როდის ტოვებს ადამიანის სხეულს სულთან ერთად სამშვინველი და როგორ ასრულებენ ისინი განგების დავალებას
ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ადამიანს უამრავი თვისება აქვს, რომლებსაც ის ცხოვრების პერიოდში ამჟღავნებს. საიდან მოდის ყოველივე ეს, სად აქვს ამ თვისებებს დასაბამი, ამის შესახებ გვესაუბრება თეოსოფოსი ლერი სონღულაშვილი:
– ფიზიკურ სამყაროში ცხოვრებისას ადამიანის მიერ გამომჟღავნებული უამრავი თვისებიდან რამდენიმე თანდაყოლილია ანუ‚ სულიდან მომდინარე, ხოლო ყველა დანარჩენი არის ფიზიკური ცხოვრების პერიოდში წარმოშობილი, მაშასადამე‚ შეძენილი. პირველყოფილი ადამიანი, რომელსაც არავითარი ცხოვრებისეული გამოცდილება, არც დანაწევრებული მეტყველება და არც ჩამოყალიბებული აზროვნება გააჩნდა, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სულის ძირითადი თვისებების შინაგანი კარნახით – სულის მიერ სხვადასხვა ცოცხალ ფორმაში ყოფნისას, თავის გარშემო შექმნილი ცხოველური ინკარნაციული შეგნებიდან მომდინარე ცხოველური თვისებებით. სული ველურ ადამიანს კარნახობდა ყველაფერს, რაც კი მისთვის იმ დროს და იმ ვითარებაში იყო საჭირო. ადამიანის მოთხოვნილება კი, სულ რამდენიმე პირობით შემოიფარგლებოდა. სულის თვისებებიდან ადამიანის ფორმირებისთანავე მხოლოდ ერთი თვისება აქტიურობდა. ეს არის საკვების მოთხოვნილება. სულს უნდა ჩაეგონებინა მისთვის საკვების მიღების აუცილებლობა. სულის ყველა დანარჩენი თვისება მხოლოდ განვითარების გარკვეულ ეტაპზე უნდა გამოევლინა. თითოეული თვისების გამოვლენას თავისი შესაფერისი დრო და ვითარება სჭირდებოდა. მას თითოეული თვისება‚ საჭიროებისამებრ, ავტომატურად ეძლეოდა. მოკლედ რომ ვთქვათ‚ სული არის ხელმძღვანელი სხეულისა.
– რამდენად გამართლებულია იმის თქმა, რომ ნებისმიერი ადამიანი განგების დავალებას ასრულებს?
– ეს გამოთქმა სწორია, თუმცა‚ უფრო სწორი იქნება იმის თქმა, რომ განგებამ თავისი დავალების შესასრულებლად შექმნა სული, სულმა კი თავისი დავალების შესასრულებლად შექმნა სხეული, რადგანაც განგების დავალებას მის გარეშე ვერ შეასრულებდა. ყოველგვარი გრძნობა ან უნარი, რომელიც ცოცხალი არსების მიერ შესაბამისი ფიზიკური ქმედებით აისახება, არის თვისება. სულიდან წამოსული ყოველგვარი თვისება ადამიანის მიერ ისე აღიქმება, როგორც სულიერი გრძნობა და მოთხოვნა, რომლის საფუძველზე აღიძვრება გარკვეული ფიზიკური ქმედებები. ასე რომ‚ განგების მიერ სულში კოდირებული თვისებების‚ ანუ, რაც იგივეა‚ სულის სამუშაო პროგრამის თანახმად, ადამიანის შესაქმნელად საჭირო ფიზიკური სხეულის ფორმირება თვითონ სულის მოვალეობას შეადგენს. სულის მოვალეობაა‚ აგრეთვე, ამგვარად მიღებული ცოცხალი არსების მართვაც. ამდენად, როდესაც ვეხებით სულს, როგორც სხეულის მმართველს, ავტომატურად იგულისხმება სულის ის ძირითადი თვისებები, რომლითაც იმართება ცოცხალი არსება, რომ შემდეგ ის მოაზროვნე არსებად ჩამოყალიბდეს. განგებამ კარგად იცოდა, როგორი ბუნებაც ექნებოდა სულის მიერ შექმნილ მოაზროვნე არსებას. თავად ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე, ის