კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდიდან არის მოსალოდნელი შემწეობების გაორმაგება და პენსიის 150 ლარამდე ზრდა დამატებით 15-ლარიანი სადაზღვევო პაკეტის შენარჩუნებით

მართალია, ჯერჯერობით ბიუჯეტის პროექტს საბოლოო სახე არ მიუღია, თუმცა, რამდენიმე სოციალური მიმართულება ამთავითვეა ცნობილი. მათ შორისაა პენსიის 150 ლარამდე, ანუ, საარსებო მინიმუმამდე ზრდა, ბუნებრივია, 15-ლარიანი სადაზღვევო პაკეტის შენარჩუნებით; შემწეობების გაორმაგება და დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება იმ დასაქმებულებისთვის, რომელთა წლიური სახელფასო შემოსავალი 6 000 ლარს არ აღემატება. რამდენად რეალურია ეს ინიციატივები და რა გავლენას მოახდენს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ, ისე მოქალაქეების ცხოვრებაზე? თემას ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა განგვიმარტავს. 

– საპარლამენტო უმცირესობა ჩივის, რომ ბიუჯეტის პროექტი ბუნდოვანია და არ შეესაბამება იმ დაპირებებს, რომლებსაც „ოცნება“ ამომრჩევლებს სთავაზობდა. თქვენ როგორი შთაბეჭდილება გექმნებათ?

– უწინარეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ, ვის-ვის და, ამჟამინდელ უმცირესობას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, სხვა გააკრიტიკოს. მესმის, რომ ეს პოლიტიკური პროცესია და პარლამენტში იმიტომაც არის ოპოზიცია, რომ ხელისუფლება აკრიტიკოს, მაგრამ, ეს ის ოპოზიცია არ არის, ვისაც ასეთი კრიტიკის  მორალური უფლება აქვს და ვისი კრიტიკაც საზოგადოების მხრიდან უნდა იყოს მხარდაჭერილი, რადგან, საზოგადოებას ახსოვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია. დღეს უმცირესობა თამაშობს ოპოზიციონერობანას არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცდილობს, დამკვიდრდეს ქართულ პოლიტიკაში როგორც ოპოზიციური ძალა, არამედ, ამით ცდილობს, ხაზი გაუსვას, რომ დღეს საქართველოში ორხელისუფლებიანობაა, რაზეც თვითონ სააკაშვილმაც ისაუბრა. ეს მოდელი ბევრი რამის გამო აძლევს ხელს სააკაშვილს. ჯერ ერთი, ორხელისუფლებიანობა მის მხარდამჭერებს უქმნის იმის განცდას, რომ სააკაშვილის მთავობას შეუძლია რევანშის განხორციელება და რევანშში არ ვგულისხმობ იმას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში უნდოდეს „ნაციონალურ მოძრაობას“ გამარჯვება –  ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი იქნებოდა. მე ვგულისხმობ იმას, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან ექვსი თვის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილს ექნება საშუალება, დაითხოვოს პარლამენტი, სწორედ იმ გარანტიით დაითხოვოს, რომ „ოცნებას“ ბევრი უკმაყოფილო ჰყავდეს იმ დროისთვის. გათვლა ამაზეა და, ნუ დაგვავიწყდება, რომ გარდამავალი პერიოდი არ დასრულებულა. ამიტომაც, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, შექმნას ილუზია, რომ ის კონსტრუქციული ოპოზიციაა.

რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტს, რომელიც პარლამენტში შევიდა: მის მიმართ მკაცრი კრიტერიუმებით ვერ ვილაპარაკებთ იმ მარტივი მიზეზით, რომ ბიუჯეტის პროექტი ერთ კვირაში მომზადდა. ამდენად, ბუნებრივია, ის იდეალური ვერ იქნება, მაგრამ, გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება: შემცირდა პრეზიდენტის ფონდი, მკვეთრად შემოიჭირა ქამარი ფინანსთა სამინისტრომ, რომელიც თავის ხარჯებს 20 პროცენტით ამცირებს. ამასთანავე, უმცირდება ხარჯები მთელ რიგ სამინისტროებსა და უწყებებს და პრიორიტეტად გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება: ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა. ეს ჯდება იმ პრიორიტეტებში, რაც „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო დაპირებებში ჰქონდა გაცხადებული.

– პენსიების ზრდა როდიდანაა რეალური? 

