როგორ ცხოვრობდა სოხუმიდან დევნილი გურამ ოდიშარია თბილისში ბერიას აჩრდილთან და ვირთხებთან ერთად
„ვერაფრით გავაგებინე მოსწავლეებს, ვინ იყო დავით აღმაშენებელი. ბოლოს ვუთხარი, მაჩო იყო, ორი ხმლით ნინძასავით იბრძოდა-მეთქი. ვაა, რა მაგარი კლიენტი ყოფილაო... სხვისი კულტურით ცხოვრება კი არა, მშობლიურ კულტურას ვერ ვითვისებთ – გვავიწყდება, დრო არ გვაქვს. ჩვენს ცხოვრებაში შემოაბიჯა უდროობის კულტურის ეპოქამ...“
ყველა ჩვენი რესპონდენტი, ვის დღიურებსაც აქამდე გასცნობიხართ და გაეცნობით, თავისი ცხოვრების კარს გიღებთ და გმასპინძლობთ, აქ ყველა გულწრფელია და ცდილობს, იმ დოზით გაგაცნოთ თავი, რა დოზითაც უნდა იცნობდეთ, იყოს იმდენად საინტერესო, რამდენადაც საჭიროა საზოგადოებისათვის. დღიურები, ძველი საოჯახო ალბომი – ეს ხომ ძველ დროში მოგზაურობაა. მაშ ასე, მწერალი გურამ ოდიშარია.
„მამა სამხედრო იყო, დედა – პედაგოგი, თუმცა, დედამ ცოტა ხანს იმუშავა პედაგოგად, სანამ მე გავჩნდებოდი. მამაჩემი ადგილიდან ადგილზე გადაჰყავდათ და მახსენდება ყველა ის ავტომანქანა, გემი თუ თვითმფრინავი, რითაც ვმოგზაურობდით. ბაღდათი-წალენჯიხა-სოხუმი იყო ჩვენი ძირითადი წასასვლელ-წამოსასვლელი; ხან ბათუმში ჩავდიოდით, ხან – თბილისში. ასე რომ, ბევრს ვმოგზაურობდი და, ამიტომ, ჩემთვის ნებისმიერი სახის ტრანსპორტით სიარული დიდი სიამოვნებაა. ყველაზე მეტად ზღვასთან მიახლოება მიხაროდა. სიარულთან ერთად ვისწავლე ცურვა. მახსენდება მეგობრები, რომლებიც სოხუმში მყავდა – ბერძენი, სომეხი, რუსი, ესტონელი, ებრაელი... პირველ კლასში შემიყვანეს წალენჯიხაში. მეგრული არ ვიცოდი და მაშინ დავიწყე მეგრულის სწავლა, თუმცა, კარგი მეგრული არ ვიცი. მესამე კლასიდან სოხუმის პირველ სკოლაში გადავედი. თავდაპირველად დავიწყე ლექსების წერა, პარალელურად ვხატავდი და, ეგონათ, ხატვის გზით წავიდოდი. მერე უკვე ჩემი ლექსები გახდა ახალი, ავანგარდული. აი, უღელტეხილს რომ გადმოვცდი, მერე დავიწყე პროზის წერა, დრამატურგიაშიც ვცადე ბედი და ორი-სამი პიესა დავწერე. ყველაზე მძიმე კვალი ჩემს ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ომმა დატოვა. გადაბუგული ქალაქი, დამწვარი ულამაზესი პალმები, სახლები, ზღვაში მოტივტივე და ქუჩებში დაყრილი ცხედრები რომ დავინახე, ყველაზე საშინელი განცდა იყო... ეს ისტორიები იმისთვის კი არ ჩავიწერე, ვინმეს თანაგრძნობის ცრემლი მოვგვარო, არამედ, იმიტომ, რომ ამ სტრიქონების მკითხველს, ისევე, როგორც საკუთარ თავსაც, ერთხელ კიდევ შევახსენო ზოგი რამ. ამას გარდა, ცრემლისა და სენტიმენტალობის, ენის მოჩლექის დრო არ არის, გამოსავლის, ხსნის გზების ძიების დროა”.
