კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უნდა აქციოთ სტრესი თეატრალიზებულ წარმოდგენად და რაში დაგეხმარებათ მის მოსახსნელად იაფფასიანი ჭურჭელი

 

თანამედროვე სამყაროში, ალბათ, არ არსებობს იმაზე გავრცელებული ტერმინი, როგორიც „სტრესია”.  შეიძლება თუ არა  სტრესის გარეშე ცხოვრება? მეცნიერება ამტკიცებს, რომ – არა. ცხოვრება, რომელიც თავადაა სტრესის მთავარი წყარო,  ვერ იტანს  მუდმივობას და სტაბილურობას. სწორედ ამიტომაა,  რომ  არ არსებობს ადამიანი, ვისაც საკუთარ თავზე  სტრესის კვალი არ გამოეცადოს. როგორ ხსნიან სტრესს და მასთან დაკავშირებულ გარემოებებს სპეციალისტები, ამის შესახებ ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტს ანა ცინაძეს გავესაუბრეთ: სტრესი ინგლისური სიტყვაა  და წნევას,  ზეწოლას, დაძაბულობას ნიშნავს. ეს ცნება  შემოიტანა კანადელმა ბიოლოგმა, ექიმმა და ენდოკრინოლოგმა ჰანს სელიემ 1936 წელს. სელიეს თქმით, სტრესი  არის ორგანიზმის არასპეციფიკური პასუხი, მის მიმართ წაყენებულ ნებისმიერ მოთხოვნაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ,  სტრესი ორგანიზმის  დაცვითი რეაქციაა, რომელიც წარმოიშობა  გარემოს ცვლილებების საპასუხოდ. ნებისმიერი მოულოდნელობა, რომელიც ცხოვრების ჩვეული რიტმის დარღვევას იწვევს, შეიძლება, გახდეს სტრესის მიზეზი.  სტრესი არის ყველაფერი, რაც ჩვენ ირგვლივაა. სტრესი – ეს არის ჩვენი ცხოვრება, რადგანაც ის ჩვენს ყოფაში დილიდანვე იჭრება მაღვიძარას ზარით და  მიჰყვება ჩვეულ სქემას – საცობების, გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტის,  სამუშაო თუ ოჯახური პრობლემების სახით. სტრესია ის, რაც ჩვენს აღელვებას იწვევს ყოველდღიურ ცხოვრებაში – უხეში სიტყვა თუ ქცევა, დაუმსახურებელი საყვედური, ჩვენი ქმედებებისა თუ მისწრაფებების დამაბრკოლებელი ნებისმიერი მოვლენა. რა თქმა უნდა, ისეთი ტრავმატული მოვლენებიც, როგორიცაა: ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, საყვარელ ადამიანთან განშორება, ბუნებრივი კატაკლიზმები. ამ დროს საქმე გვაქვს სტრესის მწვავე ფორმასთან, რასაც დისტრესი ჰქვია.  გახდება თუ არა ესა თუ ის სიტუაცია სტრესის მიზეზი, დამოკიდებულია არა მხოლოდ თვითონ სიტუაციაზე, არამედ პიროვნებაზეც, მის გამოცდილებაზე, მისი ადაპტაციის დონეზე, იმაზე, თუ როგორ აფასებს შექმნილ სიტუაციას, საკუთარ ძალებს და უნარებს. 

– ადამიანმა სტრესი შეიძლება, მიიღოს დადებითი ემოციისგანაც?

