კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებდა შონ კონერის ცნობილ განგსტერ ჯონი სტომპანატოსთან და ვისი გადაწყვეტილებით დამტკიცდა ის ჯეიმს ბონდის როლზე

2012 წელს 50 წელი შესრულდა, რაც კინოეკრანზე პირველად გამოჩნდა ყველაზე ცნობილი კინოჯაშუში, დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი, ლეგენდარული ჯეიმს ბონდი. 1962 წელს გადაღებულ სულ პირველ „ბონდიანაში“ – „დოქტორ ნოუ,” ბონდის როლი შოტლანდიელმა სერმა, შონ კონერიმ შეასრულა. კონერი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჯეიმს ბონდად ითვლება და ამჯერად საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ მისი ცხოვრებიდან. 

* სერ თომას შონ კონერი 1930 წელს ედინბურგში, შოტლანდიაში დაიბადა. მისი მშობლები სატვირთო ავტომობილის მძღოლი ჯოზეფ კონერი და დამლაგებელი ეფემია მაკლინი იყვნენ. ბავშვობაში შონის მთავარი გატაცება ფეხბურთი და ცხენოსნობა იყო, კინო მას ნაკლებად იზიდავდა, თუმცა, ერთ დღეს თეატრში სტუმრობამ მის მსოფლმხედველობაზე გავლენა იქონია. 

* 9 წლის ასაკში კონერიმ მუშაობა დაიწყო  – რძეს დაატარებდა ქუჩაში, 13 წლის ასაკში კი სამსახურის გამო სკოლაში სწავლა მიატოვა. 15 წლის შონი დიდი ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის რიგებში ჩაეწერა, თუმცა, კუჭის წყლულის გამო, სამხედრო სამსახურიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. საზღვაო ფლოტში მსახურობის პერიოდში შონ კონერი ფლოტის ჩემპიონი გახდა კრივში.

* ედინბურგში დაბრუნების შემდეგ შონ კონერი სხვადასხვა ადგილებში მუშაობდა, მათ შორის: მოდელად, მუშად, კუბოების მღებავად, პირად მცველად და მძღოლად.

* 1951 წელს შონ კონერი სამუშაოდ მოეწყო ედინბურგის სამეფო თეატრში, სადაც მისი დებიუტი შედგა სცენაზე. იმავე წელს იგი ბოდიბილდინგმა გაიტაცა და 1953 წელს მან მონაწილეობა მიიღო კულტურისტების კონკურსში – „მისტერ სამყარო,” სადაც თავის დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა.

* კულტურისტების კონკურსში წარმატებით გამოსვლის შემდეგ, შონ კონერი ტელევიზიამ შეამჩნია და მან რამდენიმე სარეკლამო რგოლის გადაღებაში მიიღო მონაწილეობა, რამაც მას დიდი კინემატოგრაფიისკენ გაუხსნა გზა. 

* შონ კონერის დებიუტი დიდ ეკრანზე 1954 წელს შედგა ფილმში „ლილია გაზაფხულზე”, სადაც მან ეპიზოდური როლი შეასრულა. კონერის პარტნიორი გადასაღებ მოედანზე იმდროინდელი ვარსკვლავი ეროლ ფლინი იყო და ამ ფაქტით შონ კონერი დღემდე ამაყობს.

* 1958 წელს, ფილმის – „სხვა დროს და სხვა ადგილას” გადასაღებ მოედანზე შონ კონერიმ რომანი გააბა ჰოლივუდის სექს-სიმბოლოსთან, ლანა ტერნერთან. იმ პერიოდში ლანას, ასევე, რომანი ჰქონდა განგსტერ ჯონი სტომპანატოსთან. სტომპანატომ შემთხვვეით გაიგო, რომ ლანა მას კონერისთან ღალატობდა, რევოლვერით ხელში გადასაღებ მოედანზე შეიჭრა და იარაღი კონერის მიუშვირა. კონერიმ მალევე განაიარაღა გავლენიანი განგსტერი და გადასაღები მოედნიდან გააძევა.

