კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამიანების რა მიძინებული თვისება გააღვიძა ლეო ანთაძემ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“

„ჩემი ცოლის დაქალები” მაყურებლის საყვარელი სერიალია და მისი პერსონაჟები კვირაში ორჯერ თითქმის ყველა ოჯახს ესტუმრებიან ხოლმე. ჩვენი რესპონდენტი სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟია, რომელმაც, მიუხედავად ცოტა უჟმური ხასიათისა, თავი უამრავ მაყურებელს შეაყვარა. მას კი ცნობილი მსახიობი ლეო ანთაძე ასახიერებს. როგორია ის რეალურ ცხოვრებაში და რა აქვს საერთო თავის გმირთად, ამას უკვე მისივე ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

– მართალია მსახიობობის დიდი სტაჟი გაქვთ და უამრავი როლი გაქვთ ნათამაშები, მაგრამ ბოლო დროს სერიალმა „ჩემი ცოლის დაქალები” ყველა რეკორდი მოხსნა და უამრავი ადამიანი მიემატა თქვენს თაყვანისმცემლებს. თავად როგორი განწყობა გაქვთ?

– ძალიან სასიამოვნო განწყობა მაქვს. სცენარის ავტორი ძალიან ნიჭიერი გოგონაა, რომელიც ყველა გმირს საინტერესოს ხდის.

– თქვენს გმირზე რას გვეტყვით?

– ჩემს გმირში ყველა თვისებაა თავმოყრილი, ზოგი უფრო მკვეთრად არის ჩამარხული, ზოგი კი ნაკლებად. სერიალში უჟმურ ქმარს განვასახიერებ. ამ დროს ცხოვრებაში ასეთი ნამდვილად არ ვარ. ჩემი გმირის ანტიპოდი ვარ. უჟმური ხასიათი ყველა ადამიანშია მიძინებული, მე კი ეს თვისება „ამოვქაჩე“, გავაღვივე და ასეთი სახე შევქმენი. როგორ გამომდის, ამას უკვე მაყურებელი უკეთ იტყვის. თვითონ გადაღების პროცესი ძალიან მსიამოვნებს. 

– მიუხედავად ყველაფრისა რა მსგავსებას ხედავთ თქვენსა და თქვენს გმირს შორის? გაქვთ რაიმე საერთო თვისება?

– თითქმის არაფერი. ცხოვრებაში სულ სხვა პიროვნება ვარ, საუბარიც მიყვარს და აზრების გაზიარებაც. ჯემალი სულ ჩუმად ზის და ხმას არ იღებს, მე კი ადამიანებთან საუბარი და კონტაქტი მიყვარს, რაც ძალიან მახარებს. სიარულიც მიყვარს, ძალიან ბევრს დავხეტიალობ. ორი სპექტაკლი გავაკეთე, ერთია „ბახტრიონი“, რომელიც დღესაც არის რეპერტუარში მარჯანიშვილის თეატრში. მეორე კი „ქვიშხეთური ესკიზები.” ბებიაჩემი, მწერალი ნინო ნაკაშიძე იყო და ქვიშხეთში მწერალთა დასასვენებელ სახლში ვისვენებდი მთელი ბავშვობა. იქ დიდ მწერლებთან მქონდა კონტაქტი – გამსახურდია იყო, ლეო ქიაჩელი და ასე შემდეგ. მათ კურიოზულ ამბებს ვიხსენებ და ესკიზურად ვაყალიბებ ამ პერსონაჟებს. მერე მათი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს ვასახიერებ. რამდენიმე პროექტი მაქვს ასეთი. რუსთაველის სარდაფში მიდიოდა სპექტაკლი, რამდენიმე ხნის მერე სამეფო უბნის თეატრში გადავიტანე. მერე კი გადავწყვიტე, „ბახტრიონითა” და „ქვიშხეთური ესკიზებით” ქველმოქმედება ჩამედინა და სოფლებში დავდიოდი. „ბახტრიონის” ერთ-ერთი სპექტაკლი გორის თეატრში ჩავატარე, რომელსაც ძალიან ბევრი მაყურებელი ესწრებოდა, მათ შორის, ვაჟა-ფშაველას შვილიშვილის შვილიც – ლევანი, თავისი ოჯახით. არც ამჯერად ვაპირებ გაჩერებას, სულ მოძრაობაში ვარ. ამით ვცოცხლობ და ამიტომაც გამოვიყურები ასე მხნედ. ახლახან კიდევ დავწერე ერთი პიესა – „ავარია, ანუ გურიაში რა გინდოდა.” დიურენ მარკს აქვს პიესა „ავარია,” რომლის მიხედვითაც მოქმედება შვეიცარიაში ხდება. მე გადმოვაქართულე და გურიაში გადმოვიტანე. პრობლემა დარჩა ის, თორემ პიესა აბსოლუტურად სხვა დაიწერა. კომედიური ჟანრის გამოვიდა, თავისი გურული ოხუნჯობებითა და სიმღერებით. ახლა მინდა, გორისა და ფოთის თეატრებში გავაკეთო სპექტაკლები. მეხსიერება მაქვს რაღაც უნიკალური. ალბათ, ეს იმის დამსახურებაა ტვინი მუდმივად რომ ვარჯიშობს. ამიტომ, ღვთის წყალობით, ჩემგან სკლეროზი ჯერჯერობით შორსაა. 