– რა თქმა უნდა, სტრესის გამომწვევი მიზეზი ძლიერი და მოულოდნელი სიხარულიც შეიძლება იყოს. ამასთან დაკავშირებით, სელიე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ორი მოვლენის – სიხარულისა და უბედურების სპეციფიკური შედეგები სრულიად განსხვავებულია, უფრო მეტიც, დიამეტრალურად ურთიერთსაპირისპიროა, მათი სტრესული ზემოქმედება – ახალ სიტუაციასთან შეგუების არასპეციფიკური მოთხოვნა, შეიძლება იყოს მსგავსი. მაგალითად, სელიეს მოჰყავს ამაღელვებელი სიტუაცია: დედას,  რომელსაც ამცნეს ომში მისი ერთადერთი შვილის დაღუპვის ამბავი, განიცდის ძლიერ სულიერ ტრავმას. თუ რამდენიმე წლის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს ინფორმაცია მცდარია  და საღ-სალამათი ვაჟი მოულოდნელად შემოვა ოთახში, დედა იგრძნობს ყოვლისმომცველ სიხარულს, რომელიც თავისი ინტენსოვობით  არ ჩამოუვარდება თავდაპირველ განცდას. ხანდახან სტრესი შეიძლება, სასარგებლოც იყოს, რადგან გვეხმარება, საჭიროების  შემთხვევაში, მოქმედებაში  მოიყვანოს ორგანიზმის რესურსები. მაგრამ ჭარბ სტრესს ორგანიზმი შეუძლია, გამოფიტვამდე მიიყვანოს, ეს კი თავის მხრივ, ფიზიკური და ფსიქიკური დაავადების მიზეზი ხდება. განსაკუთრებით მტკივნეული და სახიფათოა ტრავმატული სტრესი, რომელიც წარმოიშობა სიცოცხლისთვის ისეთი საშიში მოვლენების პირობებში, როგორიცაა ომები, სტიქიური უბედურებები, ავტოკატასტროფები, კრიმინალური ძალადობა და ასე შემდეგ.

– რა ხდება სტრესის  დროს გარეგნულად და ფიზიოლოგიურად ადამიანის ორგანიზმში?

–  გარეგნული ნიშნებით სტრესი სხვადასხვა ფორმით არის გამოხატული, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია  ოფლიანობა, ტკივილი ზურგის და გულმკერდის არეში, კუნთური სპაზმები, იმუნიტეტის დაქვეითება, მადის დაქვეითება ან მატება, უძილობა.  ბიოლოგიური სტრესული სიგნალების  გარდა, არსებობს   ემოციური სფეროს სიგნალები, რომლებიც დაკავშირებულია ქცევითი რეაქციების ცვლილებასთან – ვიღაც ეტანება ალკოჰოლს, იწყებს სიგარეტის მოწევას, ან თავიდან ბოლომდე გადაეშვება საქმეში. ეს ძალიან ინდივიდუალურია –  სტრესი შეიძლება, გამოიხატოს მოუთმენლობაში, სიჩქარეში,  სწრაფად ლაპარაკსა ან ძალიან სწრაფად სიარულში.  ვიღაცას მეხსიერება უუარესდება. ვიღაცის ფიქრები მუდმივად ერთი თემიდან მეორეზე ხტიან და  ვერაფრით ახდენს აზრების კონცენტრირებას. სტრესის გამოვლენად ასევე ჩაითვლება მზარდი ნერვოზული მდგომარეობა, განწყობის მკვეთრი ცვლილება, სწრაფი დაქანცულობა, სულიერი სიცარიელის შეგრძნება.  სტრესის დროს თავის ტვინის ქერქში ჩნდება მდგრადი აღგზნების ზონა, – დომინანტა, რომელიც ყოვლისმომცველია და მთლიანად იმორჩილებს ადამიანის არსებას. ეს ნიშნავს, რომ დასამშვიდებლად საჭიროა ამ დომინანტას ლიკვიდირება, განმუხტვა ან ახალი, კონკურენტუნარიანი დომინანტას შექმნა. ყველა ყურადღების გამფანტველი საშუალება (საინტერესო რომანის კითხვა, კინოფილმის ნახვა, საყვარელ საქმიანობაზე გადართვა) ფაქტობრივად, მიმართულია კონკურენტი დომინანტას შექმნისკენ. რაც უფრო იზიდავს ამგვარ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ახალი საქმე, მით უფრო ადვილია კონკურენტი დომინანტას შექმნა. სწორედ ამიტომაა კარგი, როცა გვიტაცებს რაიმე საქმიანობა, გვაქვს რაიმე ჰობი, რომელიც დადებითი ემოციებისკენ გვიხსნის გზას. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტრესულმა  ფაქტორებმა ადამიანში  ძლიერი ემოციური განცდები შეიძლება, გამოიწვიოს. ეს განცდები ყოველთვის უკვალოდ არ ქრება. ადამიანებს სტრესის მიმართ განსხვავებული მედეგობა ახასიათებთ. ევროპელი ფსიქოლოგების მონაცემებით, ფსიქოლოგიური ტრავმის პირობებში მოხვედრილ ადამიანთა 80 პროცენტი საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიუყენებლად გამოდის მდგომარეობიდან, დანარჩენი 20 პროცენტი კი საჭიროებს სხვადასხვა სახის პროფესიულ დახმარებას. 