სოხუმში დაბრუნება
„უღელტეხილზე გადმოსვლის მერე, ორი-სამი დღით ზუგდიდში ვრჩები, შემდეგ – სენაკში. სულს ვითქვამ. 9 ოქტომბერს თბილისში ვარ. 1993 წელია. ცოლ-შვილი მარტოხელა ნათესავ ქალთან ცხოვრობს. დროებით მეც იქ ვიდებ ბინას, ორიოდე დღით. პირველივე დღეს, როცა მარტო ვრჩებით, ნათესავი ქალი თითქმის ჩურჩულით მეუბნება: „იცი, სხვა ბინა უნდა მოძებნო... პატივს გცემ, მაგრამ“... მასთან დარჩენა არც მიფიქრია. რა თქმა უნდა, მოვძებნი-მეთქი საცხოვრებელს, – ვამშვიდებ. მესმის მისი, ის ასე განსჯის: ვაითუ, სოხუმში დაბრუნება საერთოდ არ იქნა, მაშინ ხომ... გარდა ამისა, უკვე ყველას უჭირს, სხვა დრომ შემოაღო კარი. ყველას გვესმის ეს, განსაკუთრებით კი დევნილებს გაგვეგება... იმ საუბრის შემდეგ პირველად ვწვდები ჩემს მდგომარეობას – მე უკვე ლტოლვილი ვარ, ლ-ტ-ო-ლ-ვ-ი-ლ-ი... შაბათ-კვირას ვისვენებ, ორშაბათს მწერალთა კავშირში მივდივარ თავშესაფრის მაძიებელი. მივდივარ და ეჭვიც არ მეპარება, რომ სასტუმროს ერთი ოთახის შოვნა არ გამიჭირდება. გურამ ფანჯიკიძე, რეზო ჭეიშვილი, დათო მჭედლური... მიწერენ რამდენიმე წერილს და მეც ფურცლების მიამიტი შრიალით დავდივარ სასტუმროებსა და საერთო საცხოვრებლებში. დააგვიანეთ – მეუბნებიან „ივერიაში”, „კავკასიონში”, „აჭარაში”. „აჭარის” დირექტორის მოადგილე, სიმპათიური მელოტი კაცი, ისეთი თანაგრძნობით მეუბნება უარს, რომ ათას მადლობას ვუხდი. უარის თქმასაც თავისი შნო აქვს. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ჩოგოვაძე, ნუცუბიძის პლატოზე, თავიანთ საცხოვრებელში მგზავნის. შენობა გაძარცულია, სანახევროდ დანგრეული. იქ მეუბნებიან, თუ ააშენებთ და რემონტს გააკეთებთ, იცხოვრეთო. არა, არ უნდა დამეტოვებინე, სოხუმო, ეს რა დღეში ჩავვარდი, ხედავ?! არ ვუნდივართ არც უმაღლესი სასწავლებლებისა და არც საწარმოების საცხოვრებლებს, არ ვჭირდებით „ივერიას”, „აჭარას”, „აფხაზეთს”, არც „საქართველოს” ვუნდივარ! მხოლოდ შენ გენატრები ახლა, ჩემო ქალაქო, მხოლოდ შენ მეძახი და მიხმობ... ბევრი რა გავაგრძელო, ჩემო კეთილო, ჩემ გარეშეც გადაჭედილია თბილისი, აჭრელდა რუსთაველი... არა, უნდა გავიქცე აქედან, თორემ, იქნებ, მე დამბრალდეს მალე ყევლაფერი – პურის გაუსაძლისი რიგებიცა და მეტროს ვაგონების გადატვირთვაც... მწერალთა სანახევროდ დანგრეული სახლი მაჩაბლის ქუჩაზეა. ამ რამდენიმე წლის წინათ აქ „მრგვალი მაგიდის” შტაბ-ბინა ყოფილა, ადრე კომკავშირის „ცეკა“ იყო, სულ თავდაპირველად კი – ლავრენტი ბერიას სახლი. მან ააგებინა ეს შენობა თავისი ოჯახისთვის. დამეთანხმებით, რაღაცნაირად, იდუმალად, ცოტა არ იყოს, შიშის მომგვრელადაც ჟღერს: „ბერიას სახლი!“ მაშ ასე, თბილისში ჩემი მასპინძელი ლავრენტი ბერიას აჩრდილი გახდა! მწარედ დამცინის ბედისწერა: ლავრენტი ბერიას მშობლიურ გულრიფშის რაიონში, მაჭარაში, მამაჩემის სახლი დგას, შემდეგ სოხუმი იწყება, მერხეული კი, სადაც ბერია დაიბადა, მთებსაა შეფენილი. სწორედ მაჭარა-მერხეულიდან იღებს სათავეს დევნილთა უღელტეხილისკენ მიმავალი გზა. წინა წლებში ზოგ-ზოგები ქართველებს „ბერიას ნაშიერებად” მოგვიხსენიებდნენ, ზოგი მათგანიც ამატებდა – ნახეთ თუ არ გაგყაროთ აქედანო. გამართლდა კიდეც... და, კვლავ ბერიას სახლი! ამჯერად – თბილისში!.. მეორე და