– სერიალმა უამრავი მაყურებელი შეგმატათ. დარწმუნებული ვარ, ქუჩაში ყველა გცნობთ.

– ისე არავინ ჩამივლის, რომ არ გამიღიმოს და არ შემაჩეროს. ზოგი უხერხულ სიტუაციაშიც კი მაგდებს. რაღაცის ყიდვა რომ მინდა, ფულს არ მართმევენ. ძალიან დიდი პატივისცემით მეპყრობა მაყურებელი, რაც ძალიან მსიამოვნებს. სათვალავი მაქვს არეული იმდენი კარგი როლი მაქვს ნათამაშები, მაგრამ არაფერს ისეთი პოპულარობა არ მოუტანია როგორც ამ სერიალს. საოცარი პოპულარობა მომიტანა, ყველა მცნობს. ქალაქგარეთაც კი მცნობენ, მარტო აქ კი არა. 

– თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?

– 4 შვილი მყავს – ორი ქალიშვილი და ორი ვაჟი. მყავს 6 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი. ყველას თავისი სახლი აქვს, მარტო ნაბოლარა ბიჭი დამრჩა სახლში, რომელიც კაი ხნისაა, მაგრამ ჯერჯერობით ცოლი მაინც არ მოჰყავს. ვეუბნები, შენ ცოლს რომ მოიყვან, პირდაპირ შვილიშვილს გააკეთებ-მეთქი. 

– როგორი მამამთილი და სიმამრი ხართ?

– მე მგონი, არ მიჩივიან, ცუდობას ნამდვილად ვერ დამწამებენ.

– ამ ეტაპზე რა არის თქვენი ოცნება?

– ძალიან მინდა, ჩემი ნაბოლარა ვაჟი დაქორწინდეს, ოჯახი შექმნას, რძალი შემომივიდეს ოჯახში და იქვე ირბინონ შვილიშვილებმა. დანარჩენები სხვაგან რომ ცხოვრობენ, ხშირად ვერ ვნახულობ მათ მოუცლელობის გამო. როგორც კი დრო გამომიჩნდება, მაშინვე მათთან გავრბივარ, საოცრად მიყვარს პატარები. 

– შვილებიდან მსახიობი არც ერთი არ არის?

– არა, არც შვილებმა და არც შვილიშვილებმა არ აირჩიეს ჩემი პროფესია. მე, მაგალითად, ბავშვობიდანვე მიტაცებდა ეს სფერო. საბავშვო ბაღში ექიმი აიბოლიტი ვითამაშე, რომელსაც ნატო ვაჩნაძე ესწრებოდა. ელდარი ჩემი ბავშვობის მეგობარია. მახსოვს, წარმოდგენის დროს რაღაც ვთქვი, რომელზეც მშობლები სიცილით დაიხოცნენ. ნატო ვაჩნაძემ მუხლებზე დამისვა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა, შენ აუცილებლად მსახიობი გამოხვალო. მისი წინასწარმეტყველება მართლაც ახდა. დედაჩემი მსახიობი იყო, მამა – რეჟისორი და ამ ატმოსფეროში გავიზარდე. მოსწავლეთა სასახლეში, დრამწრეზე დავდიოდი, მერე თეატრალურ ინსტიტუტშიც ჩავაბარე, სადაც ძალიან კარგი პედაგოგები მყავდნენ. ამით დღემდე ვამაყობ. ესენი იყვნენ: დიმიტრი ალექსიძე, მიშა თუმანიშვილი და სერგო ზაქარიაძე. კარგ პედაგოგს მსახიობის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მარტო ნიჭი არ კმარა, თუ მსახიობის ოსტატობის თეორია არ იცი კარგად. ჩემი პედაგოგები კი ამის ოსტატები იყვნენ. 

– როგორც ვიცი, ადრე ძალიან აზარტული იყავით და ხშირად თამაშობდით სხვადასხვა თამაშს. ახლა?

– თქვენ საიდან იცით?

– ვიცი. 

– აზარტული ვარ, კი. გუშინ, მაგალითად, გრძელი ნარდი ვითამაშე მეზობელთან, წავაგე და ძალიან დაბოღმილი წამოვედი სახლში.

– დღეს უკვე სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი სხვადასხვა აზარტული თამაში ინტერნეტის საშუალებით ითამაშო, მაგალითად, პოკერი.

– ეგ, სხვათა შორის, არ მიცდია, რადგან კომპიუტერში მაინცდამაინც კარგად ვერ ვერკვევი. მხოლოდ ფილმებს თუ ვუყურებ, თამაშით – არა. მე ცოცხალ ადამიანთან მიყვარს თამაში. სამწუხაროდ, ჭადრაკი ცუდად ვიცი, რასაც ძალიან ვნანობ.  

– თქვენს გულშემატკივარს რას ეტყვით ინტერვიუს დასასრულს?

– საოცრად მიყვარს ქართველი მაყურებელი, მათთვის ვშრომობ და ვწვალობ. 

 

скачать dle 11.3