– პენსიებთან მიმართებაში, პრინციპული განსხვავებაა მიდგომაში, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ და ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“. „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს ლაპარაკობდა პენსიის, როგორც ასეთის, ზრდაზე, ის ლაპარაკობდა საპენსიო პაკეტის ზრდაზე, ეს კი ორი განსხვავებული რამაა. პენსია არის კონკრეტული თანხა, რომელსაც იღებს პენსიონერი, საპენსიო პაკეტი კი მოიცავს როგორც პენსიის თანხას, ისე დაზღვევას, ვაუჩერებს და ასე შემდეგ. ამიტომ, დაპირება საპენსიო პაკეტით, არის მოსახლეობის მოტყუება, ხოლო, როდესაც მოსახლეობას ელაპარაკები პენსიით, ამის გაკონტროლება შესაძლებელია. რაც მთავარია, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ლაპარაკობდა, რომ საპენსიო პაკეტი უნდა ყოფილიყო 100 დოლარი, რაც აბსოლუტურად გაუგებარი ფორმულირებაა. მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო რეალური კრიტერიუმები და თქვა, რომ პენსია არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები. მიდგომა აბსოლუტურად სწორია –  პენსია არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები, რადგან, საარსებო მინიმუმი იმიტომაც არის საარსებო მინიმუმი, რომ ამ მინიმუმის ქვემოთ არსებობა შეუძლებელი უნდა იყოს. მაგრამ, აქ გვხვდება რამდენიმე ტექნიკური სირთულე. პირველი: არის თუ არა ეს საარსებო მინიმუმი რეალობის ადეკვატური?!

– არ არის.

– დიახ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არ არის და წინასაარჩევნო პერიოდში ითქვა, რომ საქართველოში საარსებო მინიმუმი 220 ლარია, მაგრამ, საარსებო მინიმუმის გაანგარიშება ხდება მთავრობის მიერ დამტკიცებული მეთოდიკით. თავის დროზე სააკაშვილის მთავრობამ შეცვალა საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდიკა: შეამცირა სასურსათო კალათის კალორიულობა, რამაც გამოიწვია კალათაში იაფფასიანი პროდუქტების გაჩენა.

– არ მბეზრდება იმის გამეორება, რომ, ჩვენი საარსებო მინიმუმით, დღეში 10-10 გრამი ნიორი და ღორის ხორცი გვერგება.

– მეტიც, შეამცირა საკვები პროდუქტების ხვედრითი წილი და გაზარდა –  ტექნიკის, ამით კი ხელოვნურად დასწია დაბლა საარსებო მინიმუმის კალათა. ამიტომ, პირველი, რაც ესაჭიროება მთავრობას, უნდა გადაისინჯოს საარსებო მინიმუმის გათვლის მეთოდიკა. მაგრამ, ამას სჭირდება გარკვეული დრო. ამდენად, რით უნდა ეხელმძღვანელა ფინანსთა სამინიტროს, რომელსაც ერთი კვირა ჰქონდა ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად, თუ არა არსებული საარსებო მინიმუმით?! რადგან საარსებო მინიმუმის ოფიციალური პარამეტრი 150 ლარია, დაიგეგმა, რომ პენსია უნდა გაიზარდოს 150 ლარამდე. პროვოკაციაზე მიდის „ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ამბობს, თუ რატომ არ იზრდება პენსიები პირველი იანვრიდან. პირადად მე, პენსიის პირველი იანვრიდან ზრდის სასტიკი წინააღმდეგი ვიქნები.

– რატომ?

– ძალიან დიდი ფულის გაშვება პენსიების სახით გამოიწვევს ფასების ნახტომს. ეს ფული ძირითადად ორიენტირებულია ორ, სასურსათო და მედიკამენტების, ბაზარზე, ანუ, გაიზრდება მოთხოვნა და გაძვირდება საქონელი. ამიტომ 150 ლარზე გასვლა შეიძლება, მაგრამ, სულ ცოტა, ორ ნაბიჯად: ერთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას წლის დასაწყისში, მეორე –  წლის შუა პერიოდში, რომ თანდათანობით მივიდეთ 150 ლარამდე და არა ერთი ნახტომით, რათა არ გამოვიდეს, რომ ერთი ხელით პენსია გავზარდოთ, მეორე ხელით კი დავწიოთ ლარის მსყიდველობითუნარიანობა და გამოვიწვიოთ ინფლაცია. ამიტომ, ფინანსთა სამინისტროს სჭირდება გონივრული მიდგომა, რომ პენსია გაიზარდოს ეტაპობრივად. თან, გაითვალისწინეთ, ლაპარაკია, არა საპენსიო პაკეტზე, არამედ, პენსიის ზრდაზე: ამ 150 ლარში არ შედის ჯანდაცვის დაზღვევა, რომელიც ცალკე იქნება. ასე რომ, ეს ერთ-ერთი დაპირება რეალისტურია.

– შემწეობების გაორმაგება?

