ექიმის რჩევები
კითხვა: ჩემი ძმა 26 წლისაა. სამი წელია, შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდში მუხლებზე შეშუპებული და გაწითლებული ადგილები უჩნდება, ახლა ეს უბნები გამკვრივდა კიდეც. მკურნალობდნენ ანტიბიოტიკებით, დაზუსტებული დიაგნოზი არ აქვს. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ეს?
პასუხი: თქვენ მიერ აღწერილი სიმპტომები ძალიან ჰგავს კვანძოვან ერითემას.
კითხვა: ერთი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი შიდსიან ადამიანთან, თავს არ ვიცავდი. 10 თვეა, რაც ერთად აღარ ვართ. გავიკეთე ანალიზები 3 თვეში, 6 და 10 თვეში. პასუხი უარყოფითია. ასეთი რამ შესაძლებელია?
პასუხი: ამის მიზეზი ბევრია: თქვენი სქესობრივი პარტნიორის დაავადების სტადია, ვირუსების რაოდენობა (ტიტრი) სისხლსა და სპერმაში, იმუნური უჯრედების რაოდენობა, სხვა დაავადებები. თქვენ გაგიმართლათ – ამჯერად გადარჩით! გაუფრთხილდით თავს!
კითხვა: ვარ 21 წლის. ერთი კვირაა, უჰაერობას ვგრძნობ, სულ ვამთქნარებ, მინდა ღრმად ჩავისუნთქო. წნევა და მაჯა ნორმალური მაქვს, ვცხოვრობ ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე. ერთადერთი, ვსვამ ყავას დიდი რაოდენობით (2-3 400-მილილიტრიან ჭიქას დღეში). რა შეიძლება მჭირდეს?
პასუხი: უპირველესად, აუცილებელია ყავის შეზღუდვა (მაქსიმუმ 1 ფინჯანი, უკეთესია რძით). ანემიისა და ანთებითი პათოლოგიური პროცესის გამოსარიცხად, ჩააბარეთ სისხლი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე გადაიღეთ ეკგ (ელექტროკარდიოგრამა) და ამ დასკვნებით მიმართეთ თერაპევტს.
კითხვა: ვარ 24 წლის. ბავშვობაში ჩუტყვავილა მოხდილი არ მაქვს. ორი დღის წინ მქონდა კონტაქტი ადამიანთან, რომელსაც ჩუტყვავილა აღმოაჩნდა. რა შეიძლება გავაკეთო და რა წამლები უნდა დავლიო, რომ მეც არ შემეყაროს?
პასუხი: რადგან ჩუტყვავილა ბავშვობაში მოხდილი არ გაქვთ, სავარაუდოდ, ამჯერად დაავადება არ აგცდებათ. რაც თავს იჩენს კონტაქტიდან 18-21 დღის შემდეგ. რაიმე სპეციალური პრეპარატების მიღება არ ღირს. შეგიძლიათ, პოლივიტამინების კურსის ჩატარება და ჩუტყვავილას უფრო ადვილად გადაიტანთ.
კითხვა: მშობიარობიდან რამდენი ხნის შემდეგ შეიძლება სპირალის ჩადგმა?
პასუხი: სპირალის ჩადგმა შესაძლებელია მშობიარობიდან 1-2 თვის შემდეგ ოღონდ, აუცილებელი გამოკვლევების ჩატარების შემთხვევაში.
კითხვა: მშობიარობიდან რამდენ ხანში შეიძლება მეუღლესთან ურთიერთობა?
პასუხი: სანამ ლოგინობის ხანა არ გაივლის (გრძელდება ერთიდან ერთ-ნახევარ თვემდე) სქესობრივი კავშირი რეკომენდებული არ არის.
კითხვა: თაფლი თუ აზიანებს კბილებს?
პასუხი: კბილების ჰიგიენის სათანადოდ დაცვის პირობებში, რასაკვირველია, არა.
კითხვა: ვარ 16 წლის გოგონა. ყოველთვის კარგად ვსწავლობდი, წელს კი არაფრის თავი და ხალისი არ მაქვს, სულ მოთენთილი ვარ. გარდა ამისა, 4 თვეა, მენსტრუაციაც არ მქონია (პირველად 15 წლის ასაკში მომივიდა).
პასუხი: საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების შეფასება, საჭიროების შემთხვევაში კი – თერაპევტის მიერ ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რიგი გამოკვლევების საფუძველზე. პარალელურად, რაღა თქმა უნდა, საჭიროა ძილის, კვების, დასვენების რეჟიმის მოწესრიგება.