მშიერმუცლიანები
ნუ ენდობით მხოლოდ ღიპებს
მაშინ, როდესაც იქით – პრეზიდენტი იქებს თავს საერთაშორისო ტრიბუნებზე, საქართველომ არნახული გარღვევა მოახერხაო; აქეთ კი – ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკურ მარაქაში გავერიოთ, დამოუკიდებელმა კვლევითი სააგენტოების ასოციაცია Gallup International/WIN–მა ცივი წყალი გადაგვავლო: კერძოდ, 57 ქვეყანა გამოიკითხა იმის გასარკვევად, თუ სად განიცდიან ყველაზე მეტად საკვების ნაკლებობას. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, მეხუთე ადგილი გვერგო (თუმცა, ჩვენებურები ამ კვლევას დიდად არ ენდობიან და ამის დასტურად ქართველებისთვის დამახასიათებელი ღიპი მოაქვთ). მაგრამ, როგორც ჩანს, ზემოხსენებული კვლევის ავტორი ღიპებს არად დაგიდევთ და, რომ არ დაგიდევთ, ამას ჩვენთვის მონიჭებული მეხუთე ადგილი მოწმობს.
ჩვენთან როგორც არ უნდა იყოს, აღმოჩნდა, რომ დედამიწის ყოველ მერვე მცხოვრებს (ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები, 12 პროცენტია) გასული წლის განმავლობაში საკვების საჭირო რაოდენობა ვერ მიუღია.
მაგალითად, აფრიკაში შიმშილის ინდექსი 40 პროცენტს უტოლდება. ოდნავ უფრო მაძღრად გრძნობენ თავს ერაყში, ავღანეთსა და პალესტინაში. რაც ყველაზე საინტერესოა, კუჭის პრობლემებს დიდი შვიდიანის ქვეყნის მოქალაქეებიც შეუწუხებია: მოშიმშილე მოსახლეობის წილმა 12 პროცენტი შეადგინა, მაშინ, როდესაც ლათინური ამერიკისა და აზიის სხვა განვითარებად სახელმწიფოებში შიმშილის ინდექსი 9 პროცენტზე ნაკლები აღმოჩნდა.
ყველაზე სავსე კუჭით ტუნისელები იწონებენ თავს, მათ კი გერმანელები მოსდევენ; აი, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, მაძღრობის მაჩვენებლით, მეხუთეზეა, რუსეთი – 21-ეზე, ხოლო არანაკლებ მეზობელი სომხეთი – 34-ზე. ჩვენ, კუჭკრულებს, 51-ე, ანუ, ბოლოდან მეხუთე გვერგო (კვლევის მონაცემებით, ჩვენთან საკვების უკმარისობას მოსახლეობის 38 პროცენტი განიცდის; შედარებისთვის აქვე გეტყვით, რომ აზერბაიჯანში ასეთთა რაოდენობა 4 პროცენტია). რაც ყველაზე გულსაკლავია, ჩვენზე უარესი მაჩვენებლები აქვთ: სამხრეთ სუდანს, კამერუნს, ნიგერიასა და სამხრეთ აფრიკას (ანუ, იქ, სადაც ხრიოკია).
ჩვენებური ექსპერტები გვაიმედებენ, რომ საქართველო მთლად უკანასკნელ ხუთეულსაც არ იმსახურებს, რადგან, ჩვენთან ნათესავები და ახლობლები, თურმე, ყოველთვის ეხმარებიან ირგვლივ მყოფ გაჭირვებულებს. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მოშიმშილეთა რიგში მეხუთე ვართ, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ „სულ ბნელია, რაცა ელავს“, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ელვარებაში“ ზემოხსენებულ ღიპებს ვგულისხმობ.
და, ბოლოს, აქვე გეტყვით, რომ, მაგალითად, 2012 წლის იანვარში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 4 000 ცალი ღირსების ორდენის და 1 000 ცალი ღირსების მედლის შეძენისთვის მილიონ 260 ათას ევროზე მეტი გამოიყო. იმის დათვლა კი, წლის განმავლობაში რამდენს დააპურებდა 3 მილიონი ლარი, თქვენთვის მომინდვია.