ღვეზელი ხილით
საჭირო ინგრედიენტები: 1 შეკვრა (210 გრამი) გაყინული ფენოვანი ცომი (თუ გამზადებულ ცომს ვერ იყიდით, ქვემოთ შემოგთავაზებთ მის მომზადების რეცეპტსაც), 6 ცალი ვაშლი, 4 სადილის კოვზი შესქელებული რძე, 1 სადილის კოვზი ნახევრად ტკბილი, წითელი ღვინო, 50 გრამი ქიშმიში, 1 კვერცხის გული.
მომზადების წესი: თუ გაყინული ცომით აკეთებთ, ჯერ ცომი გაალღვეთ, ოდნავ გააბრტყელეთ და დაყავით 6 კვადრატად. ტაფაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. საშუალო ზომის ვაშლები გათალეთ, ამოაჭერით შუაგული და ამოავსეთ შესქელებული რძით, რომელშიც წინასწარ შეურევთ ღვინოსა და ქიშმიშს. ქიშმიშის ნაცვლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნიგოზი ან შავი შოკოლადის ნატეხი. ვაშლები მოათავსეთ ცომის კვადრატების შუაგულში და იმავე ცომით შეფუთეთ, კონად შეკარით ან დიდი ხინკალივით შეახვიეთ და კვანძი გაუკეთეთ. წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და გამოაცხვეთ აირღუმელში 200 გრადუსზე. 30-40 წუთში საოცარი ღვეზელი მზად იქნება.
მეორე ვარიანტია ღვეზელი ატმით. ცომი იგივეა. ვაშლის მაგივრად კი გამოიყენეთ შუაში გაჭრილი, გათლილი ატმები (კურკა გამოაცალეთ). შუაგულში ჩადეთ ნიგოზი და მოაყარეთ ცოტა შაქრის პუდრი ან მოასხით ჟოლოს მურაბა. შესქელებული რძე აღარ დაგჭირდებათ. შეკარით ცომი კონვერტებივით და გამოაცხვეთ. შეგიძლიათ, შაქრის პუდრი ზემოდანაც მოაყაროთ. ფანტასტიკურია ჩაიზე.
ნახევრად ფენოვანი ცომის საჭირო ინგრედიენტები: 2,5 ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა წყალი, 200 გრამი კარაქი ან მარგარინი, მწიკვი მარილი.
მომზადების წესი: მარგარინი გაყავით ოთხ ტოლ ნაწილად და გაყინეთ საყინულეში. ფქვილს დაუმატეთ ცივი წყალი, მწიკვი მარილი, მოზილეთ ცომი და ათი წუთით მოათავსეთ საყინულეში. ხის დაფაზე მოათავსეთ ცომი და გააბრტყელეთ 0,5-1 სანტიმეტრ სისქეზე, წაუსვით მარგარინის ერთი კუბიკი მთლიანად, ცომი გადაკეცეთ კონვერტივით და მოათავსეთ საყინულეში 20 წუთით. გამოიღეთ. გააბრტყელეთ, ისევ წაუსვით მარგარინი, ისევ გადაკეცეთ კონვერტივით და კვლავ 20 წუთით მოათავსეთ საყინულეში. ასე განაგრძეთ, სანამ მარგარინი მთლიანად გათავდება. ასეთი ცომის შენახვა მარტივია: გააბრტყელეთ, მთელ ზედაპირზე დააფარეთ საკვები ცელოფანი და რულეტივით გადაახვიეთ. მოათავსეთ საყინულეში და, როცა დაგჭირდებათ, გამოიყენეთ.