– ფინანსთა სამინისტრომ მოახერხა და ბიუჯეტში ცალკე გამოიტანა ეკონომიის ხარჯზე შექმნილი 740-მილიონიანი ფონდი, რაც დროებითი ჩანაწერია, რადგან, მომავალში ეს ასე აღარ იქნება, იმიტომ, რომ ეს თანხა უნდა განაწილდეს სხვადასხვა მიმართულებაზე და მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება იქნება შემწეობები. სხვა საკითხია, რომელი თვიდან გაიზრდება შემწეობები: ერთია იანვრიდან გაორმაგება და მეორე –  პირველი ივლისიდან. ამიტომ დატოვა ფინანსთა სამინისტრომ ეს 740 მილიონი ლარი გაუნაწილებელი, რომ საპარლამენტო დებატებისას გადაწყდეს, რისთვის იქნება უკეთესი ამ თანხის მიზნობრივი გამოყენება. საერთოდ, როდესაც პარტია იმარჯვებს არჩევნებში, მას დაპირებების შესასრულებლად 4 წელი ეძლევა.

– განვუმარტოთ მკითხველს, რას ნიშნავს დაუბეგრავი მინიმუმი, ვინ ისარგებლებს ამით და, ხომ არ იქმნება საშიშროება, რომ დამქირავებლებმა ყველა თანამშრომელს გაუფორმონ 500-ლარიანი ხელფასი, რომ მოახვედრონ დაუბეგრავ მინიმუმში და ამით სახელმწიფომ დაკარგოს საშემოსავლო გადასახადით მისაღები შემოსავალი?

– მექანიზმი ასეთია: როდესაც ადამიანს აქვს წლიური ხელფასი არა უმეტეს 6 000 ლარისა, მას შეუძლია, თავისი ხელფასიდან გამოაკლოს 1 800 ლარი და მხოლოდ დარჩენილი 4 200 ლარი დაბეგროს 20-პროცენტიანი გადასახადით. ეს ვრცელდება მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომელთა ხელფასი არ აღემატება წელიწადში 6 000 ლარს. საიდან გაჩნდა 1 800 ლარი? თუ საარსებო მინიმუმი 150 ლარია, წლიურად ეს 1 800 ლარი იქნება. ახლა დავთვალოთ: 500-ლარიან ხელფასს გამოვაკლოთ 150 ლარი და დარჩენილი თანხა დავბეგროთ 20 პროცენტით, რაც არის 70 ლარი. მთლიანად რომ იბეგრებოდეს 500 ლარი, მაშინ გადასახდელი იქნებოდა 100 ლარი გადასახადის სახით, დაუბეგრავი მინიმუმის შემოტანის შემდეგ კი გადასახდელი იქნება თვეში 70 ლარი, იმიტომ რომ, ხელფასის ნაწილი –  150 ლარი არ იბეგრება, როგორც საარსებო მინიმუმი. თუმცა, აქ არსებობს რეალური საფრთხე, რომელსაც მე დავარქმევდი „სახელფასო ხაფანგს“. რას ნიშნავს „სახელფასო ხაფანგი“: ადამიანს ურჩევნია, ჰქონდეს 500 ლარი, ვიდრე 501 ლარი, რადგან, 500-ლარიანი ხელფასის პირობებში, ხელზე დარჩება 430 ლარი, 501 ლარის პირობებში კი –  400 ლარზე ნაკლები. ანუ, დაქირავებული არ იქნება დაინტერესებული ხელფასის მატებით, რადგან, ხელზე ნაკლები ფული რჩება. თუმცა, „სახელფასო ხაფანგის“ საფრთხე იარსებებს 501 ლარიდან 538 ლარამდე ხელფასის ფარგლებში, მაგრამ, როგორც კი  ხელფასი გახდება 538 ლარი და მეტი, „სახელფასო ხაფანგი“ აღარ იქნება. ეს არ ქმნის განსაკუთრებულ საფრთხეს, იმიტომ რომ „სახელფასო ხაფანგის“ დიაპაზონი მცირეა - 37 ლარია. ამდენად, ამას მნიშვნელოვან მინუსად არ აღვიქვამ, მაგრამ არის გარკვეული სირთულეებიც: ამ სისტემით, ადამიანის ხელფასი წლის განმავლობაში იბეგრება 20 პროცენტით და მხოლოდ შემდეგ წელს დაუბრუნდება მას ზედმეტად გადახდილი თანხა, დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში.

– ზედმეტად გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადის მსგავსად?