– რა გარემოებები მიიჩნევა სპეციალისტების მიერ ყველაზე სახიფათოდ სტრესის წარმოქმნისთვის? 

 – ვაშინგტონის სამედიცინო   უნივერსიტეტის სპეციალისტებმა – თომას ჰოლმსმა  და რიჩარდ რაჰემ 5 000 პაციენტზე  ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტი, რომელიც დაკავშირებული იყო სხვადასხვა სტრესოგენულ ცხოვრებისეულ მოვლენასთან. მათ გამოკვლევის საფუძველზე, შეადგინეს სკალა, რომელშიც ცალკეულ ცხოვრებისეულ მოვლენას ქულების განსაზღვრეული რაოდენობა შეესაბამება მათი სტრესოგენურობიდან გამომდინარე. ამ სკალის მიხედვით, ყველაზე მაღალ ქულას მიაკუთვნებენ ცხოვრებისეულ მოვლენას, როცა ადამიანს უკვდება მეუღლე. ეს არის „შეფასებული” ასი ქულით, ამავე ტკივილის ტოლფასია, შვილის სიკვდილით გამოწვეული სტრესი. სკალაში მეორე ადგილზეა გაყრა – 73 ქულა,  მესამეზე კი 65 ქულით, ცოლ-ქმრის განშორება (გაყრის გაფორმების გარეშე). ეს სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ადამიანებზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს მათი პრივატული ცხოვრება – მეორე ნახევარი. სკალაზე მეოთხე ადგილზეა თავისუფლების აღკვეთა 63 ქულით, მეხუთეზე – ოჯახის  წევრის გარდაცვალება 63 ქულით, მეექვსეზე – ტრავმა ან დაავადება  53 ქულით, ამას მოჰყვება – ქორწინება – 50 ქულით. შემდეგი ნუმერაცია კი ასეთია: 