* მარჯვენა ხელზე შონ კონერის ორი ტატუ აქვს, ჯერ კიდევ სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდში გაკეთებული: „შოტლანდია სამუდამოდ” და „დედა და მამა”.

* 1960-იანი წლების დასაწყისში პროდიუსერებმა ალბერტ ბროკოლიმ და ჰარი ზალცმანმა მწერალ იან ფლემინგთან ერთად „ჯეიმს ბონდის” ეკრანიზებაზე დაიწყეს ფიქრი და ჯაშუშის როლზე კანდიდატების ძებნას შეუდგნენ. მოეწყო სპეციალური კონკურსი, რომელზეც ექვსი მსახიობი შეირჩა, თუმცა, თავდაპირველად, პროდიუსერებმა ბონდის როლში ცნობილი მსახიობების: დევიდ ნეივენის, კერი გრანტის, რექს ჰარისონის, ჯეიმს მეისონის, რიჩარდ ჯონსონისა და თრევორ ჰოვარდის ნახვა ისურვეს, მაგრამ, ფილმში მონაწილეობაზე ყველამ უარი თქვა და, საბოლოოდ, ჰარი ზალცმანმა მთავარი როლის შემსრულებლად მაშინ ყველასთვის უცნობი შონ კონერი დაასახელა. ამ ფაქტთან დაკავშირებით არსებობს ვერსია, რომ კონერის კანდიდატურა ზალცმანს პოლონლემა რეჟისორმა ბენ ფიჟმა ურჩია. საბოლოოდ, შონ კონერიმ ჯეიმს ბონდის როლი შვიდ ფილმში ითამაშა, მათ შორის უკანასკნელად – 53 წლის ასაკში.

* ფილმის „არასოდეს თქვა – არასოდეს” გადაღებებზე შონ კონერი საბრძოლო ხელოვნების გაკვეთილებს ესწრებოდა, სადაც მისი ინსტრუქტორი სტივენ სიგალი იყო.

* ჯეიმს ბონდზე გადაღებულ ყველა ფილმში შონ კონერი ხელოვნურ პარიკს ატარებს. მსახიობს 21 წლის ასაკში დაეწყო თმის ცვენა. ჩვეულებრივ ცხოვრებაში მსახიობი პარიკის გარეშე კომფორტულად გრძნობს თავს, რაც მას  არაერთხელ განუცხადებია.

* სიგარეტის მოწევა შონ კონერიმ 9 წლის ასაკში დაიწყო.

* შონ კონერის სიმაღლე 190 სანტიმეტრია. 

* არსებობს რუსული სიმღერა ჯეიმს ბონდზე, – „სიმღერა ჯეიმს ბონდზე, აგენტზე 007,” რომელიც ვლადიმირ ვისოცკიმ პირადად შონ კონერის მიუძღვნა, მას შემდეგ, რაც კონერიმ რაულ ამუნდსენის როლი განასახიერა საბჭოურ ფილმში „წითელი კარავი”, სადაც, ცნობისთვის, შონ კონერისთან და კლაუდია კარდინალესთან ერთად, ოთარ კობერიძე, თენგიზ არჩვაძე და ირაკლი ხიზანიშვილიც იღებდნენ მონაწილეობას.

* შონ კონერი ყველაზე ასაკოვანი მსახიობია, რომელსაც სექს-სიმბოლოს ტიტული მიაკუთვნეს. 1989 წელს კონერი 59 წლის იყო. ათი წლის შემდეგ ჟურნალმა „ფიფლმა” გამოკითხვა ჩაატარა მეოცე საუკუნის ყველაზე სექსუალური მამაკაცის გამოსავლენად და დიდი უპირატესობით კვლავ შონ კონერიმ გაიმარჯვა, რომელსაც იმ დროისთვის 69 წელი შეუსრულდა.

* 2000 წელს შონ კონერიმ „რაინდის” წოდება და ტიტული „სერ” მიიღო დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ მეორისგან.

