირად ცხოვრებაზე, უიღბლობასა და იმაზე, რომ არასოდეს გაგიმართლებთ. უმართლებს იმას, ვინც საკუთარ თავს წარმატებისთვის განაწყობს. ამით იმას მოახერხებთ, რომ უსიამოვნებებს მოიზიდავთ. შეწყვიტეთ განცდა და ნერვიულობა, ყველაფერი თავისით დალაგდება და ბედნიერებაც მოვა...
სულ ცოტა ტყუილი...
დიპლომატია თავისთავად გულისხმობს ტყუილს. თუ ყოველთვის, ყველგან და ყველასთან გულახდილი იქნებით, სისტემატურ კონფლიქტებს თავს ვერ აარიდებთ. მით უმეტეს, არანაირი საჭიროება არ არსებობს საყვარელ მეუღლესთან გულახდილობისა. თუ ზოგჯერ ითვალთმაქცებთ, ამით მის გულს მოიგებთ, რაც თქვენს ურთიერთობას ძალიან წაადგება. მაგრამ, უნდა იცოდეთ, როდის ითვალთმაქცოთ, რა დოზით და სად, ანუ, როგორ გამოიყენოთ თქვენს სასარგებლოდ პატარ-პატარა ტყუილები.
* მიართვით საყვარელ მეუღლეს ცხელი სასმელი საღამოს – ყვავილების ჩაი, ყავა რძით, შოკოლადი და მხოლოდ ამის შემდეგ მოახსენეთ თქვენი სურვილი – ასე გაცილებით ადვილად დაიყოლიებთ, რადგან, ცხელი სასმელი ადამიანს ადუნებს და ამშვიდებს. არ დაგავიწყდეთ ამ დროს ღიმილიც...
* მამაკაცებს აქვთ ერთი უნიკალური თვისება: როცა არ უნდათ, რამე გაიგონონ, ისინი „თიშავენ“ სმენას, ანუ, კი არ იტყუებიან, რომ არ ესმით, მართლა არ ესმით... გამოსავალი მარტივია: მიუახლოვდით, ვითომ მისი კოცნა გინდათ და სათქმელი ყურში უთხარით, მაგრამ, აუცილებლად ჩურჩულით და აუცილებლად მარცხენა ყურში...
* აღიარეთ მისი „დამსახურებები“, ანუ შეაქეთ მაშინაც, როცა ის ამას პირობითად იმსახურებს. სხვათა შორის, მამაკაცები მტკივნეულად რეაგირებენ ოჯახურ კონფლიქტებზე, შენიშვნებსა და ხშირ საყვედურებზე. მათ ქალებზე არანაკლებად სჭირდებათ ემოციური მხარდაჭერა, მით უფრო – მეუღლის მხრიდან.
ამიტომ, აჯობეთ საკუთარ ამბიციებს და შეაქეთ ხოლმე ქმარი; უთხარით, რომ ის საუკეთესოა, ოღონდ, არც გადააჭარბოთ. ზურგსუკან კი მაინც გქონდეთ მომარჯვებული ეკლიანი ჯოხი ყოველი შემთხვევისთვის...
მორჯულებული ჭირვეული
თუ მამაკაცი ჯიუტი და ჭირვეული არსებაა, მაშინ ქალი მომთვინიერებლის როლში გამოდის. იშვიათია ქალი, რომელიც ამას კარგად და უშეცდომოდ ახერხებს. თუმცა, სურვილი ყველას აქვს. ვერაფერი სასიამოვნოა, როცა „მომრჯულებლის“ სტატუსი გაქვს, მაგრამ, თუ ურთიერთობის მართვის სადავეებს ხელში არ აიღებთ, ის აუცილებლად მოეშვება, მოშვებულ ურთიერთობას კი კარგი არაფერი მოჰყვება.
პერიოდი, როცა მამაკაცი მთელი ძალ-ღონით ცდილობს სასურველი ქალბატონის გულის მოგებას, მაშინვე ჩაბარდება ხოლმე წარსულს, როგორც კი ეს ქალბატონი მის სახლში დაიდებს ბინას. გაუგებარია, რატომ იცვლება მამაკაცი, ასე ელვის სისწრაფით და რადიკალურად. არცთუ იშვიათად, ვიწყებთ ფიქრს იმაზე, რომ დამნაშავენი თავად ვართ, რადგან, დროულად ვერ შევიცანით მისი რეალური სახე.
„საყვარელო... მე შენთვის ყველაფერს გავაკეთებ,“ რჩება მოგონებად, რასაც, ჩვეულებრივ, სევდაც ახლავს ხოლმე. სამწუხაროდ, მამაკაცებს კიდევ ერთი უარყოფითი ჩვევა აქვთ – თავს ისე გვაჩვენებენ, თითქოს არაფერი ესმით და ვერაფერს ხვდებიან. პრინციპში, რამდენიც არ უნდა იწუწუნო, არ მოგისმენს. მისი მშვიდი ჭირვეულობა აუცილებლად აჯობებს თქვენსას და არაფერი გამოგივათ... მაგრამ, არ დანებდეთ, ნუ დაიკრეფთ გულზე ხელს და ნუ იოხრებთ! ისწავლეთ ისე მოქცევა, რომ მამაკაცი ნელ-ნელა დაუბრუნდეს „საწყის პოზიციას“, თანაც – ნებაყოფლობით.