8. სამსახურიდან გათავისუფლება – 47

9. მეუღლეთა შერიგება – 45

10. პენსიაზე გასვლა – 45

11. ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილება – 44

12. ორსულობა – 40

13. სექსუალური პრობლემები – 39

14. ოჯახის ახალი წევრის შეძენა – 39

15. რეორგანიზაცია სამუშაო ადგილზე – 39

16. ფინანსური მდგომარეობის შეცვლა –  38

17. ახლო მეგობრის გარდაცვალება – 37

18. პროფესიული ორიენტაციის შეცვლა – 36

19. მეუღლეთა შორის კონფლიქტური ურთიერთობის გამწვავება – 35

20. სესხი მსხვილი შენაძენისათვის (მაგ. სახლის) – 31

21. სესხის დაფარვის ვადის დასრულება – 30

22. თანამდებობის შეცვლა – 29

23. ვაჟი ან ქალიშვილი ტოვებს სახლს – 29

24. პრობლემები ქმრის (ცოლის) ნათესავებთან – 29

25. პირადი განსაკუთრებული მიღწევა – 28

26. მეუღლე სამუშაოდან მიდის (ან იწყებს მუშაობას) – 26

27. სასწავლო დაწესებულებაში სწავლის დაწყება ან დამთავრება – 26

28. საცხოვრებელი პირობების შეცვლა –         25

29. ზოგიერთ  ჩვევაზე უარის თქმა – 24

30. პრობლემები ხელმძღვანელობასთან – 23

31. სამუშაო პირობების ან სამუშაო საათების შეცვლა – 20

32. საცხოვრებელი ადგილის შეცვლა – 20

33. სასწავლებლის შეცვლა – 20

34. იმ ჩვევათა შეცვლა, რომელიც დაკავშირებულია შვებულებასთან – 19

35. იმ ჩვევათა შეცვლა, რომლებიც დაკავშირებულია რწმენასთან – 19

36. სოციალური აქტივობის შეცვლა – 18

37. სესხი ნაკლებად მსხვილი ნივთების შესაძენად (ავტომობილი, ტელევიზორი) – 17

38. ინდივიდუალურ ჩვევათა შეცვლა, რომლებიც დაკავშირებულია ძილთან – 16

39. ერთად მცხოვრები ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლა – 15

40. კვებასთან დაკავშირებულ ჩვეულებათა შეცვლა – 15

41. შვებულება – 13

42. შობა – 12

43. საზოგადოებრივი წესრიგის უმნიშვნელო დარღვევა – 11.

ჩატარებული გამოკვლევების  შესაბამისად, დადგინდა, რომ 150 ქულა ნიშნავს ამა თუ იმ დაავადების წარმოშობის ალბათობის 50 პროცენტს, ხოლო 300 ქულის დაგროვების შემთხვევაში, ეს პროცენტული მაჩვენებელი 90 პროცენტამდე იზრდება.

 – როგორ ვებრძოლოთ სტრესს, რა არის ყველაზე ეფექტური  გზა სტრესისგან თავის დასაღწევად? 

– არსებობს სტრესიდან გამოსვლის სხვადასხვა საშუალებები. ეს დამოკიდებულია თავად ინდივიდსა  და  არსებულ პრობლემაზე. ზოგი წარმატებით ართმევს  მათ  თავს გამოცდილი მეთოდების  საშუალებით, ზოგი კი არჩევს, ფსიქოანალიტიკოსს მიაკითხოს. სპეციალისტები გვთავაზობენ  რამდენიმე ისეთ საშუალებას, რომელიც გაგიადვილებთ საშუალო სიმძიმის (ყოველდღიური ცხოვრების პირობებში) სტრესული მდგომარეობიდან გამოსვლას. თქვენ შეგიძლიათ, მათგან ის ამოირჩიოთ, რომელიც თქვენთვის უფრო ახლოს იქნება და უკეთ  მოირგებთ. ძალიან ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა   პრობლემაზე საუბარი. როდესაც  ვყვებით იმას, რაც გვაწუხებს, ამ დროს მოქმედებაში მოდის მარცხენა ჰემისფერო, რომელიც მეტყველებაზეა პასუხისმგებელი, მარჯვენა ჰემისფერო კი – ისვენებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სტრესი სწორედ ტვინის მარჯვენა ჰემისფეროში წარმოიქმნება. ამ დროს ეფექტურია, თუ დაწვრილებით მოუყვებით თქვენი გრძნობების შესახებ კარგ მსმენელს.  სპეციალისტები  დარწმუნებით აცხადებენ, რომ სტრესიდან გამოსვლის  ერთ-ერთი მარტივი საშუალებაა, რაც შეიძლება, ბევრი სითხის მიღება. საქმე ისაა, რომ სტრესის ერთ-ერთი აშკარა შედეგია ორგანიზმის გაუწყლოება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სითხეში იგულისხმება ჩვეულებრივი წყალი ან ახალგამოწურული წვენები.  სტრესის დროს  ორგანიზმს  ძალების აღსადგენად, ჩვეულებრივ, ესაჭიროება სრულფასოვანი ძილი.  არსებობს „განსხვავებული” მეთოდიკაც – ზოგიერთი  ფსიქოლოგის აზრით,   უნდა „დავწვათ“ ჩვენი პრობლემები. ამ დროს ფურცელზე უნდა ჩამოვწეროთ ყველა განცდა თუ ნეგატიური ემოცია, რომელიც მოსვენებას არ გვაძლევს და შემდეგ ეს ფურცელი გავანადგუროთ: დავხიოთ ან დავწვათ.  იაპონელი მეცნიერების აზრით, სტრესისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა ფიზიკური ვარჯიში. აქ იგულისხმება ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა – სპორტული ტრენაჟორი იქნება ეს თუ სხეულის სპონტანური მოძრაობები. ამას გარდა, არანაკლებ ეფექტურია, განტვირთვის ისეთი არასპეციფიკური ფორმა, როგორიცაა ჭურჭლის მსხვრევა. იცით, მეოცე საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში გამოუშვეს ჭურჭელი, რომელიც სწორედ იმისთვის იყო განკუთვნილი, რომ დაემსხვრიათ.  ამასთან, ფირმის მეპატრონეები ყველას მოუწოდებდნენ, ეყიდათ იაფფასიანი თეფშები და ფინჯნები იმისთვის, რომ არ დაეგროვებინათ  უარყოფითი ენერგია და ყოველთვის ხელთ ჰქონოდათ ასეთი ჭურჭელი.