* შონ კონერის კანდიდატურა განიხილებოდა „ბეჭდების მბრძანებელში” გენდალფის და „მატრიცაში” არქიტექტორის როლებზე, თუმცა, კონერიმ ორივეზე უარი განაცხადა.

* შონ კონერი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის წევრი და შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეა.

* შონ კონერი ორჯერ იყო დაქორწინებული: მისი პირველი მეუღლე იყო მსახიობი დიანა სილენტო. ისინი ერთად 1962-1974 წლებში ცხოვრობდნენ და ჰყავთ საერთო შვილი – ჯეისონი, რომელიც ასევე მსახიობი გახდა. მეორედ შონ კონერი 1975 წელს დაქორწინდა ფრანგული წარმოშობის მაროკოელ მხატვარზე, მიშელინ როქბრიუნზე, რომელთან ერთადაც დღემდე ცხოვრობს. მიშელინი ერთი წლით უფროსია შონზე და მათ არ ჰყავთ საერთო შვილები.

* შონ კონერის ჰობი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო გოლფი. იგი ფლობდა უზარმაზარ გოლფის სათამაშო მოედანს საფრანგეთის სამხრეთში, რომელიც 1999 წელს გერმანელ მილიარდერს, დიტმარ ჰოპს მიჰყიდა.

* შონ კონერი ფეხბურთის დიდი მოყვარულია და ბავშვობაში პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერაზეც კი ოცნებობდა. იგი „გლაზგო რეინჯერსის” ქომაგია, თუმცა, წარსულში მეორე შოტლანდიურ გრანდს – „სელტიკს” ქომაგობდა.

* 1993 წელს პრესაში გავრცელდა ცნობა, რომ შონ კონერის ყელის კიბო აღმოაჩნდა და მსახიობი თერაპიის სპეციალურ კურსებს გადიოდა ამერიკულ კლინიკებში. იაპონურმა და სამხრეთაფრიკულმა გაზეთებმა მსახიობი გარდაცვლილადაც კი გამოაცხადეს. ამის გამო, შონ კონერის დევიდ ლეტერმანის საღამოს ტელე-შოუში მოუწია სპეციალურად გამოსვლა, რათა ეს ჭორები დღის წესრიგიდან მოეხსნა.

* 2008 წელს შონ კონერიმ გამოსცა წიგნი – „იყო შოტლანდიელი”, რომელშიც დიდი მსახიობი შოტლანდიაზე, ქვეყნის კულტურაზე, ისტორიაზე და საკუთარ ოჯახზე წერს.

* 1991 წელს გადაღებულ ფილმში „რობინ ჰუდი – ყაჩაღების მეფე” შონ კონერიმ თავისი ჰონორარი მთლიანად ქველმოქმედებაში დახარჯა.

* ჯეიმს ბონდზე გადაღებული ფილმებიდან შონ კონერი საუკეთესოდ მიიჩნევს 1963 წელს ეკრანებზე გამოსულ ფილმს – „რუსეთიდან, სიყვარულით”.

* ჯეიმს ბონდის თავგადასავლებზე გადაღებულ პირველ ფილმში – „დოქტორი ნოუ,” შონ კონერის ჰონორარი 20 ათას დოლარს შეადგენდა, თავის ბოლო ფილმში „ექსტრაორდინარული ჯენტლმენების ლიგა,” რომელიც ეკრანზე 2003 წელს გამოვიდა, კონერიმ ჰონორარის სახით 17 მილიონი დოლარი მიიღო და ჯერჯერობით ეს არის მისი ბოლო ფილმი.

* შონ კონერი მეუღლესთან ერთად ამჟამად ბაჰამის კუნძულებზე ცხოვრობს. იგი არ აპირებს დაბრუნებას კინოში და აცხადებს, რომ მანამ არ დაბრუნდება შოტლანდიაში, სანამ ქვეყნის დამოუკიდებლობას არ გამოაცხადებენ. 

скачать dle 11.3