აუცილებლად დაინტერესდებოდა თავისი შემქმნელით, ანუ სულის რაობით, მისი ბუნებით და შესაძლებლობებით, რის გამოც დაიწყებდა საკუთარ სულში ხელების ფათურს და მასზე ექსპერიმენტების ჩატარებას, რითაც განგების დავალების შესრულებას შეეშლებოდა ხელი. ასე, რომ არ მომხდარიყო, სულის მიერ შექმნილი ცოცხალი არსებისთვის თვითონ სული უნდა ყოფილიყო უხილავი. ასეთი რამ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ სული და სხეული ერთმანეთისთვის უხილავი ორი სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენლები იქნებოდნენ. ცნობილია, რომ სხვადასხვა ვიბრაციის დიაპაზონის მქონე საგნები და სხეულები‚ გარდა იმისა, რომ ერთმანეთისთვის უხილავია, იმავდროულად, თავისუფლად მოძრაობენ. ადამიანის შესაქმნელად სულს სწორედ ასეთი, თავისგან განსხვავებული ვიბრაციის მქონე სხეული სჭირდებოდა. ასეთ სხეულში სულის ჩასვლა-ამოსვლა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. მისთვის სხეულში ასეთი თავისუფალი მოძრაობა აუცილებლობას წარმოადგენდა. თავისთავად ისე გამოდიოდა, რომ სულს‚ თვითონ მენტალური სამყაროს ან საიქიოს წარმომადგენელს‚ ადამიანის სახით უნდა შეექმნა ფიზიკური სამყაროსთვის დამახასიათებელი ფიზიკური არსება. ასეთი სხეულის შექმნა უშუალოდ სულისთვის შეუძლებელი იყო. საქმე ისაა, რომ სული უშუალოდ თვითონ ისეთ ფიზიკურ სხეულს ვერ შექმნიდა, რომელთანაც განსხვავებული ვიბრაციათა დიაპაზონის გამო, ფიზიკური შეხების შესაძლებლობა არ ექნებოდა. ასეთი სხეული უკვე გამზადებულიც რომ მიერთმიათ სულისთვის, მასთან ფიზიკური კონტაქტების შეუძლებლობის გამო‚ ის ვერც მის მართვას შეძლებდა. რამდენადაც სულს, თავისი დავალების შესასრულებლად ფიზიკური სხეული სჭირდებოდა და მხოლოდ მან იცოდა ასეთი სხეულის დანიშნულებაც და მისი მართვის წესებიც, ამის გარდა, განსხვავებული დიაპაზონის გამო, მის შექმნასა და მართვას უშუალოდ თვითონ მაინც ვერ მოახერხებდა. მის შესაქმნელად და სამართავად ისეთი დამხმარე მექანიზმი უნდა შეექმნა, რომლის მეშვეობითაც თავის ყოველგვარ სამუშაო პროგრამას თავისუფლად განახორციელებდა. აქედან გამომდინარე, თავისთავად გაჩნდა ისეთი შუალედური რგოლის აუცილებლობა, რომელიც თავისუფალ შეხებაში იქმნებოდა ერთდროულად ორი სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენელთან – სულთანაც და ფიზიკურ სხეულთანაც. სულმა შექმნა ასეთი შუალედური რგოლი და მას სამშვინველი ეწოდა. ესე იგი‚ სულის გონიერმა კომპიუტერმა სხეულის შექმნამდე ჯერ შექმნა სამშვინველი, ხოლო შემდეგ‚ მისი მეშვეობით‚ სხეული.
– რა დავალებას ასრულებს სამშვინველი?
– სამშვინველის სახით სულმა ისეთი მექანიზმი შექმნა, რომელსაც ფიზიკური სხეულის შექმნის გარდა, სულს მიღებული ნებისმიერი დავალების ფიზიკური შესრულების ფუნქციაც ექნებოდა. ესე იგი‚ სულს სხეული უნდა ემართა სამშვინველის მეშვეობით. ამისთვის‚ სულმა სამშვინველში ჩადო კონკრეტული სამუშაო პროგრამა, რომლითაც სამშვინველმა სხეული უნდა მართოს მაშინაც, როცა სული სხეულშია და მაშინაც, როდესაც სული სხეულის ფარგლებს გარეთ იმყოფება.