– არსებობს კიდევ ერთი მეთოდი, სტრესის „გაყინვა”, რას გულისხმობს ეს მეთოდი?

 –  ამ მეთოდს გვირჩევენ  გერმანელი მეცნიერები.  ისინი დარწმუნებული არიან, რომ ნერვული დაძაბულობის მოხსნაში ჩვეულებრივი სიცივე დაგვეხმარება. როცა ისეთ სიტუაციაში ხვდებით, რომელიც თქვენში გაღიზიანებას, სიბრაზეს ან მღელვარებას იწვევს, სამიოდე წუთით გადით სიცივეში  ზედა ტანსაცმლის გარეშე.  როცა მცირე ხნით სიცივეში აღმოჩნდებით, თავის ტვინი აქტიურად იწყებს სიხარულის ჰორმონის – სეროტონინის გამოყოფას. ეს კარგი ხერხია, თუმცა სეზონური.  ძალიან ქმედით  ხერხად მიიჩნევა, თავი რეჟისორად  წარმოიდგინოთ და  სიტუაცია, რომელშიც მოხვდით,  თეატრალიზებულ წარმოდგენად აქციოთ. წარმოიდგინეთ, რომ ის, რაც ხდება, თქვენ სულაც არ გეხებათ. ყველაფერ ამას გვერდიდან ადევნებთ თვალს და ამიტომაც, ადეკვატურად შეგიძლიათ, შეაფასოთ მომხდარი – იპოვოთ რთული პრობლემის გადამჭრელი ყველაზე ოპტიმალური გზა. მთავარია, თამაშში არ გადააჭარბოთ და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ და მხოლოდ და მხოლოდ თქვენ აგებთ პასუხს საკუთარ ქმედებებსა და სიტყვებზე. ამიტომ, უნდა იყოთ გაწონასწორებული და გააზრებულად იმოქმედოთ. თუ ადამიანს სურს, შეინარჩუნოს ჯანმრთელობა, სტრესულ იმპულსს მან რელაქსაციით უნდა უპასუხოს. ნერვული სისტემის მუშაობის აქტივიზაციის გზით, რელაქსაცია არეგულირებს გუნება-განწყობას და ფსიქიკური აღგზნებადობის ხარისხს, იძლევა იმის საშუალებას, რომ ასუსტებს ან აბათილებს სტრესით გამოწვეულ ფსიქიკურ და კუნთოვან დაძაბულობას.  ბოლოს, მინდა  აღვნიშნო, რომ თუ ადამიანი გულში იკლავს იმას, რაც აწუხებს, არ გამოხატავს და არ აძლევს სტრესს გამოსვლის საშუალებას, ის გროვდება მის შიგნით და იწვევს ადამიანის თვითგანადგურებას. ამიტომ, შეეცადეთ, იპოვოთ სტრესული სიტუაციიდან გამოსვლის თქვენეული, ინდივიდუალური საშუალება, რათა მისი მართვა ისწავლოთ. თუ გრძნობთ, რომ დამოუკიდებლად ამას ვერ შეძლებთ, მიმართეთ კომპეტენტურ სპეციალისტებს, რომელიც პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ.  

 

скачать dle 11.3