მესამე სართულებზე თბილისის ომის შემდეგ უბინაოდ დარჩენილი, სახლებდამწვარი თბილისელები ცხოვრობენ... ისინიც და მეც ერთმა ომმა ჩაგვაგდო ასეთ დღეში, იმ ომმა, რომელიც თბილისში, რუსთაველზე დაიწყო და აფხაზეთში დამთავრდა; ასე რომ, ახლა ბერიას სახლში შევიყარენით ყველანი. გუგული მიმინოშვილს გასაშლელი საწოლები და საბნები მოაქვს ჩემთვის, თემურს – ზეწრები, ბალიშები, დანა-ჩანგალი, ელექტროღუმელი. ვაწყობთ ოთახს. ორიოდე წიგნსაც ვშოულობ. „ესეც შენი ტელეფონი,“ – თითით ტელეფონის აპარატზე მიმითითებს თემური და ნომერს მკარნახობს: 93-38-93. ისევ ბედისწერის ცინიკური სიცილი ჩამესმის ორ 93-ს ასე ვხსნი: ეს 1993 წელია, რომლის პირველი ნახევარი სოხუმში ვიცხოვრე, მეორეს კი – თბილისში, ბერიას სახლში ვატარებ. 93-ები 37-მა შუაში გახლიჩა. ბერიას ცოდვებით დამძიმებული სახლი და 37-იც ხომ ერთმანეთისგან განუყოფელია! ასი წელიც რომ გავიდეს ამ ნომერს რა დამავიწყებს... ჩემი შეცდომების თუ სხვათა და სხვათა დანაშაულებათა გამო ვისჯები ასე. პირველსავე ღამეს აშკარა ხდება, რომ ცოლ-შვილი ბერიას სახლში ვერ იცხოვრებს – ქვემო სართულზე ღამღამობით ვირთხები დაძრწიან. მათი ძირითადი ბაზა, ეტყობა, „სამზარეულოდ“ წოდებული უზარმაზარი ოთახია... მოკლედ, ბერიას სახლში უნდა ვიცხოვრო, ვეომო სიცივეს, ვირთხებს... ვაღებ ფანჯარას. ერთმანეთზე დაწყობილი, უხეიროდ დალაგებული ჯამ-ჭურჭელი ხმაურით მოექანება დაბლა და ლითონისფილებიან იატაკზე წკრიალ-ზრიალით იმსხვრევა. ნამსხვრევებს – „მადე ინ ჩინა“ – აწერია. სულ ჩინური ფაიფური არ ყოფილა?! ნამსხვრევებს ყუთში ვყრი და თან ოთარ მეღვინეთუხუცესის დათა თუთაშხიასავით მივმართავ თემურ გრძელიძის ასტრალურ სახებას: „თუ გადავურჩი ყოველივე ამას, მე ვიცი შენი პატივისცემა, თემურ ბატონო, თუ არა და, მოგჭამა ჭირი მაგ ჭურჭელმა...” ჩემი ცხოვრების უმძიმესი დღეები ზოზინით გადის... მირეკავენ – მწერლებს ჩვენთვის, დევნილი მწერლებისთვის, თავიანთი ოჯახებიდან ტანისამოსი მოუტანიათ. ბიბლიოთეკაში გრძელ მაგიდებზე გაფენილია პალტოები, კაბები, ჯემპრები, ბავშვების ტანსაცმელი... ზაალ ბოტკოველს ტანსაცმლის გროვიდან კაცის „საპოჟკები” ამოაქვს: ნახე, გურამ, მგონი, შენი ზომაა! მართლაც, ჩემი ზომაა. აგაშენებს ღმერთი, ზალიკო! აფთარივით ზამთარი უკვე კარსაა მომდგარი, მე კი ჩემი სიფრიფანა ფეხსაცმელებითა და გახვრეტილი ჯიბით ნამდვილად ვერ გავუმკლავდები. მეგობრების ტანსაცმელებო და ფეხსაცმელებო, არსად, არც ერთ ქვეყანაში არავის აცვია თქვენზე ლამაზი სამოსი... არა, მე უკვე ასე გადავწყვიტე ამ ვირთხას არ უნდა მოვაკლო პური, ჰუმანიტარული ლუკმაც უნდა გავუყო, თუ ესიამოვნება და ინებებს, კონსერვსაც ვუწილადებ, ოღონდ არ გადაიკარგოს ის ყურუმსაღი, არ გაიქცეს სხვაგან და არ დამტოვოს მარტო!..“
ალენ დელონი დეპრესიისგან
ვაჟა-ფშაველამ გამოიყვანა
„ალენ დელონი ერთ-ერთ ტელეარხს ინტერვიუს აძლევს, თუ როგორ ეწვია დეპრესია ერთ-ერთ ცოლთან განქორწინების შემდეგ, მაგრამ, „უწამლეს” ქართველი პოეტის – ვაჟა-ფშაველას პოემებმა. მეორე დღეს ერთი მეგობარი მირეკავს – ვაჟას წიგნს ხომ ვერ მათხოვებო. ვეხუმრები: იქნებ ხვალ შვარცენეგერმა რუსთაველი წაიკითხოს, მაშინ, „ვეფხისტყაოსანსაც” მომთხოვ, ბარემ, ორივეს ერთად გათხოვებ-მეთქი.”