– რა შემთხვევაში იმყოფებოდა სული სხეულის გარეთ?
– ადამიანის დაძინებისას‚ სული ტოვებს სხეულს, ხოლო გაღვიძებისთანავე მას უკანვე უბრუნდება. სხეულში მიმდინარე პროცესებს: სუნთქვას, გულის მუშაობას, საჭმლის გადამუშავებას და ორგანიზმში მიმდინარე სხვა უამრავ სამუშაოს სჭირდება მართვა. სამშვინველი კი ისეა დაპროგრამებული, რომ სულის მიერ სხეულის მიტოვების შემდეგ მართვას ის, ჩვეულებრივ, აგრძელებს. სამშვინველს სულისგან ამისთვის საჭირო სამუშაო ენერგიაც გააჩნია. სული არა მხოლოდ დაძინებისას ტოვებს სხეულს, არამედ მაშინაც, როდესაც სხეულს სიცოცხლისუნარიანობა ეკარგება და მაშასადამე, მის ყოფნას სხეულში აზრი აღარ ექნება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სულის გონიერი კომპიუტერის მიერ სხეულს დაკარგული სიცოცხლისუნარიანობა სხვადასხვა გზითა და საშუალებებით შესაძლებელია‚ კვლავაც დაუბრუნდეს. ამისთვის აუცილებელია, ფიზიოლოგიური პროცესები სხეულში გარკვეული დროის განმავლობაში ჩვეულებრივ, გრძელდებოდეს. სხეულიდან სულის ამოსვლის შემდეგ, თუ სამშვინველი არ გააგრძელებს სხეულში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების მართვას, მაშინ სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა და სხეულის დაშლა სულის ამოსვლისთანავე დაიწყება. ასე რომ‚ ასეთ დროსაც კი‚ სამშვინველის მიერ ორგანიზმი ჩვეულებრივ იმართება, თუ სხეულის სიცოცხლისუნარიანობა‚ ანუ მისი ფიზიკური შესაძლებლობები‚ აუცილებელ მინიმალურ საშუალებასაც იძლევა. კლინიკური სიკვდილის შემდეგ ადამიანის სხეულს სიცოცხლე ხშირად უბრუნდება. ნათქვამია, თუ გარდაცვალებიდან სამი დღე-ღამის განმავლობაში სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებენ, შემდეგ უკვე კრიზისული მდგომარეობიდან მის გამოსაყვანად არაფრის იმედი აღარ შეიძლება არსებობდესო. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ სულის მიერ სამშვინველისთვის სამუშაოდ მიცემული საჭირო პროგრამა და ენერგია მხოლოდ სამი დღე-ღამის სამყოფია. თუ ამ ხნის განმავლობაში სხეულს საჭირო სიცოცხლისუნარიანობა ვეღარ დაუბრუნდება, მაშინ ფიზიკური სხეული დაშლასა და რღვევას დაიწყებს, სულის მსგავსად‚ სხეულს სამშვინველიც დატოვებს. მიუხედავად იმისა, რომ სული და სამშვინველი ჩვეულებრივ პირობებში თვალისთვის უხილავია, ზოგიერი ანომალური მოვლენებისას, ადამიანის მიერ მაინც ხდება მათი გამოსახულების აღქმა. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანებს სამშვინველის შემჩნევისას ის სულად აღუქვამთ. საბოლოო ჯამში, ადამიანის შემადგენელი ნაწილებია სული, სამშვინველი და სხეული. სული განგების დავალების შემსრულებელია, სამშვინველი – სულის მარჯვენა ხელი განგების დავალების შესრულებაში. სხეული კი არის ის საჭირო ინსტრუმენტი და ერთადერთი საშუალება, რომლითაც განგების დავალება უნდა შესრულდეს.