– დიახ და აქ ჩნდება რამდენიმე მინუსი: ჯერ ერთი, რთულდება ადმინისტრირება. თანაც, მცირეშემოსავლიან ხალხს, როგორც წესი, არ აქვს დეკლარაციების შევსებისა და სათანადო ორგანოებში წარდგენის გამოცდილება. წარმოგიდგენიათ, რომ დამლაგებელმა დეკლარაციის შევსება დაიწყოს?! ამიტომ, შესაძლოა, ბევრმა ამ შეღავათით ვერ ისარგებლოს. არის ის პრობლემაც, რომ, როდესაც დაუბეგრავი მინიმუმი შემოგაქვს, ის უნდა განიხილო ოჯახთან მიმართებაში, რადგან, შესაძლოა, ერთი ოჯახი ერთწევრიანი იყოს და ის მუშაობდეს და მეორე ოჯახი  –  სამწევრიანი და მხოლოდ ერთი წევრი მუშაობდეს. პირადად მე „საგადასახადო კოდექსის“ გარდამავალ დებულებაში ასეთ ჩანაწერს გავაკეთებდი: 2013 წელს საქართველოში ხელფასი არ უნდა იყოს 200 ლარზე ნაკლები.

– მინიმალურ ხელფასს გაზრდიდით?

– განზრახ არ ვიხმარე „მინიმალური“, რადგან, როგორც კი აჩენ „მინიმალური ხელფასის” ცნებას, ეს ქმნის საფრთხეს, რომ მთავრობასა და პარლამენტში გაჩნდეს ცდუნება, მინიმალურ ხელფასს მიებას სხვა დონის ხელფასები. მაგალითად, რომ სხვადასხვა მოხელის ხელფასი იყოს ორმაგი, ხუთმაგი ან ათმაგი, ხოლო მინიმალური ხელფასის ოდენობის ზრდის შემთხვევაში, ეს ბადე გაიზრდება ავტომატურად. ამიტომაც გავაკეთებდი ჩანაწერს, რომ საქართველოში ყოველთვიური ხელფასი არ იყოს 200 ლარზე ნაკლები. ეს ჩანაწერი იმას ნიშნავს, რომ არავის არ ექნებოდა საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი, არც დეკლარაცია იქნებოდა შესავსები, არც „სახელფასო ხაფანგი” შეიქმნებოდა. ეს უფრო მარტივი გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ, დღევანდელმა მთავრობამ სხვა გზა არჩია.

– ბიზნესი მიჩვეული იყო მკაცრ ადმინისტრირებას და, როგორც ახლა ამბობენ, ტერორსაც კი. თუკი ლოიალური იქნება სახელმწიფოს პოლიტიკა, ეს ხომ არ გამოიწვევს მათი მხრიდან აგდებულ დამოკიდებულებას შესაბამისი საფინანსო ორგანოების მიმართ?

– ყველაზე დიდი შეცდომა იქნება, თუ მოხდება საგადასახადო ადმინისტრირებისა და ფინანსური დისციპლინის შემსუბუქება, რადგან, სახელმწიფო ფინანსური წესრიგის გარეშე არ არსებობს. ამიტომ, ვინც უნდა იყოს დღეს თუ ხვალ ფინანსთა მინისტრი, საგადასახადო თუ საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელები, ყველას მოეთხოვება, რომ საგადასახადო შემოსავლები იზრდებოდეს ეკონომიკის ზრდასთან ერთად, რომ სახელმწიფომ სრულფასოვნად დააფინანსოს ის პროგრამები, რომელთა შესრულების ვალდებულებაც აქვს აღებული. 

– როგორც ბიზნესმენები აცხადებენ, მათ უწევდათ დიდი თანხების გადახდა ხელისუფლებისთვის, ეგრეთ წოდებულად –  „ლევად“. თუკი ამ თანხების გაღება აღარ მოუწევთ, ეს მისცემს მათ საშუალებას, შექმნან მეტი სამუშაო ადგილი, გააიაფონ პროდუქცია და ასე შემდეგ?

– თუკი ხარჯები მიმცირდება, ეს არ ნიშნავს, რომ ფასები ავტომატურად შემცირდება. მაგრამ, თუ იარსებებს კანონი, რომელიც მონოპოლიას შეზღუდავს და ბაზარზე მეტი მიმწოდებელი გამოჩნდება, მაშინ ფასებიც შემცირდება. სხვა სიტყვებით, თუ ხელისუფლება აღარ „შეაწერს“ ბიზნესს ფულს, ეს, თავისთავად, პროდუქციის გამაიაფებელი არ არის, მაგრამ, თუ ამას დაემატება ისიც, რომ შემცირდება ეკონომიკის მონოპოლიზაცია და შეიქმნება კონკურენტული გარემო, მაშინ, ბუნებრივია, მეწარმეებს გაუჩნდებათ ის ლუფტი, რაც მათ ფასის შემცირების საშუალებას მისცემს. 

скачать dle 11.3