იდუმალებით მოცული ადამიანები
„სოხუმი საოცარი ქალაქი იყო. სხვებთან ერთად, აქ ისეთი ადამიანები ცხოვრობდნენ, რომელთა წარსული იდუმალებით იყო მოცული: რუსეთის რევოლუციებს მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოქცეული დიდგვაროვნები, მაღალი რანგის ოფიცრები, კავკასიას თავშეფარებული სხვადასხვა რელიგიური რწმენის ხალხი და ასე შემდეგ. რომანოვებთან დაკავშირებულ საიდუმლოზე (რომელიც, თავის მხრივ, სოხუმს უკავშირდება) ვწერდი ჩემს წიგნში „სოხუმში დაბრუნება”, მაგრამ, რატომღაც, გამომრჩა ლენონისა და იოკო ონოს ამბავი: ჯონ ლენონის მეუღლის – იოკო ონოს ბიცოლა, ანა ბუბნოვა (დმიტრიევნა), სოხუმში თავის დასთან, შესანიშნავ მხატვართან, ვარვარა ბუბნოვასთან ერთად ცხოვრობდა. დები აფხაზეთის ომის დაწყებამდე გარდაიცვალნენ. ბუბნოვები პეტერბურგში დაიბადნენ და თავადაზნაურთა წრიდან იყვნენ. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იძულებით დატოვეს რუსეთი და მოხვდნენ იაპონიაში. იქ ანა ბუბნოვა ცოლად გაჰყვა იოკო ონოს მამის ძმას, საკმაოდ მაღალი წრისა და შეძლების კაცს. ანას იოკოს ბიძისგან შეეძინა ვაჟი, რომელიც 14 წლის ასაკში ავადმყოფობით გარდაიცვალა. ანამ შვილთან ერთად ბევრი რამ დაასაფლავა და ქმარსაც გაეყარა. 60-იანი წლების დასაწყისში ანა და ვარვარა ჩამოვიდნენ და სოხუმში დასახლდნენ... ანა ძალიან კარგი მუსიკოსი იყო და სოხუმელ ბავშვებს ვიოლინოზე დაკვრას ასწავლიდა. მასთან მეცადინეობდა ჩემი ბავშვობის მეგობარი – ლადო კუკულაძე. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ანა ბუბნოვა ლამაზი ქალი იყო. იოკო ონომ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ძალიან თბილად მოიხსენია ანა ბუბნოვა – ის ვიოლინოზე დაკვრას მასწავლიდა და, რა არის მუსიკა, მისგან გავიგეო. ჩემს ახალგაზრდობაში იოკოს სოხუმში როგორ ჩამოუშვებდა საბჭოთა ხელისუფლება, ის ხომ ლენონის ცოლი იყო! ხოლო, კომუნისტები საბჭოთა ახალგაზრდობას ისე იცავდნენ „ბითლზისგან”, როგორც ეპიდემიისგან. ისე, „ბითლზზე” კი გვისაუბრია ბუბნოვებთან, თუმცა, ხასგასმით არასდროს უთქვამთ, რომ იოკო ონო მათი ნათესავი იყო. რამდენიმე ადამიანმა კი ვიცოდით ეს ამბავი, მაგრამ, ამდენად ახლობელი თუ იყო, არ გვეგონა.”